Accessibility links

logo-print

საქართველოს სახალხო დამცველმა 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების ამსახველი ფაქტები გამოაქვეყნა


საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად სულ ხშირად გაისმის კითხვა, შეძლებს თუ არა დღეს არსებული ცენტრალური საარჩევნო კომისია ობიექტური და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას.

ამ კითხვაზე პასუხის გაცემას საქართველოს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი შეეცადა და დღეს, 4 აპრილს, 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების ამსახველი ფაქტები გამოაქვეყნა. მინდა კენჭისყრის პროცესში სოზარ სუბარის მიერ აღმოჩენილი კანონდარღვევების შესახებ გიამბოთ.

ხუთი იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების ობიექტურად ჩატარებასთან დაკავშირებით უამრავი შენიშვნა გამოითქვა როგორც პოლიტიკური ოპოზიციის, ასევე ადგილობრივი თუ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. მათი ნაწილი, იმის დასამტკიცებლად, რომ არჩევნები ხარვეზებით ჩატარდა, ვიდეოთვალის ჩანაწერების გამოქვეყნებას მოითხოვდა.

ანალოგიური მოთხოვნით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმაც რამდენჯერმე მიმართა. როგორც თავად სახალხო დამცველი სოზარ სუბარი ამბობს, ხანგრძლივი ძალისხმევის შემდეგ კენჭისყრის პროცესის ამსახველი ვიდეომასალის მოპოვება მაინც მოხერხდა. მან ვიდეოჩანაწერებში აღმოჩენილი დარღვევები 4 აპრილს გამოაქვეყნა:

[სოზარ სუბარის ხმა] ”... გორის, აი, ამ უბანთან დაკავშირებით თითქოს ამომრჩეველი მოდის ბოლო 3 საათში. თუ გამოვითვლით, 3 წამში 1 ამომრჩეველი უნდა მოდიოდეს, მაშინ როდესაც ვიდეოთვალზე ნათლად ჩანს, რომ 1 საათის მანძილზე არავინ მიდის და არავინ აგდებს ბიულეტენს.”

ასე აღწერს სოზარ სუბარი ვიდეოთვალით გადაღებულ მასალას. მან არჩევნების პროცესში აღმოჩენილ დარღვევებთან ერთად ის კონკრეტული პირებიც დაასახელა, ვინც მონაწილეობას იღებდა კენჭისყრის პროცედურის დარღვევაში. ერთ-ერთი მათგანია ბოლნისის პირველი უბნის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ლია მენაბდიშვილი. ვიდეოთვალის მიერ გადაღებულ მასალაში ჩანს, რომ მან რამდენჯერმე მისცა ხმა. ის ახლა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საოლქო კომისიის წევრადაა წარდგენილი. სოზარ სუბარის განცხადებით, კანონმდებლობის მიხედვით, ვიდეოჩანაწერებზე აღბეჭდილ მსგავს დარღვევებზე რეაგირება პროკურატურას, იუსტიციის სამინისტროსთან შექმნილ საბჭოს და თავად ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უნდა მოეხდინა:

[სოზარ სუბარის ხმა] ”ცენტრალურ საარჩევნო კომისიას იურიდიული და მორალური პასუხისმგებლობა ჰქონდა შეესწავლა ეს ფაქტები და ამის შემდეგ მოეხდინა შესაბამისი რეაგირება თუნდაც იმისთვის, რომ მომავალში მსგავსი ფაქტები არ მომხდარიყო. აქედანაც კარგად ჩანს,რომ ლევან თარხნიშვილის მიზანი იყო დაეფარა ეს ფაქტები და არა ის, რომ გამოეძიებია ეს ფაქტები. მე ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა იყოს ამის შემდეგ ლევან თარხნიშვილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მომდევნო არჩევნებზეც და როგორი ნდობა შეიძლება არსებობდეს მის მიერ ჩატარებულ არჩევნებზე.”(სტილი დაცულია)

ცენტრალურ საარჩევნო კომისიამ და საერთოდ ხელისუფლებამ ასეთ მასალებს პასუხი წინასწარვე გასცა, როდესაც გამოაცხადა, რომ ყველა საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი არჩევნების საბოლოო შედეგი ერთი პროცენტითაც არ შეიცვლებოდა. სხვაგვარად ფიქრობს სოზარ სუბარი:

[სოზარ სუბარის ხმა] ”არ არსებობს ნება რეაგირების, მაგრამ საზოგადოებამ უნდა მოვითხოვოთ რეაგირება, თუ გვინდა ვიცხოვროთ სამართლიან და სამართლებრივ სახელმწიფოში. ვერასდროს ვერ ჩატარდება გაუყალბებელი და სამართლიანი არჩევნები, თუ არ დაისჯებიან ის პირები, რომლებიც აყალბებდნენ არჩევნებს.”
XS
SM
MD
LG