Accessibility links

logo-print

რა შეცვალა პოლონეთის აქტიურობამ ნატოს სამიტზე საქართველოსთვის


ბუქარესტის სამიტზე ნატოს წევრი სახელმწიფოების მიერ ხუთშაბათს მიღებული გადაწყვეტილება, ალბათ, კიდევ დიდხანს დარჩება მსჯელობის საგნად.

მეთვალყურეებისთვის აშკარად მოულოდნელი იყო, რომ, მართალია, საქართველოსა და უკრაინას ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმაზე უარი უთხრეს, მაგრამ ამ ორმა ქვეყანამ ნატოში სამომავლო გაწევრიანების დაპირება მიიღო. საქართველოსა და უკრაინის საკითხთან მიმართებით აქტიური მსჯელობა მიმდინარეობდა 2 აპრილს ბუქარესტში გამართულ საქმიან ვახშამზე. კამათი ხუთშაბათ დილითაც გაგრძელდა. ერთმანეთის დარწმუნებას ცდილობდა ორი ბანაკი. საკითხის დადებითად გადაწყვეტის მომხრეთა ბანაკს, რომელშიც, ძირითადად, "ახალი ევროპის" ქვეყნები შედიოდნენ, ამერიკის შეერთებული შტატები ედგა სათავეში. მოწინაღმდეგეთა 8-ქვეყნიან გუნდს კი გერმანია და საფრანგეთი ხელმძღვანელობდნენ. მეთვალყურეები ამბობენ, რომ გადაწყვეტილება, რომელმაც ("მეპზე" უარის მიუხედავად) საქართველოც კმაყოფილი დატოვა და უკრაინაც, მომხრეთა ბანაკის უდიდესი ძალისხმევის შედეგია. საგანგებოდ აღინიშნება პოლონეთის წვლილი. იმის შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობდა ეს პროცესი და რა დგას ბუქარესტში მიღებული დოკუმენტის უკან, რადიო “თავისუფლებას" უამბო პროცესის უშუალო მონაწილემ, ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარელ შვარცენბერგმა. მინდა მისი შთაბეჭდილებები გაგაცნოთ.

ბუქარესტში ყველამ შენიშნა, რომ ნატოს სამიტზე მიღებულმა კომუნიკემ, რომელიც საქართველოსა და უკრაინას უკავშირდება, მეტად კმაყოფილი დატოვა ორივე ქვეყნის პრეზიდენტები. ვიქტორ იუშჩენკომ, ქართველი კოლეგის მიხეილ სააკაშვილის მსგავსად, ხმამაღლა თქვა, რომ ნატოს სამიტზე მიღებულმა გადაწყვეტილებამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მიუხედავად იმისა, რომ გაწევრიანების სამოქმედო გეგმა ვერ მიიღეს, თბილისი და კიევი "ისტორიულ გამარჯვებას" უწოდებენ ბუქარესტში მიღებულ კომუნიკეში ჩაწერილ სიტყვებს, რომ საქართველო და უკრაინა აუცილებლად გახდებიან ნატოს წევრები. მეთვალყურეები თანხმდებიან, რომ მსგავსი შინაარსის აზრი, რომელსაც ნატოს 26-ვე ქვეყანა უჭერს მხარს, ჯერ არც ერთ დოკუმენტში არ ყოფილა აღბეჭდილი. რამდენად მიშვნელოვანია ეს დოკუმენტი და როგორ დამუშავდა მისი შინაარსი? – რადიო “თავისუფლების” ამ შეკითხვას ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი კარელ შვარცენბერგი ასე უპასუხებს:

(შვარცენბერგი) "ვფიქრობ, ეს მეტად საინტერესო დისკუსია იყო. ერთმანეთს ორგვარი აზრი უპირისპირდებოდა. უკრაინისა და საქართველოსთვის "მეპის" გადაცემას მხარს უჭერდა რამდენიმე ქვეყანა - შეერთებული შტატები, პოლონეთი, ჩვენ (ანუ ჩეხეთი) და კიდევ რამდენიმე სახელმწიფო. იყვნენ ქვეყნები, რომლებიც წინააღმდეგობას ამჟღავნებდნენ და მათ სათავეში, მეტ-ნაკლებად, გერმანია და საფრანგეთი იდგნენ. დისკუსია 2 აპრილს მთელი საღამოს მანძილზე მიმდინარეობდა. 3 აპრილს მუშაობა გაგრძელდა – ძირითადად, დოკუმენტის ტექსტის ჩამოყალიბებაზე. მერე, საბოლოოდ, ამერიკისა და გერმანიის მონაწილეობით, ტექსტმა გარკვეული სახე მიიღო და ფურცლები დაგვირიგდა. ეს პირველი ტექსტი ცუდი არ იყო. როცა ის მე და ჩემმა პოლონელმა კოლეგამ რადეკ შიკორსკიმ ვნახეთ, ვთქვით, რომ ეს არ იყო საოცნებო ტექსტი, მაგრამ შეიძლებოდა მიღება... მაგრამ მერე მოვიდა პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და თქვა, რომ დოკუმენტის შინაარსი მისთვის მისაღები არ იყო... ჰოდა, დისკუსია ისევ განახლდა... პოლონელებმა ცალკე გაიყვანეს გარკვეული ჯგუფი, რომელშიც, ძირითადად, ბალტიისპირა ქვეყნები შედიოდნენ... ამ დახურული შეხვედრის შემდეგ ისევ შეიკრიბა ნატოს ყველა წევრი და... ეს საბოლოო ტექსტი გამოჩნდა."

როგორც ირკვევა, ნატოს წევრების მიერ მიღებულ პირველ ტექსტში, რომელიც შემდეგ პოლონეთის საგანგებო აქტიურობის შედეგად შეიცვალა, არ იყო აღნიშნული სწორედ ის, რამაც ბუქარესტში ასე კმაყოფილი დატოვა საქართველო და უკრაინა. შვარცენბერგი ამბობს, რომ თავდაპირველ ტექსტში ალიანსი ნაკლებ დაპირებას იძლეოდა:

(შვარცენბერგი) "მასში ასე ძლიერად არ იყო გამოხატული ვალდებულება, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატოს წევრები. თავდაპირველ დოკუმენტში ასეთი ძლიერი დასტური არ იდო, როგორც საბოლოო ვარიანტში დევს. როგორც ვხედავ, პოლონეთს ძალიან მოსწონს საბოლოო ტექსტი."

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარელ შვარცენბერგმა რადიო “თავისუფლებასთან” საუბრისას არაერთხელ გაუსვა ხაზი პოლონეთის განსაკუთრებულ ძალისხმევას, რათა ნატოსგან გარკვეული გარანტიები მიეღო ამ ეტაპზე "მეპის" გარეშე დარჩენილ საქართველოსა და უკრაინას. თუმცა ამ პროცესში, შვარცენბერგის თქმით, მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ლიტვამ, ლატვიამ და ესტონეთმა. მინისტრი თავმდაბლად აღნიშნავს საკუთარი ქვეყნის – ჩეხეთის – წვლილსაც. თუმცა მეთვალყურეები, საქართველოსა და უკრაინის საკითხის დადებითად გადაწყვეტის გზაზე, ასევე განსაკუთრებულად აფასებენ პრაღის როლს.

გაუძნელდა თუ არა ეგრეთ წოდებულ "ახალ ევროპას" დაერწმუნებინა "ძველი ევროპა", რომ დოკუმენტის ტექსტი უნდა შეცვლილიყო და ნატოს მეტი პასუხისმგებლობა აეღო უკრაინასა და საქართველოსთან მიმართებით? ამ შეკითხვაზე პასუხად კარელ შვარცენბერგი აღნიშნავს, რომ ეს საკმაოდ ძნელი აღმოჩნდა, მაგრამ, საბოლოოდ, მაინც მოხერხდა მათი დათანხმება. მართალია, ქვეყნები, რომლებსაც ახლო წარსულში აქვთ გამოცდილი დიქტატურის სიმწარე, გაცილებით მგრძნობიარენი არიან, ვიდრე ქვეყნები, რომლებსაც არასოდეს გამოუცდიათ ეს, - ამბობს ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. თუმცა მიიჩნევს, რომ ახალი და ძველი ევროპის ხედვებს შორის არსებითი განსხვავება არ არსებობს.

და ბოლოს, იმის შესახებ, რასაც საქართველოსა და უკრაინის იმედი უკავშირდება. როგორც ცნობილია, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები ამ ორი ქვეყნისთვის ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის, "მეპის”, მინიჭების საკითხს 2008 წლის დეკემბერში განიხილავენ. რას ფიქრობს ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარელ შვარცენბერგი - რამდენად უფრო იოლი იქნება საერთო ენის გამონახვა დეკემბრის დისკუსიაში?

(შვარცენბერგის ხმა) "არ მინდა გადავაჭარბო ჩვენი როლის შეფასებისას... მაგრამ საგარეო საქმეთა მინისტრები ყოველთვის კონცენტრირებულნი არიან საკითხზე, რომელსაც იხილავენ. სახელმწიფოთა მეთაურები ბევრ რამეს ითვალისწინებენ, მაგალითად: პოლიტიკურ განწყობას ქვეყნის შიგნით... ფიქრობენ საკუთარი პოლიტიკური ჯგუფისა და მთავრობის პოლიტიკურ წარმატებაზე... საგარეო საქმეთა მინისტრები კი უფრო დაინტერესებულნი არიან უშუალოდ საგარეო საქმეებით."
XS
SM
MD
LG