Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს საქართველოსგან დაცვას ჰპირდება


ბუქარესტში საქართველომ ვერ მიიღო MAP-ი, ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, მაგრამ მიიღო ალიანსის დაპირება, რომ ის, უკრაინასთან ერთად, აუცილებლად გახდება ნატოს წევრი.

დაპირება ნატოს ბუქარესტის სამიტის დეკლარაციაში ჩაიწერა. ამიტომ საქართველოს პრეზიდენმა მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ საქართველომ მიიღო MAP-ზე არანაკლები... მისივე განცხადებით, ნატომ აიღო პირდაპირი ვალდებულება საქართველოსა და უკრაინის მიმართ... პრეზიდენტის ასეთ ოპტიმიზმს მისი პოლიტიკური ოპონენტები არ იზიარებენ... საქართველო გახდება ნატოს წევრი, მაგრამ როდის? - კითხულობენ ისინი... რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კი ჩქარობს და საქართველოს ამბოხებულ რეგიონებს ნატოსკენ მსწრაფი საქართველოსგან დაცვას ჰპირდება..


ვლადიმირ პუტინმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ლიდერებს ერთგვარი გამამხნევებელი წერილით 3 აპრილს, ბუქარესტში საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ის - გაწევრიანების სამოქმედო გეგმის - მინიჭების გადავადების შემდეგ, მიმართა... ეს იყო პასუხი ბაღაფშისა და კოკოითის წერილზე , რომლითაც სეპარატისტული რეგიონების მეთაურებმა რუსეთის პრეზიდენტს ნატოსკენ მსწრაფი საქართველოსგან დაცვა სთხოვეს. პუტინმა საპასუხო წერილში აღნიშნა, რომ იზიარებს შეშფოთებას ნატოში საქართველოს შესაძლო შესვლასთან დაკავშირებით, რაც, მისი აზრითაც, რეგიონში ვითარების დაძაბვას გამოიწვევს ... ” აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე ნებისმიერი - პოლიტიკური, ეკონომიკური და, მით უფრო, სამხედრო ხასიათის - ზეწოლის მცდელობა უპერსპექტივო და კონტრპროდუქტიული იქნება.. რუსეთს აწუხებს ორი რესპუბლიკის და იქ მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების პრობლემები და ამიტომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მხარდაჭერა მომავალშიც არა დეკლარირებული, არამედ საგნობრივი ხასიათის იქნება..” - ნათქვამია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მეთაურთა წერილობით მოთხოვნაზე რუსეთის პრეზიდენტის საპასუხო ღია წერილში... ის, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 3 აპრილს გამოქვეყნდა - მაშინ, როცა ნატოს ბუქარესტის სამიტმა გადადო საქართველოსა და უკრაინისთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭება, მაგრამ კომუნიკეში ჩაწერა: ” ჩვენ შევთანხმდით, რომ ეს ქვეყნები
(იგულისხმება საქართველო და უკრაინა) გახდებიან ნატოს წევრები.” რომ არა ბუქარესტის სამიტის კომუნიკეს ეს ჩანაწერი, ნაკლები კონტრარგუმენტი ექნებოდათ იმათ, ვინც ირწმუნება, რომ არ არის საფუძვლიანი ნატოში რუსეთის ირიბი ვეტოს მოქმედებაზე ლაპარაკი... ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის განცხადებით, ” ფაქტია, რომ რუსეთმა ვერ მოახდინა გავლენა და ამას ადასტურებს ისიც, რომ ნატო მიესალმება უკრაინისა და საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.”

ფაქტია ისიც , რომ ბუქარესტის სამიტზე 2 პოსტსაბჭოთა ქვეყნისთვის MAP-ის მინიჭების გადავადებამ ვერ გაანელა მოსკოვის შეშფოთება ნატოსკენ საქართველოსა და უკრაინის სწრაფვის გამო, თუმცა საქართველოს ხელისუფლებაში პუტინის ღია წერილის კომენტირებისას ახსენებენ საფრთხეს, რომელიც ნატოს სამიტზე რუსეთის მიმართ დაშვებულ კომპრომისს ახლავს:

[გივი თარგამაძის ხმა] ” ეხლა მნიშვნელოვანია როგორ ინტერპრეტაციას გაუკეთებს რუსეთი ამ კომპრომისს - მიიღებს ამას ცივილურად, თუ მიიღებს ამას გაძლიერების სიგნალად და გაახშირებს პროვოკაციებს. პირველი ნიშანი ამ მეორე მოსაზრებაზე მიუთითებს პროვოკაციული ხაზის გაღრმავებაზე. ” (სტილი დაცულია)

პირველ ნიშანში პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ სწორედ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მეთაურებისადმი ვლადიმირ პუტინის საპასუხო წერილი იგულისხმა. ბაღაფშიც და კოკოითიც მოსკოვში იმყოფებიან... გავრცელებული ცნობებით, იქ მიმდინარე შეხვედრებზე განიხილება საკითხები იმის თაობაზეც, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას მოსკოვის მიერ აფხაზეთისთვის ეკონომიკური სანქციების მოხსნის შემდგომ. მოსკოვი სოხუმსა და ცხინვალს ნატოსკენ მსწრაფი საქართველოსგან დაცვას ჰპირდება, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც პოლიტოლოგი არჩილ გეგეშიძე ამბობს, სწორედ ნატოსკენ სწრაფვა - მით უფრო, ნატოს წევრობა - არის გარანტი უმცირესობათა უფლებების დაცვისა:

[არჩილ გეგეშიძის ხმა] ” რომელ ნატოს ქვეყანაში ნახა რუსეთმა უმცირესობებს უფლებები ეზღუდებოდეთ. პირიქით, თუ სადმე ხდება უმცირესობათა უფლებების დაცვა, ეს ხდება დემოკრატიულ ქვეყნებში - იმ ქვეყნებში, რომლებიც ნატოში არიან გაწევრიანებულნი. ”
XS
SM
MD
LG