Accessibility links

ლევან ყუბანეიშვილი - საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი გენერალური დირექტორი


4 აპრილს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ, რომელიც 9 წევრისგან შედგება, ფარული კენჭისყრით გენერალური დირექტორი აირჩია.

მეორე ტურში გასული რვა კანდიდატიდან ყველაზე მეტი, 4-4 ხმა ლევან ყუბანეიშვილმა და პაატა ნაცვლიშვილმა მიიღეს. განმეორებით კენჭისყრაში კი, ერთი ხმით, ყუბანეიშვილმა გაიმარჯვა. შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენდირექტორის თანამდებობა მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც ხელისუფლება და ოპოზიცია არხის რეორგანიზაციის თაობაზე შეთანხმდნენ. მინდა გიამბოთ, თუ ვინ და როგორ აირჩიეს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ ფარული კენჭისყრით პირველ ტურში გამარჯვებული ვერ გამოავლინა. საბჭოს თავმჯდომარემ, ერეკლე ტრიპოლსკიმ, კოლეგებისა და ჟურნალისტების თანდასწრებით ბიულეტენების გახსნასა და ხმამაღლა წაკითხვას არასრული ხუთი წუთი მოანდომა:

[ერეკლე ტრიპოლსკის ხმა] „ბატონი ლევან ყუბანეიშვილი... ბატონი პაატა ნაცვლიშვილი...“

საბოლოო ჯამში, მეორე განმეორებით ტურში ლევან ყუბანეიშვილმა კონკურენტს ერთი ხმით აჯობა. პაატა ნაცვლიშვილს საბჭოს ოთხმა წევრმა დაუჭირა მხარი, ლევან ყუბანეიშვილს კი - ხუთმა.

[ერეკლე ტრიპოლსკის ხმა] „ასე და ამრიგად, აზდაკის არ იყოს, გაიმარჯვა... კენჭისყრით გაიმარჯვა, მაგრამ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნება ლევან ყუბანეიშვილი. ეს არის კენჭისყრის შედეგები.“(სტილი დაცულია)

თუმცა, ვიდრე კენჭისყრას ჩაატარებდა, სამეურვეო საბჭოს შემადგენლობა, ხელისუფლებისა და ოპოზიციის კონსულტაციების შედეგად, ძირეულად შეიცვალა. ინიციატივა კი პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს ეკუთვნოდა:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] „საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით პირადად მეც მქონდა ძალიან სერიოზული შენიშვნები პროფესონალიზმთან დაკავშირებით, იმ სტანდარტთან დაკავშირებით, რომელიც უნდა ამაღლდეს, და, საბოლოო კონსულტაციების შედეგად, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამ არხის რეორგანიზაცია და რეფორმირება არის აბსოლუტურად მნიშვნელოვანი ქვეყნისათვის და ხვალინდელი დღისათვის.“(სტილი დაცულია)


პარლამენტის თავმჯდომარის ეს განცხადება გაერთიანებულმა ოპოზიციამ გამარჯვებად მიიღო და საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ ხალხმრავალი მიტინგიც გამართა:

[გოგა ხაინდრავას ხმა] „დღეს დილას ნინო ბურჯანაძემ გამოაცხადა, რომ, აი, ამ ცრუ დაწესებულების საბჭო გადადგა, ასევე გადადგა ამ დაწესებულების დირექტორი.

[ზვიად ძიძიგურის ხმა] „მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენმა აქციამ გამოიღო ერთი კონკრეტული შედეგი. ეს კონკრეტული შედეგი არის ის, რომ საზოგადოებრივი არხისგან მოისმენთ არა ცილისწამებებს და არა სიბინძურეებს, არამედ იმას, რაც თქვენ გაინტერესებთ.“


გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა, ეს განცხადება 2008 წლის 15 იანვარს გააკეთა, თუმცა სამი თვის, ანუ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის არჩევის, შემდეგ ოპოზიციის შემართებისგან თითქმის აღარაფერი დარჩა.

[ზვიად ძიძიგურის ხმა] „რა კომენტარი მოგცეთ? ერთი საათია, რაც დამთავრდა და საბჭო არ შეკრებილა. ჩვენ პოზიციას ოფიციალურად მოგვიანებით დავაფიქსირებთ.“

ოპოზიციის გარდა, რადიო ”თავისუფლებამ“ არჩევნების შედეგის კომენტირება სთხოვა ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს, რომელიც თავადაც იყრიდა კენჭს, თუმცა, ბევრისთვის მოულოდნელად, მას მხარი სამეურვეო საბჭოს არც ერთმა წევრმა არ დაუჭირა.

[ზვიად ქორიძის ხმა] „დღიდან კონკურსის გამოცხადებისა ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ, რომ ბევრად უმჯობესი იქნებოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის შემდგომი განვითარებისათვის, ეხელმძღვანელა შინაგანი მრწამსით, პროფესიული სტანდარტებისადმი ერთგულებით და აერჩია ისეთი დირექტორი, რომელიც არ იქნებოდა პოლიტიკური კონიუნქტურის ნაყოფი. მე მაინც ვეჭვობ, რომ ეს იყო არჩევანი, რომელიც პოლიტიკურ ჯგუფებს შორის გაკეთდა. რა თქმა უნდა, აქ არ ვგულისხმობ მმართველ ძალასა და პოლიტიკურ ოპოზიციას. ვგულისხმობ იმ დაჯგუფებებს, რომლებსაც აქვთ რეალური სურვილი ქვეყანაში მართონ პროპაგანდისტული ველი.“ (სტილი დაცულია)

რაც შეეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ გენერალურ დირექტორს, 35 წლის ლევან ყუბანეიშვილი მედიაში 1992 წლიდან საქმიანობს და ამ ხნის განმავლობაში ეკავა მაღალი თანამდებობები პირველ და მეორე არხებზე, იყო ტელეკომპანია „მზის“ გენერალური დირექტორი.


XS
SM
MD
LG