Accessibility links

logo-print

მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ და ოპოზიციის ერთმა ნაწილმა მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინეს


მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ დეპუტატობის მაჟორიტარი კანდიდატების დასახელება კონკურენტებზე

ადრე დაიწყო, ოპოზიციის ერთიანი ეროვნული საბჭო კი ჯერაც კონსულტაციებს აგრძელებს. მათ გადაწყვეტილებას არ დაელოდა ლეიბორისტული პარტია, ახლა კი მაჟორიტარი კანდიდატების დასახელება რესპუბლიკურმა პარტიამაც დაიწყო. დღეს, 5 აპრილს, რესპუბლიკელებმა დეპუტატობის ათი მაჟორიტარის ვინაობა გამოაქვეყნეს.

ოპოზიციის ერთიანი ეროვნული საბჭო ჯერაც არ შეთანხმებულა მაჟორიტარი კანდიდატების თაობაზე. რესპუბლიკური პარტია, რომელსაც სურვილი ჰქონდა, რომ ოპოზიციის კანდიდატები ერთმანეთის კონკურენტები არ ყოფილიყვნენ, მათ გადაწყვეტილებას ბოლო დრომდე ელოდა. პარტიის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, სწორედ ამის გამო გადაიდო რამდენჯერმე მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენა:

[დავით უსუფაშვილის ხმა] ”რამდენჯერმე გადავდეთ ეს ღონისძიება. ბოლოს, ეს მოხდა გუშინ, როდესაც მივიღეთ კიდევ ერთი თხოვნა, რომ დაგვეცადა დღემდე, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი კოლეგები ჯერ აგრძელებენ შიდა კონსულტაციებს, ამიტომ ჩვენ მათთან შეთანხმებით ვიწყებთ მათთან კონსულტაციებს და მზად ვართ ყველა საკითხის განსახილველად.”(სტილი დაცულია)

”ყველა საკითხის განხილვაში” კანდიდატების ისეთნაირად წარდგენას გულისხმობენ, რომ ოპოზიციურმა ძალებმა კონკურენცია, ერთმანეთის ნაცვლად, მმართველ პოლიტიკურ ძალას გაუწიონ. რესპუბლიკელთა ერთ-ერთი ლიდერის, თინათინ ხიდაშელის, კომენტარი:

[თინათინ ხიდაშელის ხმა] ”რესპუბლიკური პარტია იბრძვის გამარჯვებისთვის. ჩვენ დავამარცხებთ ხელისუფლებას. ეს არის მთავარი ამოცანა. ჩემი ამოცანა არ არის შიდაოპოზიციური კონკურენცია.”

მიუხედავად ამ განცხადებისა, ოპოზიციის კანდიდატები ერთმანეთს მაინც დაუპირისპირდებიან, მაგალითად, ვაკის საარჩევნო უბანში, სადაც რესპუბლიკელებმა ლევან ბერძენიშვილის კანდიდატურა წამოაყენეს. წინასწარი ინფორმაციით, ვაკეში კენჭისყრას აპირებს ახალი მემარჯვენეების ლიდერი დავით გამყრელიძეც. ოპოზიციის ერთიანი ეროვნული საბჭოს წევრის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, ოპოზიციის კანდიდატებს შორის კონკურენციის საკითხი შიდა კონსულტაციების მეშვეობით გადაწყდება:

[ზვიად ძიძიგურის ხმა] ”არაფერს არ გამოვრიცხავ, შეიძლება დავუთმოთ, შეიძლება არა. მაგრამ ფაქტი ერთია, რომ სერიოზული ბრძოლა, რომელსაც გამართავს ხელისუფლების წინააღმდეგ, ეს იქნება გაერთიანებული ოპოზიცია და ჩვენი ძალა.”

ზვიად ძიძიგურის განცხადებით, ოპოზიციის ერთიანი ეროვნული საბჭო თავის კანდიდატთა ვინაობას ვადის ამოწურვამდე, 21 აპრილამდე, გამოაქვეყნებს.

რაც შეეხება მმართველ პოლიტიკურ ძალას, მან, თბილისის მსგავსად, მაჟორიტარ კანდიდატად ბათუმშიც ბიზნესმენი დაასახელა. თემურ ჩარკვიანი ბათუმშია დაბადებული და ახლა თბილისში ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიას ხელმძღვანელობს.

[თემურ ჩარკვიანის ხმა] ”მთელი ჭირ-ვარამი ვიცი ბათუმის, უამრავი მეგობრები მყავს, უამრავი ნათესავი. ახლა, ამ დღეებში, კიდევ გავეცნობი სიტუაციას, რა ხდება, როგორ არის, და ერთადერთი, რაც მინდა ჩვენი ქალაქისთვს, სიტყვიდან გადავიდეთ საქმეზე.”(სტილი დაცულია)

მას ბათუმში რესპუბლიკური პარტიის მაჟორიტარი კანდიდატი, ცნობილი პოლიტიკოსი დავით ბერძენიშვილი დაუპირისპირდება. ბერძენიშვილის განცხადებით, ხელისუფლება, მის კონკურენტად ბიზნესმენის დასახელებით, პოლიტიკურ ჭიდილს მოერიდა.
XS
SM
MD
LG