Accessibility links

კულტურული მიმოხილვა


გასულ კვირას თბილისში, კინოთეატრ „ამირანში“,

მოეწყო პრემიერა ფილმისა, რომლის შესახებ მთელი წელია უკვე იბეჭდება აღფრთოვანებული კინოკრიტიკოსების რეცენზიები მსოფლიო პრესაში. სასიხარულო ისაა, რომ რეჟისორი ამ დოკუმენტური ფილმისა - „დურაკოვო, ბრიყვების სოფელი“ - ჩვენი თანამემამულე ნინო კირთაძეა. საფრანგეთში ტელეკომპანია „არტეს“ დაკვეთით გადაღებული „დურაკოვო“, მას შემდეგ, რაც შეერთებულ შტატებში სანდანსის დამოუკიდებელი კინოს ფორუმის ერთ-ერთი მთავარი პრიზით აღინიშნა, უკვე 43-მა არხმა უჩვენა - მათ შორის, „ბიბისიმ“. უახლოეს ხანში დაგეგმილია სურათის პრემიერა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, რადიო ”თავისუფლებისა“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივ პროგრამაში „წითელი ზონა“, რომლის სტუმარი თავად ნინო კირთაძე იქნება. ეროვნული კინოცენტრის მიერ მოწყობილი „დურაკოვოს“ პრემიერა „ამირანში“ ასევე წარმატებული იყო. წარმატების მიზეზი, ცხადია, თავად ფილმია - ამბავი მოსკოვიდან ასი კილომეტრით დაშორებული სოფლის მცხოვრებლებისა, რომელთაგან ერთ-ერთი აცხადებს: ღმერთი ზემოთ მეფობს, პუტინი - მიწაზე. ჩვენ, დაუმარცხებელი რუსი არწივები, დედას ვუტირებთ თქვენს ნატოს.“

ნატო და რუსეთი კი მთავარი სალაპარაკო თემები იყო გასული კვირის საქართველოში.

[ნინო კირთაძის ხმა] ”ასეთი რამე მსმენია ბევრგან - არა მარტო ამ სოფელში, არამედ პოლიტიკურ და სამხედრო სფეროებში, რომ ყოველგვარი ძალაუფლება მოდის ღმერთიდან და თუ შენ ხარ ამ ძალაუფლების წინააღმდეგი, შენ ღმერთის წინააღმდეგი ხარ.”

ეს ნინო კირთაძეა, რომელსაც „დურაკოვოს“ პრემიერის წინ გავესაუბრეთ. ნინომ ფრანგული პრესის გამოხმაურება გაგვაცნო, წაგვაკითხა „მონდში“, „ლიბერასიონში“ გამოქვეყნებული რეცენზიები „დურაკოვოზე“. „ესაა ფილმი, რომელიც პუტინის თანამედროვე რუსეთის გამაოგნებელ მიკროკოსმოსს გიჩვენებთ“ ,- აღნიშნავს ერთი რეცენზენტი. პუტინი ფილმში არ არის, მაგრამ ახლო ხედითაა წარმოდგენილი პუტინის რუსეთის ერთგვარი სიმბოლო - სოფელი „დურაკოვო“, თავისი, დასავლეთისადმი მტრულად განწყობილი, ნაციონალისტებით. იქმნება თავად ვლადიმირ პუტინის პორტრეტი, რომელსაც ნინო კირთაძე ასე წარმოგვიდგენს:

[ნინო კირთაძის ხმა] ”ბევრჯერ მიკითხავს, რა ხდება ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ამ დროს. იგი ხომ აბსოლუტურად წაშლილი ადამიანი იყო, მუშაობდა თავის ”შტაზიში”, არაფრით გამოირჩეოდა და უცებ გამოიელვა ამ პოლიტიკურ ზეცაზე - რატომ? იმიტომ, რომ რასაც მანამდე ეუბნებოდნენ, ყველაფერს აკეთებდა. ვინც იგი მოიყვანა (ოლიგარქები მყავს მხედველობაში), ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ იგი დამჯერი ბიჭია.”

მაგრამ ნინო კირთაძე იმასაც აღნიშნავს, რომ პუტინი ხელისუფლებაში მოიყვანეს არამარტო ოლიგარქებმა. ფილმის გმირების რიტორიკით თუ ვიმსჯელებთ, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი მზად იყო ასეთი ლიდერისთვის. ნინოს თქმით, იგი არაერთ ადამიანს შეხვდა, რომელიც აღფრთოვანებული საუბრობდა პუტინზე და მოსწონდა მისი აგრესიული პოლიტიკა, განსაკუთრებით ჩეჩნეთის მიმართ.

[ნინო კირთაძის ხმა] “ერთი ადამიანი იყო, მძღოლი, რომელიც ჩვენს ფილმში არ არის. იმან მითხრა, თქვენო, ფრანგებმაო (რატომღაც ასე მომიხსენია), არ იცით როორ უნდა მოექცეთ მუსულმანებსო...აი, შეხედეთ ჩეჩნებსო, ჩვენ ვიცით, როგორ უნდა მოვექცეთ მათ და იმათაც იციანო.”

ჩეჩნეთის პრობლემას ნინო კირთაძე კარგად იცნობს - ჩეჩნეთის ომის შესახებ მას თავისი ერთ-ერთი საუკეთესო სურათი, „ჩეჩნური იავნანა“, აქვს გადაღებული. მომავალ გეგმებზე როცა ვკითხეთ, ნინომ გაგვიმხილა, რომ მხატვრული ფილმის გადაღებას აპირებს ჩეჩნეთის თემაზე - კერძოდ, სურს დაუბრუნდეს ნორდოსტის ტრაგედიას:


[ნინო კირთაძის ხმა] ”ნორდოსტი იყო ჩანასახი იმისა, რაც მოგვიანებით უნდა მომხდარიყო - ეს იყო პირველი სერიოზული ტერორისტული აქცია. ხალხი წავიდა თეატრში ოჯახებით და აღმოჩნდა აბსოლუტურად სხვა რეალობაში. ეს იყო სპექტაკლი, სადაც იყენებდნენ სპეცეფექტებს... ჰოდა, როცა ჩეჩნები ავიდნენ სცენაზე და თქვეს, ჩვენ აქ მოვედით, რათა ომი შეწყდესო, ხალხმა ტაში დაუკრა - ეგონათ, რომ ესაა თანამედროვე თეატრის ხერხი.”

”დურაკოვოც” თეატრია? - ვეკითხებით ნინო კირთაძეს

[ნინო კირთაძის ხმა] ”აბსოლუტურად. აი, უკუღმა რომ დაიწყო ”მატრიოშკებში” - პატარათი დაიწყო და დიდზე გადახვიდე, - ესეც დადგმაა, - ჩემთვის გახდა სახე იმისა, თუ როგორ შეიძლება პატარა სამყაროში აირეკლოს მთელი დიდი რუსეთის პრობლემები.”

ნინო კირთაძის თქმით, შოვინიზმი და დასავლეთის მიმართ აგრესიული დამოკიდებულება დღევანდელი რუსეთის პრობლემა რომაა, ამას რუსეთის მოქალაქეებიც ადასტურებენ. ნინო კირთაძე ამბობს, რომ სანდანსის ფესტივალზე აკრედიტებული რუსი ჟურნალისტები აღფრთოვანებულები იყვნენ ფილმით და ინტერვიუც ჩაწერეს ერთი რუსული საკაბელო არხისთვის... თუმცა თითქმის გამორიცხულია „დურაკოვოს“ ოფიციალური პრემიერა რუსეთში, მიუხედავად იმისა, რომ ამ დოკუმენტურ ფილმში არაფერია დადგმული და მოგონილი - ნინო კირთაძე, ფაქტობრივად, კომენტარის გარეშე გვიჩვენებს იმას, რაც არის, რის შესახებაც საუბრობენ სურათის პერსონაჟები. სხვათა შორის, „დურაკოვოს თემის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ფილმი უკვე ნახა კიდეც.







[ნინო კირთაძის ხმა] ”ჯერ არ უნახავთ, თუმცა, სანდანსიდან ჩამოვედი თუ არა, ჩემს მთავარ პერსონაჟს გავუგზავნე... ერთი მომენტი ვიფიქრე, შეიძლება მოეწონოს- მეთქი, მაგრამ ფილმში ”შავი იუმორი” ბევრია და ეგ შეიძლება არ მაპატიოს.“

„შავი იუმორი“ განსაკუთრებით მაშინ იგრძნობა, როცა ფილმის გმირები მართლმადიდებლობაზე იწყებენ საუბარს. ღმერთსა და სახარებაზე მსჯელობა აქ ყოველთვის გადაიზრდება ხოლმე რუსეთის მესიანურ როლზე საუბარში: „დურაკოვოს“ მცხოვრებლები დარწმუნებულები არიან, რომ რუსეთმა მთელი სამყარო უნდა იხსნას, მათი თქმით, „ურწმუნო“ დასავლეთის გავლენისაგან. ეგზალტირებულობა, ფანატიზმი და ბელადომანია აქ კულმინაციას აღწევს. ნინო კირთაძის თქმით, იწყება „თრობა“ რუსული სივრცით, რაც, „დურაკოვოს“ რეჟისორის აზრით, უფრო გეოპოლიტიკური ნაციონალიზმია და არაფერი აქვს საერთო მცირე ერებისთვის დამახასიათებელ ნაციონალიზმთან:

[ნინო კირთაძის ხმა] ”ესაა კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება გამოშიგნო მოძღვრება, მოსპო მისი არსი და ასე მოკლა.”

გამოდის, „დურაკოვო“ საქართველოსთვის არა მარტო იმიტომაა აქტუალური, რომ ნატოსა და რუსეთის პრობლემას ეხება. უცხოს - განსაკუთრებით დასავლეთის - აღქმა მონსტრად, სამყაროდ, საიდანაც მხოლოდ გარყვნილება ვრცელდება, სამყაროდ, რომელიც ემუქრება ეგრეთ წოდებულ „ეროვნულ მენტალიტეტს“, ეს ყველაფერი დღევანდელი ქართული სინამდვილისთვისაცაა დამახასიათებელი. არ არის გამორიცხული, „დურაკოვოს“ მცხოვრებლებს შორის ჩვენი ზოგიერთი თანამემამულეც ვიცნოთ... რამდენად იმოქმედებს ამ ხალხზე ფილმი „დურაკოვო - ბრიყვების სოფელი“, ამას, ალბათ, ფილმის სატელევიზიო პრემიერის შემდეგ შევიტყობთ.
XS
SM
MD
LG