Accessibility links

თავაზიანი სიტყვები და მოუგვარებელი უთანხმოებები: რუსეთის და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრა სოჭში


გუშინ სოჭში გაიმართა აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა, რომელსაც განსაკუთრებული ინტერესი ახლდა

იმის გამო, რომ საქმე ეხებოდა ვლადიმირ პუტინისა და ჯორჯ ბუშის ბოლო ორმხრივ შეხვედრას პრეზიდენტების რანგში. პუტინი 4 კვირაში გამოეთხოვება პრეზიდენტის პოსტს, ბუში - 9 თვეში. სამიტს თავაზიანი სიტყვები და ჟესტები არ მოკლებია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მხარეებმა უთანხმოების გამომწვევი საკითხების მოგვარება შეძლეს.

ვლადიმირ პუტინი და ჯორჯ ბუში მოწადინებული ჩანდნენ, რომ ბოლო შეხვედრას მეგობრული განწყობით ჩაევლო. ტელეკადრებით ვიხილეთ, როგორ ხუმრობდნენ პრეზიდენტები, როგორ სეირნობდნენ ჩამავალი მზის სხივებით მოფენილ სანაპიროზე შაბათს, პუტინის სოჭის რეზიდენციაში არაოფიციალური ვახშმის შემდეგ.

მომდევნო დღეს, პრეს-კონფერენციაზე, რუსმა ლიდერმა ქების სიტყვები არ დაიშურა ჯორჯ ბუშთან 8-წლიანი ურთიერთობის შეფასებისას: [პუტინის ხმა]
“მინდა ისევ განვაცხადო და დავადასტურო, რომ ჩემთვის ყოველთვის სასიამოვნო და საინტერესო იყო შეერთებული შტატების პრეზიდენტთან ერთად მუშაობა. ყოველთვის ვაფასებდი მის საუცხოო ადამიანურ თვისებებს, პატიოსნებასა და გულახდილობას, თანამოსაუბრისთვის ყურის დაგდების უნარს - ეს ძალიან დასაფასებელია. მთელი ამ წლების განმავლობაში გვამოძრავებდა ორ დიდ ხალხს შორის ურთიერთგაგებისა და პარტნიორობის განმტკიცების, თანამშრომლობის ახალი ჰორიზონტების აღმოჩენისკენ გულწფრელი სწრაფვა. ჯორჯის ძალიან მადლობელი ვარ იმის გამო, რომ ამ გზაზე ბევრი რამის გაკეთება შევძელით მისი უშუალო მონაწილეობითა და მხარდაჭერით. გმადლობთ!”

არანაკლებ გულთბილი იყო ჯორჯ ბუშის გამოსვლა. მანაც გამოთქვა პატივისცემა კოლეგის მიმართ და პრეზიდენტების რანგში ბოლო შეხვედრასთან მიმართებით, ცნება “ნოსტალგიურიც” კი იხმარა. ბუშის რწმენით, რუსეთმა და აშშ-მა უკან მოიტოვეს საბჭოთა ეპოქის დროინდელი დაპირისპირება: [ბუშის ხმა]
“დიდი დრო დავუთმეთ ჩვენს ურთიერთობაში ცივი ომისთვის თავის დაღწევას. მან ჩაიარა, მას ბოლო მოეღო. და ამ ურთიერთობის მთავარი შეკითხვაა: ახლა შეგვიძლია ერთად ვიმუშაოთ, რათა ცივი ომი წარსულს ჩაბარდეს”.

ორი პრეზიდენტის გამოსვლების შემრიგებლური, მეგობრული ტონი ბევრისთვის იყო მოულოდნელი. ვლადიმირ პუტინს აშშ-ის მიმართ მკაცრი კრიტიკის შემცველი განცხადებები უფრო ახასიათებს - იქნება ეს ირანის ბირთვული პროგრამის, კოსოვოს დამოუკიდებლობის, თუ ანტისარაკეტო თავდაცვის საკითხში პოზიციის გამო.

აი, რა შეფასებას იძლევა ცნობილი რუსი ჟურნალისტი არკადი დუბნოვი, რომელიც სოჭში იმყოფებოდა აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრასთან დაკავშირებით: [დუბნოვის ხმა] “მათ სურთ აჩვენონ, რომ რვაწლიანი ურთიერთობა უფრო პლუსით უნდა შეფასდეს, ვიდრე მინუსით, ბოლო წლებში წარმოქმნილი ცნობილი პრობლემების მიუხედავად. ვლადიმირ პუტინის გამოსვლის ტონიც ძირეულად განსხვავდებოდა ორიოდე დღის წინ, ბუქარესტში ნატოს სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე პუტინის გამოსვლის ტონისგან”.

ამ შეფასებასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ განსხვავებული მართლაც ტონი იყო, თორემ შინაარსობრივი სხვაობა არ ყოფილა: გუშინდელ პრესკონფერენციაზე პუტინმა გაიმეორა ის, რაც ბუქარესტის სამიტზე ნატოს გაფართოების პერსპექტივასთან დაკავშირებით განაცხადა.

[პუტინის ხმა] ”გაფართოება - ნატოს ტექნიკური, უბრალო გაფართოება, ჩემი შეხედულებით, ეს არის პოლიტიკა ძველებური ლოგიკით, როცა რუსეთი
აღიქმებოდა მინიმუმ როგორც მოწინააღმდეგე”.

რუსეთის პრეზიდენტის პოზიცია არ შეცვლილა არც პოლონეთისა და ჩეხეთის ტერიტორიებზე აშშ-ის ანტისარაკეტო სისტემის ელემენტების განთავსებასთან მიმართებით. სოჭში გამართულ პრეს-კონფერენციაზე პუტინმა ცალსახა, უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატა: [პუტინის ხმა] ”რასაკვირველია, ჩვენი შეხვედრა გამოვიყენეთ გულახდილად, პროტოკოლის გარეშე განგვეხილა ყველა საჭირბოროტო თემა. უპირეველესად კი ის თემები, რომლებზეც დამოკიდებულია სტრატეგიული სტაბილურობა და საერთაშორისო უსაფრთხოება, ამასთან, ხანგრძლივი პერსპექტივით. არ დავმალავ, ერთ-ერთი ურთულესი საკითხი იყო და ასეთად რჩება ევროპაში რაკესტაწინააღმდეგო თავდაცვის საკითხი. საქმე, რასაკვირველია, არ არის ფორმულირებებსა და ფრაზების დიპლომატიურ წყობაში, არამედ საქმე პრობლემის არსშია”.

ორი ქვეყნის ლიდერებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს სახელწოდებით ”დეკლარაცია რუსეთ-ამერიკის ურთიერთობათა სტრატეგიული ჩარჩოების შესახებ”, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ ”საგზაო რუკას”, დღის წესრიგს ორი ქვეყნის ურთიერთობაში. შეიარაღებასთან, უსაფრთხოებასთან, ტერორიზმთან ბრძოლასთან დაკავშირებული საკითხების გარდა, დეკლარაციაში შევიდა პუნქტი რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში გაწევრიანების მიმართ შეერთებული შტატების მხარდაჭერის შესახებ. და დეკლარაციაში აღნიშნულია აგრეთვე, რომ მოსკოვმა და ვაშინგტონმა შესაძლოა შეიმუშავონ ევროპაში ერთობლივი ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის გეგმა - ეს პუნქტი ჯორჯ ბუშმა “გარღვევადაც” კი მოიხსენია.

თუმცა მოსკოველი პოლიტოლოგი, ევგენი ვოლკი დამაიმედებელ შეფასებას არ იძლევა: [ვოლკის ხმა]
”ასეთი სიტყვები დიპლომატიურ ლექსიკონში, როგორც წესი, ნიშნავს, რომ მათ ვერაფერზე მოახერხეს შეთანხმება. ისევე, როგორც ფორმულირება, რომ მოლაპარაკებები იყო გულღია, ნიშნავს, რომ ბოლოსკენ წაიჩხუბნენ და ვერაფერზე მოილაპარაკეს”.

ბოლოს ისიც უნდა ითქვას, რომ სოჭში აშშ-ის პრეზიდენტი მომავალ რუს კოლეგასაც შეხვდა: პრეზიდენტად უკვე არჩეულ დმიტრი მედვედევს. მასთან ბუშს 8 თვე მოუწევს მუშაობა მათი და ბევრი სხვა ქვეყნისთვის საჭირობოროტო საკითხებზე.
XS
SM
MD
LG