Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ახლები” გაერთიანებულ ოპოზიციასთან საარჩევნო ბლოკს ქმნიან


გაერთიანებულმა ოპოზიციამ და ახალმა მემარჯვენეებმა 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებისთვის ერთიანი წინასაარჩევნო ბლოკი ჩამოაყალიბეს.



ბლოკი რეგისტრაციის განაცხადითა და წესდებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 8 აპრილს მიმართავს. ამ დროისათვის ანალოგიური განცხადებით ცესკოში არც ერთი პოლიტიკური პარტია არ შესულა. გაერთიანებული ოპოზიციისა და ახალი მემარჯვენეების საარჩევნო ბლოკის ამბიციური გეგმა მმართველი პარტიის დამარცხება და მომავალ საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებაა.

ახალი მემარჯვენეების ერთიან ეროვნულ საბჭოში გაერთიანებით, გაერთიანებული ოპოზიციის შემადგენელი სუბიექტების რაოდენობა ცხრამდე გაიზარდა.

[ლევან გაჩეჩილაძის ხმა]“ მოგილოცავთ კიდევ ერთხელ ასეთ დიდ ოპოზიციურ გაერთიანებას. ჩვენ, დიდი სიძნელეების მიუხედავად, გავდივართ არჩევნებზე ერთად და გავიმარჯვებთ ერთად.“

განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ გაერთიანებული ოპოზიციისა და ახალი მემარჯვენეების საარჩევნო ბლოკის პრეზენტაციაზე. ახალი მემარჯვენეების ამ ყველაზე მსხვილ საარჩევნო ბლოკში გაწევრიანების პირველადი კონტურები შიმშილობის აქციის დღეებში გამოიკვეთა, როდესაც პარლამენტის შენობის წინ დაწყებულ აქციას ახალი მემარჯვენეები ნინო ბურჯანაძის კაბინეტთან მიმდინარე აქციით შეუერთდნენ. როგორც ახალი მემარჯვენეების ერთ–ერთმა ლიდერმა, ფიქრია ჩიხრაძემ, გვითხრა, შიმშილობის შემდგომი სარეაბილიტაციო პერიოდი ყველა იმ ნიუანსის შეჯერებას მოხმარდა, რომელსაც რაიმე ფორმით შეეძლო ერთობისათვის ხელის შეშლა. იყო კომპრომისებიც.

[ფიქრია ჩიხრაძის ხმა]“ყველა პარტიისთვის რომ ძალიან მნიშვნელოვანია მისი პარტიული წარმომადგენლობა პარლამენტში, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ჩვენ დღეს ჩავთვალეთ, რომ უფრო მნიშვნელოვანი რამ არის წინა პლანზე დასაყენებელი. საქართველოში დემოკრატიაა გადასარჩენი. აქედან გამომდინარე, ამ ურთიერთკომპრომისებისა და დათმობების შედეგად შედგა ეს ერთობა, რომელიც იქნება უსერიოზულესი ალტერნატივა სააკაშვილისა.“(სტილი დაცულია)

ასე ფიქრობს ფიქრია ჩიხრაძე. ახალი მემარჯვენეების ლიდერი დავით გამყრელიძე კი, თავის მხრივ, ამგვარი დათმობებისკენ სხვა პოლიტიკურ ძალებსაც მოუწოდებს.

[დავით გამყრელიძის ხმა]“ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და მე სურვილი მაქვს კიდევ ერთხელ ყველა ოპოზიციურ ძალას–რესპუბლიკელებსაც, ლეიბორისტებსაც, ყველას მოვუწოდო, რომ მხოლოდ ერთობით არის შესაძლებელი ეს დამარცხება. ჩვენ ჩვენი ამბიციები დავძლიეთ, ერთად დავდექით და ამ ერთობას ვერავინ, ვერავითარი ძალა, ვერავითარი პოლიცია ვერ მოერევა.“

პოლიტიკურ პარტიებს ეგრეთ წოდებული დაბლოკების ვადა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გაწერილი საარჩევნო გრაფიკის თანახმად, 8 აპრილს ეწურებათ. გაერთიანებული ოპოზიციისა და ახალი მემარჯვენეების საარჩევნო ბლოკიც ფორმალურად სწორედ ამ ვადის ამოწურვას დაელოდება. ვინაიდან ლეიბორისტები და რესპუბლიკელები დამოუკიდებლად უკვე აწარმოებენ წინასაარჩევნო კამპანიას, ამ ვადის ამოწურვაზე, ბლოკის რეგისტრაციის გარდა, ასევე ფორმალურადაა დამოკიდებული საარჩევნო სიის დაკომპლექტებაც. გაერთიანებული ეროვნული საბჭოს წევრი კახა შარტავა ამბობს:

[კახა შარტავას ხმა]“სია ჩამოყალიბების სტადიაშია, პრობლემური მომენტები პრაქტიკულად არ არსებობს, შეთანხმებადია ყველა საკითხი, ამ რამოდენიმე დღეში დასრულდება სიის, ასე ვთქვათ, სრულყოფილი პრეზენტაცია ამომრჩევლისათვის და მოქალაქეებისათვის. მე ვვარაუდობ, რა თქმა უნდა, რომ 150 კაციანი უნდა იყოს სია და დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ. კვოტებს გავანაწილებთ მშვიდად, ტკბილად და მეგობრულად, სამართლიანად.” (სტილი დაცულია)

რაც შეეხება გაერთიანებული ოპოზიციისა და ახალი მემარჯვენეების საარჩევნო ბლოკის მაჟორიტარ კანდიდატებს, უახლოეს დღეებში ბლოკი მათ ეტაპობრივად დაასახელებს. ამ დროისათვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ბლოკის შექმნის შესახებ განაცხადი არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ შეუტანია.
XS
SM
MD
LG