Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ უნდა მოგვარდეს აფხაზეთის კონფლიქტი? რუსი და ქართველი ექსპერტები მიხეილ სააკაშვილის ინიციატივის თაობაზე


ნატოს ბუქარესტის სამიტის წინ პრეზიდენტმა სააკაშვილმა სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობის კვლევის ფონდის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე

აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების ახალი გეგმა წარმოადგინა. ლაპარაკია ერთიან სახელმწიფოში აფხაზეთისათვის ფართო ავტონომიის მინიჭებაზე, თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნასა და აფხაზების გარანტირებულ წარმომადგენლობაზე საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებაში. როგორია აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების ახალი გეგმა და რას ფიქრობენ მის შესახებ რუსი და ქართველი ექსპერტები?

აფხაზეთის ომის დასრულებიდან თხუთმეტი წელი გავიდა. ახალი თაობის დიდი ნაწილი აფხაზეთის გარეთ გაიზარდა, იმ ადამიანებს კი, ვისაც ახსოვთ და არ ავიწყდებათ მშობლიური კუთხე, უჭირთ იმის თქმა, თუ როგორ უნდა დაიბრუნონ ის. თუმცა სამოცდაათი წლის ბატონმა ნოდარმა, რომელიც თბილისში ცხოვრობს, ზუსტად იცის, რა არ უნდა გააკეთონ:

[ბატონი ნოდარის ხმა] „ბრძოლის გზას აბსოლუტურად გამოვრიცხავ. ვერ მოვუწოდებ ვერც ჩემს შვილებს და ვერც სხვის შვილებს, რომ აიღეთ ხელში იარაღი და გაიმეორეთ ის, რაც 1992 წელს შეცდომა დავუშვით...“ (სტილი დაცულია)

ბატონი ნოდარი ამბობს, რომ ომზე უარის თქმით ქართველები და აფხაზები შერიგებისა და ერთად ცხოვრების შანსს შეინარჩუნებენ. სწორედ ერთად, ერთ სახელმწიფოში ცხოვრებას ითვალისწინებს ის ინიციატივა, რომლითაც მიხეილ სააკაშვილი ახლახან გამოვიდა. საქართველოს პრეზიდენტის გეგმის თანახმად, კონფლიქტის ზონაში - კერძოდ, გალისა და ოჩამჩირის რაიონებში - შეიქმნება თავისუფალი ეკონომიკური ზონები, ხოლო აფხაზები წარმოდგენილი იქნებიან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების უკლებლივ ყველა ორგანოში.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] „ჩვენ ვთავაზობთ მათ საქართველოს ვიც-პრეზიდენტის პოსტს და ჩვენ ვთავაზობთ მათ ვეტოს უფლებას ყველა იმ ცენტრალურ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ეხება მათ კონსტიტუციურ სტატუსს, მათი კულტურის, ენის და, ზოგადად, ეთნიკური ჯგუფის გადარჩენისა და განვითარების წინაპირობას.“ (სტილი დაცულია)

მიხეილ სააკაშვილმა ეს განცხადება თვითაღიარებული რესპუბლიკის ფაქტობრივი მმართველების გასაგონად გააკეთა, თუმცა, როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ბაქრაძე ამბობს, პრეზიდენტის გზავნილი უფრო ფართო აუდიტორიაზეა გათვლილი:

[დავით ბაქრაძის ხმა] „ყველა ეს წინადადება ემსახურება აფხაზი ეთნოსის ინტერესებს, ემსახურება ჩვენი აფხაზი მოქალაქეების დაცვას და ეს არის არჩევანი, რომელიც უნდა გააკეთოს აფხაზეთის მოსახლეობამ.“

როგორც მოსალოდნელი იყო, ოფიციალური თბილისის ინიციატივას ცივად შეხვდნენ სოხუმში. დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერებმა განაცხადეს, რომ აფხაზმა ხალხმა არჩევანი ჯერ კიდევ თხუთმეტი წლის წინ გააკეთა. თბილისის შეთავაზებას ასევე განხილვის ღირსად არ მიიჩნევს აფხაზი ექსპერტი ანატოლი ოტირბა, რომელიც საინფორმაციო სააგენტო „ახალი ამბები - საქართველოს“ მიერ ორგანიზებულ ტელეხიდში ქართველ და რუს ექსპერტებთან ერთად მონაწილეობდა.

[ანატოლი ოტირბას ხმა] ”გვინდა, რომ საქართველომ უფრო მართებული პოლიტიკა გაატაროს. მართებულში კი ერთადერთს - აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას -ვგულისხმობთ. სხვა გამოსავალს, უბრალოდ, ვერ ვხედავთ. რას ფიქრობენ პოლიტიკოსები, არ ვიცი, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ აფხაზ ხალხს აქვს საფუძველი უფრთხოდეს საქართველოს, როგორც აგრესიულ სახელმწიფოს. ამისათვის საკმარისზე მეტი არგუმენტი გვაქვს.”

ამ და სხვა არაერთი არგუმენტის გათვალისწინებით, მიხეილ სააკაშვილის გეგმის ეფექტიანობაში ეჭვი ეპარება რუს პოლიტოლოგ სერგეი მარკედონოვსაც, რომელიც ოფიციალური თბილისის ინიციატივას პარტნიორის გარეშე ცეკვას ადარებს:

[სერგეი მარკედონოვის ხმა] ”ეს არის ტანგო ერთისათვის. აფხაზური მხარე არ არის მზად კომპრომისისთვის. არადა, ჩემი აზრით, კომპრომისის გარეშე აფხაზეთის რეინტეგრაციის ნებისმიერი სქემა იქნება არაეფექტიანი. თბილისის მიერ შეთავაზებული წინადადებები და რეინტეგრაციის შესაბამისი სქემები ამის გარეშე რეალურად ვერ ამუშავდება.”

რუსი და აფხაზი კოლეგებისაგან განსხვავებით, ქართველი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სააკაშვილის შეთავაზების გარშემო დიალოგის დაწყება შესაძლებელია. ივლიანე ხაინდრავას თქმით, აფხაზეთში ერთმანეთს, სულ ცოტა, სამი ნაციონალური პროექტი დაეჯახა: აფხაზური, ანუ დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა, ქართული, ანუ ერთიან სახელმწიფოში რეინტეგრაცია, და რუსული, რომელიც არსებული ვითარების შენარჩუნებას ითვალისწინებს. ხაინდრავას თქმით, აფხაზმა ხალხმა უნდა აირჩიოს, რა ურჩევნია - ნეოიმპერიული რუსეთი თუ ევროპისკენ მიმართული საქართველო:

[ივლიანე ხაინდრავას ხმა] ”ხალხის ბედი არ უნდა წყდებოდეს მისი მონაწილეობის გარეშე. ამიტომაც პირდაპირი ქართულ-აფხაზური დიალოგი არის ის, რაც ყველაზე მეტად გვჭირდება. ამ თვალსაზრისით, სააკაშვილის წინადადებები უფრო პროდუქტიულია, ვიდრე კონტრპროდუქტიული.”

ხაინდრავას თქმით, ევროპულ ოჯახში მიღებული და ევროპული ფასეულობების გამზიარებელი საქართველო აფხაზებისთვის მეტად მიმზიდველი იქნება. ამ აზრს იზიარებენ რიგითი თბილისელებიც. მათ შორისაა სამოცდაათი წლის ბატონი ნოდარიც, რომელიც აფხაზეთის რეინტეგრაციის საკუთარ მოდელს გვთავაზობს:

[ბატონი ნოდარის ხმა] „ჩემი აზრით, ერთადერთი გზა არსებობს: ორივე მხარემ უნდა მოინანიოს წარსულში მომხდარის გამო. ამას უნდა დაემატოს საქართველოს მძიმე სოციალური მდგომარეობიდან გამოსვლა, იმიტომ რომ შენთან რომ მოვიდეს და იმეგობროს, ამ ხალხმა ჩვენში უნდა დაინახოს რაღაც ისეთი, რაც მასაც უნდა აწყობდეს.“ (სტილი დაცულია)
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG