Accessibility links

ოლიმპიურ ჩირაღდანს ჩაქრობის საფრთხე ემუქრება


ოლიმპიური ჩირაღდანი, რომელიც 24 მარტს საზეიმოდ დაანთეს საბერძნეთის ერთ-ერთ უძველეს ქალაქ ოლიმპიაში, 8 აგვისტომდე უნდა ჩაიტანონ ჩინეთში

- ზაფხულის 29-ე ოლიმპიური თამაშების მასპინძელ ქვეყანაში. მაგრამ როგორც ირკვევა, პეკინამდე ჩირაღდნის ჩატანა არცთუ იოლი საქმე ყოფილა - ვიდრე ჩინეთის დედაქალაქში ჩავიდოდეს, ოლიმპიურმა ცეცხლმა უნდა მოიაროს 20 ქვეყანა, რომელთაგან ზოგიერთში ჩირაღდანს ჩაქრობის საფრთხე ემუქრება.

დღეს ოლიმპიური ჩირაღდანი საფრანგეთის დედაქალაქში ჩაიტანეს. იქ ჩირაღდანს პარიზის მერიის შენობაზე გამოფენილი უზარმაზარი ტრანსპარანტი შეაგებეს. ტრანსპარანტზე ეწერა: "პარიზი იცავს ადამიანის უფლებებს მთელს მსოფლიოში."

ყველასთვის ნათელია, რაზე მიანიშნებდა ეს წარწერა. მისი ადრესატი ჩინეთი გახლდათ, კერძოდ კი ეს იყო მინიშნება გასულ თვეში ჩინეთის ხელისუფალთა მიერ ტიბეტელი დემონსტრანტების სასტიკ დარბევაზე. ახლა ტიბეტელები და მათი მხარდამჭერები ცდილობენ, საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება მიაპყრონ ჩინეთის უღლის ქვეშ მყოფი ტიბეტის მძიმე მდგომარეობას და ამ მიზნით ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტას დაბრკოლებებს უქმნიან.

[საპროტესტო აქციის მონაწილე ქალის ხმა] "გაუმარჯოს თავისუფალ ტიბეტს!"

პარიზში დღეს გამართული საპროტესტო აქციის მონაწილე ეს ქალი, რომელიც ტიბეტის მხარდამჭერ ლოზუნგებს გაჰყვიროდა,
რამდენიმე საათით დააკავა საფრანგეთის პოლიციამ. ჩირაღდნის დამცველ პოლიციელთა რიცხვი კი მართლაც შთამბეჭდავია: სამი ათასი კაცი! მათგან ზოგიერთი მოტოციკლით მოძრაობს, ზოგი კი სპორტულ ფორმაშია გამოწყობილი და ჩირაღდანს სირბილ-სირბილით მიჰყვება.

ოლიმპიური ცეცხლის ამგვარად დაცვა პარიზის ხელისუფლებამ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც კვირას ლონდონში საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ჩირაღდანი ხელიდან გამოგლიჯა ესტაფეტის მონაწილე სპორტსმენს და ოლიმპიური სიმბოლო მხოლოდ პოლიციის ჩარევის შედეგად დათმო. სხვა ინციდენტში ვიღაცამ ცეცხლმქრობით სცადა ჩირაღდნის ჩაქრობა.

ამასობაში ევროპელ ლიდერთა შორის გრძელდება დებატები იმის თაობაზე, რამდენად მიზანშეწონილი იქნება მაღალი რანგის სამთავრობო პირთათვის პეკინის ოლიმპიადაზე გამგზავრება. პირველი ევროპელი ლიდერი, რომელმაც პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ მოუწოდა ჩინეთის ხელისუფალთ, საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი იყო. გასული თვის მიწურულს გაკეთებულ განცხადებაში მან ისტორიაც გაიხსენა:

[ნიკოლა სარკოზის ხმა] "როცა გენერალმა დე გოლმა ჩინეთი სცნო, მან სცნო ჩინეთი, რომელშიც ტიბეტიც შედიოდა. თვით დალაი ლამაც კი არ მოითხოვს დამოუკიდებლობას ან ოლიმპიადისთვის ბოიკოტის გამოცხადებას. როგორც სახელმწიფოს მეთაურმა, ჩინეთის პრეზიდენტ ჰუ ძინტაოს გავუზიარე ჩემი ღრმა შეშფოთება და ვთხოვე, პასუხისმგებლობა გამოიჩინოს; დიალოგის დაწყებისკენ მოვუწოდე."

როცა ჰკითხეს, დაუჭერს თუ არა მხარს ოლიმპიადის ბოიკოტს, სარკოზიმ თქვა, არც ერთ შესაძლებლობას არ გამოვრიცხავო. იმ დასავლელ ლიდერთა შორის, ვინც უკვე განაცხადა უარი პეკინში გამგზავრებაზე, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელიც არის. თუმცა, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა გორდონ ბრაუნმა და აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა თქვეს, რომ ჩინეთში წასვლას აპირებენ.

ყოველივე ამის პარალელურად საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მესვეურები ცდილობენ, პოლიტიკა და სპორტი ერთმანეთისგან გამიჯნონ. კომიტეტის პრეზიდენტმა ჟაკ როგემ შეშფოთება გამოთქვა ტიბეტში შექმნილი ვითარების გამო, მაგრამ დასძინა, რომ პოლიტიკურმა ლიდერებმა თვითონ უნდა გადაწყვიტონ, წავიდნენ თუ არა ჩინეთში.

[ჟაკ როგეს ხმა] "ვიცით, რომ ბოიკოტის საკითხზე დისკუსია მიმდინარეობს. მთავრობების მიერ ბოიკოტის გამოცხადებისთვის ამჟამად საკმარის საბაბს ვერ ვხედავთ. არის საუბარი გახსნის ცერემონიის ნაწილობრივი ბოიკოტის შესაძლებლობაზე, რაზეც კომენტარის გაკეთება არ მინდა. სახელმწიფოების მეთაურებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, სურთ თუ არა პეკინში ჩამოსვლა. ეს ისეთი საკითხია, რომელშიც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი არ ჩაერევა."

ეს განცხადება ჟაკ როგემ 5 აპრილს, სინგაპურში გააკეთა. რაც შეეხება ოლიმპიურ ჩირაღდანზე ლონდონსა და პარიზში მოწყობილ თავდასხმებს, მათ პეკინიდან გამოეხმაურა ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის პრესმდივანი ვან ჰუი:

[ვან ჰუის ხმა] "მკაცრად ვგმობთ სეპარატისტთა იმ მცირერიცხოვან ჯგუფს, რომელიც ცდილობს, შეაფერხოს პეკინის ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტა. ოლიმპიური ცეცხლი მთელი მსოფლიოს ხალხების კუთვნილებაა. ასე რომ, სეპარატისტთა პატარა ჯგუფის ასეთი მოქმედება ხალხის სიმპათიას ვერ დაიმსახურებს, ის მკაცრი გაკიცხვის ღირსია და განწირულია მარცხისთვის."

ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის პრესმდივნის ოპტიმიზმს ყველა როდი იზიარებს. ყოველ შემთხვევაში, ეჭვგარეშეა, რომ უცხოეთში მცხოვრები ტიბეტელები და მათი მხარდამჭერები მომავალშიც შეეცდებიან, შეაფერხონ ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტა. მორიგი შანსი ამისთვის მათ 8 აპრილს მიეცემათ, როცა ჩირაღდანს სან-ფრანცისკოში ჩაიტანენ.
XS
SM
MD
LG