Accessibility links

logo-print

ევროკავშირი და ადამიანის უფლებების პრობლემა შუა აზიაში


დღეს საუბარი იმდენად ევროპას არა, რამდენადაც აზიას შეეხება.

საქმე ის არის, რომ ხვალ და ზეგ აშხაბადში იმართება ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენელთა შეხვედრა შუა აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან. ამ შეხვედრასთან დაკავშირებით, საგანგებო მიმართვა გამოაქვეყნა ავტორიტეტიანმა უფლებადამცავმა ორგანიზაცია “ჰიუმან რაითს უოჩმა”.

“ჰიუმან რაითს უოჩის” განცხადებაში, ბუნებრივია, ლაპარაკია ადამიანის უფლებების დაცვაზე. ამ მხრივ კი ვითარება შუა აზიაში, “ჰიუმან რაითს უოჩის” შეფასებით, იმდენად მძიმეა, რომ მას “საშინელს” უწოდებს ორგანიზაციის ევროპა-შუა აზიის განყოფილების დირექტორი ჰოლი კარტნერი. და ეს მიუხედავად ზოგი დადებითი, დამაიმედებელი სიახლისა, რომელთა შორისაც მოიხსენიებენ უფლებადამცველების და პოლიტმატიმრების ბოლოდროინდელ განთავისუფლებას უზბეკეთსა და თურქმენეთში.

ჩვენი რადიო დაუკავშირდა “ჰიუმან რაითს უოჩის” წარმომადგენელს დუშანბეში, ანდრეა ბერგს, რომლის განმარტებით, ევროკავშირისა და შუა აზიის წარმომადგენლების შეხვედრაზე განიხილავენ სტრატეგიას, რომელიც შუა აზიასთან მიმართებით შარშან, ივნისში მიიღო ევროკავშირმა. ეს სტრატეგია მოიცავს ურთიერთობას რამდენიმე სფეროში, როგორიცაა ენერგეტიკა, უსაფრთხოება, ადამიანის უფლებები.

[ანდრეა ბერგის ხმა] “ჩვენ ევროკავშირს მოვუწოდეთ, ადამიანის უფლებათა სფეროში ნათელი სტანდარტები და მიზნები შეიმუშავოს შუა აზიის თითეული ქვეყნისთვის, გამართოს რეგულარული კონსულტაციები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, ევროპის პარლამენტთან, თვით შუა აზიის ქვეყნების პარლამენტებთან - სტრატეგიის ამოცანებსა და მათს განხორციელებაზე - და უფრო გამჭვირვალე გახადოს სტრატეგიის განხორციელების შესახებ ინფორმაციის გავრცელების პროცესი”.

შეიძლება ითქვას, რომ ევროკავშირი ამ დღეებში განსაკუთრებულ ყურადღებას ავლენს შუა აზიის მიმართ: ევროკომისარმა საგარეო ურთიერთობის საკითხებში, ბენიტა ფერერო-ვალდნერმა დღეს ტაჯიკეთში გამართა შეხვედრები პრეზიდენტ ემომალი რახმონთან და სხვა ოფიციალურ პირებთან, სწორედ შუა აზიის სტრატეგიასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად.

“ჰიუმან რაითს უოჩი”, როგორც უკვე ვთქვით, მოითხოვს შუა აზიის ხუთ ქვეყანასთან ცალ-ცალკე გეგმების შემუშავებას - ადამიანის უფლებების სფეროში კონკრეტული ამოცანების დასახვას შუა აზიის თითოეული ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის სპეციფიკის გათვალისწინებით.

მაგალითად ყაზახეთის შემთხვევაში, “ჰიუმან რაითს უოჩი” ითხოვს, რომ ევროკავშირმა ასტანას მოუწოდოს ყველა იმ დაპირების შესრულებისაკენ, რომლებითაც ყაზახეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი გამოვიდა შარშან დეკემბერში, ვიდრე ყაზახეთს შეარჩევდნენ ეუთოს მორიგე თავმჯდომარედ 2010 წლისთვის. ეს დაპირებები ეხება მასმედიის შესახებ კანონში, საარჩევნო კანონში ცვლილებებს, პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის გაადვილებას.

სხვა პრობლემებზე მახვილდება ყურადღება უზბეკეთის შემთხვევაში. 2005 წლის მაისში, ანდიჟანის გახმაურებული მოვლენების შემდეგ, როცა ანტისამთავრობო გამოსვლების დარბევას მსხვერპლი მოჰყვა, ევროკავშირმა სანქციები შემოიღო ტაშკენტის წინააღმდეგ. მას მერე სანქციების ნაწილი დროებით გაუქმდა და ევროკავშირს მალე მოუწევს გადაწყვიტოს, სანქციები ისევ გაამკაცროს, თუ ჯერ-ჯერობით ამჟამინდელ რეჟიმში დატოვოს.

როგორია ამ საკითხში “ჰიუმან რაითს უოჩის” პოზიცია, ანდრეა ბერგისაგან მოვისმენთ: [ანდრეა ბერგის ხმა] “ჰიუმან რაითს უოჩი” მიესალმება უზბეკეთში რამდენიმე უფლებადამცველის განთავისუფლებასა და ამნისტიას. მაგრამ სანქციები უნდა აღდგეს და ძალაში დარჩეს, სანამე უზბეკეთი შეასრულებს ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ ყველა რეკომენდაციას”.

მსგავსია ვითარება თურქმენეთშიც: მიუხედავად ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ გარკვეული გაუმჯობესებისა, რაც მოჰყვა პრეზიდენტ საფარმურატ ნიაზოვის 21-წლიანი მმართველობის დასრულებას, ვითარება ამ ქვეყანაში მაინც ძალიან უარყოფითად ფასდება. “ჰიუმან რაითს უოჩი” თურქმენეთს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უფრო რეპრესიულ ქვეყნად მოიხსენიებს დღეს გავრცელებულ განცხადებაში

სწორედ ამ, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე უფრო რეპრესიული ქვეყნის დედაქალაქში ხვალ და ზეგ გაიმართება შუა აზიის საგარეო საქმეთა მინისტრების მოლაპარაკება ევროკავშირის წარმომადგენლობით დელეგაციასთან. მის შემადგენლობაში, მაგალითად, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც არის.
XS
SM
MD
LG