Accessibility links

რა კვალი დაამჩნია 1989 წლის 9 აპრილმა საქართველოს უახლოეს ისტორიას


19 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში,

უმაღლესი საბჭოს შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად, 21 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე ასეული კი ძლიერი ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა. 9 აპრილის ტრაგედიიდან სამი წლის თავზე, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს უზენაესმა საბჭომ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო და, თითქმის სამოცდაათწლიანი წყვეტის შემდეგ, დამოუკიდებლობა აღადგინა. და მაინც, რა მოხდა 19 წლის წინ რუსთაველის გამზირზე და რა კვალი დაამჩნია 1989 წლის 9 აპრილმა საქართველოს უახლოეს ისტორიას?

ტრაგედიას, რომელიც 19 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, მოხდა, წინ უძღოდა ვითარების გამწვავება აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, თუმცა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მაშინდელმა თავმჯდომარემ გიორგი ჭანტურიამ და ეროვნული მოძრაობის სხვა ლიდერებმა საკუთარი ძალისხმევა სულ სხვა მიმართულებით მიმართეს. თბილისში საპროტესტო გამოსვლები 4 აპრილს დაიწყო.

[გიორგი ჭანტურიას ხმა] „აფხაზეთის პრობლემა საქართველოსთვის არ არსებობს. ეს „პრობლემა“ არის კრემლის მიერ თავსმოხვეული, შემოგდებული, რათა ეროვნული მოძრაობა გადაიყვანოს სულ სხვა რელსებზე...“

ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და ცხრამეტიწლისწინანდელი მოვლენების ასევე აქტიური მონაწილე ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ ეროვნული მოძრაობის ლიდერთა ნაწილმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა, ეთნოკონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით, დღის წესრიგში უმთავრესი მოთხოვნა დააყენა:

[ირაკლი ქადაგიშვილის ხმა] „დადგა საკითხი საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ, რასაც თან სდევდა მასობრივი აქცია. უნდა ითქვას, რომ საბჭოთა კავშირში ასეთი მკვეთრი და ღია მოთხოვნა დამოუკიდებლობისა არსად არ იყო დაფიქსირებული. ამიტომ იმპერიამ გადაწყვიტა, რომ ერთი დარტყმით, რადიკალური ღონისძიებებით ძირშივე აღეკვეთა დამოუკიდებლობის მოპოვების მცდელობა.“

[ისმის ხმაური, მომიტინგეთა ხმები]

რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ადამიანების მოთხოვნის პასუხად, 7 აპრილს კრემლში პოლიტბიურომ მიიღო გადაწყვეტილება მიტინგის სამხედრო ძალით დაშლის შესახებ. ოფიციალური მონაცემებით, სპეცოპერაციაში მონაწილეობას იღებდნენ შინაგანი ჯარებისა და თავდაცვის სამინისტროს მებრძოლები, რომლებიც 7-8 აპრილს სპეციალური რეისით ჩაფრინდნენ თბილისში.

გოგა ხაინდრავა, 9 აპრილის უშუალო მონაწილე და მთავარი მემატიანე, ამბობს, რომ მის მიერ გადაღებულ ფირზე კარგად ჩანს, თუ როგორი ტაქტიკითა და სტრატეგიით მოქმედებდა საბჭოთა ჯარი. ხაინდრავას თქმით, სპეცოპერაციის მიზანი არ ყოფილა უმაღლესი საბჭოს შენობის მიმდებარე ტერიტორიის გათავისუფლება:

[გოგა ხაინდრავას ხმა] „ეს იყო ალყის ოპერაცია! ეს იყო იმიტაცია ჭყლეტისა... გამოყენებული იყო ელექტროშოკი, რაც კარგად ჩანს ერთ კადრში... იყო მცდელობა იმისა, რომ ყველა მხრიდან მისწოლოდნენ მომიტინგეებს იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი მსხვერპლი ყოფილიყო. გარდა ამისა, გამოიყენეს მომწამვლელი აირი, რომელთა ერთი ნაწილის იდენტიფიკაცია დღემდე არ მომხდარა.“

ჯამში, სპეცოპერაციის შედეგად, 9 აპრილს, გამთენიისას, 16 ადამიანი დაიღუპა. 19 წლის წინანდელ ამბებს ემოციის გარეშე ვერ იხსენებს პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი:

[გიორგი გამრეკელის ხმა] „დაღუპულთა გვამები „მორგიდან“ გადმოასვენეს სიონის ტაძარში, სადაც საგანგებოდ მოწყობილ სადგარზე დავასვენეთ და გადავუხადეთ პანაშვიდი. ეკლესია ამ ადამიანებს მიიჩნევს დამოუკიდელობისათვის ბრძოლაში გაღებულ მსხვერპლად.“

ეკლესიამ 9 აპრილს დაღუპულ გმირებს პანაშვიდი 19 წლის შემდეგაც გადაუხადა. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე 9 აპრილს ტკივილისა და გლოვის დღეს უწოდებს:

[ილია მეორის ხმა] „ჩემი პატრიარქობის მანძილზე ყველაზე მძიმე დღე იყო ეს 9 აპრილი.“

თუმცა სწორედ ამ მძიმე დღემ და საპროტესტო აქციაში მონაწილე ადამიანების გმირობამ დააჩქარა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა. ტრადიციონალისტთა კავშირისა და უზენაესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე აკაკი ასათიანი ამბობს, რომ 1989 წლის 9 აპრილმა გავლენა იქონია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი ევროპის მომავალზე:

[აკაკი ასათიანის ხმა] „ჰაველსაც აქვს ნათქვამი... პოლონეთის დღევანდელმა პრეზიდენტმაც ბრძანა იგივე. ევროპა უსისხლოდ გათავისუფლდა ჩვენი ამბების წყალობით. ცნობილი ხავერდოვანი რევოლუციები რომ წაეწყო ევროპაში... ძალის გამოყენება ვეღარ გაბედეს 9 აპრილის შემდეგ.“
XS
SM
MD
LG