Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო ავღანეთში ნატოს სამხედრო ოპერაციაში მოკავშირეებს ორი ასეულით დაეხმარება


ნატოს ბუქარესტის სამიტის მსვლელობის დროს ცნობილი გახდა საქართველოს ხელისუფლების ახალი ინიციატივა,

რომელიც წლის ბოლომდე ავღანეთში მიმდინარე უსაფრთხოების მხარდამჭერ ოპერაციაში ორი ქართული სამხედრო ასეულის გაგზავნას ითვალისწინებს. თბილისი ასევე სთავაზობს ავღანეთის მთავრობას რამდენიმე სამხედრო ინსტრუქტორის მომზადებას საჩხერის სამთო-მომზადების სკოლაში. თუ ნატოს სარდლობა მიიღებს თბილისის წინადადებებს, მაშინ საქართველოს ხელისუფლებას მოუწევს უარი თქვას სამხედრო მისიის გაგრძელებაზე კოსოვოში, სადაც ქართული ბატალიონი 1999 წლიდან იმყოფება.

ავღანეთში ნატოს ეგიდით მოქმედ საერთაშორისო უსაფრთხოების ძალებში საქართველოდან ჯერჯერობით მხოლოდ ერთადერთი სამხედრო ექიმი იმყოფება, მაგრამ თუკი ალიანსის სამხედრო ხელმძღვანელობა საქართველოს შეთავაზებას მიიღებს, მაშინ, შესაძლოა, ავღანეთში ქართული დროშის ქვეშ ორი ასეული გამოჩნდეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის ბათუ ქუთელიას თქმით, ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო უსაფრთხოების ოპერაციაში მონაწილეობა საქართველოსთვის, როგორც ნატოს პოტენციური სამხედრო პარტნიორი ქვეყნისთვის, პრიორიტეტულ მნიშვნელობას იძენს:

[ბათუ ქუთელია] ”შესაბამისად, რამდენიმე შეთავაზება გაკეთდა. პირველი, ეს არის კონტინგენტი ორი ასეულით - ერთი ფრანგებთან და მეორე ჰოლანდიელებთან. ჰოლანდიელებთან - სამხრეთში, ურუზგანის პროვინციაში, საკმაოდ რთულ ზონაში. გარდა ამისა, არის სპეცდანიშნულების დანაყოფი, რომელიც ამერიკელებთან ერთად წავა. ეს არის დაახლოებით 35-40 ადამიანი. და, გარდა ამისა, იქ არის ერთი სამხედრო ექიმი და ოთხი მზად არის წასასვლელად ლიტველების PRT-ში(მშვიდობის აღდგენის ამოცანა).”

ნატოს ქვეყნების ქვედანაყოფებთან ერთად ავღანეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში უშუალო მონაწილეობის გარდა, საქართველო დახმარებას სთავაზობს თავად ავღანეთის მთავრობასაც სამხედრო და უსაფრთხოების სპეციალისტთა მომზადების კუთხით.

[ბათუ ქუთელია] “დამატებით ამისა, შევთავაზეთ სამთო მომზადების ინსტრუქტორების ჩასვლა იქ და ადგილზე გაწვრთნა ავღანეთის ნაციონალური არმიის და აგრთვე ავღანეთის ნაციონალური არმიის სამხედრო მოსამსახურეების იგივე სამთო სპეციალობაში მომზადება საჩხერეში.”(სტილი დაცულია)

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის ბათუ ქუთელიას თქმით, ერთი სამხედრო ასეული წლის ბოლოს გაიგზავნება ავღანეთის სამხრეთში, ურუზგანის პროვინციაში, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე უფრო სახიფათო რაიონად ითვლება სამხედრო საფრთხეების თვალსაზრისით. შესაბამისად, ქართული ქვედანაყოფი მთლიანად დაკომპლექტდება ერაყში საბრძოლო გამოცდილების მქონე სამხედრო მოსამსახურეებით, რომლებმაც ბრძოლის ველზე უნდა დაამტკიცონ, რომ, საქართველოს სახით, ალიანსს მტკიცე და საიმედო მოკავშირე ჰყავს, - ამბობს სერთაშორისო ურთიერთობების ცნობილი ქართველი ექსპერტი არჩილ გეგეშიძე:

[არჩილ გეგეშიძე] ”საქართველომ, რომელიც, როგორც ჩანს, მიზნად ისახავს უახლოეს პერსპექტივაში ისევ იბრძოლოს მაპისთვის, უნდა გააგრძელოს ალიანსისადმი საკუთარი ერთგულების დამტკიცება. საქართველოს მხრიდან თავისი სამხედრო მოსამსახურეების გაგზავნის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, როგორც ჩანს, შეუმჩნეველი არ უნდა დარჩეს ნატოს ევროპული ქვეყნებისთვის და, მათ შორის, საფრანგეთისა და გერმანიისათვის, რომელთა ხმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსათვის მაპის მინიჭების თვალსაზრისით.”(სტილი დაცულია)

საქართველოს ხელისუფლებამ ავღანეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობის სურვილი ჯერ კიდევ ნატოს რიგის სამიტზე გამოთქვა, მაგრამ პატარა საქართველოსთვის, რომელმაც გასულ წელს ერაყში დამატებით 1200 სამხედრო მოსამსახურე გაგზავნა, ახალი სამშვიდობო ქვედანაყოფის დაკომპლექტება იოლი არ აღმოჩნდა. ბათუ ქუთელიას თქმით, თუკი ალიანსი მიიღებს საქართველოს შეთავაზებას, თბილისი, ავღანური მისიის სასარგებლოდ, შეწყვეტს სამხედრო მისიას კოსოვოში, სადაც ამჟამად 170-მდე ქართველი მშვიდობისდამცველი იმყოფება. ბალკანეთზე ნატოს სამხედრო ოპერაციაში საქართველო 1999 წლიდან მონაწილეობს, ერაყში ამერიკის სარდლობით მოქმედ კოალიციაში კი - 2003 წლიდან. საერთაშორისო სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობის განმავლობაში საქართველოს, ცოცხალი ძალის მხრივ, სამხედრო დანაკარგი არ ჰქონია.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG