Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუდია „მაესტრო“ საპროტესტო აქციებით იმუქრება


საქართველოს სატელევიზიო სივრცეში ბოლო დროს განვითარებულ წინააღმდეგობრივ პროცესებში თავისი პრობლემებითა და ინტერესებით აქტიურად ეწერება სტუდია ”მაესტროც”,


რომელიც, მაუწყებლობის უფლებების შეზღუდვის გამო, პროტესტს რამდენიმე მიმართულებით გეგმავს. პროტესტის შესაძლო ფორმებია აქციები საქართველოს პარლამენტის შენობის წინ და სარჩელი სასამართლოში კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის წინააღმდეგ. მოვლენების განვითარება დამოკიდებულია იმაზე, დააკმაყოფილებს თუ არა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია „მაესტროს“ ლიცენზიის მოდიფიცირების საკითხს.

კერძო საკაბელო სპეციალიზებული ტელემაუწყებლობის ლიცენზიის მოდიფიცირების მოთხოვნით სტუდია „მაესტრომ“ კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას 8 აპრილს მიმართა. თუმცა მანამდე იყო განაცხადი საერთო მაუწყებლობის ლიცენზიაზე და კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გაფრთხილების ოფიციალური წერილი სტუდიის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შესახებ. წერილში, კერძოდ, მითითებულია, რომ სტუდია „მაესტრო“, სპეციალიზებული შემეცნებით–მუსიკალური გასართობი ტელემაუწყებლობის ნაცვლად, თვითნებურად ახორციელებს საერთო მაუწყებლობას და საკუთარ სამაუწყებლო ბადეში საზოგადოებრივ–პოლიტიკური თემატიკის პროგრამებს განათავსებს. იგულისხმება გადაცემები“ პროფესია–ჟურნალისტი“, „უკომენტაროდ“ და „გამოკითხვა.“გადაცემები ეთერში აღარ გადის.

[ალეკო ელისაშვილის ხმა]“ ხშირად ეს იყო, რა თქმა უნდა, საზოგადოებრივ–პოლიტიკური შინაარსისა. თუმცა, იმავდროულად, იყო შემეცნებითისაც. ეხლა ვინ გაავლო ზღვარი? პოლიტიკაზე საუბარი რატომ არ არის შემეცნება? ან საზოგადოებრივ პრობლემებზე საუბარი რატომ არ არის შემეცნება? ფილოსოფიური ამბავია და არ მგონია, რომ ახლა ისეთი ფილოსოფოსები იყვნენ მარეგულირებელ კომისიაში, რომ ასე ერთმნიშვნელოვნად თქვან, რა იყო და როგორ იყო. აქ არის ერთი ყველაზე არსებითი რამ – რატომ ჩაგრავენ ”მაესტროს” და რატომ ვამბობთ, რომ ზეწოლაა.“(სტილი დაცულია)

ამბობს გადაცემა „პროფესია–ჟურნალისტის“ ერთ–ერთი წამყვანი, ალექსანდრე ელისაშვილი, რომლის აზრითაც, კომუნიკაციების ეროვნული კომისია ბოლო დროს ცენზორის ფუნქციას ითავსებს და გადაწყვეტილებებს პოლიტიკური მიზანშეწონილობის შესატყვისად ღებულობს. ჟურნალისტი კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ ეგრეთ წოდებული ორმაგი სტანდარტით თამაშის მრავალ მაგალითს ჩამოთვლის. ამ მაგალითებიდან კი განსაკუთრებულად გამოყოფს ”პირველი სტერეოს” ლიცენზიის მოდიფიცირების ფაქტს. ეს ფაქტი სახალხო დამცველის აპარატშიც შეისწავლეს. სტუდია „მაესტროს“ ხელმძღვანელი მამუკა ღლონტი ამბობს:

[მამუკა ღლონტის ხმა]“ საქართველოს ადმინისტრაციულ კოდექსში არის ასეთი მუხლი, მეოთხე მუხლის მესამე პუნქტი, სადაც წერია, რომ იდენტურ შემთხვევაში ორი სხვადასხვა პირისთვის გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს აუცილებლად ერთნაირად. 2006 წელს ტელეკომპანია ”პირველ სტერეოს” მარეგულირებელმა კომისიამ - ისე, რომ თვითონ მათ არც შეუტანიათ განაცხადი - გაუკეთა ლიცენზიის მოდიფიცირება და საერთო მაუწყებლობის ლიცენზია გადაუკეთა შემეცნებით–გასართობ ლიცენზიად. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების შემდეგ ჩვენთვისაც უნდა დამდგარიყო იგივე შედეგი.“

მამუკა ღლონტის აზრით, ”პირველი სტერეოს” ანალოგიურად, თუკი მარეგულირებელი კომისიის მონიტორინგმა დაასკვნა, რომ ”მაესტრო” საზოგადოებრივ–პოლიტიკურ გადაცემებს ამზადებდა, სტუდიისთვის ლიცენზიის მოდიფიცირება ავტომატურად უნდა მომხდარიყო. მით უფრო, რომ „მაესტრომ“ მარეგულირებელ კომისიას საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მიღების თხოვნით 2007 წლის ნოემბერში მიმართა. კომისიას გადაწყვეტილება კანონით განსაზღვრული ერთი თვის ვადაში უნდა მიეღო. რეალურად პროცესი ხუთ თვეს გაგრძელდა და ბოლოს დამთავრდა გაფრთხილებით, რომელიც, თავის მხრივ, ლიცენზიის შეცვლის პროცესს კიდევ უფრო ართულებს. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ხატია ყურაშვილი ამბობს:

[ხატია ყურაშვილის ხმა] “ვინაიდან ”მაესტროს” ჰქონდა დარღვევა და ღლონტმა თავად აღიარა, რომ ეს დარღვევა ჰქონდა, - მე თავად ვესწრებოდი ამ სხდომას და ჩემს გარდა კიდევ 30 ადამიანი ესწრებოდა, - ამიტომ მას მიეცა გაფრთხილება. რადგან გაფრთხილება ჰქონდა, კანონით ჩვენ არ გვქონდა უფლება მიგვეცა საერთო მაუწყებლობის ლიცენზია. იმიტომ რომ კანონდარღვევა არ უნდა ფიქსირდებოდეს. საბოლოო უარი არ გვითქვამს. უბრალოდ, ერთი წლით გადავუვადეთ ამ საკითხის განხილვა. თუ ერთი წლის განმავლობაში ”მაესტრო” აღარ დაარღვევს კანონს, ერთი წლის შემდეგ კომისია კვლავ დაუბრუნდება ამ საკითხს.“

ეს, რაც შეეხება საერთო მაუწყებლობის ლიცენზიას, რომლის გაცემის საკითხზე გადაწყვეტილების მიღების ვადების დარღვევის გამო „მაესტრო“ სასამართლოში ჩივილს აპირებს. სხვა საკითხია 8 აპრილით დათარიღებული წერილი ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ. როგორც კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში განმარტავენ, ადმინისტრაციული საქმის წარმოებას მინიმუმ 10 დღე სჭირდება. სტუდია ”მაესტრო” კი ერთ კვირაში პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავს.
XS
SM
MD
LG