Accessibility links

logo-print

”სააკაშვილი პარლამენტში ბაქრაძის, გვარამიას და ტყეშელაშვილის დაბრუნებას გეგმავს”, - წერს

  • ნიკო ნერგაძე

”სააკაშვილი პარლამენტში ბაქრაძის, გვარამიას და ტყეშელაშვილის დაბრუნებას გეგმავს”, - წერს დღევანდელი ”რეზონანსი”.

გაზეთის ინფორმაციით, საარჩევნო სიის პირველ ოცეულში იქნება კულტურის ყოფილი მინისტრი გოკა გაბაშვილიც და უკვე გადაწყვეტილია, რომ გიგა ბოკერია საგარეო საქმეთა მინისტრი გახდება. ”რეზონანსს” ეს ინფორმაცია უმრავლესობაში მყოფმა თავისმა წყარომ მიაწოდა. გაზეთი წერს, რომ ”ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიის შესახებ ჯერჯერობით მხოლოდ ისაა ოფიციალურად ცნობილი, რომ მისი პირველი ნომერი პარლამენტის თავმჯომარე იქნება, თუმცა ”რეზონანსი” წერს, რომ არაოფიციალურად პირველი ხუთეულიც სახელდება და მასში ნინო ბურჯანაძესთან ერთად მიხეილ მაჭავარიანი, ხათუნა გოგორიშვილი, გიგი წერეთელი და ზურაბ მელიქიშვილი შევლენ.

”რეზონანსი” აგრეთვე გაესაუბრა კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს, რომელიც აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე და იურიდიული კომიტეტის თავმჯომარის მოადგილე გიგა ბოკერია ზუგდიდში რამდენჯერმე შეხვდნენ გალის რაიონში ბაღაფშის პირად წარმომადგენელ რუსლან ქიშმარიას და მისი გადმობირება სცადეს. პაატა ზაქარეიშვილი ამბობს: ”ვისაც იმედი ჰქონდა, რომ ქიშმარიას ”აფხაზ სანაკოევად” აქცევდა, შეიძლება თამამად ითქვას, რომ არის რეგვენი პოლიტიკოსი.” სრულად ინტერვიუს დღევანდელ ”რეზონანსში” ნახავთ.

”24 საათმა” კი რესპუბლიკელ დავით ბერძენიშვილს და ლეიბორისტ ნესტან კირთაძეს ჰკითხა, თუ რატომ არ გაერთიანდნენ ისინი ეროვნულ საბჭოში. დავით ბერძენიშვილმა შეკითხვას ასე უპასუხა: ”წამყვანი კონკურენტუნარიანი პოლიტიკური ძალები ცალ-ცალკე უფრო მეტ ხმებს წაართმევენ ხელისუფლებას, ვიდრე ერთ ქვაბში მოხარშულები.” ნესტან კირთაძემ კი თქვა: ”ჩვენ არ ვიზიარებთ გაერთიანების ყალბ იდეას. თუ საქართველოს უახლოეს ისტორიას გადავხედავთ, დავინახავთ, რაოდენ სახიფათოა ასეთი გაერთიანებები.” - სრულად ინტერვიუს ორივე პოლიტიკოსთან დღვანდელ ”24 საათში” წაიკითხავთ.

”საქართველოს რესპუბლიკა” კი მოწინავე სტატიას 9 აპრილის მოვლენებს უძღვნის. ავტორი იხსენებს, რომ აპრილში ხალხმა თავისი ემოცია ლექსებით გამოხატა, რომლებსაც რუსთაველზე ჭადრის ხეებზე ამაგრებდნენ. ”საქართველოს რესპუბლიკა” წერს: ”ეს ლექსები ტრაგედიიდან დღემდე ჩვენი გაზეთის რედაქტორის არქივში ინახებოდა. ისინი თბილისის მილიციის სამმართველოს მაშინდელი უფროსის მოადგილეს გადაუცია მისთვის”. ავტორები სხვადასხვა ასაკის ადამიანები არიან, ზოგისთვის ეს პირველი ლექსი იყო, - წერს გაზეთი და რამდენიმე მაგალითი მოჰყავს. ზოგი მათგანი 9 აპრილს დაღუპულებს ეძღვნება, ზოგი - ქართველ მილიციელებს, რომლებიც მომიტინგეებს იცავდნენ, ზოგი კი, უბრალოდ, გულისტკივილს გამოხატავს. ამ ლექსებს დღევანდელ ”საქართველოს რესპუბლიკაში” ნახავთ.
XS
SM
MD
LG