Accessibility links

logo-print

სომხეთში ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია შედგა


სომხეთის ახალმა პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა ერევანში საპრეზიდენტო ფიცი დადო.

19 თებერვალს გამართულ არჩევნებში გამარჯვებულად სერჟ სარქისიანის გამოცხადებას ოპოზიციის ძლიერი პროტესტი მოჰყვა. მღელვარების ტალღა ოპოზიციონერთა გამოკვეთილი ლიდერის, სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის ლევონ ტერ-პეტროსიანის ხელმძღვანელობით აგორდა. ქვეყანაში მრავალათასიანი მიტინგები იმართებოდა. სომხეთის ხელისუფლებამ დემონსტრანტებს პოლიცია დაუპირისპირა და შეტაკებებს 8 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

სომხეთის ახალმა პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა, ისევე როგორც ამას სხვა ქვეყნის პრეზიდენტები ჩვეულებრივ აკეთებენ, ინაუგურაციაზე საპრეზიდენტო ფიცი დადო და სომხეთის მოქალაქეებს უსაფრთხოების დაცვისა და კეთილდღეობის პირობა მისცა. სარქისიანი მზრუნველობას მათაც დაჰპირდა, ვინც 19 თებერვლის არჩევნებზე მას არ მისცა ხმა და ვინც მის გამარჯვებას ვერა და ვერ ეგუება:

(სარქისიანი - ფიცი)

სომხეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, აწ უკვე პრეზიდენტის, სერჟ სარქისიანის ინაუგურაცია პარლამენტის საგანგებო სესიაზე, ოპერის შენობაში გაიმართა. ერევნის ოპერა ახლოს მდებარეობს მოედანთან, სადაც 1 მარტს დარბეული დემონსტრანტების სისხლი დაიღვარა. თავისუფლების მოედანზე იმ დღეს დაღუპული 8 ადამიანიდან, ერევნის ინფორმაციით, ერთ-ერთი პოლიციელი იყო. სისხლისღვრას მოჰყვა პრეზიდენტ ქოჩარიანის მიერ გამოცხადებული 20-დღიანი საგანგებო მდგომარეობა. ხალხს ქუჩაში შეკრების უფლება ჩამოერთვა, მუშაობა აეკრძალა თავისუფალ მედიას. არაოფიციალური შინაპატიმრობა მიუსაჯეს ლევონ ტერ-პეტროსიანს, რომელმაც არჩევნებზე ოფიციალურად მხოლოდ 21,5 პროცენტი მიიღო და რომლის მხარდასაჭერადაც აგორდა მრავალათასიანი მიტინგების ტალღა მთელი ქვეყნის მასშტაბით.

მაშინ, როცა ოპერის შენობაში სერჟ სარქისიანის ინაუგურაცია მიმდინარეობდა, მისი მოწინააღმდეგეები თავისუფლების მოედანზე იკრიბებოდნენ და 1 მარტს დაღუპულთა მემორიალთან ყვავილებს აწყობდნენ, სანთლებს ანთებდნენ. პოლიცია და ხალხი ამჯერად მხოლოდ ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ:

(მომიტინგეთა ხმა)

სწრაფად დაანთეთ სანთლები და გაიარეთ, მოედანზე ნუ გაჩერდებით, ამის უფლება არ გაქვთო, – უხსნიდნენ სამართალდამცველები ერევნელებს. ხალხი კი თავის უფლებებს იცავდა და საკუთარ უფლებებს იქით უხსნიდა პოლიციელებს – სანთლების დანთებას ვერავინ აგვიკრძალავსო...

რამდენად გაბრაზებულია ხალხი ხელისუფლებაზე სომხეთში, ქვეყანაში, სადაც სულ რაღაც 40 დღის წინ მომიტინგეთა სისხლი დაიღვარა? ხომ არ იგრძნობა საბრძოლო შემართება? - ეს ის შეკითხვებია, რომლებიც დიდ ინტერესს იწვევს სომხეთის ფარგლებს გარეთ.

ერევნელი პოლიტიკური მიმომხილველი, გაზეთ "არავოტის" მთავარი რედაქტორი არამ აბრამიანი ერთგვარ გაღიზიანებასა და საბრძოლო შემართებას მხოლოდ საზოგადოების ერთ ნაწილში ხედავს:

(აბრამიანის ხმა) "არსებობს ერთგვარი აქტიური ნაწილი, განსაკუთრებით – ახალგაზრდებში, რომელიც ტერ-პეტროსიანის მიტინგებზე დადიოდა 10 დღის მანძილზე, არჩევნების შემდეგ... ეს ნაწილი საკმაოდ დამუხტულია ისევ. თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ მთელი საზოგადოება მხოლოდ ამით ცხოვრობს. საზოგადოება მაინც თავის ყოველდღიურ საზრუნავზე ფიქრით ცხოვრობს. "

ყოველდღიური საზრუნავის მიუხედავად, ოპოზიციური ფლანგი და მისი მომხრეები პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელებას მაინც აპირებენ.
XS
SM
MD
LG