Accessibility links

ყოველკვირეული პროგრამა


გიორგი ხუციშვილი ჩვენი თხოვნით, სადღიურო ჩანაწერები აწარმოა

პოლიტოლოგმა გიორგი ხუციშვილმა, რომელიც კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრს ხელმძღვანელობს.



23 მარტი, კვირა
აი, კვირადღეც მოვიდა! როგორც ყოველთვის, სამუშაო დღეებიდან დამრჩა რაღაც "კუდები" – რაც ვერ მოვასწარი და შაბათ-კვირას უნდა დავამთავრო, რომ ორშაბათს გავგზავნო. მაგრამ, რაც მთავარია, სახლში ვარ, მეზობელი ოთახიდან ნინოს და ვიკუნას ჭიკჭიკი მესმის. 12 წლის ხდება ვიკუნა...
რით დავიწყო დღიურის წერა? ცხოვრებაში არ დამიწერია. დილის გადასახედიდან, დაწყებული კვირა “უივენტო” და ჩვეულებრივი უნდა გამოდგეს. თბილისში ვიქნები, არ მიწევს სადმე, შორეული ქვეყნის რომელიმე კონფლიქტურ ზონაში გამგზავრება. უკვე დავიღალე, ამ ზამთრისთვის საკმარისზე მეტი მომიწია მოგზაურობა. ამ თვალსაზრისით, დღიურისთვის უკეთესიცაა: ისტორია ჩვეულებრივი დღეებით უკეთ აღიწერება, ვიდრე არაჩვეულებრივით. მახსოვს, რა სენსაცია გამოიწვია რამდენიმე ათწლეულის წინ ფერნან ბროდელის ნაშრომებმა. მან გადაწყვიტა, წარსული არა მთავარსარდლებისა და ხელმწიფეთა საგმირო საქმეების, არამედ “ყოველდღიურობის სტრუქტურების” მეშვეობით გაეგო და აღეწერა.
აკივლდა ტელეფონი: ორშაბათს "ტელეიმედის" აღსადგენად გრანდიოზული მიტინგი იგეგმებაო. შემდეგ ტელეარხებზე ვეძებდი, კოლეგა ჟურნალისტები როგორ ეხმაურებიან ამ ამბავს, მოუწოდებენ თუ არა ხალხს, მიტინგზე გავიდნენ და მოითხოვონ “იმედის” აღდგენა. შენც არ მომიკვდე, ვერც ერთ არხზე მოკლე ინფორმაციასაც კი ვერ გადავაწყდი. ყველგან საკვირაო გასართობი პროგრამებია, დაისვენე და გაერთე, რა დროს მიტინგებიაო. ისევ ტელეფონის ზარი: ზვიად ძიძიგურს გული წასვლია, ბეწვზე ჰკიდია მისი სიცოცხლეო. ნეტა ზოგიერთმა მაინც შეწყვიტოს შიმშილობა, თუნდაც ისე, რომ სხვები ჩაენაცვლონ და პროტესტი გაგრძელდეს. ჩვენ ეს ბიჭები ცოცხლები გვჭირდება.

24 მარტი, ორშაბათი
ორშაბათი ყოველთვის ინტენსიურ რეჟიმში ვითარდება. ბავშვის ცოცხალი მაღვიძარა ვარ. დროა, კბილებში ზარი დავიჭირო და თავი ვაქნიო, რომ სკოლაში არ დააგვიანოს. დილიდან ისევ ვცდილობდი, მასმედიიდან დღეს დაგეგმილ მიტინგზე რაიმე ინფორმაცია გამეგო. ალბათ, ცუდად ვცდილობდი, თორემ სადმე რამე როგორ არ იქნებოდა?!
ნინოსთან შევირბინე ოფისში - პოლიტიკური პატიმრის ქართული დეფინიცია შეიმუშავეს. ამის თაობაზე დიდ შეკრებას აწყობენ იურისტების, პოლიტიკოსებისა და "ენჯეოების" მონაწილეობით. ამასობაში დამირეკა "რეზონანსის" ორმა ჟურნალისტმა, რუსეთის სათათბიროში მიმდინარე პროცესები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნების პერსპექტივაზე როგორ აისახებაო. დიდხანს მომიწია ტელეფონით პასუხების ჩამოყალიბება. მერე რადიო "იმედის" პირდაპირ ეთერში თითქმის ერთი საათის განმავლობაში ვარჩევდი მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის მიზეზებსა და გამოსავლის ძიებას. როგორც კი ოფისში დავბრუნდი, დამირეკა მოლი კორსომ და კომენტარები მთხოვა. შევევედრე, ხვალისთვის ხომ არ გადაგვეტანა-მეთქი. დამთანხმდა. ამასობაში გადაუდებელ საკითხებთან დაკავშირებით მოკლე თათბირს მაინც ვახერხებ კოლეგებთან. “ვარდების რევოლუციის” 2004 წლის ფართომასშტაბიან კვლევაზე აგებული წიგნი ახლა უნდა გამოვცეთ. იმედია, აზრი არ დაეკარგება.
საპროექტო გეგმების ურთიერთგაზიარებისთვის გერმანელი დონორები "კავკასიურ ინსტიტუტსა" და დევნილ ქალთა ასოციაციასთან ერთობლივი შეხვედრის მოწყობას მთხოვენ. ბოდიშის თქმა მომიწევს ნაირა გელაშვილისთვის, "კავკასიურ სახლში" სხვა თანამშრომლები უნდა გავუშვა. რა სწრაფად გადის დრო! ნინო მირეკავს და მახსენებს, "ტელეიმედის" მხარდამჭერ მიტინგზე უკვე გასასვლელები ვართო. გასვლის წინ ბოლო რჩევებს ვაძლევ “სტაფს”. 17 წერილიდან ექვსის გაგზავნა ვერ მოვახერხე და ხვალისთვის გადავდე. ბოლოს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ტელეფონით ინტერვიუს იწერს ირაკლი ჩიხლაძე უკრაინულ გაზეთ “24”-ისთვის (“24 საათთან” არაფერი აქვს საერთო).
პარლამენტის წინ სივრცე უკვე სავსეა ხალხით. რამდენი ათასია, ძნელი სათქმელია, მაგრამ ძალიან ბევრი ხალხია და კიდევ მოდიან. საერთო განწყობა ასეთია: აღდგეს "ტელეიმედი", ხელისუფლებამ დაუთმოს მოშიმშილეებს და სერიოზულად მიუდგეს მათ დარჩენილ ერთადერთ მოთხოვნას, რათა სიტუაცია კატასტროფაში არ გადაიზარდოს. "ქართული აკადემიის" დელეგაცია შედის ნინო ბურჯანაძესთან და იქიდან იმედგაცრუებული გამოდის. იწყება კანცელარიისა და პარლამენტის პიკეტირება მომიტინგეების მხრიდან. განმუხტვისკენ გზა არ ჩანს – ნულოვანჯამიანი თამაშია? რამდენიმე დღის წინ მე და ნინო შევედით კარვებში, ველაპარაკეთ მოშიმშილე ლიდერებს. მართლა ცუდ დღეში არიან, შეუქცევადი პროცესები შეიძლება დაეწყოთ ორგანიზმშიო, ამბობენ ექიმები. შიმშილობის შეწყვეტას მაინც არ აპირებენ. რა მოხდება?

25 მარტი, სამშაბათი
ცუდი განწყობით გავიღვიძე. ხომ არ შეიძლება ხალხი მუდამ იმ რეჟიმში ცხოვრობდეს, რომ აი, დღეს ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდებოდეს, არც მეტი არც ნაკლები. როდისღა ჩაუღრმავდეს კაცი თავის პროფესიულ საქმიანობას? რეკავენ "ჯი-ეიჩ-ენი", “გზა”, “რეზონანსი”, “ჯორჯიან ტაიმსი”. მერე მახსენდება, რომ ირაკლის ინტერვიუს გასწორებული ტექსტი უნდა გავუგზავნო. ვამზადებ "კვიზს" სტუდენტებისთვის: სამშაბათობით საღამოს ლექცია მაქვს. კურსს ჰქვია “საერთაშორისო კონფლიქტების ანალიზი”. შემოდის ჩვენი მდივანი მეგი და მახსენებს, რომ გოგი გოქსაძის მოხსენება იწყება 1 საათზე.
სანამ შენობაში შევიდოდი, "იურეიჟა ნეტიდან" მოლი კორსომ გამომიჭირა და ტელეფონით გამომწურა ინფორმაცია. გოგის მოხსენება ეხებოდა საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების ანალიზს და ძალიან საინტერესო გამოდგა. კიდეც რომ დავუჯეროთ ამ მონაცემებს, ქალაქებისა და რეგიონების მიხედვით საინტერესო კანონზომიერებანი ვლინდება. თან გამეხარდა, რომ ჩვენი ამასწინანდელი გამოკითხვის ზოგიერთ შედეგს ეხმიანებოდა. ბოლომდე მაინც ვერ დავრჩი, არასამთავრობოების სამუშაო შეხვედრა იწყება.
ლექციის მსვლელობის დროს ცხარე დისკუსია იმართება იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები პარლამენტის წინ. ვცდილობ, სალექციო კურსის საკითხებს დავუკავშირო და ასეთ კალაპოტში გადავიყვანო, მაგრამ ემოცია ჭარბობს. როგორც ყოველთვის, აუდიტორია სამ ნაწილად იყოფა – ხელისუფლების მომხრეები, ოპოზიციის მომხრეები და ისინი, ვინც დუმილს ამჯობინებს. კარგია, ცოცხალი მოვლენებისადმი ინტერესი როცა არსებობს, ყველაფერს წიგნიდან ვერ ისწავლიან. უნივერსიტეტიდან გამოსულს, ნინო მელოდება მანქანით და მახარებს ამბავს, რომ მოშიმშილეებთან ისევ მისულა უწმინდესი და ამჯერად მათ შიმშილობა შეუწყვეტიათ. ერთი კარგი ამბავი მაინც მოხდა. განმუხტავს ეს სიტუაციას? იმის შემყურეს, როგორ მოხდა პატარკაციშვილის ოჯახისთვის “იმედის” საკონტროლო წილის წართმევა, ნუთუ ხალხს შერჩება იმის იმედი, რომ საქართველოში მესაკუთრის უფლებები შეიძლება დაცული იყოს?

26 მარტი, ოთხშაბათი
დილიდან "თიბისი ბანკში" მომიწია დიდი ხნის გატარება ჩვენს მთავარ ბუღალტერთან ერთან. “ბანკი-კლიენტის” სისტემა იურიდიული პირებისთვის ინტერნეტ-ბანკინგით შეცვალეს. ჯერჯერობით გამართულად ვერ მუშაობს. აქაც მომაგნეს ჟურნალისტებმა და ამჯერად გაუმართლათ: ბანკში ლოდინის დროს საშუალება მქონდა, წყნარად და ვრცლად მესაუბრა იმაზე, რატომ აწვება რუსეთი აფხაზეთის დამოუკიდებლობის გაფორმებას, მაგრამ არ აწვება მოლდავეთს დნესტრისპირეთის საკითხში და, ამასთან, საერთოდ არ სვამს მთიანი ყარაბაღის მიმართ იმავე საკითხს. ოფისში დაბრუნებისას ირკვევა, რომ პუბლიკაცია საქართველოში უმცირესობათა მდგომარეობაზე, რომელსაც დიდხანს ვამზადებდით, გვიანდება და კონფერენციაზე დასარიგებლად შეიძლება ვერ მოესწროს. კონფერენციის ვადის გადაწევა აღარ გამოდის. ვეძებთ გამოსავალს. როგორც იქნა, ჩვენი ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები ვებზე "დაიკიდა", დიდი მოთხოვნილება იყო მასზე.
მირეკავს აჩიკო გეგეშიძე: ევროკავშირის ინიციატივით დაწყებული ქართულ-აფხაზური პროექტისთვის კონცეფციების მონახაზები გვიანდება ჩვენი საექსპერტო ჯგუფის წევრებისგან. ვაწყნარებ, რომ მარტო ერთია დარჩენილი და ისიც მალე იქნება-მეთქი. ამ დროს კაბინეტში შემოდის ვიკუნა: გადავწყვიტე, სკოლიდან შემომევლოო. სკოლის ამბებს მომიყვა. ნუთუ 3 საათი ხდება?
მოვიდა უკრაინის საელჩოს პირველი მდივანი ლომაკო და მომართვა მოსაწვევი ოპერის თეატრში დაგეგმილ კონცერტზე, რომელიც საქართველოში უკრაინის წლის დასრულებას ეძღვნება. ველაპარაკე, გავიხსენე, როგორი თბილი მოგონებები მაქვს კიევთან დაკავშირებით; ვუთხარი, რომ იქ დავიცავი სადოქტორო დისერტაცია ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდის მიწურულს და ა.შ. კარგია, რომ ვმეგობრობთ უკრაინასთან, ამას რა ჯობია!
დამირეკა “ქრისჩენ საიენს მონიტორმა”, კაი ხანია არ გავხსენებივარ. შეკითხვა პირდაპირია: რა მოლოდინი არსებობს საზოგადოებაში ბუქარესტის სამიტზე საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების თაობაზე, და როგორ ნაწილდება მოსახლეობის მოლოდინი ნატოში საქართველოს გაწევრიანებასა და რუსეთის შესაძლო რეაქციებთან დაკავშირებით.
სწრაფად ვხურავ კომპიუტერს - ბიოლის ფონდში ყოველ ოთხშაბათს რომ დისკუსიები იმართება, დღეს აფხაზეთის თემაა, არ უნდა გამოვტოვო. რა თქმა უნდა, “რადიკალები” და “ლიბერალები” ერთმანეთს დაარტყამენ. ასეც ხდება: ისმის ბრალდებები, ემოციები ჭარბობს. ყველაზე მეტი პაატა ზაქარეიშვილს ხვდება. ბოლო სცენა ასეთი იყო: წრეში იდგნენ მჯდომარე ზაქარეიშვილის გარშემო და ერთმანეთს ბოლო ხმაზე უყვიროდნენ. მაინც რა დაუოკებელი სურვილი აქვს ზოგიერთს, ცხოვრობდეს ილუზიით, რომ ჩვენი მხრიდან ყველაფერი სწორად გაკეთდა და რაც გაფუჭდა, რუსეთის ნამოქმედარია; და ახლაც, თუ აფხაზებს კარგად ავუხსნით, ისინიც კვერს დაგვიკრავენ; თუ რუსეთიც ჩამოგვცილდა, ხომ საერთოდ სწრაფად დავიბრუნებთ აფხაზეთს. რა ბავშვობაა!

27 მარტი, ხუთშაბათი
დილიდან ოფისში ვეცნობოდი პრესისა და ინტერნეტის დაიჯესტებს, კოტემ და თინიკომ რომ მომიმზადეს. ყველაზე მეტი ლაპარაკი ბუქარესტის ნატოს სამიტზეა. მეგი მერთვება "ინტერკომით": “საერთო გაზეთია” მოსული ინტერვიუს თხოვნით. კორესპონდენტი მახსენებს, რედაქტორი ზურა ბენდიანიშვილიაო, ამის შემდეგ უფრო ხალისიანად ვაძლევ ინტერვიუს. ზურასთან ერთად ახალი წლის წინ კოსოვო და სერბია მოვიარეთ.
ვუბრუნდები პრესას. ჰილარი კლინტონი აგებს ობამასთან ვაშინგტონში. იმით ხსნიან, დედაქალაქის დიდი ნაწილი ფერადკანიანები არიანო. მე კი მგონია, ეს ამპარტავანი “ნაპრეზიდენტარი” ქალბატონი ალერგიას იწვევს კაცშიც და ქალშიც. შავკანიანიც ბევრს აღიზიანებს ამერიკაში. რა მოხდება, თუ ერთმანეთი გააბათილეს და ბურთიც და მოედანიც მოხუც რესპუბლიკელს შერჩა მაშინ, როდესაც ამერიკის ეკონომიკაც და ავტორიტეტიც ამოსაქაჩია?
საღამოს საინფორმაციოში უჩვენებენ თბილისის ერთ-ერთ “ელიტარულ” სკოლას, სადაც ახალგაზრდა მასწავლებელი მცირეწლოვან ბავშვებს ეკითხება, აბა ევროპის რომელი ქვეყანა უჭერს მხარს და რომელი ეწინააღმდეგება საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებასო. ბავშვები ყოჩაღად ართმევენ თავს არასაბავშვო ამოცანას, ტელევიზიაც კმაყოფილია. არავინ უფიქრდება იმას, რატომ უნდა ჩამოყალიბდეს მოზარდის ფსიქიკაში გერმანია საქართველოს მოწინააღმდეგედ. იმ დროს ნინო და ვიკა ბებოსთან იყვნენ წასულები. უფრო გვიან ვუყურე დებატებს ინგა გრიგოლიასთან, საკმაოდ საინტერესო გამოდგა. ჯერ ხიდაშელი-თარგამაძე გვარამია-გაბაშვილის წინააღმდეგ, შემდეგ კი -პაპავა გურგენიძის წინააღმდეგ. ნეტავ, როგორი იქნება აღდგენილი “იმედი”? მართლა ყველა ტელევიზია "რუსთავი 2"-ის ფილიალად ხომ ვერ იქცევა?


28 მარტი, პარასკევი
პარასკევმა სწრაფად გაირბინა. სტამბაში დაგვიანებულად გაგზავნილ წიგნთან დაკავშირებით ოფისში ნერვებისმომშლელი საუბრების შემდეგ, წავედი "თბილისი მარიოტში", სადაც დიპლომატიური კორპუსის, ჟურნალისტებისა და არასამთავრობოების წინაშე მოხსენებით გამოვიდა სახალხო დამცველი, იმ დიდი ანგარიშის გადმოცემით და შეფასებით, რომლის მოსმენაზე პარლამენტმა უარი თქვა და ზაფხულისთვის გადადო - ეს საქმე არჩევნებისშემდგომ პარლამენტს გადაულოცა. აღმოჩნდა, რომ ეს უკვე მესამე გადადება იყო გასული წლის შემოდგომიდან. ახლა კი საერთოდ მოიშორეს თავიდან. რა კარგად ახერხებს ზოგიერთი ცხოვრების გაადვილებას. არადა, სერიოზული და პირუთვნელი მოხსენება იყო, უამრავი უფლებააყრილი და გაუბედურებული ადამიანის ბედი. მძიმე შეკითხვები დაისვა, პასუხის გამცემი კი არავინ იქნება.
ოფისში გავრბივარ, ახლადჩატვირთული ინტერნეტ-ბანკინგის პროგრამა ისევ იჭედება, ბუღალტერი გაგიჟებულია, გადარიცხვებს ვერ აკეთებს. ჩემი ავტორიზაციის კოდით გამოვიდა, ამუშავდა როგორც იქნა!
სამ საათზე რონდელთან დაიწყო სემინარი, რომელიც თემურ იაკობაშვილმა გახსნა, აფხაზეთზე მომუშავე უცხოელი ექსპერტები არიან მოწვეული. ჭკვიანი კაცია თემური, ტვინი კარგად უმუშავებს. ნეტავ, რამდენ ხანს აიტანენ ასეთ კაცს? დისკუსიამდე საქმე არ მიდის, მალე პრეზიდენტი უნდა შემოგვიერთდეს და კონფლიქტებთან დაკავშირებით ახალი წინადადებები გააჟღეროს. თემური და ჯონათან კოენი პოლემიკას აგრძელებენ. ამ დროს გარშემო სირბილია, მიდის აპარატურის დამონტაჟება, დაცვა პოზიციებს იკავებს. ძნელია ასეთ ვითარებაში საუბრის გაგრძელება. კაცი შემოდის და თემურს ეუბნება, მოდისო. მყისიერად იცვლება კონფიგურაცია. ჯონათანი დარბაზში იკავებს ადგილს. თემური და რონდელი გარეთ გადიან. სააკაშვილი შემოდის და ჯდება ცენტრში, რონდელსა და იაკობაშვილს შორის. ლაპარაკობს მკაცრად და უკომპრომისოდ. დრო არ ითმენს, საქმე სწრაფად უნდა გაკეთდეს. აფხაზებს სხვა გზა არა აქვთ, უნდა გამოგვეხმაურონ, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთი გათქვიფავს. რას ვთავაზობთ? განუსაზღვრელი ავტონომია, გალსა და ოჩამჩირეში თავისუფალი ეკონომიკური ზონები, ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტის პოსტი, ვეტოს უფლება უმნიშვნელოვანეს საკითხებში. როცა ამთავრებს, კითხვები გამზადებული გვაქვს, მაგრამ პრეზიდენტის გეგმაში ეს არ შედის. ოთახიდან მისი გასვლისთანავე ჟურნალისტები ალყას გვარტყამენ: რა კომენტარს გავაკეთებდით, როგორ შევაფასებთ პრეზიდენტის ინიციატივებს?
მოგვიანებით ვიგებთ, რომ აფხაზთა მესვეურებმა ეს წინადადებები უარყვეს. საქართველოსთან არაფერი გვესაქმებაო, დამოუკიდებელი ქვეყანა ვართო. აბა, სხვას რას იტყოდნენ? ის პოლიტიკა, რომლის შედეგად რამე ცვლილებას შეიძლება ველოდეთ, ჯერ არ დაწყებულა.

29 მარტი, შაბათი
ვიკა დილიდან რომ იგებს, გუშინდელი სემინარის გაგრძელებაზე ვარ წასასვლელი, იწყება ჩვეული ამბავი: "მამიკო, შაბათია, როდემდე უნდა მოხდეს ასე, რომ შაბათს ველოდები, მგონია, ერთად ვიქნებით, შენ კი სადღაც მიდიხარ..."
სემინარზე ბევრი კარგი და ჭკვიანური სიტყვა ითქვა. გამოითქვა ახალი პროექტების იდეები. მახსენდება ბავშვობაში წაკითხული ამერიკელი ფანტასტის ფრედერიკ პოლის მოთხრობა. ადამიანებს ჰგონიათ, ყოველი დღე ახალი დღეა. ერთ-ერთი მათგანი შემთხვევით აღმოაჩენს, რომ გრანდიოზულ ექსპერიმენტში მონაწილეობენ და ერთსა და იმავე დღეს ხელახლა გადიან დილიდან საღამომდე, ღამით კი ინექციას უკეთებენ, რომ წინა დღე დაავიწყონ. რა საშინელებაა აფხაზეთის ამბავი?! ისეთი შთაბეჭდილებაა, გაუთავებლად ერთი და იგივე უნდა ვიმეოროთ და არასდროს შეიცვლება რამე. არა, ერთი რამ ნამდვილად შეცვლილია: რუსეთი გაცილებით უფრო მეტადაა დაპატრონებული კონფლიქტის ზონებს, ვიდრე 90-იან წლებში იყო, და ისინიც სხვა ალტერნატივას უკვე ვერ ხედავენ.
საღამოს რადიო “იმედში” მაქვს პირდაპირი ეთერი და ამ დღიურის კითხვა რადიო “თავისუფლებაში”. დატვირთული დღის შემდეგ, ალბათ, უკვე არსად აღარ გავალ. ამით დასრულდება ეს საკმაოდ ჩვეულებრივი კვირა.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG