Accessibility links

logo-print

პესიმისტური ხედვა ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაზე


“მხოლოდ იმან, ვინც პოლიტიკურად არასაკმარისად არის ინფორმირებული, შეიძლება იფიქროს, რომ უკრაინისა და საქართველოსთვის “მეპ”-ის არ-მიცემას,

არაფერი ჰქონდა საერთო რუსეთთან” - ეს მოსაზრება პოლონეთის პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ გამოთქვა საინფორმაციო სააგენტო “რეიტერთან” ინტერვიუში. მაგრამ რაც უნდა ყოფილიყო საქართველოსა და უკრაინისთვის “მეპ”-ზე უარის მიზეზი, როგორია მისი მიღების პერსპექტივა - იქნება ეს დეკემბერში, თუ უფრო შორეულ მომავალში? ბრიუსელში ჩვენი რადიოს კორესპონდენტი, აჰტო ლობიაკასი ამ შეკითხვის გარშემო საკმაოდ პესიმისტურ ვარაუდებს გამოთქვამს.

აჰტო ლობიაკასს თავდაპირველად მოჰყავს ცნობილი შეფასება, რომ საქართველოსთვის და უკრაინისთვის “მეპ”-ზე უარის თქმა აშშ-ის პოზიციასთან გერმანიისა და საფრანგეთის დაპირისპირების შედეგი იყო. ბერლინმა და პარიზმა, კიდევ რამდენიმე ევროპულ სახელმწიფოსთან ერთად, როგორც ჩანს, ჩათვალეს, რომ უკრაინისა და საქართველოსთვის “მეპ”-ის მიცემა ზედმეტად გააღიზიანებდა რუსეთს. ამიტომ მათ არ გაითვალისწინეს შეერთებული შტატებისა და კიდევ ბევრი ნატოელი მოკავშირის, მათ შორის პოლონეთის და ბალტიისპირელების მოწოდებები “მეპ”-თან დაკავშირებით.

სამიტის ეს შედეგი (“მეპ”-ზე უარის თქმა საქართველოსა და უკრაინისთვის) სწორედ აშშ-თან ურთიერთობაში გამარჯვებად შეაფასა საფრანგეთის პრესამ. ყოველდღიურმა გაზეთმა “მონდმა” ასე დაასათაურა 4 აპრილის სტატია ნატოს სამიტზე: “ევროპელებმა ჩაშალეს შეერთებული შტატების გეგმა ნატოს გაფართოების საკითხში”, გაზეთმა “ფიგარომ” კი შემდეგი სათაური შეარჩია “სარკოზიმ და მერკელმა ევროპის ხმა გაამარჯვესო”.

გერმანიის მასმედიაში ნაკლებად ტრიუმფული ტონი იგრძნობა, მაგრამ, მაგალითად, ყოველდღიური “ველტი” “თავდაჯერებულ ევროპელებზე” წერს.

ნატოს სამიტის შემდეგ განსხვავებული, უფრო ფართო კონტესქტში გააზრებული დასკვნა გამოიტანა ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა ხავიერ სოლანამ - როგორც ცნობილია, ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა. მისი შეფასებით, ბუქარესტის სამიტი და მომდევნო დღეს პრეზიდენტების, ჯორჯ ბუშისა და ვლადიმირ პუტინის, შეხვედრა სოჭში, ერთ კონტექსტში უნდა განვიხილოთ. ამ ორი შეხვედრის შედეგად, განმარტავს სოლანა, ნატოსა და ევროკავშირს შეუძლიათ ოპტიმისტურად, თან რეალისტურად შეაფასონ დიდ სტრატეგიულ საკითხებზე მუშაობის პერსპექტივა.

ჩვენი კორესპონდენტი ამ დიდი სტრატეგიული საკითხებიდან ყურადღებას ამახვილებს იარაღის კონტროლის შესახებ ხელშკრულებებზე. მათ შორის არის ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულება, რომელში მონაწილეობაც რუსეთმა შარშან დეკემბერში შეწყვიტა.

მაგრამ ბუქარესტში პუტინმა მიუთითა, რომ რუსეთმა შესაძლოა გადასინჯოს ამ ხელშეკრულებაში დაბრუნების საკითხი, სულ მალე მანვე სოჭში განაცხადა, რომ პროგრესი არის მიღწეული იმ დოკუმენტის გარშემო, რომელიც 2009 წლიდან უნდა ჩაენაცვლოს ბირთვული იარაღის გაკონტროლების შესახებ ხელშეკრულება “სტარტს”. და კიდევ - 2010 წლისთვის დაგეგმილია ბირთვული გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების გადასინჯვა: აშშ-სა და მის მოკავშირეებს სჭირდებათ რუსეთის მხარდაჭერა ხელშეკრულების ამ ფორმით დატოვების მოწინააღმდეგეებთან დისკუსიაში.

შეიარაღების საკითხში დასავლეთის რუსეთთან თანამშრომლობის აუცილებლობა, განმარტავს ჩვენი კორესპონდენტი, მიგვითითებს, რომ საქართველოსა და უკრაინას ნატოში გაწევრიანების დიდი იმედი არ უნდა ჰქონდეთ. აჰტო ლობიაკასი ასე აყალიბებს თავისი დასკვნის მთავარ მიზეზებს - სამ მიზეზს: [ლობიაკასის ხმა] “ვფიქრობ ყველა მთავარი არგუმენტი, რომელიც განსაზღვრავს გერმანიისა და საფრანგეთის პოზიციას, მიუთითებს ნატოში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების პერსპექტივის წინააღმდეგ. და ეს არგუმენტები, როგორც კარგად ვიცით, უკავშირდება ამ ქვეყნებისა და ევროპის ურთიერთობას რუსეთთან. ამ მხრივ ცვლილება არ არის მოსალოდნელი. უფრო მასშტაბური ამოცანის მხრივაც - ეს არის შეიარაღების გაკონტროლების შესახებ დასავლეთსა და რუსეთს შორის სტრატეგიული ხელშეკრულებების გაფორმება - არაფერი შეიცვლება 2010 წლამდე მაინც. დაბოლოს, როგორც უკრაინას, ისე საქართველოს სერიოზული შიდაპოლიტიკური პრობლემები აქვთ - მოსალოდნელი არც ამ პრობლემების მოგვარებაა”.

აჰტო ლობიაკასის შეფასებით, ის, რასაც უკრაინას და საქართველოს ბუქარესტის სამიტზე დაპირდნენ, რომ საბოლოოდ მიიღებენ ნატოში, ბევრი არაფერია. ნატოს ქარტიაში ისედაც წერია, რომ ალიანსის წევრებს შეუძლიათ - ერთსულოვანი პოზიციის შემთხვევაში- გასაწევრიანებლად მიიწვიონ ევროპის ნებისმიერ სახელმწიფო.

მაშ, რატომ გამოთქვეს კმაყოფილება უკრაინისh და საქართველოს პრეზიდენტებმა, რომ სამიტი საუცხოო შედეგით დამთავრდა? ორივე პოლიტიკურ თამაშს ეწევა? [ლობიაკასის ხმა] “არა, მთლად ასე არ არის. ორივე პრეზიდენტის პოლიტიკური მომავალი დიდწილად უკავშირდება ნატოსთან დაახლოების სტრატეგიის წარმატებას. ვფიქრობ, არც ერთ პრეზიდენტს არ შეეძლო საშინაო პოლიტიკურ სარბიელზე აღიარება იმისა, რომ ნატოს სამიტზე მარცხი განიცადა. მაგალითად, საქართველოს პრეზიდენტისთვის მნიშვნელოვანია მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები, მეორე მხრივ, უკრაინაში განხეთქილება სუფევს ნატოში გაწევრიანების საკითხზე და პრეზიდენტი იუშჩენკო და დასავლეთში ინტეგრაციის მომხრე პოლიტიკოსების ბანაკი ვერ მისცემენ თავს სისუსტის ჩვენების უფლებას”.
XS
SM
MD
LG