Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს სახალხო დამცველი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დაჯარიმებას მოითხოვს


საქართველოს სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა უკვე მეორედ მიმართა სასამართლოს ცენტრალური საარჩევნო

კომისიის თავმჯდომარის ლევან თარხნიშვილის დაჯარიმების მოთხოვნით. სოზარ სუბარის განცხადებით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არ შეასრულა ომბუდსმენის კანონიერი მოთხოვნა მიეცა მისთვის ინფორმაცია, რითაც საქართველოს კანონმდებლობა დაირღვა. ამას წინათ სასამართლომ სახალხო დამცველის ანალოგიური სარჩელი არ დააკმაყოფილა. რატომ? და რა შეიცვალა მეორე სარჩელში?

დაახლოებით ერთი კვირის წინ საქართველოს სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების დროს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ კანონის დარღვევის რამდენიმე ფაქტი გამოაქვეყნა. ომბუდსმენმა იქვე აღნიშნა, რომ სხვა დარღვევების აღმოსაჩენად მან ცენტრალური საარჩევნო კომისიისაგან ამომრჩეველთა სიებისა და ვიდეოთვალის ჩანაწერების მიწოდება მოითხოვა:

[სოზარ სუბარის ხმა] ”სახალხო დამცველს აქვს უფლება მიიღოს ყველანაირი ინფორმაცია. ყველანაირი საიდუმლო, პირადი, კომერციული, კერძო სტურქტურა, სახელმწიფო სტრუქტურა - ყველა მოვალეა მომცეს ეს ინფორმაცია.”

საქართველოს კანონმდებლობით განმტკიცებული ამ ნორმის მიუხედავად, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მაინც უარით გაისტუმრა ომბუდსმენი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის განმარტებით, მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემა ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულებითაა შესაძლებელი. ასეთი განკარგულება კი მხოლოდ მაშინ გაიცემა, თუ კომისია გადაწყვეტს დალუქული პაკეტების გახსნას და ამომრჩეველთა სიების ხელახალ გადათვლას. თუმცა სასამართლოს ეს არ მოუმიზეზებია, როდესაც უარი განაცხადა სოზარ სუბარის მიერ შედგენილი სამართალდარღვევის აქტის დაკმაყოფილებაზე:

[სოზარ სუბარის ხმა] ”სასამართლომ სხვა რომ ვერაფერი მოიგონა, თქვა, რომ კომისიას, როგორც ასეთს, არ აქვს ხელფასი, ამიტომ ვერ დააჯარიმებს. ხო, მაგრამ წითელზე გავლის დროს ჯარიმა ხომ ცნობილია და რა მნიშვნელობა აქვს წითელზე ვინ გაივლის, მას ხომ აჯარიმებს პოლიცია.”(სტილი დაცულია)

სოზარ სუბარის მიერ შედგენილი სამართალდარღვევის აქტი 800-დან 2000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. ახლა ეს სასჯელი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ემუქრება. სოზარ სუბარის კომენტარი:

[სოზარ სუბარის ხმა] ”ამიტომ თავიდან მოვითხოვე ინფორმაცია და როდესაც მივიღე ლევან თარხნიშვილის ხელმოწერილი პასუხი, რომ არ მაძლევენ, დავაჯარიმე ლევან თარხნიშვილი. ახლა იმას მაინც არ მეტყვიან, რომ ლევან თარხნიშვილს არ აქვს ხელფასი...”

სოზარ სუბარის ამ განცხადებებზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეაქცია მცირე კომენტარით შემოიფარგლა, რომელიც კომისიის სპიკერმა ზურაბ კაჭკაჭიშვილმა გააკეთა:

[ზურაბ კაჭკაჭიშვილის ხმა] ”მსგავსი ბრალდებებით უკვე იყო სასამართლო განხილვა და სასამართლომ სრულად გაამართლა ბატონო ლევანი. ამიტომ საქმის არსში პოლემიკას ნამდვილად აღარ დავიწყებთ.”(სტილი დაცულია)

შეგახსენებთ, რომ ინფორმაციის გაუცემლობისთვის ჯარიმის დაკისრების გარდა, საქართველოს სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა, 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების დროს აღმოჩენილი დარღვევების გამო, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ლევან თარხნიშვილის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა.
XS
SM
MD
LG