Accessibility links

logo-print

თბილისის სააპელაციო სასამართლოში განახლდა იგორ გიორგაძის მომხრეების საქმის განხილვა

  • ნიკო ნერგაძე

ადვოკატთა გაფიცვის დასრულების შემდეგ თბილისის სააპელაციო სასამართლოში განახლდა იგორ გიორგაძის მომხრეების საქმის განხილვა.

მათ ბრალი სამშობლოს ღალატში ედებათ. 11 აპრილს სიტყვით გამოვიდა მსჯავრდებულ მაია თოფურიას დამცველი, ამერიკელი ლორენს ბარსელა, რომელმაც აღნიშნა, რომ სასამართლომ, პირველ ინსტანციაში მიღებული გადაწყვეტილებით,დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი. მინდა დაცვის არგუმენტების შესახებ უფრო დაწვრილებით გიამბოთ.

რამდენიმე ადამიანმა, რომელიც ერთმანეთს არ იცნობდა და სულაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ცხოვრობდა, დაახლოებით ერთსა და იმავე დროს დამოუკიდებლად გადაწყვიტა, რომ თბილისში, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მოდულის შენობაში მისულიყო და ერთნაირი ჩვენება მიეცა, რომელზე დაყრდნობითაც გამოძიება ამტკიცებს, რომ იგორ გიორგაძის მომხრეები 2006 წლის 4 მაისს ამბოხების დასაგეგმად შეიკრიბნენ.

ამერიკელი ადვოკატი ლორენს ბარსელა, რომელიც მსჯავრდებულ მაია თოფურიას იცავს, ამბობს, რომ ბრალდების ეს ვერსია ყოველგვარ დამაჯერებლობასაა მოკლებული:

[ლორენს ბარსელას ხმა] ”ეს საქმე მოწმეებს ეყდრნობოდა. მოწმეების გარეშე საქმე, უბრალოდ, ვერ შეიკვრებოდა. მათ ჰქონდათ გარკეული თანხა, რომელიც მაია თოფურიას სახლიდან ამოიღეს, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ ექნებოდა რომ არ ჰყოლოდათ მოწმეები, რომლებიც იტყოდნენ, რომ ეს ფული ამბოხის მხარდამჭერებისათვის იყო განკუთვნილი. მათ აღმოაჩინეს რამდენიმე ძველი, ნახმარი იარაღი, მაგრამ არც ამას ექნებოდა მნიშვნელობა, მოწმეებს რომ არ ეთქვათ, რომ ეს იარაღი მეამბოხეთა აღსაჭურვად იყო განკუთვნილი.”

ადვოკატი ამატებს, რომ საქმე მოწმეების ჩვენების არსებობის შემთხვევაშიც არ იკვრება. იგი ამბობს, რომ,მოწმეების ჩვენებით, ამბოხის მოსაწყობად რამდენიმე მილიონი ლარი იყო საჭირო, ბრალდებას კი მხოლოდ 40 ათასი დოლარი აქვს, რომელიც მაია თოფურიას სახლიდან ამოიღეს. მეამბოხეებს ათასამდე იარაღი დასჭირდებოდათ, გამოძიებამ კი მხოლოდ 30 ცალის აღმოჩენა შეძლო.

ბარსელას თქმით, მოწმეების გამოსვლებისას აშკარად ჩანდა, რომ ჩვენება მათი დაწერილი არ იყო. ბევრმა მათგანმა ვერ შეძლო განესაზღვრა სიტყვები, რომლებიც საკუთარ ჩვენებაში ეწერა. ზოგიერთ მათგანს ზუსტად ახსოვდა განსასჯელთა სახელი და თანამდებობა, მაგრამ სახეზე ვერ ცნობდა. ვერ იხსენებდნენ, რა ფორმის მაგიდა იდგა დარბაზში, სადაც, მათი თქმით, მათივე თანდასწრებით დაიგეგმა ამბოხი. ადვოკატი ამატებს:

[ლორენს ბარსელას ხმა] ”თითოეული მათგანი ჰყვება, თუ როგორ უნდა განვითარებულიყო მოვლენები, ერთი და იმავე თანმიმდევრობით, და ერთსა და იმავე სიტყვებს იყენებენ. როგორც სასამართლოში ვახსენეთ, ორი მოწმის ჩვენებაში 16 იდენტური წინადადება იყო, 770 იდენტური სიტყვა, მიყოლებით. ამის მიუხედავად, ისინი ამბობდნენ, რომ ერთმანეთს არ იცნობდნენ, არასოდეს უნახავთ და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ცხოვრობენ. უბრალოდ, სასაცილო იყო. პროცესი რომ ღია ყოფილიყო... მოსამართლეც კი იცინოდა, როდესაც რამდენიმე ჩვენებას ისმენდა, მაგრამ მის ვერდიქტზე ეს არ აისახა.”

პროცესი დაიხურა იმისათვის, რომ საზოგადოებას არ ენახა, თუ როგორი არადამაჯერებლები იყვნენ ბრალდების მოწმეები, - ამბობს ლორენს ბარსელა. სააპელაციო სასამართლოში პროცესი ღიაა. მოახდენს ეს გავლენას საქმის მსვლელობაზე?

[ლორენს ბარსელას ხმა] ”მოხარული ვარ, რომ პროცესი ღიაა. მიუხედავად ამისა, ჟურნალისტებს და საზოგადოების წარმომადგენლებს არ მიეცათ შესაძლებლობა ენახათ ხელისუფლების მოწმეების სახეები, მოესმინათ მათი სულელური ჩვენებები და შეეფასებინათ, როგორი არათანმიმდევრულები იყვნენ. ადვოკატებს შეუძლიათ ეს შეაჯამონ, მაგრამ სულ სხვაა, როდესაც ცოცხლად უყურებ ამ ყველაფერს.”

ამჟამად პროცესი დაცვის მხარეს ეთმობა, განსასჯელთა ადვოკატების გამოსვლის შემდეგ კი მოსამართლე განაჩენს გამოიტანს.

XS
SM
MD
LG