Accessibility links

ქართული პრესის ყოველკვირეული მიმოხილვა<br>

  • ნიკო ნერგაძე

გასული კვირის ქართულ პრესაში მთავარი თემა გახდა პოლიტიკური პარტიების მზადება მომავალი საპარლამენტო

არჩევნებისათვის. ”რეზონანსი” დაწვრილებით იხილავდა მმართველი პარტიის საარჩევნო სიას, რომელიც ოფიციალურად ცნობილი არ არის, მაგრამ გაზეთი, საკუთარ წყაროზე დაყრდნობით, წერდა, რომ ”ნაციონალური მოძრაობის” პირველ ხუთეულში ნინო ბურჯანაძესთან ერთად მიხეილ მაჭავარიანი, ხათუნა გოგორიშვილი, გიგი წერეთელი და ზურაბ მელიქიშვილი შევლენ.

”24 საათი” ოპოზიციური პარტიების გაერთიანება - არგაერთიანების საკითხს იხილავდა. გაზეთი დაინტერესდა, თუ რატომ არ შეუერთდნენ რესპუბლიკელები და ლეიბორისტები ეროვნულ საბჭოს. ”წამყვანი კონკურენტუნარიანი პოლიტიკური ძალები ცალ-ცალკე უფრო მეტ ხმებს წაართმევენ ხელისუფლებას, ვიდრე ერთ ქვაბში მოხარშულები”, - უთხრა გაზეთს რესპუბლიკელმა დავით ბერძენიშვილმა, ლეიბორისტმა ნესტან კირთაძემ კი თავისი პარტიის მოსაზრება ასე გამოხატა: ”ჩვენ არ ვიზიარებთ გაერთიანების ყალბ იდეას. თუ საქართველოს უახლოეს ისტორიას გადავხედავთ, დავინახავთ, რაოდენ სახიფათოა ასეთი გაერთიანებები.”

”რეზონანსი” კვირის განმავლობაში წინასაარჩევნო პერიოდში არსებულ დარღვევებითაც დაინტერესდა. ”ამომრჩევლის მოსყიდვა 21 აპრილამდე შეეძლებათ” - ასეთი იყო პარასკევის ნომრის მოწინავე სტატია, რომელშიც ჟურნალისტი წერდა, რომ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს ამომრჩევლებისათვის საჩუქრების გადაცემა აპრილის შუა რიცხვებამდე შეეძლებათ და ამას კარგადაც იყენებენ - სახელისუფლებო პარტიის მაჟორიტარი კანდიდატები გიორგი გოგუაძე და პეტრე ცისკარიშვილი ამომრჩევლებს საკვებსა და საყოფაცხოვრებო ტექნიკას ურიგებენ. ეს კი კანონიერია, იმიტომ რომ მათი კანდიდატობის ოფიციალური რეგისტრაცია ჯერ არ მომხდარა”, - უთხრა ”რეზონანსს” ექსპერტმა ზაქარია ქუცნაშვილმა.

შაბათის ”რეზონანსი” კი რესპუბლიკელების განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ისნის რაიონის საარჩევნო უბნების სიაში 19 არარსებული კორპუსი შედის. არჩევნების სამართლიანად ჩატარების თემას ეხმაურება შაბათის ”ახალი თაობაც”. ”ხელისუფლებამ არჩევნების გაყალბებისთვის მზადება დაიწყო” - ასეთია მისი მოწინავე სტატიის სათაური.

გასული კვირის განმავლობაში ქართულ პრესაში ბევრი ინტერვიუც გამოქვეყნდა. ”მთელი კვირა” საქართველოს ექს-პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს გაესაუბრა, რომელმაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ქცევა ოპოზიციის შიმშილობის აქციის დროს უკიდურესად ნეგატიურად შეაფასა. ”ადამიანო, ერთხელ მაინც გამოდი და დაელაპარაკე ამ ხალხს ადამიანურად. პლედების შეტანის უფლება მაინც მიეცი ადამიანებს, გაზეთები რომ ჰქონდათ გადაფარებული”, - უთხრა ”მთელ კვირას” შევარდნაძემ.

”24 საათმა” ინტერვიუ პარლამენტარ მაია ნადირაძისგან აიღო, რომელმაც თქვა, რომ როდესაც ქვეყნის ფეხზე წამოყენებას ცდილობ, წინასწარ ხარ შეგუებული იმ ფაქტთან, რომ არაპოპულარობისთვის ხარ განწირული. ”თუ შუა გზიდან ბილიკებზე უხვევ და მიდი-მოდიხარ, მერე რჩები იმ ბილიკებზე დაკარგული”, - უთხრა მაია ნადირაძემ ”24 საათს”.

”კვირის პალიტრამ” კი გამოაქვეყნა ინტერვიუ საქართველოს სახალხო დამცველ სოზარ სუბართან, რომელიც 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებაზე ლაპარაკობდა და ლევან თარხნიშვილის დასჯას ითხოვდა. ”იმისათვის, რომ გავარკვიოთ, სინამდვილეში რა მოხდა, ყველა უბანი უნდა ვნახოთ. თარხნიშვილმა ყველაფერი გააკეთა, რომ სახალხო დამცველის აპარატს დროულად არ მიეღო მასალა”, - უთხრა სოზარ სუბარმა ”კვირის პალიტრას”.

გასული კვირის 9 აპრილს ყველა ქართულმა გაზეთმა გაიხსენა 1989 წლის მოვლენები. ”საქართველოს რესპუბლიკამ” ამ დღის აღსანიშნავად რამდენიმე ლექსი დაბეჭდა, რომლებიც უბრალო მოქალაქეებმა 9 აპრილის მოვლენების შემდეგ დაწერეს და ჭადრის ხეებზე მიამაგრეს რუსთაველზე. ზოგი მათგანი 9 აპრილს დაღუპულებს ეძღვნება, ზოგი - ქართველ მილიციელებს, რომლებიც მომიტინგეებს იცავდნენ, ზოგი კი, უბრალოდ, გულისტკივილს გამოხატავს.


XS
SM
MD
LG