Accessibility links

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


უცხოეთის ბეჭდვითი მედია კვლავაც ცდილობს გააანალიზოს ნატოს ბუქარესტის სამიტის შედეგები.

პრესა ასახელებს მიზეზებს, თუ რატომ არ ჩართეს საქართველო, ასევე - უკრაინა, ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმაში, ეგრეთ წოდებულ “მეპში”. აქვე გეტყვით, რომ ფაქტორებს შორის დიდი ადგილი უჭირავს რუსეთის თემას.

მართალია, საქართველო და უკრაინა აღაფრთოვანა სამიტზე მიღებულმა კომუნიკემ, სადაც გარკვევით წერია, რომ ”ეს ქვეყნები ნატოს წევრები გახდებიან”, მაგრამ “მეპის” მიცემის კონკრეტული თარიღის გარეშე ეს დაპირება შესაძლოა უფრო ნაკლებს ნიშნავდეს, ვიდრე ჩანს, - ვკითხულობთ ყოველკვირეულ ინგლისურენოვან გამოცემა “ეკონომისტში”. აქვე აღნიშნულია, რომ ბუქარესტის სამიტმა ეს საკითხი ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების დეკემბრის თავყრილობას გადაულოცა. თუმცა, ავტორის აზრით, შესაძლოა საქართველოსა და უკრაინისთვის “მეპის” გადაცემის თემა მსჯელობის საგანი გახდეს მომავალი წლის აპრილში, ნატოს მე-60 წლისთავის საიუბილეო სამიტზე ანდა საკითხის გადაწყვეტა კიდევ უფრო გადაიდოს, რადგანაც იმ დროისთვის ამერიკის ახალი პრეზიდენტის გუნდი ჯერ ისევ ძველის ჩანაცვლების პროცესში იქნება. “ეკონომისტი” საკითხს გლობალურ ჭრილში განიხილავს. სტატია მკითხველისთვის იმის ჩვენებას ცდილობს, რომ ევროპის უსაფრთხოების სფეროში ნატოს სამომავლო როლი სრულიად გაურკვეველია. ავტორი ფიქრობს, რომ თვეებისა და, მეტიც, წლების მანძილზე დავის საგნად დარჩება კითხვა - სადამდე უნდა გაფართოვდეს ნატოს საზღვრები და, კერძოდ, უნდა მოექცნენ თუ არა ამ საზღვრებში საქართველო და უკრაინა.

ამ ორი ქვეყნისთვის “მეპის” შეუთავაზებლობა, ერთი შეხედვით, ვაშინგტონისთვის მიყენებულ დარტყმად აღიქვამს ინგლისურენოვანი გაზეთი “მოსქოუ ტაიმსი”. აქვეა აშკარა მინიშნება რუსეთის ძლიერ გავლენაზე. “მიუხედავად იმისა, რომ ნატოს გენერალურმა მდივანმა გამოაცხადა, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან წევრები, რუსეთის წარმომადგენელმა ნატოში დმიტრი როგოზინმა, დარწმუნებით იწინასწარმეტყველა, რომ ახლო მომავალში არაფერი შეიცვლება,” – ვკითხულობთ “მოსქოუ ტაიმსში”. სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ პარიზმა და ბერლინმა თავი შეიკავეს მოსკოვის კიდევ უფრო გაღიზიანებისგან საქართველოს მიზეზით, რადგანაც ევროპელი სკეპტიკოსებისთვის ნათელია, რომ ქვეყანა დასავლეთის დემოკრატიულ სტანდარტებს მაინც არ აკმაყოფილებს. გერმანიისა და საფრანგეთის გადაწყვეტილებაზე, გაზეთის აზრით, არ იმოქმედა ამერიკის ძირითადმა არგუმენტმა, რომ ალიანსის საქართველოსკენ გაფართოება, უსაფრთხოების საფარქვეშ, დემოკრატიის განმტკიცებასაც შეუწყობდა ხელს.

“მეპთან” მიმართებით რუსეთის ფაქტორზე ყურადღებას ამახვილებს ინგლისურენოვანი ყოველდღიური მსოფლიო გამოცემა “ინტერნეშენალ ჰერალდ ტრიბუნი”. 8 აპრილს გამოქვეყნებულ სტატიაში ავტორი იხსენებს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის ფრანსუა ფიიონის კომენტარს, რომელიც მან საქართველოსა და უკრაინის საკითხის უარყოფითად გადაწყვეტასთან კავშირში გააკეთა. ბუქარესტის სამიტის წინა დღით გაკეთებულ განცხადებაში პრემიერ-მინისტრმა არ დამალა, რომ მას აშფოთებს ძალთა თანაფარდობის საკითხი როგორც საკუთრივ ევროპაში, ასევე – ევროპასა და რუსეთს შორის. გაზეთი წერს, რომ ბუქარესტის სამიტზე რუსეთის გამარჯვებას ხელი საფრანგეთის პრეზიდენტმაც შეუწყო, თუმცა ამის ძირითადი მიზეზი მაინც ერთგვარი ანგარიშსწორება იყო ამერიკასთან. “ინტერნეშენალ ჰერალდ ტრიბუნის” აზრით, უკრაინისა და საქართველოსთვის უარის თქმა ნიკოლა სარკოზიმ გამოიყენა იმისთვის, რომ ეჩვენებინა - ნატოს ერთიან გუნდში საფრანგეთი ამერიკის პოლიტიკაზე არ აპირებს სწორებას. მას სურს და შეუძლია, რომ ალიანსის სივრცეში ევროპას უფრო დამოუკიდებელი როლი მიანიჭოს. ბუქარესტის სამიტის შემდეგ საფრანგეთის პრესაში გამოჩნდა სარკოზის კომენტარი: “ეს ისტორიული შემთხვევაა. ნატოს სამიტს მანამდე არასოდეს უთქვამს უარი ამერიკის პრეზიდენტის მოთხოვნაზე.”

“ინტერნეშენალ ჰერალდ ტრიბუნმა” საქართველოსა და უკრაინისთვის “მეპის” გადაუცემლობის თემაზე მიმდინარე კვირაში სხვადასხვა ავტორის არაერთი სტატია გამოაქვეყნა. მაგალითად, 9 აპრილის გამოშვებაში გამოთქმულია მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ორი ქვეყნისთვის უარის თქმით, უდიდესი ზარალი მიადგა ალიანსის გაფართოების პოლიტიკას, რამაც წლების მანძილზე არაერთი დადებითი შედეგი მოიტანა უსაფრთხოებისა თუ იმავე დემოკრატიის
განმტკიცების კუთხით მსოფლიოში.

კავკასიისკენ ნატოს გაფართოებით რუსეთის გაღიზიანება ამ ეტაპზე არ უღირთ ამერიკასა და ევროკავშირის ქვეყნებს, რომლებსაც მოსკოვის მხარდაჭერა სჭირდებათ, მაგალითად, ავღანეთის, კოსოვოს, ირანისა თუ ენერგეტიკის საკითხებთან მიმართებით. – ეს უკვე “ინტერნეშენალ ჰერალდ ტრიბუნის” 10 აპრილის გამოცემაში გამოთქმული მოსაზრებაა.

აი, ასეთი გამოხმაურება იყო მიმდინარე კვირაში. აშკარაა, რომ საქართველოსა და უკრაინის ნატოსკენ სწრაფვა, ალიანსის გაფართოების შესაძლებლობები და რუსეთის სასტიკი წინააღმდეგობა ჯერჯერობით კვლავაც ცოცხალი და აქტუალური თემებია უცხოეთის ბეჭდვით მედიაში.

XS
SM
MD
LG