Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი ექსპერტი ბალუევსკის მუქარას უწყინარს უწოდებს და რუსეთსა და დასავლეთს შორის პოლიტიკურ დათბობას ვარაუდობს


რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის იური ბალუევსკის განცხადებაზე უკრაინასა და საქართველოში რეაქცია არ წყდება.

პარასკევს რუსმა გენერალმა განაცხადა, რომ, უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში, რუსეთი იძულებული გახდება საპასუხო ნაბიჯები გადადგას, რაც ბალუევსკის თქმით, არამხოლოდ სამხედრო ხასიათის ზომებს გულისხმობს. თუმცა ცნობილი რუსი დამოუკიდებელი სამხედრო ექსპერტი პაველ ფელგენგაუერი ბალუევსკის მუქარას ”ჟანგიანი დაშნის” ქნევას ადარებს და არც იმას გამორიცხავს, რომ გენერალმა სულ მალე თანამდებობაც დატოვოს.

რუსეთის გენერალური შტაბის უფროსმა იური ბალუევსკიმ მაღალი კარიერა 90-იან წლებში, საქართველოში მოღვაწეობის დროს, გაიკეთა. ყოფილი ამიერკავკასიის სამხედრო ჯარების დაჯგუფების შტაბის უფროსი ქართველ გენერლებთან - განსაკუთრებით თავდაცვის ყოფილ მინისტრ ვარდიკო ნადიბაიძესთან - ახლობლობდა, გამოირჩეოდა პოლიტიკური ალღოთი, იცოდა ქართული და უყვარდა ანდაზა ”არც მწვადი დაწვა, არც შამფური.” თუმცა 11 აპრილს იური ბალუევსკიმ ისეთი მწვავე განცხადება გააკეთა საქართველოს, უკრაინისა და ნატოს წინააღმდეგ, რომ მწვადიც დაწვა და შამფურიც თან მიაყოლა, - ასე ფიქრობს ცნობილი რუსი სამხედრო ექსპერტი პაველ ფელგენგაუერი, რომელიც დარწმუნებულია, რომ რუსეთის გენერალური შტაბის უფროსს ასეთი ქმედება, პირველ ყოვლისა, თვითგადარჩენის ინსტინქტმა უკარნახა:

[პაველ ფელგენგაუერი] ”ბალუევსკის საკუთარი, პირადი პრობლემები აქვს: ის რუსეთის თავდაცვის მინისტრს წაეჩხუბა, რომელიც პუტინმა დანიშნა; დადის სარწმუნო ხმები, რომ ბალუევსკის თანამდებობიდან გათავისუფლება მაისის ბოლოსთვის საბოლოოდ გადაწყდება. შესაძლოა, ამით მას სურდა დაემტკიცებინა საკუთარი ერთგულება და იმის საჭიროება, რომ არ გაათავისუფლონ. ანდა, შესაძლოა, უბრალოდ, წესიერად არც გაუცნობიერებია, რა თქვა.”

თუმცა, როგორც რუსეთში ამბობენ, სიტყვა ჩიტი არ არის, რომ დაიჭირო. შესაბამისად, გენერალური შტაბის მოქმედი უფროსის მუქარას, რა თქმა უნდა, აქვს მნიშვნელობა. მან კი 11 აპრილს განაცხადა, რომ, უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში, რუსეთი იძულებული გახდება საპასუხო ნაბიჯები გადადგას, რაც არამხოლოდ სამხედრო ხასიათის ზომებს გულისხმობს. რუსი სამხედრო ექსპერტი პაველ ფელგენგაუერი არც იმას გამორიცხავს, რომ გენერალური შტაბის უფროსი იმ სამხედრო ელიტის აზრს გამოხატავდეს, რომელიც ძალიან გაანაწყენა დასავლეთის მიმართ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დამთბარმა რიტორიკამ, რაც ბუქარესტის ნატოს სამიტზე აშკარად თვალშისაცემი იყო:

[პაველ ფელგენგაუერი] ”საერთოდ, ჩვენი სამხედროების დიდი იმედგაცრუება გამოიწვია იმან, რომ ამ უკანასკნელ ხანებში, სულ რაღაც ბოლო ერთი თვის მანძილზე, კრემლის პოლიტიკა შეიცვალა და დასავლეთის მიმართ უფრო მშვიდი და მეგობრული გახდა - შერბილდა რიტორიკა და ისინიც განაწყენდნენ. ეს გასაგებიცაა: სამხედროები ფიქრობდნენ, რომ გაძლიერდებოდა კონფრონტაცია დასავლეთთან, დაიწყებოდა გამალებული შეირაღება და მასობრივი გადაიარაღება, ერთი სიტყვით, ფული წამოვიდოდა.”

თუმცა რუსი სამხედრო ექსპერტი არც იმას გამორიცხავს, დასავლეთთან დათბობის პოლიტიკა კვლავ აგრესიული რიტორიკით შეიცვალოს, როცა მედვედევი პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგება, თუკი დეკემბერში საქართველოსა და უკრაინისათვის ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიცემა გადაწყდა. პაველ ფელგენგაუერის თქმით, საქართველოსა და განსაკუთრებით უკრაინის ნატოში გაწევრიანება რუსეთის იმპერიული ოცნებების დასასრულის დასაწყისი გახდება:

[პაველ ფელგენგაუერი] ”ამის შემდეგ უკვე შეუძლებელი იქნება თავის მოტყუება, რომ მომავალში რაღაცნაირად მოხერხდება აღორძინდეს საბჭოთა ან, გნებავთ, რუსეთის იმპერია. თავის დროზე სავსებით სწორად შენიშნა ზბიგნევ ბზეჟინსკიმ, რომ უკრაინით რუსეთი ყოველთვის არის იმპერია, უკრაინის გარეშე კი - არასოდეს იქნება იმპერია.”

თუმცა დამოუკიდებელი რუსი სამხედრო ექსპერტი პაველ ფელგენგაუერი დარწმუნებულია, რომ რუსეთი ვერ გაბედავს პირდაპირ სამხედრო აგრესიას საქართველოსა და უკრაინის ნატოში სწრაფვის შესაჩერებლად:

[პაველ ფელგენგაუერი] ”რა თქმა უნდა, არავითარი რეალური ზომები არ იქნება და ბალუევსკიც მხოლოდ ჟანგიან დაშნას იქნევდა. რუსეთი ვერაფერს განსაკუთრებულს ვერ შეძლებს, ისევე როგორც ვერ შეძლო მაშინ, როდესაც ნატოში ბალტიისპირეთის ქვეყნები - უფრო ადრე კი პოლონეთი და სხვა მოსაზღვრე სახელმწიფოები - წევრიანდებოდნენ.”

შესაძლოა, სწორედა ამიტომაც საქართველოს ხელისუფლებამ და პოლიტიკურმა სპექტრმა ზედმეტი პანიკის გარეშე აღიქვეს რუსეთის გენერალური შტაბის მუქარა. შაბათს კი, როცა რუსეთის ქალაქ კრასნოიარსკიდან სასიხარულო ცნობა მოვიდა, ბალუევსკის მუქარა საერთოდ აღარავის ახსოვდა. საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა გაყინულ მოედანზე და უშეღავათო ბრძოლაში, ანგარიშით 18:12, სძლია რუსეთის ნაკრებს და, ფაქტობრივად, ერთა თასიც გაინაღდა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG