Accessibility links

logo-print

საქართველოს ვალდებულებები ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეფასების მისაღებად


ნატო-ბუქარესტის სამიტის დასრულების შემდეგ,

როგორც ქართველი, ისე უცხოელი ანალიტიკოსები ძირითადად იმის გარკვევაში არიან, თუ რა ფაქტორების გამო ვერ მიიღეს საქართველომ და უკრაინამ გაწევრიანების სამოქმედო გეგმა - MAP-ი. ნაწილი ფიქრობს, რომ ეს რუსეთის ზეწოლის გამო მოხდა, მეორე ნაწილი კი გეგმის გადავადების მიზეზად ამ ქვეყნების შიდა პრობლემებს ასახელებს. თუმცა შემდგომ რეპორტაჟში ჩვენ იმის გარკვევას შევეცდებით, თუ რა ვალდებულებები უნდა შეასრულოს საქართველომ 2008 წლის დეკემბრისათვის. მით უფრო, რომ, ალიანსის გადაწყვეტილებით, სწორედ წლის ბოლოსათვის ნატოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები კიდევ ერთხელ მიუბრუნდებიან საქართველოსათვის MAP-ის მიცემის მიზანშეწონილობის საკითხს. ამ და სხვა თემებზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეს გიორგი მუჩაიძეს ვესაუბრე.

ნატოს ბუქარესტის სამიტის დასკვნით დეკლარაციაში გაწევრიანების სამოქმედო გეგმაში საქართველოს ჩართვის ერთ-ერთ წინაპირობად 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩატარება დასახელდა. თუმცა დოკუმენტი არაფერს ამბობს იმაზე, ეს საქართველოს ერთადერთი საშინაო დავალებაა, თუ MAP-ის მიღებისათვის ქვეყანამ სხვა დემოკრატიული კრიტერიუმებიც უნდა დააკმაყოფილოს. ვარაუდებზე ცხად პასუხს იძლევა ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც, ძალაში რჩება ყველა ის ვალდებულება, რასაც, მთლიანობაში, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა ჰქვია , - განაცხადა რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი მუჩაიძემ, რომელიც საქართველოს დელეგაციასთან ერთად ბუქარესტში ნატოს სამიტზე იმყოფებოდა.

[გიორგი მუჩაიძე] ”IPAP-ის იმპლიმენტაცია გრძელდება. ეს არის ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა. წლიური შეფასება ძალიან პოზიტიური იყო, მაგრამ არის ისეთი ვალდებულებები, რომლებიც არ იზღუდება ერთი წლით. არის ზოგიერთი ვალდებულება, რომელიც გადადის 2009, 2010 და იქით, 12 წლებზე და როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო მიმართულებებს მოიცავს. ამიტომ ზუსტად წლის ბოლოს შეფასდება სწორედ წლის განმავლობაში მიღწეული პროგრესი ამ ვალდებულებების შესრულების კუთხით.” (სტილი დაცულია)


3 წლის წინ ხელმოწერილი ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის თანახმად, საქართველომ ივალდებულა რეფორმები პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამხედრო და სასამართლო სფეროებში, კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოწესრიგებაში. ყველა ამ მიმართულებით ქვეყნის მიერ შესრულებულ სამუშაოებს წელიწადში ერთხელ ადგილზე სწავლობდა ნატოს შეფასების ჯგუფი, რომელიც თავის საბოლოო მიმოხილვას ალიანსის პოლიტიკურ და სამხედრო ხელმძღვანელობას წარუდგენდა. განხილვა პრესისთვის ხელმისაწვდომი არ იყო და მას მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ბოლო ასეთი განხილვა ნატოს ბუქარესტის სამიტამდე ორი კვირით ადრე ბრიუსელში გაიმართა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი მუჩაიძე ამბობს, რომ ქვეყანამ მაღალი შეფასება დაიმსახურა.

[გიორგი მუჩაიძე] ”IPAP-ის საბოლოო განხილვაზე ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე გამოვიდა და, მის სიტყვებს ვიმეორებ, აღიარა, რომ საქართველო ამ ეტაპზე, სამხედრო თვალსაზრისით, მზად არის გადავიდეს ნატოში ინტეგრაციის შემდგომ ეტაპზე და მიიღოს მაპი.”

მაგრამ მხოლოდ წარმატებული სამხედრო რეფორმა არ აღმოჩნდა გარანტია იმისა, რომ საქართველოს მიეღო გაწევრიანების სამოქმედო გეგმა. ზემოთ უკვე ვთქვით, რომ ჩრდილოატლანტიკური ბლოკისათვის უმნიშვნელოვანესია ქვეყანა აკმაყოფილებდეს დემოკრატიის მოთხოვნებს, რისი უმთავრესი განმსაზღვრელიც საპარლამენტო არჩევნების სამართლიანობა და თავისუფლება იქნება. ნატოს ბუქარესტის სამიტის კულისებში ამბობდნენ აგრეთვე, რომ საქართველოსათვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიღებას, პერსპექტივაში, მოუგვარებელი კონფლიქტების არსებობაც შეაფერხებს. თუმცა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი მუჩაიძე ამ აზრს ბოლომდე არ ეთანხმება:

[გიორგი მუჩაიძე] ”რა თქმა უნდა, კონფლიქტური რეგიონების დარეგულირება მნიშვნელოვანია, მაგრამ არავის არ აქვს ახლა ის ილუზია, რომ ორივე კონფლიქტი წლის ბოლომდე დარეგულირდება საბოლოოდ და ეს არ არის მაპში გადასვლის წინაპირობა. ეს ცალსახად აღინიშნა ნატოს მხრივაც და ნატოს ქვეყნების წარმომადგენლებსაც არაერთგზის უთქვამთ.”

და კიდევ ერთი ასპექტი, რომელიც ნატოს ბუქარესტის კომუნიკეში ბუნდოვანია, ეხება საქართველოს წარმატებების პირველ შეფასებას, რაც ალიანსის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა 2008 წლის დეკემბრისათვის უნდა მოახდინონ. სიტყვა ”პირველი” ბადებს ეჭვს, რომ შესაძლოა შეფასებები უსასრულოდ გაგრძელდეს, რადგან რა პროგრესსაც უნდა მიაღწიოს საქართველოს მსგავსმა გარდამავალმა ქვეყანამ, დარჩენილ 9 თვეში მას რაღაცა მაინც დარჩება შეუსრულებელი.

[გიორგი მუჩაიძე] ”ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს იქნება პირველი და ბოლო. და იმედი გვაქვს, რომ ეს იქნება დაკავშირებული იმ ვალდებულებების შესრულების პროგრესთან, რასაც ჩვენ მივაღწევთ წლის განმავლობაში. და, რა თქმა უნდა, გაორმაგებული და გაათმაგებული ძალისხმევით გავაგძელებთ ამ ვალდებულების შესრულებას.”

ბუქარესტის ნატოს სამიტის დეკლარაციის თანახმად, საქართველოს მიერ წლის განმავლობაში მიღწეული პროგრესის შეფასება ალიანსის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს დაეკისრათ. მათვე მიენიჭათ კიდევ ერთი უფლება, რაც საქართველოსა და უკრაინაში პროცედურის გამარტივებად იქნა მიჩნეული.

[გიორგი მუჩაიძე] ”რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გადმოვიდა? ჯერ ერთი, იმიტომ რომ ჩვენ არ მოგვიწევს მოცდა შემდეგ სამიტამდე, რომელიც, გერმანიისა და საფრანგეთის თანამასპინძლობით, 2009 წელს გაიმართება. ეს საშუალებას იძლევა, რომ მოხდეს გადაწყვეტილების მიღება [საქართველოსთვის მაპის მინიჭება] უკვე დეკემბერში, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე. ესე იგი, უკვე 2008 წელს.”

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის გიორგი მუჩაიძის თქმით, გაწერილია გეგმა, რომელიც დეკემბრამდე დარჩენილ დროში სამხედრო სფეროში მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებას ითვალისწინებს: ეს არის თავდაცვის სისტემის მენეჯმენტი, ნატოს ქვეყნების სამხედრო სისტემებთან უფრო მაღალი დონის ურთიერთთავსებადობის მიღწევა, ლოგისტიკის, კავშირგაბმულობისა და საგანმანათლებლო პროგრამების შემდგომი დახვეწა. მაგრამ იმისათვის, რომ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა 2008 წლის დეკმებრისთვის საქართველოს დადებითი შეფასება მისცენ, ხელისუფლებას კონკრეტული და საკმაოდ რთული რეფორმები აქვს გასატარებელი ასევე პოლიტიკაში, ეკონომიკასა და მართლმსაჯულებაში.
XS
SM
MD
LG