Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუდია “მაესტრო”, სიტყვის თავისუფლების მოთხოვნით, პარლამენტთან საპროტესტო აქციას მართავს


საქართველოს პარლამენტის შენობის წინ დღეს ჟურნალისტთა ერთი ნაწილი სტუდია „მაესტროს“ სოლიდარობის ნიშნად შეიკრიბა.

თეატრალიზებული აქცია ერთ საათს გაგრძელდა, პირზე დოლბანდაკრული ჟურნალისტების მოთხოვნა იყო „თავისუფლება სიტყვას.“ სტუდიას კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ამ ცოტა ხნის წინ, მაუწყებლობის ფორმატის დარღვევის საბაბით, საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მიცემაზე უარი განუცხადა. ”მაესტრო” მომხდარს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად აფასებს.

სტუდია „მაესტრო“ სპეციალიზებული შემეცნებით-გასართობი ტელემაუწყებლობის ლიცენზიის შეცვლას ჯერ კიდევ 2007 წლის დასასრულიდან ცდილობს. ამ მიზნით, სტუდიამ მარეგულირებელ კომისიას საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მიღების თხოვნით მიმართა და საკითხის გადაწყვეტამდე დაიწყო ისეთი გადაცემების წარმოება, როგორიცაა „პროფესია - ჟურნალისტი“, „უკომენტაროდ“ და „გამოკითხვა“. გადაცემები ამ დროისათვის ეთერში აღარ გადის. კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ კი სტუდიას 20 მარტით დათარიღებული გაფრთხილების წერილი გაუგზავნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ზემოხსენებული გადაცემებით ”მაესტრომ” სალიცენზიო პირობები დაარღვია და საკუთარ სამაუწყებლო ბადეში საზოგადოებრივ–პოლიტიკური თემატიკის პროგრამები განათავსა. გაფრთხილების თანახმად, სტუდია ”მაესტროსთვის” საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მიცემა, სულ მცირე, ერთი წლით გადავადდა. ამის გამო არ არის გამორიცხული, უახლოეს ხანში საკაბელო ტელევიზიამ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის წინააღმდეგ საქმე სასამართლოში აღძრას. თუმცა მანამდე, 14 აპრილს, სტუდია ”მაესტროს” თანამშრომლები და მისი მხარდამჭერები პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციაზე შეიკრიბნენ.

[მამუკა ღლონტის ხმა]“ ეს აქცია იმართება ჩვენი სინდისის პატივსაცემად. ანუ ჩვენ არ გვაძლევს ჩვენი პროფესიული მოვალეობა იმის უფლებას, რომ პროტესტი არ გამოვხატოთ. თორემ ჩვენ იმის იმედი არ გვაქვს, რომ ლიცენზიას მოგვცემენ ხვალ.“

გვითხრა სტუდია ”მაესტროს” დირექტორმა მამუკა ღლონტმა. აქცია კი, რომელშიც 20–მდე ჟურნალისტი მონაწილეობდა, პრაქტიკულად მას შემდეგ გაიმართა, რაც კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას სტუდიამ მოქმედი ლიცენზიის მოდიფიცირების მოთხოვნით მიმართა. განცხადება კომისიაში 8 აპრილს შევიდა. საქმის ადმინისტრაციული წარმოება დაწყებულია. კანონით, მარეგულირებელს გადაწყვეტილების მიღება ერთი თვის ვადაში შეუძლია. ვადის ამოწურვამდე გამაფრთხილებელი აქცია კი იმის ნიშნად გაიმართა, რომ მარეგულირებელი ცენზორის ფუნქციებს ითავსებს და სახელმწიფოს დაკვეთით არც სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას ერიდება. თავის მხრივ, სტუდია ”მაესტროს” თანამშრომლების ამ მოსაზრებას იზიარებს სახალხო დამცველი სოზარ სუბარიც, რომლის 2007 წლის ანგარიშში სტუდია ”მაესტროს” საკითხს საგანგებო ადგილი დაეთმო. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მარეგულირებელ კომისიას სტუდია ”მაესტროს” ლიცენზიის მოდიფიცირების საკითხი ავტომატურ რეჟიმში უნდა გადაეწყვიტა:

[სოზარ სუბარის ხმა]“ ანალოგიურ შემთხვევაში, როდესაც ”პირველ სტერეოს” ჰქონდა საერთო მაუწყებლობის ლიცენზია, მაგრამ არ მაუწყებლობდა საინფორმაციო პოლიტიკურ თემებზე და მხოლოდ გასართობი პროგრამები ჰქონდა, მარეგულირებელმა ავტომატურად ისე, რომ არც დაელოდა განაცხადს და არც ჰკითხა მფლობელებს, გააკეთა ლიცენზიის მოდიფიცირება. ადმინისტრაციული ორგანო, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის საფუძველზე, პირდაპირ ვალდებულია, რომ ანალოგიურ შემთხვევებში ანალოგიურად მოიქცეს. ამ შემთხვევაში მარეგულირებელი კომისიის მიერ ადგილი აქვს ზუსტად პოლიტიკური შეხედულებისამებრ მიდგომას და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებას.“

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში საკითხის ამგვარად ფორმულირებას არ ეთანხმებიან და შენიშნავენ, რომ ”პირველი სტერეოს” ლიცენზიის მოდიფიცირება ტელეკომპანიის განაცხადის საფუძველზე მოხდა.
XS
SM
MD
LG