Accessibility links

logo-print

ყოველკვირეული პროგრამა


ვაგიფ აქპეროვი განვლილი შვიდი დღის მანძილზე

დღიურებს, ჩვენი რადიოს თხოვნით, წერდა თბილისის ჯუმა-მეჩეთის მთავარი მოლა ვაგიფ აქპეროვი.

6 აპრილი, კვირა
“ბისმილა, რეჰმანი რეჰიმ...”
შვიდის ნახევარზე ფეხზე ვიყავი. მოვემზადე და ბოტანიკურ ბაღში წავედი, ყოველ დილით დავდივარ სავარჯიშიდ, ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია…
მოკლედ, ყოველ დილით ბუნებაში გავდივარ და მერე იქ ვლოცულობ.
9 საათზე უკვე მეჩეთში ვარ.
ისევ ვილოცე და კაბა ჩავიცვი.
მრევლი მოვიდა. ყველას თავისი პრობლემა აქვს და თავისი სათქმელი. გავესაუბრე.
ასე გავიდა დრო 1 საათამდე.
პირველ საათზე შუადღის ლოცვაა – შუადღის ნამაზი.
ვილოცე...
მეექვსე საპყრობილიდან დამირეკეს, პატიმრების მოსანახულებლად წავედი.
მუდმივად დავდივარ ციხეებში. ჩვენი რწმენის პატიმრებს სულიერი ძალების მოკრებაში ვეხმარები.
ყურანში არის ნათქვამი: “ვინც გადაარჩინა ერთი სული, მან გადაარჩინა სამყარო”.
გვინდა ყურადღება ვაგრძნობინოთ პატიმრებს, რომ თავი გარიყულად არ იგრძნონ. ისინი დროებით არიან დაშორებული საზოგადოებას და მალე ისევ მას უნდა დაუბრუნდნენ, როგორც სრულფასოვანი წევრები. ხელცარიელი არასოდეს მივდივარ - ამჯერად წიგნები და ჟურნალები მიმაქვს.
ისევ მეჩეთში დავბრუნდი. საღამოს ლოცვა რვის 15 წუთზე გვქონდა.
8 საათამდე ვილოცე.
მერე სახლში დავბრუნდი.
ჩემი გოგონები ლეილა და მადინა მელოდებოდნენ. შევპირდი, თუ გაკვეთილებს კარგად მოამზადებთ და კარგად იმეცადინებთ, უქმე დღეს ზოოპარკში წაგიყვანთ-მეთქი. ლეილა მალე ათის გახდება, მადინა რვა წლისაა. ახლახან ვიდეოკამერა ვიყიდე და ერთი სული აქვთ, სადმე გავიდეთ და გადავიღოთ...
მერე გვიანობამდე ყურანს ვკითხულობდი.

7 აპრილი, ორშაბათი
დილა ისევ ბოტანიკური ბაღით დაიწყო. ათის ნახევარზე მეჩეთში ვიყავი.
პირველ საათამდე რიტუალების დროა, პანაშვიდს ვატარებ.
თუმცა, დღეს ქორწილის რიტუალსაც ჩავატარებ და ეს მახარებს!
4 სათზე უკვე მეჩეთში იყვნენ მექორწილეები – გამოპრანჭული ნეფე-პატარძალი.
მანამადე სამოქალაქო ქორწინება გაუფორმებიათ, მაგრამ მერე მაინც ყველა წყვილი ჩვენთან მოდის. ქორწინების მოწმობის გარდა, ყველას უნდა, ჩვენი მოწმობაც ჰქონდეს.
ეს სპეციალური საბუთია, ბეჭდიანი და გაფორმებული, რომელიც ნებისმიერ მუსულმანურ სახელმწიფოში ნამდვილ საბუთად ითვლება და პასპორტის ნაცვლადაც შეუძლიათ გამოიყენონ.
საბუთში მათი სრული მონაცემებია და ამიტომ მუსულმანურ ქვეყნებში საბუთად გამოდგება.
ლამაზი ქორწინების რიტუალი გვაქვს.
პატარძლის დედა ან თვითონ პატარძალი ჩემი თანდასწრებით “მეჰრის” ითხოვს - საჩუქარს.
ეს თხოვნა მოლას წინაშე და ღმერთის წინაშე ხდება, ამიტომ მას ვეღარავინ გადავა. სიძეები მეცოდებიან და ყოველთვის მათ მხარეს ვიჭერ ხოლმე, თუმცა ხუმრობით და სიმბოლურად, მაგრამ არის შემთხვევები, როცა სასიდედროები 10 კილო ოქროს ან ასიათასიან ჯიპებს ითხოვენ...
მე კი სულ ვცდილობ, მორალურ ფასეულობებზე გადავუტანო ყურადღება და ვეუბნები ქალს, წინასწარ ნუ შეარცხვენ შენს ქმარს, რასაც იშოვის, მაინც შენი იქნება, ამიტომ ახლა დაინდე და ბეჭედი ან ყურანი მოსთხოვე-მეთქი.
ლამაზი წყვილი იყო. დღეს, როგორც “მეჰრი”, 200-დოლარიანი ბეჭედი ჩავწერე.
სახლში დავბრუნდი. ჩემი ცხოვრების თანამგზავრი სახლში არ დამხვდა. მეუღლეებს ასე უწოდებენ ჩვენში – “ჰაიათ იოლდაში”. კამილას ბავშვები ცეკვაზე ჰყავდა წაყვანილი. ქართულ ცეკვაზე დადიან. ცოტა დააგვიანდათ.
ტელევიზორს ვუყურე. ყოველ საღამოს ვისმენ ინფორმაციას. ჩვენს ოჯახში ტელევიზორში მხოლოდ ახალ ამბებს ვუყურებთ.
მერე ვილოცე და ისევ ყურანს ჩავუჯექი.

8 აპრილი, სამშაბათი
ჩვეული დილა... ბოტანიკური ბაღი, ლოცვა...
კავკასიის მუსლიმანთა სამმართველო მეჩეთებს ვაშენებთ საქართველოში. ეს ქართული შემწყნარებლობის კიდევ ერთ დასტურია, რომელიც ყოველთვის და ყოველ დროში განსაკუთრებულ სიმაღლეზე იყო ამ ქვეყანაში.
ამჟამად კახეთის გზას გავუდექით. სოფელ სართიჭალაში ვაშენებთ მეჩეთს. ადგილი ვაკურთხეთ. ამას მოსახლეობა კარგა ხანია თხოულობდა. მადლობელი ვართ, რომ სახელმწიფომ ადგილი გამოგვიყო.
სოფელში შეკრებილი ხალხი სიხარულით დაგვხვდა. დიდი ხანია ელოდებოდნენ, რომ თავიანთი სალოცავი ექნებოდათ. ჩვენ, როგორც საქართველოში ისლამის წარმომადგენლებმა, ადგილი ვაკურთხეთ და წირვა-ლოცვა ჩავატარეთ.
მერე მრევლს ვესაუბრეთ - რაიონის და სოფლის მოსახლეობას. და კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ ისლამის სალოცავები ქადაგებენ ძმათა სიყვარულს და მეგობრობას.
საღამოს თბილისში დავბრუნდი.
სახლში შესულს დედა შემომეგება. დედა ფილოლოგია, ძალიან განათლებული და საინტერესო ქალი. სახლში ახალი წიგნი რომ მიმაქვს, ის ყოველთვის პირველი მკითხველია. საღამოობით თეოლოგიაზე ვსაუბრობთ ხოლმე.
ოჯახში ორი ლეილა გვყავს – დიდი და პატარა.
დავიღალე... გრძელი დღე იყო, მაგრამ ძალიან სავსე.

9 აპრილი, ოთხშაბათი
ჩემი ჩვეულებრივი დილის განრიგი ღვთის ნებით შეიცვალა.
მართლა სხვანაირი დღე გათენდა - დილიდან წვიმდა...
პირდაპირ მეჩეთში წავედი, ძალიან სევდიანი დღე იყო. უცნაურია, რომ მთელი დღე წვიმდა...
და მეც მთელი დღე მეჩეთში, ლოცვაში გავატარე.
9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის პანაშვიდი გადავიხადეთ.
19 წლის წინანდელი ამბებიც გავიხსენეთ. იმ დღეს ქუჩაში ჩვენი მრევლის წევრებიც იყვნენ.
ლოცვაში დაღამდა.

10 აპრილი, ხუთშაბათი
ისევ მზიანი დილა გათენდა. ვარჯიში, ლოცვა.
მერე ვისაუზმე და მეჩეთში წავედი.
აზერბაიჯანული ოჯახი დამხვდა – ახალგაზრდა ვაჟი და მისი მშობლები. მთხოვეს, შორ გზაზე მიდის და გზა დაულოცეო.
სად მიდის-მეთქი? არგენტინაშიო - მითხრეს.
ამინი ჰქვია. იქაურ საფეხბურთო კლუბში მიუწვევიათ სათამაშოდ, “ბოკა ხუნიორსში”.
გამეხარდა და გულით დავლოცე.
მერე მითხრა, ჩემი ქართველი მეგობარიც მოდის. ახლა სიონის ტაძარშია და გზას იქ ულოცავენ, მეც მინდა მისვლა და შეიძლება თუ არა, ოჯახთან ერთად მართლმადიდებლურ ეკლესიაში მივიდეო. მე ვუთხარი: ჩვენ ყველანი აბრაამთა შვილები ვართ, ღვთის წიგნის მიმდევრები. ყურანზე და მუჰამედზე ადრე იყო იესო ანუ ისა, და იყო წიგნი მისი - ინჯილ, ანუ ბიბლია. მერე კი იყო ყურანი და მუჰამედი-მეთქი.
ვუთხარი, რომ ძმები ვართ და რომ თავისუფლად შეუძლია ეკლესიაში წასვლა და ქრისტიანი მოძღვრის ლოცვის მიღებაც შორ გზაზე გამგზავრების წინ.
ხუთშაბათი ჩვენთვის ის დღეა, როცა მიცვალებულთა სახსენებელ ლოცვას აღვავლენთ და პანაშვიდს ვიხდით... ამ დღეს მირეკავენ, მოდიან და მთხოვენ, მათი მიცვალებულების სახელები ლოცვაში მოვიხსენიო. ასე გავიდა დღე.
სახლში გვიან დავბრუნდი,
ბავშვებმა მისაყვედურეს, შენთან ყოფნა გვენატრებაო.
დრო თითქმის აღარაფრისთვის მრჩება.
ის კი არა, ვის გაუგია, მეიდანში ცხოვრობდე და აბანო გენატრებოდეს! რამდენი ხანია, აბანოში წასვლა მინდა და დრო ვერ მოვძებნე…

11 აპრილი, პარასკევი
პარასკევი ისლამში ყველაზე წმინდა დღეა.
როგორც მართლმადიდებლობაში კვირა და იუდაიზმში – შაბათი.
ისლამში “ჯუმა” არის მეხუთე დღე, ანუ პარასკევი – კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი დღე.
ისლამურ სამყაროში ეს დასვენების დღეა.
ჯუმა არაბული სიტყვიდან მოდის: “ჯამაათი”, ანუ შეკრება.
ყურანში ერთ სურას ჯუმა ჰქვია:

(ნაწყვეტი სურადან...)

ერთ დღეს მოციქული მედინაში წირვა-ლოცვას ატარებდა. მეჩეთი მრევლით იყო სავსე...
დიდი ხანი იყო გასული, რაც მედინაში ქარავანი არ გამოჩენილიყო, რომელსაც საკვები ჩამოჰქონდა ხოლმე. ხალხი წუხდა და ქარავანს ელოდებოდა.
და შემოვიდა კაცი მეჩეთში და დაიყვირა: “მედინაში ქარავანი მოდის!” და ყველანი გავიდნენ ქარავნის დასახვედრად...
მეჩეთში მოციქულთან ერთად დარჩა 12 ადამიანი. და მოციქულზე ღვთისაგან შთაგონება გადმოვიდა: “პარასკევს ილოცეთ, მოინახულეთ ავადმყოფები, დაეხმარეთ ღატაკებს, მოერიდეთ ვაჭრობას ამ დღეს და სხვა სასიკეთო საქმეები გააკეთეთ!”
შუადღის ლოცვაზე თბილისის ჯუმა-მეჩეთი ივსება. მეჩეთში მრავალფეროვანი მრევლია. პაკისტანელები, არაბები სხვადასხვა ქვეყნიდან, ირანელები, თურქები… მუსულმანები – მალაიზიით დაწყებული ამერიკამდე. ყველა, ვინც თბილისში ცხოვრობს ან სტუმრად ჩამოდის.
ისინი ქართველ მაჰმადიანებთან ერთად, პარასკევის ერთობლივ ლოცვას, “ჯუმა ნამაზს” ატარებენ.
ლოცვის შემდეგ, ძველ მეგობრებს შევხვდი. არაბებს, ყაზახებს და პაკისტანელებს. ერთმანეთს ვულოცავთ, ოჯახის წევრებს მოვიკითხავთ. პარასკევი მაგისთვის არის, რომ მუსულმანები შეგროვდნენ და ერთმანეთი მოიკითხონ, ვის რა უჭირს და რა ულხინს…
სახლში ვბრუნდები. ლეილას და მადინას ისლამზე და თეოლოგიაზე ვესაუბრები. დღეს სამოთხეზე და ჯოჯოხეთზე ვისაუბრეთ. ლეილა ძალიან მაგარია, ჩინებულად ჩამაბარა გაკვეთილი სიკეთესა და ბოროტებაზე. მადინა ჯერ პატარაა, მაგრამ ყურანიდან რამდენიმე ლოცვა ზეპირად იცის.

12 აპრილი, შაბათი
ბოტანიკურ ბაღში ნამდვილი გაზაფხულია. ვარჯიშიც სასიამოვნოა და ლოცვაც.
რაღაცნაირი თაფლის სურნელი დგას. მოვიარე შინდისი და შემოგარენი.
თბილისში დაბრუნება არც მოგინდება.
მეჩეთის კარებთან მამა გიორგი ჩაჩავას შევხვდი. ტრადიციულად ჩავეხუტეთ ერთმანეთს, როგორც მამაოები.
დიდი ხანია, ვმეგობრობ მასთან და მის მამასთან, ბატონ თამაზ ჩაჩავასთან. საათობით ვსაუბრობთ ხოლმე თეოლოგიაზე. ბედნიერებაა ასეთი მეგობრების ყოლა.
ასეთივე განსაკუთრებული მეგობრობა მაკავშირებს სახალხო დამცველის ინსტიტუტთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელთან, ბექა მინდიაშვილთან. ის მარტო ჩემი კი არა, ნებისმიერი ეროვნებისა და სარწმუნოების წარმომადგენლის ნამდვილი მეგობარია. ყველას გვაერთიანებს და მართლა დიდ საქმეს აკეთებს.
მის გახსენებაზე სოზარ სუბარიც მახსენდება – კიდევ ერთი დიდი ბურჯი და დასაყრდენი ყველა კეთილი საქმის და წამოწყების. ბედნიერი ვარ, რომ სოზარს და კობას ვიცნობ და მათ მეგობრად ვთვლი თავს. ისინი საქართველოში მცხოვრები ყველა უმცირესობისა და, საერთოდაც, ყველა ადამიანის იმედი არიან.
შუადღე მოახლოვდა.
დღეს კიდევ ძალიან ბევრი საქმე მაქვს...
მაგრამ ახლა რადიო “თავისუფლებაში” მელოდებიან და ყველაფერი უნდა გადავდო.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG