Accessibility links

logo-print

ყოველკვირეული რადიოჟურნალი


წამყვანი: მარიამ ჭიაურელი 742-ე გამოშვება


წამყვანი:
ყოველკვირეული რადიოჟურნალის დიდი ნაწილი დღეს დაეთმობა ბავშვებზე საუბარს. შევეხებით სკოლამდელი ასაკის ბავშვთა განვითარების სტანდარტებს, ვილაპარაკებთ იმაზეც, როგორ უნდა აშუქებდეს ბავშვებთან დაკავშირებულ საკითხებს მასმედია. შემდეგ ვისაუბრებთ საკვების გაძვირებაზე - პრობლემაზე, რომელიც მთელს მსოფლიოს ეხება. ზოგი მთავრობა მარეგულირებელ ზომებს მიმართავს, კრძალავს ექსპორტს, აკონტროლებს ფასებს - მაგრამ რამდენად მიზანშეწონილია ეს ზომები? დაბოლოს, გამოვეხმაურებით ოპერის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მომღერლის, ფიოდორ შალიაპინის სახელთან დაკავშირებულ თარიღს.

[მუსიკა]
ადრეულ ასაკში ბავშვთა განვითარება და სკოლამდელი განათლება საქართველოში

წამყვანი:
პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან არსებულმა ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების ეროვნულმა ალიანსმა საქართველოში სკოლამდელი ასაკის ბავშვთა განვითარების სტანდარტები შეიმუშავა. ალიანსმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად განსაზღვრა, რა უნდა იცოდნენ და რისი გაკეთება უნდა შეეძლოთ ექვს წლამდე ასაკის ბავშვებს და როგორ უნდა შეუწყონ ხელი მათ განვითარებას აღმზრდელებმა და მშობლებმა. ნონა მჭედლიშვილს მოუსმინეთ.

ნონა მჭედლიშვილი:
ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების სამოქმედო გეგმა, რომლის ერთ–ერთ მახასიათებლად ექვს წლამდე ასაკის ბავშვთა ქცევის სტანდარტებიც ითვლება, საერთო განათლების რეფორმის ნაწილია. რეფორმის დანერგვის ქრონოლოგიის მიხედვით, სკოლამდელი აღზრდა მეოთხე რიგის პრიორიტეტად იქცა უმაღლესი განათლების, საჯარო სკოლისა და პროფესიული განათლების შემდეგ. თუმცა, როგორც განათლების სამინისტროში აღნიშნავენ, სკოლამდელი ასაკის ბავშვზე სისტემური ზრუნვა ამ პრიორიტეტების პარალელურად მიმდინარეობდა.

2006 წელს პარლამენტის შესაბამისმა კომიტეტმა აქცენტი ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების ეროვნული პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე გააკეთა. სკოლამდელი განათლების სტრატეგიის შემუშავებისათვის საჭირო მონაცემების მოპოვების მიზნით კი გაეროს ბავშვთა პროგრამამ განათლების სამინისტროსთან ერთად ჩაატარა კვლევა, შეუძლიათ თუ არა სკოლამდელ დაწესებულებებს ბავშვი სრულყოფილად მოამზადონ სკოლისათვის და ყოველგვარი პირობები შეუქმნან ნორმალური განვითარებისათვის. ამ გამოკვლევის შედეგებს ჩვენ კიდევ დავუბრუნდებით, მანამდე კი შევნიშნავთ, რომ სკოლამდელ დაწესებულებათა რეფორმირების თვალსაზრისით მიღწევები ამ ეტაპზე არცთუ თვალსაჩინოა, თუ არ ჩავთვლით სტრუქტურულ ცვლილებებს, რასაც, საქართველოს განათლების სამინისტროს ახალი სახელმძღვანელოებისა და შეფასების ცენტრის დირექტორის სიმონ ჯანაშიას თქმით, შინაარსობრივი ცვლილებებიც უნდა მოჰყვეს. მისი განმარტებით, უკვე არსებობს სკოლამდელი რეფორმის ხედვა, მიზნები, სამოქმედო გეგმის მონახაზი და ექვს წლამდე ასაკის ბავშვთა ქცევის სტანდარტები, რომელიც ამჟამად უცხოელი ექსპერტების რედაქტირებას გადის. თავის მხრივ, სიმონ ჯანაშია შენიშნავს, რომ ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების ახალი სტანდარტები ეროვნულ ღირებულებებს დაეფუძნება:

[სიმონ ჯანაშიას ხმა]“ეს ღირებულებები განსხვავებულია სხვადასხვა ქვეყნებში. ვთქვათ, ჩინეთში პრობლემა კრეატიულობაა, სადღაც პრობლემაა საკუთარი ისტორია, ჩვენთან, ვთქვათ, - სამოქალაქო განათლება. მაგალითად, ბავშვებმა არ იციან სკოლაში რომ მიდიან, რომ ერთმანეთს უნდა დაუთმონ, რომ არსებობს რიგითობა, თანაგრძნობის პრობლემაა. ანუ ამ სტანდარტების ხიბლი არის ის, რომ ყველას შეუძლია, მაგალითად, აღმზრდელს, მშობელს ან სხვა სერვისების წარმომადგენელს შეუძლია მიადევნოს თვალი და ზუსტად იცოდეს, რას უნდა მიაღწიოს.“(სტილი დაცულია)

რათა, განაგრძობს სიმონ ჯანაშია, არც ზედმეტი მოითხოვოს და არც გადააფასოს ადრეული ასაკის ბავშვის შესაძლებლობები. სტანდარტები არის განაცხადი იმისა, რისი გაკეთება უნდა შეეძლოს ბავშვს, როგორც ფიზიკური, ისე ინტელექტუალური კუთხით, - განაცხადა ლინ კაგანმა, კოლუმბიისა და იელის უნივერსიტეტების პროფესორმა, ბავშვთა განვითარების საკითხების ექსპერტმა, საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში გამართულ პრეზენტაციაზე. ქალბატონ კაგანის შეფასებით, ქართველმა ექსპერტებმა თავი წარმატებით გაართვეს დასახულ ამოცანას და საერთაშორისო ნორმებთან ადაპტირებული საინტერესო მოდელი შექმნეს. გთავაზობთ რამდენიმე ზოგად სტანდარტს, რომელიც ლინ კაგანმა გააცნო დამსწრე საზოგადოებას. მისი თქმით, 4 წლის ასაკში, მაგალითად, ბავშვმა უნდა იცოდეს 50–მდე დათვლა, ცნობდეს საქართველოს დროშას, შეეძლოს უფროსებსა და თანატოლებთან სრულფასოვანი კომუნიკაცია და ასე შემდეგ:

[ლინ კაგანის ხმა]“ სტანდარტები მოწოდებულია დაეხმაროს მასწავლებლებს, მშობლებს და მთავრობას, შექმნას მაღახარისხოვანი მომსახურების სისტემა ადრეული ასაკის ბავშვებისათვის. ამას გარდა, სტანდარტები მოიცავს ბავშვის განვითარების ყველა სფეროს და ეხმიანება საქართველოს ინტერესებს.”

გვითხრა ლინ კაგანმა, რომელიც სტანდარტების რედაქტირებაში მონაწილეობს, როგორც იუნისეფის კონსულტანტი და საქართველოს მთავრობის ტექნიკური მრჩეველი.

„საქართველოში ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების ეროვნული სტრატეგიული სამოქმედო გეგმის პროექტი 2007–2009 წლებისთვისაა განსაზღვრული. სამოქმედო გეგმის საბოლოო ვარიანტის შემუშავება და ოფიციალური დამტკიცება მომავალი წლის დასაწყისში იგეგმება. საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გიგი წერეთელი ამბობს:

[გიგი წერეთლის ხმა]“ სისტემური ცვლილებები იქნება მას შემდეგ, რაც ჩვენ დავიწყებთ ამ სტრატეგიული გეგმის რეალიზებას, თითოეული მოქმედება დაეფუძნება მტკიცებულებაზე დაფუძნებული უკვე პროტოკოლებისა და სპეციალური სახელმძღვანელოების პრინციპებს და ეს იქნება ინტეგრირებული როგორც ჯანდაცვის სისტემაში, ასევე საგანმანათლებლო სისტემაში, სკოლამდელ დაწესებულებებში. მშობელთა განათლებაა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იმისათვის, რომ განვითარება იყოს სწორი.“(სტილი დაცულია)

გთავაზობთ იუნისეფის ხელშეწყობით ბავშვთა აღზრდის საკითხებზე ჩატარებული კვლევის ზოგიერთ მონაცემს, რომელიც 1150–მდე სკოლამდელ დაწესებულებაში მუშაობის შედეგადაა მიღებული. კერძოდ, ოჯახების 60 პროცენტში ხშირია ბავშვის ფიზიკური დასჯა, რაც ჩვეულებრივ მოვლენად ითვლება, მაღალია ბავშვებისათვის ტრავმების მიყენების მაჩვენებელიც, ოჯახების 56 პროცენტს არა აქვს რესურსები - მათ შორის, წიგნები და სათამაშოები - ბავშვის განვითარებისათვის ხელის შესაწყობად.

ნონა მჭედლიშვილი. რადიო “თავისუფლება”. თბილისი

[მუსიკა]
როგორ უნდა აშუქებდეს ბავშვთა საკითხებს ქართული მედია

წამყვანი:
„ბავშვის უფლებათა კონვენცია“, რომელიც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანამ მიიღო, მოუწოდებს მასმედიას უზრუნველყოს ბავშვები სოციალური და კულტურული ღირებულების მქონე მასალითა და ინფორმაციით. გარდა ამისა, კონვენცია ასევე ავალდებულებს ჟურნალისტებს დაიცვან ბავშვთა უფლებები და მოახდინონ მათი პოპულარიზაცია, თუმცა დაკვირვება აჩვენებს, რომ ხშირ შემთხვევაში მედიის წარმომადგენლები თავად გვევლინებიან ბავშვთა უფლებების დამრღვევებად. ჯიმშერ რეხვიაშვილი გესაუბრებათ იმის თაობაზე, თუ როგორ აშუქებს და როგორ უნდა აშუქებდეს ბავშვთა საკითხებს ქართული მედია და რა გამოსავალს მიაგნო გაეროს ბავშვთა ფონდმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად.

ჯიმშერ რეხვიაშვილი:
”ბავშვის უფლებათა კონვენცია” გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1989 წელს მიიღო. კონვენციის რატიფიცირება მთავრობებს აკისრებს ვალდებულებას უზრუნველყონ ბავშვების აღზრდა უსაფრთხო და ხელშემწყობ გარემოში.

[ლადო მშვენიერაძის ხმა] „ბავშვებს აქვთ უფლებები. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვის უფლებათა კონვენცია აღიარებს, რომ ბავშვებს ბევრი არსებითი უფლება აქვთ. ამ უფლებათა მაგალითებია...“

10 წლის ლადო მშვენიერაძეს ”ბავშვის უფლებათა კონვენციას” სკოლაში ასწავლიან, თუმცა ბავშვის უფლებების ცოდნით საქართველოში ბევრი სრულწლოვანიც ვერ დაიტრაბახებს. უცნაურია, მაგრამ, როგორც განათლების სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი ბერიკა შუკაკიძე ამბობს, ბავშვთა უფლებების დაცვაზე არ ზრუნავს მედია, რომელიც ხშირად არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი ძალადობის ტირაჟირებითაა დაკავებული.

[ტელევიზიის დიქტორის ხმა] „მოგესალმებით, ხმაურიანი პროცესი დაიწყო და რამდენიმე წუთში გადაიდო საქალაქო სასამართლოში. არასრულწლოვანი ... თანატოლის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. მკვლელობა 17 მაისს მოხდა. ამ ფაქტმა 55–ე და 175–ე სკოლების მოსწავლეებს შორის დაპირისპირება გამოიწვია...”

[ტელევიზიის კორესპონდენტის ხმა] „მკვლელობის კონკრეტული მიზეზი უცნობია, თუმცა,როგორც თვითმხილველები ამბობენ, ჩხუბი მას შემდეგ დაიწყო, რაც ბიჭები ერთმანეთში წაკინკლავდნენ. მკვლელობა 184–ე სკოლის ეზოში მოხდა...“

[ბერიკა შუკაკიძის ხმა] „ამით ხდება პრეცედენტის დაფიქსირება, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს დანაშაულის აგორებას, სხვა არაფერს ემსახურება... ხდება გაუბრალოება, რომ თურმე ეს ყველგან ხდება... ნახალოვკაში დაჭრეს, აგერ ვაკეში დაჭრეს და ასე შემდეგ. მისაუბრია საკმაოდ მაღალი კვალიფიკაციის ფსიქოლოგებთან. ყველა ამბობს, რომ ამას აქვს ერთადერთი მავნე ზეგავლენის ეფექტი, მეტი არაფერი. საერთოდ არ ვწუხვარ მედიის რეიტინგზე, ჩვენთვის უმთავრესია ბავშვი არ დაზარალდეს. გაუპატიურებული ბავშვის ვინაობა რომ მთელმა უბანმა იცის, ეს არის ტრაგედია.“

ბერიკა შუკაკიძის თქმით, ტრაგედიების თანაავტორთა როლში, როგორც წესი, ტელევიზიების - მათ შორის, წამყვანი ტელევიზიების - ჟურნალისტები გვევლინებიან. სახალხო დამცველი სოზარ სუბარი გულისწყრომით იხსენებს შემთხვევას, რომლის მომსწრეც თავად გახდა:

[სოზარ სუბარის ხმა] „გავრცელდა ინფორმაცია, რომ არასრულწლოვანი გააუპატიურა სხვა არასრულწლოვანმა... ბიჭმა ბიჭი ბავშვთა სახლში... დაასახელეს ორივეს გვარი, სახელი - დაზარალებულისა, ეჭვმიტანილისაც... ექსპერტიზაზე გვინდოდა წაყვანა... ჩვენი თანამშრომელი ბექა მინდიაშვილი ახლდა... ჟურნალისტები კართან დაუხვდნენ. ბექამ კოსტიუმი გადააფარა სახეზე, მაგრამ ჟურნალისტები მაინც არ ეშვებოდნენ, კამერებს ქვევიდან ჩრიდნენ... რა არის ეს? ცხადია, ადამიანის უფლებებთან და ეთიკასთან ყოველივე ამას კავშირი არ აქვს.“(სტილი დაცულია)

არადა, სოზარ სუბარის თქმით, გაეროს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ადმინისტრირების მინიმალური
სტანდარტული წესები, ე.წ. პეკინის წესები, მოითხოვს არასრულწლოვანთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, რათა თავიდან იქნეს აცილებული ზედმეტი საჯაროობით ზიანის მიყენების შესაძლებლობა. არასრულწლოვანთა კონფიდენციალურობის დაცვის აუცილებლობაზე ლაპარაკობს ფსიქოლოგი ნინო მახაშვილიც:

[ნინო მახაშვილის ხმა] „მოზარდი როგორც სარკე, ისე ირეკლავს დამოკიდებულებას - დაწყებული მშობლიდან, დამთავრებული მედიაში გაშუქებული მისი პორტრეტით. თუ ჩათვლი, რომ საშინელი ხარ, აგრესიული, რომელიც ვერ აკონტროლებ თავს და დამნაშავე ხარ, მთელი ცხოვრება შეიძლება ასეთად დარჩე.“

ამგვარი საფრთხის მიუხედავად, ჟურნალისტების დიდი ნაწილი მაინც გამოწვლილვით და კონფიდენციალურობის დაცვის გარეშე აღწერს ბავშვების მიერ და ბავშვების მიმართ ჩადენილ ძალადობას. დეტალური კვლევა, თუ როგორ აშუქებს ბავშვთა საკითხებს ქართული მედია, ეკუთვნის გაეროს ბავშვთა ფონდს საქართველოში, რომელმაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად ასევე გამოსცა სპეციალური სახელმძღვანელო სტუდენტებისათვის. ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი მაია ქურციკიძე განმარტავს:

[მაია ქურციკიძის ხმა] „საკმაოდ ხშირად ხდება ქართულ მედიაში ბავშვთა უფლებების დარღვევა, რაც დაუშვებელია და ეწინააღმდეგება არა მარტო გაეროს ”ბავშვის უფლებათა კონვენციას”, არამედ ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის ეთიკურ ნორმებსა და სტანდარტებს. ჩვენი მიზანია ამ სახელმძღვანელოთი და სასწავლო კურსით ხელი შევუწყოთ ჟურნალისტთა ახალი თაობის აღზრდას, რომელთაც უკეთესად ექნებათ გაცნობიერებული ის პასუხისმგებლობა, რომელიც მათ აკისრიათ ბავშვთა საკითხების გაშუქებისას. მაგალითად, ცალკე თემად არის გამოყოფილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები და არის კონკრეტული რჩევები და მითითებები, თუ რა უნდა იცოდეს ჟურნალისტმა ამ თემაზე მუშაობის დროს. ასევე ცალკეა ჯანდაცვა, განათლება. ბავშვები და შეიარაღებული კონფლიქტი...“ (სტილი დაცულია)

მაია ქურციკიძის თქმით, გაეროს ბავშვთა ფონდისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მიერ გამოცემული სახელმძღვანელო სასწავლო კურსის სახით იქნება ინტეგრირებული როგორც უნივერსიტეტში, ასევე კავკასიის მედია მენეჯმენტისა და ჟურნალისტიკის სკოლაში. დავით პაიჭაძე, უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების ხელმძღვანელი, იმედოვნებს, რომ სახელმძღვანელო ქმედით დახმარებას გაუწევს დაინტერსებულ ადამიანებს:

[დავით პაიჭაძის ხმა] „შემატებს სტუდენტს ცოდნას, როგორ გააშუქონ, ერთდროულად, ამომწურავად და ტაქტიანად ბავშვებთან დაკავშირებული საკითხები. ჩვენ მოწმენი ვართ ქართულ ჟურნალისტიკაში სწორედ არცოდნით გამოწვეული წარმოუდგენელი გადახრების, უხამსობების და, რბილად რომ ვთქვათ, შეცდომებისა, როცა საქმე ბავშვებს ეხება. ამავე დროს, ეს შეეშველება მასწავლებლებს საიმისოდ, რომ ასწავლონ სტუდენტებს ბავშვთა საკითხების ადეკვატურად გაშუქება ან ზრდასრულ ჟურნალისტებს, ვინც მოინდომებს ამ სფეროში ცოდნის ამაღლებას. შეეშველება ასევე საზოგადოებას, თუკი ის მისწვდება ამ წიგნს.“

წიგნი კი, თუ გაეროს ბავშვთა ფონდის ოსლოს მიმართვას გაითვალისწინებენ, ბავშვებსაც და მოზარდებსაც გამოადგებათ. საქმე ის არის, რომ იუნისეფი მოუწოდებს ბავშვებს იცოდნენ და ესმოდეთ „ბავშვის უფლებათა კონვენციით“ მინიჭებული უფლებები. მართალია, 10 წლის ლადო მშვენიერაძეს ოსლოს მიმართვის შესახებ არაფერი სმენია, მაგრამ, ამის მიუხედავად, ცდილობს ზედმიწევნით კარგად გაერკვეს საკუთარ უფლებებში:

[ლადო მშვენიერაძის ხმა] „არავითარ ტრადიციას, რელიგიას, რწმენას, ეკონომიკურ სიტუაციას თუ სწავლების მეთოდს არ შეუძლია გაამართლოს ბავშვის ცემა, შეურაცხყოფა, დამცირება თუ სხვა მსგავსი ქმედება, რომელიც ხელყოფს ბავშვის ღირსებას.“

ჯიმშერ რეხვიაშვილი. რადიო “თავისუფლება”. თბილისი

[მუსიკა]
საკვები ძვირდება. საპროტესტო აქციები და მარეგულირებელი ზომები

წამყვანი:
საკვები პროდუქტების ბოლოდროინდელი გაძვირება მთელს მსოფლიოს ეხება, მთელს მსოფლიოში იწვევს შეშფოთებას, ზოგჯერ კი საპროტესტო აქციებსაც. სულ უფრო მეტი მთავრობა მიმართავს ზომებს - პირველ რიგში ექსპორტის შეზღუდვის სახით, რათა საკვები საკუთარი მოსახლეობისთვის შეინახოს. ასე მოქცევა, თითქოს ლოგიკურია, მაგრამ ექსპერტების შეფასებით, გრძელვადიან პერსპექტივაში, შესაძლოა, საზიანო აღმოჩნდეს.

თავდაპირველად თქვენს ყურადღებას ინდოეთს მივაპყრობთ. იქ, ქალაქ ვარანაზიში, გასული კვირის მიწურულს გაიმართა საპროტესტო გამოსვლები, რომლის მონაწილეებმაც საკვების გაძვირება გააპროტესტეს. [დემონსტრანტების შეძახილები]

საკვების მკვეთრ გაძვირებას საპროტესტო გამოსვლები ახლავს მსოფლიოს კიდევ ბევრ ქვეყანაში. ეგვიპტეში საპროტესტო აქცია არეულობაში გადაიზარდა.
მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ხორბლის ფასი 2000 წლის შემდეგ გაორმაგებულია, ბრინჯი სულ რამდენიმე თვის მანძილზე, წლევანდელი იანვრიდან მოყოლებული, 20-მდე პროცენტით გაძვირდა. მიზეზი ბევრია: სარეკორდოდ გაძვირებული საწვავი, საკვებზე მზარდი მოთხოვნა ჩინეთში, გვალვა ხორბლის ექსპორტიორ ავსტრალიაში და კიდევ - მზარდი ინტერესი ბიოლოგიური საწვავის მიმართ, რის გამოც სულ უფრო ფართო ტერიტორიებზე მოჰყავთ საწვავისთვის და არა საკვებად გამოსადეგი მცენარეები.

ბევრგან - უწინარეს ყოვლისა, განვითარებად ქვეყნებში, მაგრამ არა მარტო იქ - მთავრობები იძულებული არიან, საპასუხო ზომებს მიმართონ. 20-მდე ქვეყანამ, მათ შორის რუსეთმა, ყაზახეთმა, ჩინეთმა ფასებზე კონტროლი დააწესეს. საქმე ეხება ფასებს პურზე, შაქარზე, ზეთზე. ზოგ შემთხვევაში აიკრძალა ექსპორტი.

აი, რას ამბობს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის წარმომადგენელი კონსეპსიონ კალპე ბრინჯის ექსპორტის შეზღუდვასთან დაკავშირებით: [კალპეს ხმა] “ეგვიპტემ ახლახანს შემოიღო 6-თვიანი აკრძალვა ექსპორტზე, ინდოეთი არ აპირებს ექსპორტს ტონაში 1000 დოლარზე უფრო იაფად, კამბოჯა უკვე აწესებს შეზღუდვებს, ჩინეთი ექსპორტზე 5-პროცენტიან გადასახადს შემოიღებს... არის მთელი რიგი ზომებისა, რომლებსაც მიმართავენ ექსპორტიორი ქვეყნები. ისინი ყველაზე უფრო აქტიურად რეაგირებენ მაღალ ფასებზე ზუსტად იმის გამო, რომ ცოტა რეზერვი აქვთ, ამიტომ სურთ უზრუნველყონ, რომ ექსპორტის გამო თვითონ არ შემოაკლდეთ ბრინჯი მომდევნო თვეებში”.

მაგრამ ეკონომისტები შიშობენ, რომ შესაძლოა, ამ ზომებსაც პრობლემები მოჰყვეს. ჯერ ერთი, ექსპორტის შეზღუდვამ, შესაძლოა, მსოფლიო ბაზარზე ფასები კიდევ უფრო გაზარდოს - როგორც ბრინჯის ექსპორტის შეკვეცის გამო უკვე მოხდა. მეორეც, ექსპორტის შეზღუდვა დამატებით თავსატეხს უჩენს იმპორტიორ ქვეყნებს. [კალპეს ხმა] “მათ საზღვრები გაუხსნეს იმპორტს და მიეჩვიენ იმპორტის იმედად ყოფნას თავიანთი მოსახლეობის გამოსაკვებად. ახლა, ექსპორტის მთელი ამ შეკვეცის შედეგად, აღმოჩნდნენ ისეთ ვითარებაში, როცა აღარც თვითონ აწარმოებენ გარკვეულ პროდუქტს და ის აღარც საერთაშორისო ბაზარზე იყიდება - ან თუ იყიდება, ისე ძვირად, რომ ვეღარ ყიდულობენ”.

მაშ, რა არის გამოსავალი? მსოფლიო ბანკი ყველაზე უფრო გონივრულ, გამართლებულ რეაქციად მიიჩნევს დახმარების გაწევას გაჭირვებულებისთვის ისე, რომ ექსპორტი შეუზღუდავი დარჩეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ზოგი ქვეყანა ცდილობს ექსპორტიორ ქვეყნებთან ორმხრივი შეთანხმებების დადებას, მაგრამ ექსპორტიორების მწირი რესურსების გამო, არაერთი იმპორტიორი შესაძლოა, წაგებული დარჩეს. და კიდევ ერთი შესაძლო შედეგი, მისასალმებელი შედეგი - მოელიან, რომ ფასების ზრდა გამოიწვევს პროდუქციის მატებას. ეს კი, საბოლოოდ, ისევ შეამცირებს ფასებს.

ექსპერტ პოლ ბრაკსის განმარტებით, საკვები პროდუქტების გაძვირება მართლაც წამახალისებელი ფაქტორია გლეხებისთვის, მოიყვანონ მეტი მოსავალი: [ბრაკსის ხმა] “მილიონობით ჰექტარის ათვისებაა შესაძლებელი. მაგალითად, ყოფილ საბჭოთა კავშირში სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დამატებით 25-30 მილიონამდე ჰექტარის დამატებით ათვისება შეიძლება. მაგრამ იმავდროულად შესაძლებელია ერთ ჰექტარზე მოსავლის მნიშვნელოვნად გაზრდა. მაგალითად, ყოფილ საბჭოთა კავშირში ერთ ჰექტარზე მოსავალი 1-2 ტონას შეადგენს. მაშინ, როცა აქ, დასავლეთ ევროპაში, 8 ტონას აღწევს. ასე რომ, კიდევ ბევრის გაუმჯობესება შეიძლება, რის შედეგადაც შესაძლებელია პროდუქციის მატება და ზეგავლენის მოხდენა ფასების შესამცირებლად გრძელვადიან პერსპექტივაში”.

გრძელვადიანი პერსპექტივა, ექსპერტის განმარტებით, ამ შემთხვევაში ნიშნავს 2010 და მომდევნო წლებს. რაც შეეხება საქართველოში არსებულ ვითარებას, ჩვენ ექსპერტ პაატა შეშელიძეს მივმართეთ რამდენიმე შეკითხვით, მათ შორის ვკითხეთ, მიმართავს თუ არა საქართველოს ხელისუფლება რაიმე ზომებს საიმისოდ, რომ საკვები პროდუქტების გაძვირებასთან დაკავშირებული პრობლემები შეუმსუბუქოს მოსახლეობას. პაატა შეშელიძის პასუხი:

[იხ. აუდიოვერსია - ინტერვიუ პაატა შეშელიძესთან]

წამყვანი:
ამბობს ექსპერტი პაატა შეშელიძე, “ახალი ეკონომიკური სკოლის” დირექტორი, რომელიც გადაჭრით ეწინააღმდეგება სურსათის გაძვირებით გამოწვეული პრობლემების შემსუბუქებას ზომებით, როგორიც არის ფასების კონტროლი და ექსპორტის შეზღუდვა. ლაპარაკობს რადიო “თავისუფლება”.

[მუსიკა]

ოპერის ლეგენდა და „მულტიმედიური ადამიანი“: ფიოდორ შალიაპინი

წამყვანი:
12 აპრილს 70 წელი გავა დიდი რუსი მომღერლის, ფედორ შალიაპინის გარდაცვალებიდან. შალიაპინის ხსოვნის საპატივცემულოდ მსოფლიო ეკრანებზე ხელახლა გამოვიდა გერმანელი რეჟისორის გეორგ-ვილჰემ პაბსტის ფილმი, „დონ-კიხოტი“, რომელშიც მეოცე საუკუნის ყველაზე სახელგანთქმულმა ბანმა მთავარი როლი შეასრულა. გიორგი გვახარია დღეს ამ უნიკალური ფილმის შესახებ გვიამბობს და მოგვასმენინებს როგორ ასრულებს დონ-კიხოტის პარტიას ფედორ შალიაპინი

[შალიაპინის ხმა]70

გიორგი გვახარია:
გავრცელებულია აზრი, რომ ფედორ შალიაპინის ხმას დღეს მხოლოდ ძალიან ძველ, უხარისხო ჩანაწერებში შეგვიძლია მოვუსმინოთ. ის ხალხი, ვინც კარგად ერკვევა საოპერო ხელოვნების ნიუანსებში, ამტკიცებს, რომ ამ ძველი ფირფიტებითაც შეიძლება მსჯელობა დიდი ბანის გასაოცარ ვოკალურ შესაძლებლობებზე, მის არტისტიზმზე და დაბალი ხმის ფლობის განსაკუთრებულ უნარზე.

შალიაპინი შეიძლება ითქვას „მულტიმედიური ადამიანი“ იყო - დაგვიტოვა უამრავი ფოტო, წერილები, ჩანაწერები და ფილმებიც.

გაგახსენებთ, რომ ნამდვილ საოპერო სცენაზე პირველად შალიაპინი 1893 წელს, თბილისში ავიდა. ერთ წელიწადში მან ოცამდე ოპერის პარტია შეისწავლა. მოსკოვში, დიდ თეატრში, თავდაპირველად დაიწუნეს, მაგრამ ცოტა ხანში იგი არა მარტო დაიპყრობს რუსულ საოპერო სცენას, არამედ სახელსაც გაუთქვამს რუსულ ოპერას დასავლეთში. შალიაპინის გენიალურობა დააფასეს ბოლშევიკებმაც: რევოლუციის შემდეგ იგი პეტროგრადის საოპერო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ხდება. ლენინსაც კი ხვდება და ბოლშევიკების ბელადისგან კომპლიმენტებს იღებს. 1922 წელს შალიაპინი ბორის გოდუნოვს მღერის პეტროგრადში, მეორე დღეს საგასტროლო ტურნეს იწყებს და რჩება დასავლეთში

[მუსიკა. შალიაპინი] „დონ კარლოსი“

1927 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ შალიაპინს „სახალხო არტისტის“ ტიტული ჩამოართვა, „პრავდამ“ „რუსული ოპერა“ - თეატრი, რომელიც მომღერალმა პარიზში დაარსა, „ანტისაბჭოთა კულტურის მექად“ მონათლა. 1932 წელს პარიზში შალიაპინმა გაიცნო გეორგ ვილჰემ პაბსტი, რომელიც ნაცისტებს გამოექცა და საფრანგეთში დასახლდა. პაბსტმა აღიარა, რომ 1910 წელს მონტეკარლოს თეატრის სცენაზე იხილა შალიაპინი მასნეს ოპერის, „დონ კიხოტის“ პრემიერაზე და მაშინ გადაწყვიტა სწორედ, ოდესმე გადაეღო დიდი მომღერალი სერვანტესის ნაწარმოების ეკრანიზაციაში. „დონ კიხოტი“ პაბსტის პირველი ხმოვანი ფილმი იყო.

წერილში, რომელიც პაბსტმა გაუგზავნა შალიაპინს, რეჟისორი წერდა, არ მინდა, რომ ხმოვანი კინოთი გატაცებულმა მაყურებელმა მხოლოდ უსმინოს ფილმს, მე მჯერა, რომ კინო პირველ რიგში სახვითი ხელოვნებაა და მსურს, რომ მაყურებელი თქვენი არტისტული ხელოვნებით დატკბესო... შალიაპინს გაკვირვებია, მე ხომ მომღერალი ვარო... თუმცა, ხმოვან ფილმში გადაღებაზე უარი არ თქვა - მიუხედავად ხმის ჩაწერის ტექნიკის პრიმიტიულობისა, მიუხედავად იმისა, რომ პაბსტი წინასწარ შეუთანხმდა - ხარისხიანი ხმის მისაღწევად, „დონ კიხოტის“ გახმოვანებამ შეიძლება დიდხანს გასტანოსო.

[შალიაპინი. დონ - კიხოტი]

დიდხანს გასტანა არა მარტო გახმოვანებამ. პაბსტი ფილმს ერთდროულად სამ ენაზე იღებდა, ამიტომ ფედორ შალიაპინს მინიმუმ სამ-სამი დუბლის გადაღება უწევდა.

სახელგანთქმულ ბანს, რომელიც უფრო მეტად კლასიკურ რეპერტუარზე იყო აღზრდილი, შეიძლებოდა გაჭირვებოდა თანამედროვე კომპოზიტორის, ჟაკ იბერის მუსიკის შეგრძნება, ანდა, უბრალოდ, უარი ეთქვა ასეთ ოპერაზე. მაგრამ, გეორგ პაბსტის სიტყვებით, შალიაპინი უაღრესად დამყოლი აღმოჩნდა - გადაღებაზე და გახმოვანებაზე ბავშვივით იქცეოდა, ყველაფერი აინტერესებდაო, წერს პაბსტი.

ამ წლის დასაწყისში საფრანგეთის ეროვნულმა კინოცენტრმა 1932 წელს გადაღებული პაბსტის ფილმი აღადგინა. კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ”დონ კიხოტში” ფიოდორ შალიაპინი არა მარტო ხმით, არამედ პლასტიკით ხსნის თავისი გმირის ხასიათს. ამავე დროს, მისი დონ კიხოტი ნამდვილი რაინდია, რომელსაც მთელი სამყარო უნდა დამორჩილდეს.

[შალიაპინი. დონ კიხოტი]

წარმატების მიუხედავად ”დონ კიხოტი” მალე მოიხსნა ეკრანებიდან. საფრანგეთის ოკუპაციის შემდეგ, გეორგ ვილჰემ პაბსტი შეერთებულ შტატებში მიემგზავრება. შალიაპინს კი ჯანმრთელობა ღალატობს. მეოცე საუკუნის ნომერი პირველი ბანი 1938 წლის 12 აპრილს, ლეიკემიისგან გარდაიცვალა. დასავლეთში, სადაც დღეს პაბსტის ”დონ კიხოტს” უჩვენებენ, წერენ, რომ პაბსტმა უკვდავყო დიდი მომღერალი და კაცობრიობას ფიოდორ შალიაპინის ყველაზე ცოცხალი, ყველაზე ზუსტი სახე შეუნარჩუნა.

გიორგი გვახარია. რადიო “თავისუფლება”. თბილისი
XS
SM
MD
LG