Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოდორის ხეობა მაჟორიტარ დეპუტატს მესტიის რაიონში აირჩევს


21 მაისისათვის დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებში კოდორის ხეობის სრულწლოვანი მოსახლეობა

მესტიის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ეს გადაწყვეტილება, „ნაციონალური მოძრაობის“ სარჩელის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო, თუმცა გაერთიანებული ოპოზიცია, რომელიც ხელისუფლებასა და მმართველ პარტიას ქვეყნის ეროვნული ინტერესების იგნორირებაში სდებს ბრალს, გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. რატომ შეიცვალა მესტიის საარჩევნო ოლქის საზღვრები და რა არგუმენტებით ამაგრებენ საკუთარ პოზიციებს დაპირისპირებული მხარეები?

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 75 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრები 2008 წლის 23 მარტს დაადგინა. გარდა ამისა, კოდორის ხეობის აჟარის თემში შეიქმნა ზემო აფხაზეთის საარჩევნო ოლქი, რომელიც, თავის მხრივ, არ წარმოადგენს დამოუკიდებელ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქს. ცესკოს თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილი ამბობს, რომ ზემო აფხაზეთისათვის, ანუ 76-ე საარჩევნო ოლქისათვის, კომისია განიხილავდა ორ შესაძლო ვარიანტს:

[ლევან თარხნიშვილის ხმა] „ვარიანტი პირველი: ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, აჟარის თემის, ანუ ზემო აფხაზეთის, მოსახლეობა საერთოდ არ მიიღებდა მონაწილეობას არჩევნებში. ვარიანტი მეორე: ხეობა მიუერთდებოდა რომელიმე მაჟორიტარულ ოლქს და ყველაზე ლოგიკური იყო მესტია, რომელიც, ფაქტობრივად, გვერდით მდებარეობს. ეს იყო ვარიანტი, რომელიც შევთავაზეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, მაგრამ, სამწუხაროდ, არ გაიზიარეს წევრებმა და ეს დადგენილება ვერ მივიღეთ.“ (სტილი დაცულია)

თუმცა ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება კანონით გათვალისწინებულ ვადაში გაასაჩივრა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომლის წარმომადგენელი ცესკოში, დავით გურგენიძე, განმარტავს:

[დავით გურგენიძის ხმა] „სასამართლო პროცესი მოიგო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დაავალა გამოსცეს შესაბამისი აქტი და მიიღოს დადგენილება, რომელიც მისცემს საშუალებას კოდორის ხეობის მოსახლეობას მიებას მესტიის საარჩევნო ოლქს და ხმა მისცეს მესტიის მაჟორიტარ დეპუტატს.“(სტილი დაცულია)

მესტიის მაჟორიტარი დეპუტატისათვის ხმის მიცემაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავენ თავად კოდორის ხეობაში მცხოვრები ამომრჩევლები. კახა გულბანი ამბობს, რომ ხეობა არც აქამდე ირჩევდა მაჟორიტარ დეპუტატს:
[კახა გულბანის ხმა] „ჩემ აზრს გეტყვით: მე დადებითად ვაფასებ. პატარა კუთხეა. კი ეკუთვნის აფხაზეთს, მაგრამ აქეთ რომ იყოს, აჯობებს.“

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ირწმუნებიან, რომ სასამართლოში სარჩელის შეტანისას საკითხისადმი კოდორის მოსახლეობის დამოკიდებულება გაითვალისწინეს, მაგრამ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ოპონენტების გულწრფელობაში ეჭვი ეპარებათ. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, პაატა დავითაია, ამბობს, რომ კოდორის ხეობა ეკუთვნის გულრიფშის და არა მესტიის რაიონს, რასაც, მისი აზრით, პრინციპული მნიშვნელობა აქვს:

[პაატა დავითაიას ხმა] „დღეს აფხაზეთში სეპარატიზმი ზეიმობს და, თუ ჩვენ მართლა ვაპირებთ დაბრუნებას აფხაზეთის ტერიტორიაზე, გულრიფშის რაიონში უნდა ჩატარდეს არჩევნები და უნდა ნახოს მთელმა მსოფლიომ, რომ აფხაზეთს ჰყავს თავისი დეპუტატი და ეს დეპუტატი არის გულრიფშის რაიონიდან და ამას აქვს დიდი მნიშვნელობა.“(სტილი დაცულია)

პაატა დავითაია და მისი თანამებრძოლები მესტიისა და ზემო აფხაზეთის საარჩევნო ოლქების გაერთიანების მიღმა, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერთა პარტიული ინტერესების გარდა, სხვა, უფრო მანკიერ, ქმედებებსაც ხედავენ. საკუთარ ეჭვებს ხალხის პარტიის ლიდერი კობა დავითაშვილი გვიზიარებს:

[კობა დავითაშვილის ხმა] „პოლიტიკურად რომ მივუდგეთ, ზემო აფხაზეთში ხელისუფლებას გამარჯვების მეტი შანსი ჰქონდა, ვიდრე ოპოზიციას, ანუ ეს ყველაფერი მანდატის გულისთვის არ გაკეთებულა. ამიტომ გვიჩნდება სერიოზული ეჭვი, რომ ხელისუფლება რუსეთთან გარიგებაშია შესული.“

უნდა ითქვას, რომ ოპოზიციის მიერ გამოთქმული ეჭვების გაბათილებას არ ცდილობს მმართველი პარტია, რომლის წარმომადგენელთა თქმით, არჩევნებს ცესკო ატარებს და, შესაბამისად, გადაწყვეტილებასაც საარჩევნო ადმინისტრაცია იღებს. თუმცა, როგორც ჩანს, საბოლოო სიტყვის თქმა ისევ სასამართლოს მოუწევს. საქმე ის არის, რომ, კახა კუკავას თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია სააპელაციო სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG