Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა ერთიან სიებს ჯერჯერობით დაინტერესებულ პირებს აწვდის


საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს, რომ ამომრჩეველთა სიის ელექტრონული ვერსია გასაცნობად და გადასამოწმებლად

დაინტერესებულ ორგანიზაციებს და პარტიებს გაუგზავნა. ერთიან სიაში თითქმის 3 მილიონ-ნახევარი ამომრჩეველია, რომელთც საკუთარი ვინაობის შემოწმება კომისიის ინტერნეტსაიტის მეშვეობით შეუძლიათ. საინტერესოა რამდენად ხელმისაწვდომი აღმოჩნდა ინფორმაციის ასეთი გზით გავრცელება საარჩევნო სუბიექტებისა და არსამთავრობო სექტორისათვის.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ კომპიუტერულ ვერსიაში თავმოყრილი ამომრჩევლების სია გამოქვეყნებიდან მეორე დღეს სერიოზული განსჯის საგანი გახდა. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უკვე გაეცნენ მონაცემებს, აცხადებენ, რომ კომისიის მიერ წამოდგენილი სია ბევრ უზუსტობას შეიცავს. ორგანიზაცია ”ახალი თაობა – ახალი ინიციატივების” თავმჯდომარემ კოკი იონათამიშვილმა რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში განაცხადა, რომ ამომრჩეველთა დათვლის მეთოდოლოგია და კომისიის კომპიუტერული პროგრამა სერიოზულ კრიტიკას იმსახურებს:

[კოკი იონათამიშვილი] ” მაგალითად, სიაში, ამომრჩეველთა სიის ელექტრონულ ვერსიაში, შეყვანილი არიან ადამიანები მისამართის გარეშე, რაც კანონის დარღვევაა. არის შეყვანილი ხალხი დაბადების თარიღის გარეშე, რომელთაც სახელის მაგივრად უწერიათ ტირე. დაფიქსირებულია ამომრჩევლები, რომლებსაც დაბადების თარიღის ნაცვლად უწერიათ დრო. 1000-მდე ადამიანი არის, რომელიც 21 მაისამდე არ იქნებიან 18 წლის, ანუ საარჩევნო ასაკის, და ასევე გვხვდება 10-12 წლის ამომრჩევლები.”(სტილი დაცულია)

ამომრჩეველთა ერთიანი სიების უზუსტობაზე საუბრობს არჩევნებზე დამკვირვებელი კიდევ ერთი ორგანიზაცია – ”სამართლიანი არჩევნები”. ორგანიზაციის წარმომადგენელმა კახა სოფრომაძემ განაცხადა, რომ ამომრჩეველთა სიების პირველადი შემოწმებისას იქ კვლავ აღმოჩნდნენ ე.წ. ”მკვდარი სულები”:

[კახა სოფრომაძე ] ”ეხლა დეტალებზე მე არ შემიძლია გითხრა, ამის თაობაზე ჩვენ გავაკეთებთ შესაბამის განცხადებას. უბრალოდ, არის საკმაოდ დიდი უზუსტობები სიაში. ჩვენ ვნახეთ იქ პირადი ნომრების გაორებები, კვლავ არიან გარდაცვლილები და ასე შემდეგ.”(სტილი დაცულია)

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილი არ გამორიცხავს, რომ ამომრჩეველთა სიებში გაპარული იყოს ტექნიკური უზუსტობა ან განმეორებული წინა სიის შედგენის დროს დაშვებული ზოგიერთი კორექტურა. კომისიის მიერ ელექტრონული ვერსიის ვადაზე ადრე გამოქვეყნება და ამ მონაცემების მიწოდება მიზნად სწორედ იმას ისახავდა, რომ რაც შეიძლება მეტი დაინტერესებული ორგანიზაცია ჩართულიყო სიის დაზუსტებაშიო, - განუცხადა რადიო ”თავისუფლებას” ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილმა:

[ლევან თარხნიშვილი] ”ჯერ ეს ერთი, რომ პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე. და მეორეც - მივიღოთ მაქსიმალურად კარგი სიები. სიები ზოგადად არის დახვეწილი. ეს საპრეზიდენტო არჩევნებმაც აჩვენა, როდესაც დაახლოებით 2 მილიონმა ადამიანმა მისცა ხმა. ანუ, როგორც მინიმუმ, 2 მილიონი ჩანაწერი ამ სიაში არის სწორი.”(სტილი დაცულია)

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამრავლებული ამომრჩეველთა სიის ელექტრონული ვერსია საქართველოში ჯერჯერობით მხოლდო 10 -მა პარტიულმა სუბიექტმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ მიიღო. კომისია მზად არის, წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, მონაცემები ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციას გადასცეს. რაც შეეხება მოქალაქეებს, ლევან თარხნიშვილის თქმით, კომისია მათ პირადი მონაცემების გადამოწმების შემდეგ საშუალებას სთავაზობს:

[ლევან თარხნიშვილი] ”ჩვენ ვებსაიტზე რომ შევიდეს ადამიანი და შეიყვანოს თავისი პირადი ნომერი, ნახავს არის თუ არა სიაში. და მთავარი სიახლე, რაც ამ არჩევნებისთვის არის, ესაა მოკლე გზავნილი, ე.წ. ესემესი, რომლითაც ნებისმიერ აბონენტს, მიუხედავად იმისა, მაგთის აბონენტია თუ ჯეოსელის, შეუძლია გააგზავნოს 12- 60-ზე მისი პირადი თერთმეტნიშნა ნომერი და უკან მიიღებს გზავნილს, არის თუ არა დარეგისტრირებული სიაში.”(სტილი დაცულია)

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ ერთიან სიაში სამი მილიონ 473 ათასი ამომრჩეველია შეტანილი, ანუ 60 ათასით მეტი, ვიდრე იყო 5 იანვრის სიაში. კომისიაში განმარტავენ, რომ მონაცემების გაზრდა დამატებითი სიების გაუქმებას და ასევე მოქალაქეთა სტატუსის შეცვლას უკავშირდება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG