Accessibility links

logo-print

რუსეთის პრეზიდენტმა უკვე დაავალა საკუთარ მთავრობას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობის მოწესრიგება


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკვე მისცა საკუთარ მთავრობას კონკრეტული დავალებები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებთან

ურთიერთობის მოსაწესრიგებლად. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება. თავად ბრძანება გამოქვეყნებული არ არის. თუმცა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ კომენტარებში დეტალურად არის განმარტებული, რას ითვალისწინებს ვლადიმირ პუტინის მიერ გაცემული დავალებები. მინდა გაცნობოთ, როგორ მიიღეს საქართველოში რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებული ცნობა.

ცნობა მოულოდენლი არ ყოფილა, რადგანაც პუტინის ახალი გეგმა თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებთან დაკავშირებით, თავისი დეტალებითურთ, ორიოდ დღის წინ ”ნეზავისიმაია გაზეტამ” გაახმაურა... რუსეთის პრესაში გაჟონილი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პუტინს ხელმოსაწერად მზადა აქვს ბრძანების ტექსტი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ნახევრად ოფიციალური ურთიერთობის დამყარების შესახებ, თბილისში სიფრთხილით მიიღეს. მაგალითად, საქართველოს ექს–საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი თავის ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავდა: მე არ ვიჩქარებდი შეფასების გაკეთებას, სანამ არ გავარკვევდი რასთან გვაქვს საქმე, პროვოკაციულ მისტიფიკაციასა თუ რეალურ გეგმასთან, რომელიც უდიდეს პასუხისმგებლობას დააკისრებს რუსეთსო...

საქმე რომ სწორედ რეალურ გეგმასთან გვაქვს, ეს რუსეთის საგარეო უწყებამ დაადასტურა... სამინისტროს ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა გასცა კონკრეტული დავალებები, რაც, თავის მხრივ, დე ფაქტო რესპუბლიკების და იქ მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების დახმარებისკენ არის მიმართული. რუსეთის მთავრობას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების ორგანოებთან თანამშრომლობა დაევალა, მათ შორის – სავაჭრო-ეკონომიკურ, სოციალურ, სამეცნიერო, კულტურის თუ განათლების სფეროებში.რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რომ ზუსტდება თვითგამოცხადებული რესპუბლიკების დე ფაქტო ორგანოების მიერ ფიზიკური პირებისთვის გაცემული დოკუმენტების სია, რადგან ეს დოკუმენტები რუსეთის ფედერაციამ უნდა ცნოს. ამავდროულად, რუსეთმა სამართლის სუბიექტად უნდა აღიაროს თვითგამოცხადებული რესპუბლიკების კანონმდებლობის მიხედვით რეგისტრაციაში გატარებული პირები. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რომ სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები, აუცილებლობის შემთხვევაში, კრასნოდარის მხარესა და ჩრდილოეთ ოსეთში გარკვეულ საკონსულო სამსახურს გაუწევენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მუდმივად მცხოვრებ პირებს.. რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ეს შეკითხვა საქართველოს ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს ირაკლი მენაღარიშვილს დავუსვით. ” ეს არის პროვოკაციული ნაბიჯი, რომელიც ემსახურება მეზობელ სახელმწიფოში სეპარატიზმის წახალისებას”, – გვიპასუხა მან და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დასძინა: :

[ირაკლი მენაღარიშვილის ხმა] ”ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები არარუსეთის მოქალაქეების მიმართ რუსეთი ყველა საერთაშორისო ნორმების დარღვევით აპირებს იურიდიული აქტების განხორცილებას. ეს პირდაპირი ჩარევა გახლავთ საქართველოს საშინაო საქმეებში. ”

იმას, რაც აშკარად მეზობელი სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩარევაა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ განიხილავს კონფრონტაციულ ნაბიჯად.. რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, ” წლების მანძილზე გაჭიანურებული კონფლიქტების შედეგად მძიმე ვითარებაში მყოფ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას პრობლემებს კიდევ უფრო უმძიმებს ოფიციალური თბილისის ქმედებები.“ ამ ქმედებებში იგულისხმება, კერძოდ, ის, რომ თბილისი უარს ამბობს სოხუმსა და ცხინვალთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებაზე, აძლიერებს არმიას და ახდენს ძალის დემონსტრირებას . ” ასეთ ფონზე საქართველოს ხელისუფლების ახალი სამშვიდობო ინიციატივები ვერ იქნება აღქმული სერიოზულად”, - აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და დასძენს: ”ჩვენი ქმედებები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთი ირჩევს კონფრონტაციას საქართველოსთან. ჩვენ მომხრე ვართ მოიხსნას ის სანქციები და შეზღუდვები, რომლებიც რეგიონის განვითარებას აფერხებს. ამ კურსს ადასტურებს საქართველოსთან საზღვაო და საჰაერო მიმოსვლის აღდგენა და სხვა ნაბიჯები.“ ირაკლი მენაღარიშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული განმარტების ამ ნაწილს უაღრესად ცინიკურს უწოდებს... საქართველოს ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ პასუხი ცინიზმზეც და კონკრეტულ ქმედებებზეც ადეკვატური იქნება.

რუსეთი თანდათანობით ააშკარავებს საქართველოს ამბოხებული რეგიონების მიმართ თავის გეგმას... გაეროში რუსეთის წარმომადგენელმა ვიტალი ჩურკინმა თავის ერთ-ერთ ბოლო განცხადებაში არ გამორიცხა საჰაერო მიმოსვლის გახსნა რუსეთსა და აფხაზეთს შორის... 16 აპრილს გახმაურებული პუტინის დავალებები კი აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა სერგეი შამბამ რუსეთის მთავრობისთვის რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მიერ მიცემული რეკომენდაციების რეალიზაციად აღიქვა. აქვე ვიტყვით იმასაც, რომ 25 აპრილს რუსეთის სახელმწიფო სათათბირო დაუბრუნდება თვითგამოცხადებული რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტების მოთხოვნის განხილვას.
XS
SM
MD
LG