Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰილარი კლინტონმა და ბარაკ ობამამ მორიგი ტელედებატები გამართეს


მომავალ სამშაბათს, 22 აპრილს, შეერთებულ შტატებში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიაში მნიშვნელოვანი ეტაპია: წინასწარი კენჭისყრა, ანუ "პრაიმარიზი",

რომელშიც პოლიტიკური პარტიები თავიანთ საპრეზიდენტო კანდიდატს ირჩევენ, გაიმართება პენსილვანიის შტატში. მიმომხილველთა აზრით, დიდწილად სწორედ იქ გადაწყდება, რომელი დემოკრატი პოლიტიკოსი დაუპირისპირდება საპრეზიდენტო არჩევნებში ჯონ მაკკეინს - რესპუბლიკური პარტიის კანდიდატს: ჰილარი კლინტონი თუ ბარაკ ობამა.

პენსილვანიის მოსახლეობა 12 მილიონს აღემატება - ამ მაჩვენებლით ეს შტატი მეექვსეა ამერიკაში - და, იქ დაგეგმილი კენჭისყრის მნიშვნელობასაც ეს განსაზღვრავს. გუშინ ჰილარი კლინტონმა და ბარაკ ობამამ თავიანთი ბოლო ტელედებატები გამართეს პენსილვანიის პრაიმარიზის წინ.

კლინტონმა კიდევ ერთხელ სცადა, საკუთარი თავი მუშათა კლასის, მცირე ქალაქების მოსახლეობისა და ხნიერი ხალხის ინტერესების გამტარებლად წარმოედგინა; ხოლო თავისი ოპონენტი დაეხატა ქალაქელ ინტელექტუალად, რომელსაც "უბრალო მოკვდავთან" კავშირი გაწყვეტილი აქვს.

სენატორმა კლინტონმა გაიხსენა ობამას ამასწინანდელი განცხადება, რომლის თანახმად, მცირე ქალაქების მოსახლეობა შეწუხებულია მძიმე ეკონომიკური მდგომარეობით და გამოსავლის ძიებაში ან რელეგიას მიმართავს, ანაც ხელში იარაღს იღებს.

[ჰილარი კლინტონის ხმა] "არა მგონია, ბაბუაჩემი ან მამაჩემი, ან პენსილვანიაში მცხოვრები ის ადამიანები, ვისთან ნაცნობობაც და შეხვედრაც მარგუნა ბედმა მრავალი წლის მანძილზე, რელიგიას მაშინ მიმართავდნენ, როცა ვაშინგტონი მათ ყურს არ ათხოვებს. ჩემი აზრით, ეს არის საფუძველშივე მცდარი წარმოდგენა იმაზე, თუ რა როლი აკისრია რელიგიასა და რწმენას - ლხინის ჟამს თუ გაჭირვების დროს. ასევე არა მგონია, რომ ხალხს მაშინ ახსენდებოდეს თავისი ტრადიციები, - ნადირობა თუ თოფის სროლა - როცა ის მთავრობით არის უკმაყოფილო. უბრალოდ, არა მგონია, ხალხი ასე ცხოვრობდეს."

ჰილარი კლინტონის განცხადებას ბარაკ ობამამ ასე უპასუხა:

[ბარაკ ობამას ხმა] "ხალხს დღეს ძალიან უჭირს და ამის მოწმენი ვართ მთელს ქვეყანაში. ასე იყო ჯერ კიდევ მანამ, ვიდრე ეკონომიკური პრობლემები გაჩნდებოდა და იპოთეკური კრიზისი წარმოიშვებოდა. ეს პირველი ეკონომიკური აღმავლობაა, რომელიც ახლახან დასრულდა, და რომლის შემდეგ რიგითი მოქალაქეების შემოსავალი - თუ ინფლაციას გავითვალისწინებთ - შემცირდა. მაშინ, როცა ასტრონომიულად გაიზარდა აბსოლუტურად ყველაფრის ფასი - ჯანდაცვის სფეროთი დაწყებული, ბენზინით დამთავრებული. ასე რომ, რის თქმაც მინდოდა, არის შემდეგი: როცა ხალხს ეუფლება გრძნობა, რომ ვაშინგტონში მისი ბედი არავის აღელვებს, როცა მას წლიდან წლამდე, ათწლეულიდან ათწლეულამდე ჰპირდებიან, რომ მათი ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება - და ეს არ ხდება - მაშინ ამ ხალხს ყურადღება გადააქვს მარადიულ სფეროებზე, როგორიც არის, მაგალითად, რელიგია."

ბარაკ ობამასა და ჰილარი კლინტონის სატელევიზიო დებატებს, როგორც ზემოთაც გითხარით, 22 აპრილს მოჰყვება დემოკრატიული პარტიის წინასწარი არჩევნები პენსილვანიის შტატში. სამშაბათის კენჭისყრის შემდეგ, შესაძლოა, გავიგოთ კიდეც, ვის დაასახელებს დემოკრატიული პარტია თავის საპრეზიდენტო კანდიდატად - ჰილარი კლინტონს თუ ბარაკ ობამას.
XS
SM
MD
LG