Accessibility links

logo-print

სოხუმი თბილისს ულტიმატუმის ენით ელაპარაკება....


რუსეთის ხელისუფლების ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებების და განცხადებების პირველი თვალსაჩინო შედეგი უწოდეს თბილისში აფხაზეთის

დე ფაქტო პრეზიდენტის მიერ წამოყენებულ ულტიმატუმს. 17 აპრილს სერგეი ბაღაფშმა საქართველოს ხელისუფლება გააფრთხილა, რომ გალის რაიონისკენ სამხედრო ძალებს დაძრავს, თუკი საქართველოს მხარე ზემო აფხაზეთიდან და ზუგდიდის რაიონიდან სამხედროებს არ გაიყვანს.

ბაღაფშმა გაფრთხილება მოაყოლა იმის შეხსენებას, რომ საქართველოს მხარეს ზუგდიდის რაიონში 2500 სამხედრო ჰყავს განთავსებული, ზემო აფხაზეთში კი - 800... საქართველოს მხარემ უარყო ზუგდიდის რაიონსა და ზემო აფხაზეთში დამატებითი სამხედრო ძალების შეყვანის ფაქტი და კონფლიქტის ზონაში გაეროს სამხედრო სადამკვირვებლო მისიას მოუწოდა პოზიცია გამოხატოს... რა გამოხმაურებები მოჰყვა თბილისში სოხუმის მუქარას?

სერგეი ბაღაფში გალის რაიონისკენ თავისი სამხედრო ძალების დაძვრით მას შემდეგ დაიმუქრა, რაც საქართველოს გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს ივო პეტროვს შეხვდა და ზუგდიდის რაიონსა და ზემო აფხაზეთში ქართველი სამხედროების კონცენტრაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, აფხაზთა მხარის ცნობით, ბოლო დღეებში ზუგდიდის რაიონში საქართველოს მხარემ 2500 სამხედრო შეიყვანა, ზემო აფხაზეთში კი - 800... ამ ცნობაზე დაყრდნობით, ბაღაფშმა თბილისს მოუწოდა ზუგდიდის რაიონიდან და ზემო აფხაზეთიდან სამხედროები გაიყვანოს:

[სერგეი ბაღაფშის ხმა] ”თუ არ მივიღებთ ხვალ პასუხს საქართველოს მხარისგან და გაეროს სადამკვირვებლო მისიისგან იმის შესახებ, თუ რა ხდება ჩვენს საზღვრებთან, გალის რაიონისკენ სამხედროებს დავძრავთ. ”

საქართველოს მხარე ირწმუნება, რომ ცნობა ზუგდიდის რაიონსა და ზემო აფხაზეთში სამხედროთა კონცენტრაციის შესახებ უსაფუძვლოა.. სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი განმარტავს, რომ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დე ფაქტო ლიდერებს კრემლი საქართველოს წინააღმდეგ იარაღად იყენებს რეგიონში დაძაბულობის შექმნის მიზნით...


[თემურ იაკობაშვილის ხმა] ” საქართველოს ხელისუფლებას შეიარაღებული ძალები არც ზუგდიდის რაიონში და არც ზემო აფხაზეთში არ შეუყვანია. ასეთი საუბარი, ულტიმატუმის ენით საუბარი არის მცდელობა საქართველო ჩაითრიონ სამხედრო ქმედებებში. ”

საქართველო არ წამოეგება პროვოკაციას , ჩვენ ვართ სამშვიდობო პოლიტიკის ერთგულნი, - განაცხადა თემურ იაკობაშვილმა და განმარტა, რომ საქართველოს ხელისუფლების ახალი სამშვიდობო ინიციატივები ძალაში რჩება და ის, როგორც მინისტრი, მზად არის ამ ინიციატივებზე სასაუბროდ სოხუმში ჩავიდეს..

ბაღაფშის ულტიმატუმს რუსეთის ხელისუფლების ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებების პირდაპირი შედეგი უწოდა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ბაქრაძემ:

[დავით ბაქრაძის ხმა] ”რუსეთის პირდაპირი მხარდაჭერის პირობებში საქმე იქამდე მივიდა, რომ სეპარატისტული რეჟიმი პირდაპირ ემუქრება გალის რაიონისა და ზემო აფხაზეთის მოსახლეობას. ჩვენ არ დავუშვებთ ხიფათის შექმნას ჩვენი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის და ვურჩევ ყველას გაითვალისწინონ ეს. ”

ასეთი რჩევის პარალელურად, საქართველოს ოფიციალური პირები ხაზგასმით აცხადებენ, რომ ბოლოდროინდელი გამოწვევების წინაშე საქართველო იქნება მაქსიმალურად თავშეკავებული. ამას მოუწოდებენ საქართველოს მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებიც.. საქართველოს თავშეკავებისკენ მოუწოდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწემ მეთიუ ბრაიზამ. მანვე გააკეთა განცხადება, რომ მოსკოვის ბოლოდროინდელი ნაბიჯები აღარ შეესაბამება შუამავლის სტატუსს. რუსეთი საქართველოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დარღვევის მცდელობაში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ფაქტობრივ ანექსიაში დაადანაშაულა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ჯონ მაკკეინმა.. აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანა მოითხოვა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ შესაბამისი დეკლარაციით, რომელსაც 25 პარლამენტარმა მოაწერა ხელი .. საგულისხმოა, რომ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოსკოვს მოუწოდა ხელი აიღოს თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებთან ღია ურთიერთობის დამყარებაზე, გაერო კი, საქართველოს მხარის მოთხოვნით, მომავალ კვირაში იმსჯელებს საქართველოს საკითხზე. გაეროში დიდი ბრიტანეთის ელჩის ჯონ სოიერის აზრით, სამხრეთ კავკასიაში მოვლენები, შესაძლებელია, ცუდად განვითარდეს, რის გამოც საქართველოს პრეტენზიები გულდასმით უნდა იქნეს შესწავლილი.
XS
SM
MD
LG