Accessibility links

ყოველკვირეული პროგრამა


წამყვანი: ბიძინა რამიშვილი, პრაღა 743-ე გამოშვება

ბიძინა რამიშვილი:
ძვირფასო რადიომსმენელებო. ვიწყებთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგ გამოშვებას. დღეს ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორია საკვები პროდუქტების ხარისხი, ვის ევალება სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფა და ირღვევა თუ არა მოქალაქეთა უფლებები; მოგითხრობთ იმის შესახებ, თუ როგორი ენით იწერება ხშირ შემთხვევაში ქვეყნის კანონმდებლობა; შემოგთავაზებთ სიუჟეტს ცნობილ ქართველ მოქანდაკეზე, ელგუჯა ამაშუკელზე, რომელსაც ამ დღეებში 80 წელი შეუსრულდებოდა; პროგრამის დასასრულს ვისაუბრებთ, როგორ იდევნება რუსეთში სატირა.
ამ და სხვა თემებზე გვექნება დღეს საუბარი მეათე სტუდიაში, რომელსაც პრაღაში ბიძინა რამიშვილი უძღვება.


,,როგორ პროდუქტს ვყიდულობთ? – ძალიან საეჭვოა...”

ბიძინა რამიშვილი:
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 1991 წელს მიიღო რეზოლუცია ,,სახელმძღვანელო პრინციპები მომხმარებელთა ინტერესების დასაცავად”, რომელიც ამ უფლებების დაცვის რვა ძირითად პრინციპს მოიცავს. უსაფრთხოების უფლება, არჩევანის უფლება, ანაზღაურების უფლება და სხვა... საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დაცვა ქვეყნის კონსტიტუციით არის გარანტირებული, ამ სფეროს რამდენიმე კანონი არეგულირებს. ამის მიუხედავად, ქვეყანაში, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მხრივ, მაგალითად, სურსათის უვნებლობის თვალსაზრისით, სერიოზული პრობლემებია. როგორია საკვები პროდუქტების ხარისხი, ვის ევალება სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფა და ირღვევა თუ არა მოქალაქეთა უფლებები? ამ პრობლემების გარკვევას მარინა ვაშაყმაძე შეეცადა.

იხ. აუდიოვერსია.

როგორი ენით იწერება ქვეყნის კანონმდებლობა

ბიძინა რამიშვილი:
ამ კვირაში, საქართველოში კვლავ გაიხსენეს 30 წლის წინანდელი მოვლენები, როდესაც სახელმწიფო ენის დასაცავად თბილისის ცენტრში ათი ათასობით ადამიანი შეიკრიბა. 1978 წლის თოთხმეტ აპრილს ქვეყანამ სახელმწიფო ენად ქართული შეინარჩუნა. 30 წლის შემდეგ საქართველოში კვლავ განახლდა დისკუსია იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო ენას კონსტიტუციური დაცვა სჭირდება. ბოლო ხანს გააქტიურდა რამდენიმე საზოგადოებრივი მოძრაობაც, რომლის წარმომადგენლები მასმედიის, მთავრობისა და პარლამენტისგან ნორმალური ქართულით საუბარს მოითხოვენ. ნინო როდონაია მოგითხრობთ იმის შესახებ, თუ როგორი ენით იწერება ხშირ შემთხვევაში ქვეყნის კანონმდებლობა.

იხ. აუდიოვერსია.


ელგუჯა ამაშუკელი - 80

ბიძინა რამიშვილი:
ამ დღეებში ქართული საზოგადოება ელგუჯა ამაშუკელს გაიხსენებს. ცნობილ ქართველ მოქანდაკეს – ვახტანგ გორგასლის, ქართვლის დედის ძეგლების ავტორს – 22 აპრილს 80 წელი შეუსრულდებოდა. ჩვენი კოლეგა გიორგი გვახარია ესაუბრა ელგუჯა ამაშუკელის კოლეგას ირაკლი ოჩიაურს, რომელიც ამაშუკელთან ერთად ”სამოციანელთა თაობის” წარმომადგენლად ითვლება ქართულ სახვით ხელოვნებაში.

გიორგი გვახარია:
ელგუჯა ამაშუკელზე უფროსი ვარო, ამბობს ირაკლი ოჩიაური, თუმცა იმასაც აღიარებს, რომ მან, გოგი ოჩიაურმა, მერაბ ბერძენიშვილმა და ელგუჯა ამაშუკელმა პირველებმა დაიწყეს ბრძოლა ერთად სოციალისტური რეალიზმის წინააღმდეგ ქართულ საბჭოთა ქანდაკებაში.

არსებითად ბრძოლის ეს პროცესი დიდხანს არ გაგრძელებულა. 1958 წელს, როცა ელგუჯა ამაშუკელმა თბილისის სამხატვრო აკადემია დაამთავრა, ქვეყანაში უკვე ბევრი რამ შეიცვალა - უკვე შესაძლებელი გახდა თბილისის თავზე დადგმულიყო ყველასათვის უცნობი ახალგაზრდა მოქანდაკის ძეგლი, ”ქართვლის დედა”, ამ ნამუშევრისთვის დამახასიათებელი პლასტიკური და დეკორატიული საწყისების ერთიანობით. ამას მოჰყვა ვახტანგ გორგასლის ძეგლზე გამოცხადებული კონკურსი, რომელშიც ისევ ამაშუკელმა გაიმარჯვა. ირაკლი ოჩიაური აღიარებს, რომ ამაშუკელისთვის დამახასიათებელი სტილების ასეთი პრინციპული აღრევა მისთვის უცხოა, თუმცა სწორედ ეს მხარე განსაზღვრავს ელგუჯა ამაშუკელის ინდივიდუალობას და მის ადგილს ქართულ კულტურაში:

[ირაკლი ოჩიაურის ხმა] ”ძალიან ახალგაზრდა იყო მაშინ, კონკურსში გაიმარჯვა. მანდ ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული, როგორც მონუმენტალისტი. მანდ შეპარულია დაზგური ქანდაკების ელემენტებიც - ახლოდან როცა უყურებთ, მაგალითად, ცხენის საფალნეა ხაზგასმული. მონუმენტური ქანდაკებისთვის ეს გაუგებარია, მაგრამ შემდგომში უფრო დახვეწილია... შეიძლება ცოტა ჭარბობდეს დეკორატიული მიდგომა.”

ელგუჯა ამაშუკელის შემოქმედების ღირსებად სპეციალისტები გარემოს განსაკუთრებულ გრძნობას მიიჩნევენ. აბა, შეიძლება დღეს წარმოვიდგინოთ მეტეხის პლატო ვახტანგის ძეგლის გარეშე? ქანდაკება ხომ აქ თითქოს პოსტამენტიდანაა ამოზრდილი.

[ირაკლი ოჩიაურის ხმა] ”კარგ არქიტექტორთან მუშაობდა - ვახტანგ დავითაიასთან. ძნელი სათქმელია, რომელი იყო წამყვანი გარემოსთან ურთიერთობის მისაღწევად.”

ელგუჯა ამაშუკელს აქვს დაზგური ნამუშევრები, გაფორმებული აქვს წიგნებიც, - ვაჟა ფშაველას, გალაკტიონ ტაბიძის კრებულები, - თუმცა სიცოცხლის ბოლომდე მისი სტიქია მონუმენტური ქანდაკება იყო და სიცოცხლის ბოლომდე ცდილობდა ურთიერთგამომრიცხავი სტილების გაერთიანებას.

[ირაკლი ოჩიაურის ხმა] ”გორში აქვს ლომი, ზედ ჭაბუკი, ხმლით. აქაც ლომი გამოძერწილია რეალისტური პრინციპით, მაგრამ ფაფარი დეკორატიულია. შეუსაბამობაა... ყველაფერს წყვეტს არა სტილისტური თავისებურებები, არამედ ნიჭი. იგი კი, უდავოდ, ნიჭიერი კაცი იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, გარემო იყო ჩვენთან დამთრგუნავი.”

დამთრგუნავი გარემო, ცხადია, ყველა მხატვარზე მოქმედებს. მაგრამ მოქანდაკისთვის, რომელმაც თავისი ნამუშევარი, სწორედაც რომ, გარემოს უნდა მიუსადაგოს, ცენზურა განსაკუთრებული პრობლემაა. კონკურსში რომ გაემარჯვა, მისი ნამუშევარი რომ დაედგათ, საბჭოთა მოქანდაკეების უმრავლესობა იძულებული იყო პარტიის დაკვეთები შეესრულებინა. ირაკლი ოჩიაურის თქმით, ელგუჯა ამაშუკელი ასეთ კომპრომისზე არასდროს წასულა - მან, სწორედაც რომ, ნიჭით დაიმკვიდრა ადგილი ქართულ კულტურაში, სწორედაც რომ, თავისი ნიჭის გამო დაიმსახურა რუსთაველის ერთ-ერთი პირველი პრემია 1966 წელს, ”ქართვლის დედის” ქანდაკებისთვის:

[ირაკლი ოჩიაურის ხმა] ”კონიუნქტურულ ქანდაკებას, მაამებლურ ქანდაკებას ხელისუფლებისადმი არასდროს აკეთებდა. იმ დროს ეს გმირობის ტოლფასი იყო. რანაირად შეიძლება ფეხზე დადგე, გაგაკეთებინონ, დაგიკვეთონ, როცა არასდროს გაგიკეთებია მემაღაროე, მეჩაიე, ტრაქტორისტი. ამაში მართლა იყოჩაღა.”


რუსეთში სატირა იდევნება - მაგრამ უშდეგოდ...

ბიძინა რამიშვილი:
სამიოდე კვირაც და რუსეთის პრეზიდენტად არჩეული დმიტრი მედვედევი ერთგულების ფიცს დადებს. ქვეყანას ახალი პრეზიდენტი ეყოლება, რომელმაც, მართალია, დამაჯერებლად გაიმარჯვა 2 მარტის არჩევნებში, მაგრამ - თუ მასზე ანეგდოტების შთამბეჭდავი რაოდენობით ვიმსჯელებთ - ჯერ ვერ დაიმსახურა თანამემამულეთა სერიოზული დამოკიდებულება. რუსეთში პოლიტიკური სატირა ჰყვავის - და ეს მიუხედავად იმისა, რომ იდევნება. დეტალებსა და ერთი-ორ ანეკდოტს მარიამ ჭიაურელისაგან მოისმენთ.

მარიამ ჭიაურელი:
შეკითხვა: რა არის ნანოტექნოლოგია რუსულ პოლიტიკაში? პასუხი: ყოველი ახალი ლიდერი წინამორბედზე უფრო ტანმორჩილია.

თანამედროვე რუსული სატირის ამ და სხვა ნიმუშებში დმიტრი მედვედევს ან მისი სიმაღლის გამო დასცინიან, ან სახის ცოტა არ იყოს ბავშვური, მიამიტური გამომეტყველებისთვის, ყველაზე ხშირად კი მომავალ პრეზიდენტს პუტინის მარიონეტად წარმოსახავენ.

მაგალითად, ასეთ ანეკდოტს ჰყვებიან: პუტინი და მედვედევი რესტორანში სხედან. პუტინი მწვადს უკვეთავს. "და ბოსტნეული?" - ეკითხება ოფიციანტი. "ბოსტნეულსაც მწვადი მოუტანეო" - პასუხობს პუტინი. ცხადია, "ბოსტნეულში" ამ შემთხვევაში მედვედევი იგულისხმება.
ყველაზე პოპულარული მაინც ერთი ძველი, საბჭოთა პერიოდის ფილმის ნაწყვეტია - ოღონდ მას ტექსტი გამოუცვალეს. საქმე ეხება ეპიზოდს “კავკასიელი ტყვე ქალიდან”, რომლის გმირიც - კავკასიაში ტრადიციების შესასწავლად ჩასული შურიკა - მედვედევად არის წარმოსახული. თუ ფილმში მას იმისთვის ატყუებენ, რათა ქალის მოტაცებაში მონაწილეობაზე დაიყოლიონ, შეცვლილ, პოლიტიკურ სატირად ქცეულ ვერსიაში - ატყუებენ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.

[ნაწყვეტი “კავკასიური ტყვე ქალის” ტექსტგამოცვლილი ეპიზოდიდან: იხ. აუდიოვერსია]

შურიკას თანამოსაუბრე, რომელსაც (მსმნელს, ალბათ, ახსოვს) ლეგენდარული ფრუნზიკ მკრტჩიანი განასახიერებს, ამის შემდეგ გულუბრყვილო ახალგაზრდას განუმარტავს, რომ ყველაფერი “ბუნებრიობის შთაბეჭდილებას უნდა ტოვებდეს”. “კანდიდატები წინააღმდეგობას გაგიწევენ, მუშტების ქნევაზე, კბენაზეც კი გადავლენ, მეთვალყურეებს მოუხმობენ, გაეროში ჩივილითაც დაიმუქრებიან. მაგრამ ამას ყურადღებას ნუ მიაქცევ - ძველი, მშვენიერი ტრადიციის განუყოფელი ნაწილიაო”, დასძენს მამაკაცი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე შურიკას დაყოლიებას ცდილობს.

“კავკასიელი ტყვე ქალის” ეს, ტექსტნაცვალი ეპიზოდი, ინტერნეტის მეშვეობით, უკვე მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა! და თუ მათ შორის კრემლის მესვეურებიც იყვნენ, ნასიამოვნები ნამდვილად არ დარჩებოდნენ.
ამ ყაიდის ხუმრობა ძალიან შორს დგას პუტინისა და მედვედევის იმიჯისაგან, რომელიც სახელმწიფო საინფორმაციო საშუალებებში დომინირებს.

რუსეთის კინოაკადემიის დირექტორი, სატირიკოსი იული გუსმანი ფიქრობს, რომ პოლიტიკური სატირისადმი დამოკიდებულება პუტინის მმართველობის წლებში გამკაცრდა: [გუსმანის ხმა] “სატირა ქრება სოციალური სფეროდან და სატელევიზიო დისკუსიებიდან. ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა და, ვფიქრობ, დიდი ხნით. ჩემი აზრით, ეს ტენდენცია პუტინის დროს დაიწყო, რადგან ელცინისთვის ბევრი რამ შეგეძლო გესაყვედურა, მაგრამ ის მართლაც მოწიწებით ეკიდებოდა სიტყვის თავისუფლებას, პრესას, რომელიც მას თავს ესხმოდა, კბენდა. ელცინი კბილების ღრჭიალით ითმენდა ყველაფერს.”

სატირის შეზღუდვა გუსმანმა საკუთარ თავზე გამოსცადა: "ნიკათი" - რუსული ოსკარით - დაჯილდოების ცერემონიის ვიდეოჩანაწერიდან, ვიდრე მას ტელევიზიით აჩვენებდნენ, ამოჭრეს გუსმანის ხუმრობა პუტინ-მედვედევის ტანდემზე.

თუმცა, კრემლს, როგორც ჩანს, არც ისეთი შთაბეჭდილების შექმნა სურს, თითქოს იუმორთან მწყრალად იყოს. 2 მარტს - რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების დღეს, ტელევიზიით აჩვენეს “კავეენი” - მხიარულთა და საზრიანთა კლუბის უაღრესად პოპულარული შოუ, რომელსაც დმიტრი მედვედევიც ესწრებოდა. პრეზიდენტობის კანდიდატი, რომლის წარმატებაშიც ეჭვი არავის ეპარებოდა, გაბადრული სახით უსმენდა უწყინარ ხუმრობებს მის კარიერაში ესოდენ მოულოდნელ ნახტომზე.

გუსმანი დაასკვნის: [გუსმანის ხმა] “ეს თითქოს დემოკრატიაა ქვეყანაში, გვაქვს სიტყვის თავისუფლება. ამხანაგი სტალინი არ გეგონოთ! ეს არის დაშვებული იუმორი, ნებადართული იუმორი - სასიამოვნო, მაგრამ მეტი არაფერი”.

პოსტსაბჭოთა, 90-იანი წლების მძაფრი, დაუნდობელი სატირა, ფაქტობრივად, განიდევნა. ასეთი ბედი ეწია, მაგალითად, შოუს “Eoeeu” ("თოჯინები") - ერთ-ერთ პირველ სატელევიზიო პროგრამას, რომელიც ეკრანებიდან გაუჩინარდა 2000 წელს პრეზიდენტად პუტინის აღზევების შემდეგ.

შოუს ერთმა ეპიზოდმა - მასში უნიჭო, მახინჯ არსებად გამოსახული პუტინი ხალხს აჯადოვებს ოლიგარქ ბერეზოვსკის წყალობით - იმდენად აღაშფოთა პრეზიდენტის მომხრეები, რომ გამოქვეყნდა წერილი, რომლის ავტორები შოუს ავტორთა გასამართლებას ითხოვდნენ.

ვიქტორ შენდეროვიჩი - ცნობილი სატირიკოსი და “Eoeeu”-ს ავტორთაგანი - მაშინ სასამართლოს გადაურჩა, მაგრამ 2001 წელს თვითონვე მიატოვა შოუ, როცა ტელეარხი, შოუს რომ აჩვენებდა, სახელმწიფო კომპანიის ხელში გადავიდა. საბოლოოდ “Eoeeu” არა მარტო ენამოსწრებული ავტორის, არამtდ პუტინის თოჯინის გარეშე დარჩა და 2003 წელს სულაც გაქრა ტელეეკრანიდან. პოლიტიკური სატირა იატაკქვეშეთში მიაბრძანესო, განმარტავს შენდეროვიჩი: [შენდეროვიჩის ხმა] “პროგრამა “Eoeeu” კი არ გაქრა, გაქრა ქვეყანა, რომელშიც პროგრამა “Eoeeu” გამოდიოდა. თუ ინტერნეტს არ ჩავთვლით, შეიძლება ითქვას, რომ საბჭოთა ვარიანტს დავუბრუნდით. პერსონალური, მტკივნეული სატირა, მიმართული ყველაზე მტკივნეულ წერტილებზე - ფედერალურ სივრცეში სრულიად შეუძლებელია. ის მთლიანად გადავიდა ინტერნეტში, მთლიანად გადავიდა ფოლკლორში.”

ფოლკლორი რუსეთში პოლიტიკური სატირის მდიდარი ტრადიციებით გამოირჩევა. საუკუნოვანი ტრადიცია აქვს, მაგალითად, ჩასტუშკებს - მხიარულ, ხშირად უხამსტექსტიან სიმღერებს, რომლებშიც მასხრად იგდებენ ყველას და ყველაფერს, მათ შორის სახელმწიფოს ლიდერებსაც...

[შენდეროვიჩის ხმა] “რუსეთში ხელისუფლებაზე სიცილის ტრადიცია მხოლოდ და მხოლოდ ზეპირსიტყვიერი ტრადიციაა, მხოლოდ და მხოლოდ ფოლკლორული ტრადიცია. სტალინის დროს იყო სტალინზე ანეკდოტები. ყოველთვის იყო ანეკდოტები ხელისუფლებაზე, ყოველთვის იყო მძაფრი ჩასტუშკები, ყოველთვის იყო უაღრესად მრავალფეროვანი სატირა - თუნდაც უხამსი სატირა, ხალხური, ვულგარული, მაგრამ უზომოდ ნიჭიერი. ეს ყოველთვის იყო და ყოველთვის იქნება!”

ბიძინა რამიშვილი:
თქვენ მოისმინეთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგი გამოშვება, რომელიც პრაღაში მოამზადეს მარიამ ჭიაურელმა და ბიძინა რამიშვილმა. ამით დასრულდა ჩვენი დღევანდელი გადაცემაც, რომელსაც ბიძინა რამიშვილი უძღვებოდა.


XS
SM
MD
LG