Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გალის რაიონის მისადგომებთან შეიარაღებული ქვედანაყოფები გამოჩნდა


აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის გუშინდელი ულტიმატუმის შემდეგ ქართულმა საინფორმაციო სააგენტოებმა

გაავრცელეს ცნობა, რომ გამთენიისას გალის რაიონის მისადგომებთან შეიარაღებული ქვედანაყოფები გამოჩნდა. აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლებს ამასთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაცია არა აქვთ. ადგილობრივი მოსახლეობა კი იტყობინება, რომ რაიონში მართლაც გამოჩნდნენ რუსულად მოლაპარაკე სამხედროები სამშვიდობო ფორმის გარეშე.

გალის რაიონში ჯარების გადაადგილების შესახებ განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება. საინფორმაცია სააგენტოების მიხედვით, ოჩამჩირის მხრიდან გალის რაიონის მისადგომებთან ათასამდე შეიარაღებული სამხედრო გამოჩნდა, გალის რაიონის ქვედა ზონის სოფლებში კი საბრძოლო მდგომარეობაშია მოყვანილი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა.

გალის რაიონის დაბალი ზონის სოფლის მცხოვრები ვაჟა ყოლბაია ამბობს, რომ ხედავდა, როგორ შედიოდნენ მის სოფელში ჯარისკაცები, რის შემდეგაც თავი ზუგდიდს შეაფარა.

[ვაჟა ყოლბაიას ხმა] ”შემოჰყავთ კამაზის მარკის მანქანებით, გაუბიცები უკან უკიდიათ... ოჩამჩირეში არის კიდევ რუსული გემები, სამხედრო ტექნიკით დატვირთული. სამშვიდობო ფორმები არ აცვიათ, შავი ფორმები აქვთ. რუსები არიან და სხვებიც... ასე ვნახე მე. მოსახლეობა პანიკაში იყო.”

აფხაზეთის ლეგიტიმურ მთავრობაში გალის რაიონში დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკის შეყვანასთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაცია არა აქვთ, თუმცა იციან, რომ გარკვეული სახის სამხედრო გადაადგილება ხდება. ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაცია აქვს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე თემურ მჟავიას:

[თემურ მჟავიას ხმა] ”ჩემი წყაროს მეშვეობით მე მოვიპოვე დილას ინფორმაცია, რომ შედიან, ხოლო შემდგომში, გადამოწმების დროს, ეს აღარ დადასტურდა. ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციას. ჯერჯერობით დადასტურებული ინფორმაცია არ გვაქვს.”

დღესვე საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ცნობა იმის შესახებ, რომ სოხუმში, ბომბორას აეროპორტში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპეცრეისი დაჯდა, რომლითაც აფხაზეთში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოთხმოცი სპეციალისტი ჩავიდა. ამ ინფორმაციის მიხედვით, რუსი სპეციალისტები აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მაღალჩინოსნებთან მართავენ შეხვედრას. სოხუმში სპეცრეისის დაჯდომას საეჭვოდ მიიჩნევს საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია, რომელიც ამბობს, რომ, მართალია, ზუსტი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით მას არ გააჩნია, მაგრამ სოხუმის აეროდრომზე თვითმფრინავი რომ დამჯდარიყო, აუცილებლად ეცოდინებოდა:

[შოთა მალაშხიას ხმა] ”ეს არის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გასაკონტროლებელი სივრცე. ასეთი რამე რომც მოხდეს, ამის გაჩერების შესაძლებლობა გვაქვს ჩვენ. ჩვენ ხომ გვაქვს სარადარო სისტემა. ეს ინფორმაცია მყისიერად გავრცელდებოდა, იქიდან თვითმფრინავი რომ შემოსულიყო. მთლიანად საქართველოს ტერიტორიას აკონტროლებს.”

ცნობებს გალის რაიონისკენ სამხედრო ძალების დაძვრის შესახებ წინ უძღოდა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის 17 აპრილის ულტიმატუმი. სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ საქართველოს ზუგდიდის რაიონში 2500 სამხედრო ჰყავს განთავსებული, ზემო აფხაზეთში კი - 800. ბაღაფშმა ამ სამხედროთა დაუყოვნებლივი გაყვანა მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, საპასუხო ზომების მიღებით დაიმუქრა.

[სერგეი ბაღაფშის ხმა] ”თუ არ მივიღებთ ხვალ პასუხს საქართველოს მხარისა და გაეროს სადამკვირვებლო მისიისგან იმის შესახებ, თუ რა ხდება ჩვენს საზღვრებთან, დავძრავთ სამხედროებს გალის რაიონისკენ.”

ქართული მხარე უარყოფს ზუგდიდსა და გალში დამატებითი სამხედროების არსებობას. აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების მთავრობის თავმჯდომარემ მალხაზ აქიშბაიამ 18 აპრილს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ქართული მხარის მიერ საერთაშორისო შეთანხმებების დაურღვევლობას ადასტურებენ გაეროს სამხედრო დამკვირვებლებიც, რომლებიც ადგილზე პატრულირებენ.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG