Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასული კვირა მეტად დაძაბული გამოდგა


გასული კვირა მეტად დაძაბული გამოდგა

საქართველო-რუსეთის ურთიერთობის თვალსაზრისით. ვითარება განსაკუთრებით გაამწვავა კვირის დასაწყისში მეზობელი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულმა ცნობამ, რომლის თანახმადაც, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი საკუთარი მთავრობის მინისტრებს ავალებს დაარეგულირონ ურთიერთობა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებთან, რათა იქ მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს აღმოუჩინონ შესაბაბისი დახმარება.

რუსეთის მედიაში გამოქვეყნებული ცნობა, რომ თითქოსდა ვლადიმირ პუტინი საქართველოს სეპარატისტული რეგიონების მხარდასაჭერად საგანგებო განკარგულების გამოცემას აპირებდა, გასულ კვირაში დაადასტურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მიხეილ კამინინმა:

[მიხეილ კამინინის ხმა]

რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ამ ცნობას მყისიერად გამოეხმაურა ოფიციალური თბილისი. მცოცავი აგრესია, ცინიზმი, საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევა - ამ და სხვა მსგავსი შეფასებების გარდა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რუსეთზე ზეწოლის გაძლიერების მიზნით, მეგობარი ქვეყნების მთავრობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართეს. სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძემ შეხვედრები გამართა ბიუსელში.

[გიორგი ბარამიძის ხმა]

კერძოდ, გასულ კვირაში იაპ დე ჰოოპ სხეფერმა განაცხადა, რომ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას, ხოლო რუსეთის ნაბიჯი საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტს. ნატოს გენერალურმა მდივანმა ასევე მოუწოდა რუსეთის ფედერაციას გადახედოს საკუთარ ქმედებებს საქართველოს მიმართ, ოფიციალურ თბილისს კი თავის შეკავება ურჩია. ქართველი პოლიტიკოსებიც მთელი კვირის განმავლობაში აქტიურობდნენ, მაგრამ თავს იკავებდნენ მკვეთრი განცხადებებისგან. საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ბაქრაძის კომენტარი:

[დავით ბაქრაძის ხმა]

დავით ბაქრაძის თქმით, საგარეო უწყება ასევე მოითხოვს ეუთოში სპეციალური მუდმივი საბჭოს სხდომის გამართვას და ეგრეთ წოდებული ბერლინის მექანიზმის ამოქმედებას. ქართველი დიპლომატების ძალისხმევას და საერთაშორისო თანამეგობრობის გამოხმაურებას მაღალი შეფასება მისცა მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც გასულ კვირაში გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა]

თუმცა რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ სეპარატისტული რეჟიმების წარმომადგენლები. აფხაზეთის არაღიარებული რესპუბლკის პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობას ულტიმატუმიც კი წაუყენა:

[სერგეი ბაღაფშის ხმა]

პასუხად, საქართველოს მხარე ირწმუნება, რომ ცნობა ზუგდიდის რაიონსა და ზემო აფხაზეთში სამხედროთა კონცენტრაციის შესახებ უსაფუძვლოა. სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა განმარტა, რომ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დე ფაქტო ლიდერებს კრემლი საქართველოს წინააღმდეგ იარაღად იყენებს:

[თემურ იაკობაშვილის ხმა]

თუმცა, საქართველოს მთავრობის წარმომადგენელთა განცხადებების მიუხედავად, გასული კვირის მიწურულს დე ფაქტო რესპუბლიკის ხელმძღვანელებმა სამხედრო მობილიზაცია მაინც გამოაცხადეს. ტელეკომპანია ”რუსთავი ორის” ინფორმაციით, სოხუმმა გალის ტერიტორიაზე დამატებითი სამხედრო კონტინგენტი შეიყვანა, ხოლო რაიონის ზედა და ქვედა ზონის სოფლებში რუსეთის 131-ე მაიკოპის ბრიგადის სამხედრო კონტინგენტი განათავსა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სეპარატისტების აგრესიულ ქმედებას ამგვარი ახსნა მოუძებნა:

დავით ბაქრაძის ხმა

ძნელი სათქმელია, რა გაითვალისწინა რუსეთის მთავრობამ, მაგრამ ასევე გასულ კვირაში მეზობელი ქვეყნის საგარეო უწყებამ საქართველოსთან ურთიერთობის გაუმჯობესების სურვილი გამოთქვა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მიხეილ კამინინმა განაცხადა, რომ კრემლი, ფაქტობრივად, აუქმებს ყველა სახის შეზღუდვას, რომელიც ორი წლის წინ, რუსი მზვერავების საქართველოდან გაძევების შემდეგ, დააწესა:

[მიხეილ კამინინის ხმა]

რუსეთის ფედერაციის საელჩომ კი კამინინის განცხადების კვალად გაავრცელა სპეციალური განცხადება, რომელშიც გამოხატულია რუსული მხარის იმედი, რომ კრემლის პოზიციას შესაბამისი ადეკვატური ნაბიჯებით უპასუხებს თბილისი, რასაც სიტუაციის ნორმალიზება მოჰყვება, თუმცა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ რუსი დიპლომატებისა და რუსეთის ხელისუფლების გულწრფელობაში ეჭვი შეიტანა:

[ნინო ბურჯანაძის ხმა]

თუმცა გასულ კვირაში ნინო ბურჯანაძე, საერთაშორისო პოლიტიკის გარდა, პარტიული საქმიანობითაც იყო დაკავებული. საპარლამენტო არჩევნებამდე, რომელიც 21 მაისისთვისაა დანიშნული, ზუსტად ერთი თვეა დარჩენილი, პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე კი მმართველი პარტიის მთავარი ლოკომოტივია. დიდწილად სწორედ ნინო ბურჯანაძეზეა დამოკიდებული, თუ როგორი იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სია, რომლის წარდგენის ვადა ორიოდე დღეში იწურება. გასულ კვირაში სახელმწიფო კანცელარიის წინ, მართლმსაჯულების დამოუკიდებელი სისტემის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გამართეს ქართველმა ადვოკატებმა, რომელთა თქმითაც, უკმაყოფილო ადვოკატები აქტივობის შენელებას არც მომდევნო კვირებში აპირებენ.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG