Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალისტების თვალით დანახული ქართული სამხედრო მისია ერაყში


ქართულმა სამშვიდობო ბატალიონმა ერაყში

ორი კვირის წინ საკმაოდ რთული ოპერაცია ჩაატარა და ტერორისტებისგან გაწმინდა ბაღდათთან ახლო მდებარე სოფელი. თუმცა, უსაფრთოხების ინტერესებიდან გამომდინარე, ინფორმაცია ამერიკულმა სარდლობამ მხოლოდ ოპერაციის საბოლოოდ დასრულების შემდეგ გაავრცელა. მოგვიანებით კი სამხედრო ოპერაციის ადგილისა და ქართული სამხედრო ქვედანაყოფის მონახულების შესაძლებლობა მიეცა რამდენიმე ქართველ ჟურნალისტს, რომელთა თვალით დანახულ ქართულ სამშვიდობო მისიაზე იქნება საუბარი დღევანდელ სამხედრო პროგრამაში ”ჯარისკაცი და სახელმწიფო”.

მარტის ბოლოს საქართველოს სამხედრო ტელევიზიის კორესპონდენტი გიორგი თუხარელი და ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ჟურნალისტი პაატა იაკობაშვილი ერაყში კუვეიტის გავლით ჩავიდნენ. დანიშნულების ადგილი,”ქლეარის” ბაზა, რომელიც ერაყის დედაქალაქსა და პროვინცია ალ-კუტს შორის მდებარეობს, ქართული პირველი ბრიგადის ბატალიონ ”შავნაბადას” ადგილსამყოფელია. ამერიკული სარდლობის დავალებით, სწორედ აღნიშნულ ბატალიონს მოუწია მარტის შუა რიცხვებში ქლეარიდან დაშორებულ რამდენიმე სოფელში სახიფათო ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარება, რასაც შემდგომში ამერიკულმა სარდლობამ საკმაოდ მაღალი შეფასება მისცა. გვიამბობს გიორგი თუხარელი:

[გიორგი თუხარელი] ”ეს ის ადგილია, სადაც სოფლებში ხალხს ასამართლებდნენ. როგორც სადამ ჰუსეინი იყენებდა ამ ადგილს დასასჯელად, ისე ალ ყაიდას ტერორისტები. შავი ადგილი იყო ეს სამი სოფელი და ამ სოფლების გაწმენდა დაევალა პირველი ბრიგადის მე-13 ბატალიონს.”

ოპერაციის დასკვნით ფაზაში მონაწილეობას იღებდნენ ამერიკული ავიაცია და ერაყის უსაფრთხოების ძალები, თუმცა სამხედრო დაგეგმარება და საერთო ხელმძღვანელობა მთლიანად ქართულმა ბატალიონმა შეასრულა. ანტიტერორისტულ ოპერაციას რომ ერაყის მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი არ მოჰყოლოდა, ერთი დღით ადრე ვერტმფრენებმა სოფლებში არაბულ ენაზე შედგენილი ბარათები ჩაყარეს და ტერორისტები გააფრთხილეს, იარაღი დაეყარათ და დანებებოდნენ. ჟურნალისტ პაატა იაკობაშვილის თქმით, ამ გაფრთხილების მიუხედავად, ქართული ბატალიონის მებრძოლები და ერაყის უსაფრთხოების ძალები დაუმორჩილებელ სოფლებში ძლიერ წინააღმდეგობას წააწყდნენ:

[პაატა იაკობაშვილი] ”ბატალიონის სამივე ასეული იყო ჩართული ამ ოპერაციაში. 70-მდე ”ჰამერით” გავედითო ამ სოფლების გასაკონტოლებლად, 2 ვერტმფრენი ამერიკელებისა ჰაერიდან ეხმარებოდა, ერაყელების ერთი ასეული და ამერიკელების ორი საინჟინრო ოცეული იყო გზების განსანაღმავად. სხვათა შორის, აფეთქება მაინც მოხდა. სადღაც 15-მდე ნაღმი ამოიღეს, მაგრამ რამდენიმე აფეთქდა და 3 თუ 4 ერაყელი ჯარისკაცი დაიღუპა.”

ამ ოპერაციის შემდეგ ქართველმა და ერაყელმა მებრძოლებმა ტერორისტებთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილი 51 პირი დააპატიმრეს და წარადგინეს პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ. თავად ბატალიონი კი თავისი მუდმივი დისლოკაციის ადგილს, ბაზა ”ქლეარს”, დაუბრუნდა, საიდანაც ქართული ბატალიონის ჯარისკაცები ყოვედღიურად გადიან სამხედრო ამოცანის შესასრულებლად. ესაა ტვირთებისა და სხვადახვა ჰუმანიტარული მისიების თანხლება, მორიგეობა სტაციონარულ საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე და მოძრავი საგუშაგოების ორგანიზება დაზვერვის მიერ მიწოდებული ინფორმაციის კვალობაზე. ერაყში ყოფნისას სამხედრო ჟურნალისტმა გიორგი თუხარელმა ქართველ ჯარისკაცებთან ერთად დაჯავშნული ”ჰამერით” გაიარა ქართული პატრულის სვლა-გეზი ”ქლეარის” ბაზიდან ქალაქ ალ-კუტამდე.

[ გიორგი თუხარელი] ”შემიძლია ვთქვა, რომ დაჯავშნული ”ჰამერით” როცა მოძრაობენ მებრძოლები, მანქანის უკან დამონტაჟებულია სპეციალური სიფონები, რომლებიც დიდი სიძლიერის მქონეა და ახშობს ყველანაირ სიგნალს. ”ჰამერის” წინ არის სითბური დეტექტორი, რომელიც სითბური მოქმედებით ნაღმს აფეთქებს მანქანის მოშორებით.”

ასეთი დამცავების წყალობით, დაჯავშნულმა ”ჰამერებმა” რამდენჯერმე იხსნეს სიკვდილისაგან ქართველი მებრძოლები. ბოლოს ასეთი აფეთქება 17 აპრილს მოხდა ქართული პატრულის სვლა-გეზზე ”ქლეარის” ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, თუმცა ქართველი ჯარისკაცები უვნებლად გადარჩნენ. საერთოდ, მთელი 5 წლის განმავლობაში, რაც სამშვიდობო მისიას ასრულებს, ქართულ ქვედანაყოფს ცოცხალი ძალის დანაკარგი არ ჰქონია. ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის კორესპონდენტი პაატა იაკობაშვილი, რომელიც ერაყში სამჯერ არის ნამყოფი, ამ ფაქტს არა მხოლოდ ბედის წყალობით, არამედ თავად ქართველი სამხედროების დისციპლინით ხსნის:

[პაატა იაკობაშვილი] ”მთავარი მიზეზი ამისა არის ის, რომ უზომოდ დიდი დისციპლინა არის ქართულ ნაწილებში. საუბარიც კი არ არის იქ რაიმე შეღავათებზე, ეს ყოვლად წარმოუდგენელია. რა თქმა უნდა, არსებობს საფრთხე და ყოველ წამს არის იმის საშიშროება, რომ გესროლონ, აფეთქდე და ასეთი შემთხვეევბი იყო კიდევაც. მაგრამ სწორედ დისციპლინურობის და დავალების ზუსტად შესრულების გამოა, რომ არ არის მსხვერპლი და ნდობაც ქართველი სამხედროების მიმართ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, სულ უფრო და უფრო იზრდება.”

ქართველი ჯარისკაცების ნდობა, ამერიკული სარდლობით მოქმედი კოალიციის გარდა, აქვს ადგილობრივ მოსახლეობასაც. სამხედრო ჟურნალისტი გიორგი თუხარელი იხსენებს, თუ რა უთხრა მას ერთ-ერთი იმ არაბული სოფლის თავკაცმა, სადაც ქართველმა ჯარისკაცებმა ცოტა ხნის წინ სამშვიდობო ოპერაცია ჩაატარეს:

[გიორგი თუხარელი] ”ქართველი, ამერიკელი სამხედრო, მე და ერაყელი სოფლის გამგებელი ვსაუბრობდით. და ამ გამგებელმა გვითხრა, ისე გვიყვარს ქართველი ჯარისკაცებიო, რომ რომ გავიგო, მათ ვინმემ თვითნაკეთი ნაღმი დაუდო და რაიმე დაუშავა რომელიმე ქართველსო, - მეორე დღესვე ქართულ ”ჩეკ პოინტებზე” იმ ერაყელების თავებს დაგიყრითო.”(სტილი დაცულია)

ადგილობრივ არაბებთან ასეთი კარგი ურთიერთობის დამყარებას პირველი ბრიგადის მებრძოლები ქართული ხასიათის წყალობით ახერხებენ. ქართველი სამხედროები ხომ ალ-კუტის პროვინციაში არა მხოლოდ ტერორისტებს და იარაღის კონტრაბანდისტებს ებრძვიან, არამედ საქველმოქმედო-ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან ერთად თავადაც მონაწილეობენ ჰუმანიტარული დახმარების დარიგებაში. ასეთია ქართული სამხედრო ბრიგადისა და მთლიანად კოალიციური მრავალეროვნული ჯარების საბრძოლო და სამშვიდობო მისია ერაყში.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG