Accessibility links

logo-print

”სეკულარული სახელმწიფო და რელიგიური ნაციონალიზმი”


პოლიტიკური კულტურის პრობლემა

ისევ აქტუალური ხდება საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად. ამას წინათ საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა მედიას პარტიათა ქცევის კოდექსი გააცნო. პოლიტიკური პარტიები საპარლამენტო არჩევნების წინ მზად არიან თავი შეიკავონ ქსენოფობიური განცხადებებისგან. თუმცა არ არის გამორიცხული, პარტიებმა ისევ გამოიყენონ ეკლესია თავიანთი პოლიტიკური მიზნებისათვის და ამომრჩეველი ასეთი ხერხით მიიზიდონ.

”სეკულარული სახელმწიფო და რელიგიური ნაციონალიზმი” - ასე ერქვა დისკუსიას, რომელიც ჯერ კიდევ მარტის მიწურულს გაიმართა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში. დისკუსია ჩატარდა, პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა ქცევის კოდექსზეც მოაწერეს ხელი, მაგრამ რელიგიით საზოგადოების მანიპულაცია, განსაკუთრებით არჩევნების წინ, კვლავაც გრძელდება. ფაქტობრივად, მეორდება იგივე, რაც იყო საპრეზიდენტო არჩევნების დროს... ქვეყანაში შეიქმნა სიტუაცია, რომელიც ბიოლის ფონდში გამართული დისკუსიის მონაწილემ, სოციოლოგმა და კულტუროლოგმა სალომე ასათიანმა ასე დაახასიათა:

[სალომე ასათიანის ხმა] ”უკლებლივ ყველა კანდიდატი... ყველა ერთმანეთს ასწრებდა იმაში, რომ მართლმადიდებლობისადმი ერთგულება დაემტკიცებინა ჩვენთვის. ჩემთვის საინტერესო იყო ეკლესიის პასუხი, როცა საპატრიარქომ მოუწოდა პოლიტიკოსებს ამ თემით სპეკულირებისგან თავის შესაკავებლად.”(სტილი დაცულია)

ახლა უკვე საპარლამენტო არჩევნების წინ საქართველოში მოქმედებს მინიმუმ ორი ორგანიზაცია, რომელსაც მკაფიოდ გამოხატული ნაციონალ-რელიგიური ხასიათი აქვს. ერთ-ერთის - ეროვნულ-ქრისტიანული მოძრაობის – ხელმძღვანელი, გიორგი ანდრიაძე, ამბობს, რომ რელიგიის გავლენისაგან არც ერთი დასავლური სახელმწიფო არაა თავისუფალი:

[გიორგი ანდრიაძის ხმა] ”არც ერთი სახელმწიფო არაა თავისუფალი იდეოლოგიური და, აქედან გამომდინარე, რელიგიური ფასეულობებისაგან... ყველა შემთხვევაში მას აქვს სიმბოლოები - დროშა, ჰიმნი, დასვენების დღეები. აქედან გამომდინარე, მინდა ვთქვა, რომ ტერმინი ”სეკულარული სახელმწიფო” ფარდობითია და გულისხმობს გარკვეული ძალების მხრიდან ამ რელიგიური ფაქტორის შემცირებას ან მის ჩანაცვლებას.”

ბიოლის ფონდში გამართული დისკუსიის დროს გიორგი ანდრიაძემ დიდი ბრიტანეთის მაგალითი მოიყვანა და იკითხა, როგორ შეიძლება სახელმწიფოს სეკულარული ეწოდოს, როცა ამ სახელმწიფოს მეთაური ეკლესიის ერთ-ერთი მეთაურიცაა... მოიყვანა შეერთებული შტატების მაგალითიც:
[გიორგი ანდრიაძის ხმა] ”თუნდაც ის მომენტი, რომ ფულს აწერია „ჩვენ გვწამს ჭეშმარიტი ღმერთი“, ნიშნავს, რომ ეს არაა სეკულარიზაცია და ესაა მორწმუნე საზოგადოების დევიზი და გარკვეულად ლახავს ათეისტების ფუნქციას ან იგივე ბუდისტების ფუნქციას, რომლისთვისაც პიროვნული ღმერთი არ არსებობს.” (სტილი დაცულია)

ეროვნულ-ქრისტიანული მოძრაობის მიზანი მართლმადიდებლობისა და ტრადიციული კულტურული ღირებულებების დაცვაა. გიორგი ანდრიაძის მოხსენებით თუ ვიმსჯელებთ, ის ხალხი, ვინც სეკულარიზმს ქადაგებს, ნებით თუ უნებლიეთ ქართული სახელმწიფოებრიობის ფუნდამენტურ ღირებულებებს უპირისპირდება:


[გიორგი ანდრიაძის ხმა] ”სხვა საზოგადოებაში და იგივე ჩემს თანამოაზრეებთან შეიძლებოდა სხვანაირად მესაუბრა იგივე თემაზე ...ასე რომ, ამ კუთხით საკითხის დასმა, ვფიქრობ, არის მცდელობა, რომ ის ფუნდამენტური ღირებულებები, რომელზეც აშენებულია ქართული სახელმწიფო, იყოს შეცვლილი და მათი ადგილი დაიკავოს სხვა რამ.” (სტილი დაცულია)

რა არის ეს ”სხვა რამ”, გიორგი ანდრიაძეს არ დაუკონკრეტებია. სამაგიეროდ, სეკულარიზმის არსისა და მნიშვნელობის შესახებ ბიოლის ფონდში სალომე ასათიანმა ისაუბრა:


[სალომე ასათიანის ხმა] ”სეკულარიზმი არის კონცეფცია, რომლის თანახმად, ზოგიერთი ინსტიტუტი უნდა არსებობდეს რელიგიისგან დამოუკიდებლად. პოლიტიკური თვალსაზრისით, ესაა სახელმწიფოსა და რელიგიის განცალკევება, სოციალურ ჭრილში - სოციალური პრაქტიკის დამოუკიდებლობა.”(სტილი დაცულია)

სალომე ასათიანის თქმით, სეკულარიზმი, პირველ რიგში, განმანათლებლობას უკავშირდება და დღეს სეკულარიზმის კონცეფციის გარეშე დასავლური საზოგადოების არსებობა წარმოუდგენელია. სეკულარიზმი თავად რელიგიასაც ათავისუფლებს სახელმწიფოს ჩარევისგან, სახელმწიფო ვეღარ იყენებს ეკლესიას იდეოლოგიურ ინსტრუმენტად.

სალომე ასათიანი შეგვახსენებს, რომ სეკულარიზმი არ ნიშნავს ათეიზმს. იდეალური ფორმით ესაა საზოგადოება, სადაც სხვადასხვა ჯგუფები ურთიერთპატივისცემის პრინციპით ვითარდებიან.

[სალომე ასათიანის ხმა] ”საქართველო ფორმალურად სეკულარული ქვეყანაა, სადაც რწმენის თავისუფლება კონსტიტუციითაა გარანტირებული. თუმცა, რეალურად, მართლმადიდებლობა, უმრავლესობის რელიგია შეჭრილია საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში. ამით სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფს საშუალება ეძლევა ამ თემით ქულები დაიწეროს საზოგადოებაში და სტატუსი გაიმყაროს. ამიტომაცაა აუცილებელი რელიგია გაემიჯნოს პოლიტიკას.”

რელიგია, რწმენა ადამიანის პირადი საქმეა და გავლენა არ უნდა მოახდინოს ადამიანის სტატუსზე. მაგრამ, სალომე ასათიანის თქმით, არჩევნების წინ განსაკუთრებით თვალსაჩინო ხდება ხოლმე, რაოდენ პოპულარულია ეთნიკურ და რელიგიურ რიტორიკაზე დამყარებული ნაციონალიზმი, აგერ ლამის ქართული ყოფის ყველა სფეროში რომ შემოიჭრა:


[სალომე ასათიანი] ”სულ უფრო მიკვირს ყვითელი პრესის ფურცლებზე ჭორიკანა რუბრიკებთან ერთად რუბრიკა ”მოძღვარი გვმოძღვრავს”, გაპრანჭულ რესტორნებში სამარხვო მენიუ და ა.შ.”

ყველაფერი ეს ქმნის ისეთ ვითარებას, როცა რელიგიის თავისუფლება და, მით უფრო, რელიგიისგან თავისუფლება თითქმის შეუძლებელი ხდება... ქვეყანას აქვს პრეტენზია, რომ დასავლეთის გზით ვითარდება, რომ იმსახურებს გახდეს დასავლური სამყაროს ნაწილი - იმ დასავლეთისა, რომელიც ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლის, ბექა მინდიაშვილის, თქმით, ერთმანეთისგან მიჯნავს ”ნაციონალიზმს”, როგორც სახელმწიფოებრიობას, და ნაციონალიზმს, როგორც ეთნოცენტრიზმს:


[ბექა მინდიაშვილის ხმა] ”რელიგიურ ნაციონალიზმს არავითარი კავშირი არა აქვს რწმენასთან - ესააა კონსტრუირებული ადამიანების მიერ. რელიგია გამოცხადებაზეა დაფუძნებული, ეს იდეოლოგია კი ადამიანების მიერაა ჩამოყალიბებული და მკაფიოდ ანტიდასავლური ხასიათი აქვს.”

ბექა მინდიაშვილმა ბიოლის ფონდში გამართული დისკუსიის დროს კონკრეტული მაგალითები გაიხსენა. არაა გამორიცხული ზოგიერთი სასულიერო პირის მიერ გამოთქმული ეს იდეები საპარლამენტო არჩევნების წინ ქართველმა პოლიტიკოსებმაც გაიზიარონ:

[ბექა მინდიაშვილის ხმა] ”რამდენიმე სასულიერო პირისგან მომისმენია, რომ ავლაბარში სამების ტაძარი იქნება ის ადგილი, საიდანაც მოხდება კაცობრიობის მხილება და განკითხვა...ბოლო პერიოდში გააქტიურებული საუბარი, რომ საქართველო უნდა იქცეს მონარქიად, გარკვეულ წილად ამ მესიანისტურ დოქტრინაში თავსდება. ჩემი სწავლის დროს სემინარიაში ჩვენ ვკითხულობდით ერთი რუმინელი ბერის აპოკრიფულ ტექსტს, სადაც საუბარია იმაზე, რომ საქართველოს ეკლესიის სინოდი მეორედ მოსვლის დროს გადაარჩენს მთელ კაცობრიობას და ეს მოხდება მაშინ, როცა საქართველოში აღდგება მონარქია.”
XS
SM
MD
LG