Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტა აზიაში გრძელდება


ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტა, რომელიც როგორც ცნობილია, პეკინში დასრულდება, ამ კვირაში მსოფლიოს უდიდეს კონტინენტზე - აზიაში გრძელდება.

შაბათს მას გზად დემონსტრანტები დახვდნენ ტაილანდის დედაქალაქში, თუმცა, ევროპასთან და ჩრდილოეთ ამერიკასთან შედარებით, სადაც ოლიმპიურ ჩირაღდანს ხმაურიანი პროტესტით ხვდებოდნენ, ესტაფეტის აზიური მონაკვეთი, შეიძლება ითქვას, საკმაოდ მშვიდია. შეგახსენებთ, რომ პროტესტს იწვევს ჩინეთის, ოლიმპიური თამაშების წლევანდელი მასპინძლის, პოლიტიკა ტიბეტის მიმართ.

დღეს ოლიმპიური ჩირაღდანი მალაიზიის დედაქალაქ კუალა ლუმპურში ჩამოატარეს უსაფრთხოების მკაცრი ზომების ფონზე. ღონისძიების დასაწყისშივე პოლიციამ დააკავა სამი იაპონელი: სამეული, ტიბეტის მხარდაჭერის ნიშნად, დროშის აფრიალებას აპირებდა. მანამდე მალაიზიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ყველას მოუწოდა ოლიმპიური სიმბოლოსადმი პატივისცემისაკენ.

ამჟამად საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ოლიმპიურმა ჩირაღდანმა უკან მოიტოვა ესტაფეტის ყველაზე ხმაურიანი, მღელვარე ეტაპები - თუნდაც ლონდონისა და პარიზის ქუჩები, სადაც ჩინეთის პოლიტიკის მოწინააღმდეგე დემონსტრანტები ხელიდან სტაცებდნენ ჩირაღდანს ესტაფეტის მონაწილეებს.

თუმცა, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ პროტესტს კიდევ ვიხილავთ... კუალა ლუმპურიდან ოლიმპიური ჩირაღდანი ინდონეზიაში ჩააქვთ, იქ მარშრუტი უკვე შეამოკლეს და შეცვალეს შესაძლო დემონსტრაციის მონაწილეებისაგან დასცავად - გამოჩნდება, რამდენად წარმატებით. წინ არის აგრეთვე სამხრეთ კორეის მარშრუტი: სტუდენტებისთვის საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობა იქ, ლამის, ცხოვრების წესია. კომუნისტურ ვიეტნამშიც კი პრემიერ-მინისტრმა შეშფოთება გამოთქვა, რომ “მტრულმა ძალებმა” - ასე უწოდა მან ჩინეთის პოლიტიკის მოწინააღმდეგე დემონსტრანტებს - შესაძლოა, ხელი შეუშალონ ოლიმპიური ჩირაღდნით სვლას ხოშიმინში 29 აპრილს.

თუმცა, ბოლო დღეებში გავრცელებულ ცნობებში, უწინარეს ყოვლისა, ჩინეთის პოლიტიკის მომხრე დემონსტრანტები ფიგურირებენ: ჩინეთის მედია შაბათს იუწყებოდა, რომ მრავალრიცხოვანი დემონსტრაცია გაიმართა ცენტრალური ჩინეთის ქალაქ ვუჰანში. დემონსტრაციის მონაწილეები გმობდნენ ტიბეტის დამოუკიდებლობის მოთხოვნას, მხარდაჭერას უცხადებდნენ ოლიმპიურ თამაშებს და მოითხოვდნენ ფრანგული ნაწარმის ბოიკოტს - ეს პარიზში ზემოხსენებული ეპიზოდის, ტიბეტის მხარდამჭერი მწვავე საპროტესტო აქციის გამო. გამოსვლების შესახებ იუწყებიან ჩინეთის კიდევ რამდენიმე ქალაქიდან, მათ შორის ჰეფეიდან, სადაც საპროტესტო აქცია ფრანგულ სუპერმარკეტ კარფურთან გაიმართა.

[დემონსტრანტების შეძახილები]

“ბოიკოტი კარფურს! ბოიკოტი კარფურს!” - ეს შეძახილები ისმოდა ფრანგულ სუპერმარკეტთან. დემონსტრაციის ერთ-ერთი მონაწილის, როგორც გაირკვა, უნივერსიტეტის სტუდენტის აზრით, ყველა ჩინელი უნდა შეუერთდეს კარფურის ბოიკოტს.

დასავლელი მიმომხილველების შეფასებით, ჩინელების ეს საპროტესტო გამოსვლები სპონტანური რეაქცია უფროა, ვიდრე ოფიციალური პეკინის მიზანმიმართული პოლიტიკა. მართალაც, პეკინმა ჩინელებს უკვე არაერთხელ მოუწოდა სიმშვიდისაკენ. კომუნისტ ლიდერებს ყველაზე მეტად, როგორც ჩანს, ვითარების ჩაწყნარება სურთ - ყურადღების, რაც შეიძლება, მალე გადატანა ადამიანის უფლებების პრობლემიდან სპორტზე, როგორც პეკინი იმედოვნებს, ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესოდ ორგანიზებულ ოლიმპიურ დღესასწაულზე.
XS
SM
MD
LG