Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თვითორგანიზაციის პროცესი საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტში


ქართულ საზოგადოებაში მიმდინარეობს ერთი საინტერესო პროცესი, რომელიც ზედაპირული ხედვით არ ჩანს.

შესაძლოა, დროთა განმავლობაში ეს პროცესი ტენდენციად ჩამოყალიბდეს ან, სულაც, შეწყდეს. მოვლენების შემდგომი განვითარება დიდწილად იქნება დამოკიდებული პოლიტიკურ ვითარებაზე. მინდა ამ პროცესის შესახებ გესაუბროთ.

როდესაც ქართულ საზოგადოებაში ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილება იზრდება, თითოეული მოქალაქის თვალი და გული, პირველ რიგში, პოლიტიკური ოპოზიციისკენ არის მიმართული. თუმცა ვარდების რევოლუციის შემდეგ წლები დასჭირდა იმ აზრის დამკვიდრებას, რომ ქვეყანაში ხელისუფლების საპირწონე – მეტად თუ ნაკლებად შეკრული – პოლიტიკური ძალა ისევ არსებობს. ხელისუფლება წლების განმავლობაში ნერგავდა აზრს, რომ ოპოზიცია მეტისმეტად სუსტია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა კი ძლიერია და ძლიერ სახელმწიფოს აშენებს.

როდესაც გასული წლის ოქტომბერ–ნოემბერში განვითარებულმა მოვლენებმა ერთბაშად გამოავლინა ოპოზიციის ძალა და ხელისუფლების სისუსტე, საზოგადოების პროტესტული ნაწილი სწრაფად შემოიკრიბა ოპოზიციის გვერდით. ამ ვითარებაში გამოაცხადა მიხეილ სააკაშვილმა რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები და საკუთარი ელექტორატისგან ნდობის მანდატის განახლება ითხოვა. სააკაშვილმა მიიღო მეორე საპრეზიდენტო ვადა, ოპოზიციამ მიიღო ეგრეთ წოდებული „არჩევნების მეორე ტური“, საპარლამენტო არჩევნების სახით, ხოლო საზოგადოებამ მიიღო მორიგი იმედგაცრუება, რადგან ექსტრემალურ ვითარებაში ხელისუფლება მაინც უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე ოპოზიცია.

სწორედ ხუთი იანვრის შემდეგ განვითარდა ის პროცესი, რომელიც თავის თავში მოიცავს მეტ–ნაკლებ იმედგაცრუებას ოპოზიციით. კერძოდ, საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტში გაიზარდა თვითორგანიზაციის მუხტი. ძნელი სათქმელია, ვინ იყო პირველი და ვინ – მეორე ან მესამე, მაგრამ გამოცოცხლება აშკარად იგრძნობა სხვადასხვა მიმართულებით.

პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ძალიან გააქტიურდა საქართველოს სახალხო დამცველი, რომელიც დღეს ალტერნატიული ინფორმაციის გავრცელების ლამის ერთადერთი წყაროა. „ადამიანის უფლებების დარღვევების ანატომია“ – ასე ჰქვია მოხსენებას, რომელიც სოზარ სუბარმა საქართველოში აკრედიტებულ ელჩებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს წარუდგინა ორიოდე კვირის წინ. ამ მოხსენებაში აღწერილია ხელისუფლების კანონდარღვევითი ქმედებები 2007 წლის განმავლობაში და გაკეთებულია დასკვნა, რომ „საქართველოში ადამიანის უფლებების აბუჩად აგდებას შემთხვევითი, გადაცდომითი და გამონაკლისი ხასიათი კი არ აქვს, არამედ მან მიზანმიმართული, სისტემური მოვლენის სახე მიიღო და სახელმწიფოს მართვის წესად იქცა“. ზოგადად, შვიდი ნოემბრის შემდეგ დღითი დღე იზრდება სოზარ სუბარის მიმართ ნდობაც და მისი, როგორც საზოგადოებრივი ლიდერის, ფუნქციაც.

მეორე სეგმენტი, რომელსაც ბოლო პერიოდში აშკარად ეტყობა გამოცოცხლება, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტობაა. ახალგაზრდების ნაწილი აწყობს დისკუსიებს, ხვდება სტუმრებს, ესწრება საგამოძიებო ჟურნალისტიკის სფეროში მომზადებული ფილმების ჩვენებას და აპირებს საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდეს.

თვითორგანიზაციის იმპულსი მასწავლებლებშიც იგრძნობა. ის, რომ მასწავლებელთა პროფესიული კავშირი ძლიერი და მეტად მობილური ორგანიზაციაა, მასწავლებლებს თუ სკოლის დირექტორებს საკუთარი უფლებების დაცვასაც უადვილებს და ერთმანეთისკენ სავალ გზებსაც უკვალავს.

აღწერილ კონტექსტში ყურადღებას იმსახურებენ ადვოკატებიც, რომლებიც შიმშილობენ, იფიცებიან, აქციებს აწყობენ და აშკარად ავლენენ სურვილს და უნარს, ერთმანეთის გვერდით დადგნენ საერთო პრობლემების მოსაგვარებლად.

ბოლო პერიოდში ხელახლა აქტიურდება ქართული ფეხბურთის თემაც. ერთიანდებიან ის საფეხბურთო ორგანიზაციები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ფეხბურთის ფედერაციის თავმჯდომარე რიგგარეშე არჩევნებზე უნდა გამოვლინდეს, არჩევნებში კი რაც შეიძლება მეტმა სუბიექტმა უნდა მიიღოს მონაწილეობა. ლიდერები ფიქრობენ, რომ საზოგადოებაში ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებისა და ძლიერი მუხტის გარეშე არაფერი გამოვა. ამიტომ, იწყება მოქალაქეების გაერთიანება ქართული ფეხბურთის პრობლემების გადასაჭრელად.

გასული კვირის ხუთშაბათს ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში გავიდა გადაცემა „ბარიერი“, რომელიც ქართულ შოუბიზნესს მიეძღვნა. აღმოჩნდა, რომ ესტრადაც იმგვარადვეა მოქცეული ხელისუფლების პოლიტიკური გავლენის ქვეშ, როგორც, მაგალითად, ტელევიზიები, ბიზნესი ან სასამართლო. გადაცემაში მრავალჯერ გამოითქვა სურვილი, რომ თავად მომღერლებმა რაიმე მოიმოქმედონ არსებული ვითარების შესაცვლელად.

საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტში თითქმის ერთდროულად გაჩენილი იმპულსი, რომ ჩვენი პრობლემების გადაჭრა პოლიტიკოსებს კი არ მივანდოთ, არამედ, საზოგადოებრივი ძალებით ვცადოთ – სრულიად ახალ ტენდენციას უყრის საფუძველს. თუ ხელისუფლების საპირწონე ძალად ოპოზიცია ვერ ჩამოყალიბდა, ჩანს, ამ ფუნქციას ქართული საზოგადოება იღებს კისრად.


XS
SM
MD
LG