Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა


დღევანდელ ქართულ პრესაში მთავარი თემა იყო დაძაბული ვითარება აფხაზეთში.

”მშვიდობა ომის ზღვარზე. მერამდენედ?” - ასეთია”კვირის პალიტრის” მოწინავე სტატიის სათაური. ”იწყება თუ არა ომი აფხაზეთში” - კითხულობს პირველ გვერდზე ”ახალი თაობა”. ”საფრთხის ესკალაცია” - ეს ”24 საათის” სათაურია. ”ვერსიის” მოწინავე სტატიას კი ”საქართველო ცეცხლის ალში” ჰქვია. მას თან ახლავს ილუსტრაცია, ერთგვარი ფოტომონტაჟი. ნაჩვენებია საქართველოს რუკა. აფხაზეთს ამ რუკაზე ცეცხლი უკიდია და შავი ბოლი ასდის.

აფხაზეთში ვითარების დაძაბვასთან დაკავშირებით პოლიტოლოგმა მამუკა არეშიძემ ”კვირის პალიტრას” უთხრა: ”საქართველოსთვის პროვოკაციაზე წამოგება დამღუპველი იქნება. ნებისმიერი საომარი მოქმედება, რომელიც 10 დღეზე მეტხანს გაგრძელდება, მსოფლიოში სერიოზულ უკმაყოფილებას გამოიწვევს. ამიტომ ძალიან არ მინდა, საქართველოს ხელისუფლებაში ვინმეს ნერვებმა უმტყუნოს”. სრულად ინტერვიუს მამუკა არეშიძესთან დღევანდელ ”კვირის პალიტრაში” წაიკითხავთ.

”ახალი თაობა” კი წერს, რომ საქართველოში სიტუაცია ყოველი საპარლამენტო არჩევნების წინ იძაბებოდა. ავტორის დაკვირვებით, ასე იყო შევარდნაძის დროსაც და ასეა მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის ხანაშიც. ”ხელისუფლება ამ დროს ერს გაერთიანებისა და მმართველი ძალისთვის ხმის მიცემისთვის მოუწოდებდა ხოლმე”, - წერს გაზეთი და ამატებს: ”საპარლამენტო არჩევნებამდე ზუსტად ერთი თვე დარჩა და ერთი თვით ადრე აფხაზეთში ვითარება უკიდურესად დაიძაბა”, - წერს ”ახალი თაობა”.

”კვირის ქრონიკა” კი აქვეყნებს ინტერვიუს ბიზნესმენ ჯოზეფ კეისთან, რომელსაც ჟურნალისტი ბევრ შეკითხვას უსვამს, მათ შორის: დაბადების თარიღის, ადგილის, ფეხის ზომის და ხმის ტემბრის შესახებ. ჯოზეფ კეი იხსენებს, თუ როგორ იშოვა პირველი მილიონი და როგორ მუშაობდა შავ მუშად და ტაქსისტად. ”იმედთან” დაკავშირებით კი ამბობს, რომ ტელეკომპანიის მართვა მას ბადრი პატარკაციშვილმა სთხოვა. ”ბადრიმ ნახა, რომ, სამწუხაროდ, დაუშვა გამოუსწორებელი შეცდომა”, - ამბობს ჯოზეფ კეი და ამატებს: ”ეს არის ბატონი ბერეზოვსკის დამსახურება, რომელმაც ბადრი გააგიჟა და უთხრა, შენ უნდა იყო პრზიდენტიო”. სრულად ამ ვრცელ ინტერვიუს დღევანდელ ”კვირის ქრონიკაში” ნახავთ.

წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვა ჩაატარა ”მთელმა კვირამ”, რომლის მიხედვითაც, თბილისში ”ნაციონალური მოძრაობა” ლიდერობს ხმათა 21 პროცენტით, მეორე ადგილზე, 17 პროცენტით, გაერთიანებული ოპოზიციაა, მესამეზე კი რესპუბლიკელები არიან, რომელთაც გამოკითხულთა 6.21 პროცენტმა დაუჭირა მხარი.

გაზეთმა აგრეთვე ვრცელი სტატია მიუძღვნა ქართულ მედიაში არსებულ მდგომარეობას. გაზეთი რამდენიმე ქართველ ჟურნალისტს გაესაუბრა. ია ანთაძემ ავტორს უთხრა, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ პირველად გაჩნდა ვითარება, როდესაც დღის მთავარი ამბავი შეიძლება ან სულ არ გაშუქდეს, ან ბოლო სიუჟეტად გავიდეს. ამის მაგალითად მას სოზარ სუბარის პრესკონფერენცია მოჰყავს, რომელზეც სახალხო დამცველი არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებს აჩვენებდა და რომელიც, ია ანთაძის თქმით, მხოლოდ ”კავკასიამ” გააშუქა. ”კავკასიის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნინო ჯანგირაშვილი, ამბობს, რომ ”რუსთავი ორის”, ”მზის” და ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” ჟურნალისტებზე ზეწოლა აღარ ხორციელდება, რადგან ისინი თავად იქცნენ ხელისუფლების მებრძოლებად. ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელსაც ”რუსთავი ორზე” გადაცემა ”ხალხის პირისპირ” მიჰყავს, ამბობს, რომ როდესაც ოპოზიცია აქციაზე პირდაპირ თავს ესხმის ჟურნალისტებს, აღარაფერია გასაკვირი. იგი ამატებს: ”ამის შემდეგ მე არ გამიკვირდება, რომ რომელიმე მინისტრმა მითხრას, მანახე, მასალა როგორ ჩაწერეო. იტყვის, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ოპოზიციაც კი ისეთი გვყავს ქვეყანაში, რომელიც მედიას ესხმის თავს და ამ ფონზე ხელისუფლებას ლამის ფრთები ამოუვიდეს, ჩემდა სამწუხაროდ”, - ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი ”მთელ კვირასთან” საუბარში.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG