Accessibility links

logo-print

როგორ აღინიშნა დედამიწის დღე საქართველოში


22 აპრილი დედამიწის დღეა. ამ დღის აღნიშვნა სათავეს იღებს 1970 წლიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ტრადიციისამებრ, დედამიწის დღეს მოხალისეები ბაღებისა და ქუჩების გამწვანებისა და კეთილმოწყობის აქციებში მონაწილეობენ. საქართველოში დედამიწის დღეს უკვე რამდენიმე წელია არასამთავრობო ორგანიზაციათა ერთი ჯგუფი აღნიშნავს. მისი აქტივისტები ცდილობენ დედამიწის დღეს ნერგების დარგვა და გარემოს დასუფთავება საქართველოშიც ტრადიციად დაამკვიდრონ. როგორ აღინიშნა საქართველოში 22 აპრილი?

დედამიწის დღის აღნიშვნა ბავშვთა ქალაქ ”მზიურში” დასუფთავების აქციით დაიწყო. იქ კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის ინიციატივით, მწვანე ბაბთებით შემოსეს აქციის აქტივისტები.

დედამიწის დღე აღნიშნა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომაც. მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ირაკლი ღვალაძის ინიციატივით, შიომღვიმის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე განაშენიანების აქცია გაიმართა. სამინისტროს თანამშრომლებმა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა ასამდე წიწვოვანი ხე დარგეს.

[ირაკლი ღვალაძის ხმა] ”ძალიან მნიშვნელოვანი დღეა - მიხარია, რომ საქართველოს რამდენიმე ქალაქში, ქუთაისსა და რუსთავში, პარალელურად მიმდინარეობს დასუფთავების აქცია. ასევე, თბილისში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დილიდან აღნიშნავენ დედამიწის დღეს.”(სტილი დაცულია)

კმაყოფილები დარჩნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც რომლებმაც აღნიშნეს, რომ ბუნების გაფრთხილება საერთო ვალი და საერთო საქმეა.

ამ საერთო საქმის პოპულარიზების მიზნით, კიდევ ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ "მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრები" დიღმის №1 მიუსაფარ ბავშვთა სახლის აღსაზრდელებისთვის აქცია მოაწყო. მისი მიზანი ბავშვებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება იყო. დღის მანძილზე ბავშვთა სახლის აღსაზრდელებმა ხეები დარგეს; ამავე დროს, მათთვის თბილისის ბოტანიკურ ბაღში ეკო-თამაშები გაიმართა.

გლდანის რაიონში 107-ე საბავშვო ბაღს აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები და ამერიკული საბჭოების მიერ დაფინანსებული პროგრამის კურსდამთავრებულები ესტუმრნენ. თუ რა იყო ამ სტუმრობის მიზანი, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ანა კურდღელაშვილისგან შეიტყობთ:

[ანა კურდღელაშვილის ხმა] ”მთავარი კომპონენტი ამ აქციის იყო ის, რომ ჩვენ დავრგეთ მცენარეები, ნარცისები და ბზა და ეს ბავშვები უშუალოდ მონაწილეობდნენ დარგვის პროცესში. ასევე, გვქონდა ღია გაკვეთილი დედამიწის დღესთან დაკავშირებით და ბავშვებს დაურიგდათ საჩუქრები, რომლებიც კავშირშია დედამიწის თემასთან. ასე რომ, ეს შემეცნებითი აქცია იყო მათთვის.”(სტილი დაცულია)

აქციის მნიშვნელობაზე საუბრობს აშშ--ის საელჩოს განათლების პროგრამების კოორდინატორი მაგდა მაღრაძეც:

[მაგდა მაღრაძის ხმა] ”აი, ასეთი ღონისძიებების სახით, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაში, ვცდილობთ დავნერგოთ ბუნების სიყვარული, რომ არ უნდა დავაბინძუროთ ჩვენი ეზო, უნდა მოვუაროთ დედამიწას. ბევრისთვის ეს ხშირად არაპოპულარული თემაა, მაგრამ მიგვაჩნია, რომ აუცილებელია საქართველოში დაინერგოს კულტურა, რომ გარემოს ყველა ჩვენგანმა მივხედოთ.”(სტილი დაცულია)

XS
SM
MD
LG