Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარლა დელ პონტეს სკანდალური წიგნი: “ნადირობა: მე და ომის დამნაშავეები”


დღეს ერთ წიგნზე ვისაუბრებთ.

ის უკვე წარმოგიდგინეთ რამდენიმე დღის წინ, მაგრამ დღეს ისევ დავუბრუნდებით ფართო, მწვავე გამოხაურების გამო, მის გამოქვეყნებას რომ მოჰყვა. საქმე ეხება წიგნს სახელწოდებით “ნადირობა: მე და ომის დამნაშავეები”, რომლის ავტორიცაა გაეროს სამხედრო ტრიბუნალის ყოფილი მთავარი ბრალმდებელი კარლა დელ პონტე.

დელ პონტეს წიგნში საზარელი ბრალდებაა გამოთქმული: თითქოს “კოსოვოს გათავისუფლების არმიის” წევრები დატყვევებულ სამოქალაქო პირებს (უწინარეს ყოვლისა სერბებს) ორგანოებს ჭრიდნენ უცხოეთში გასაყიდად. ლაპარაკია ასობით მსხვერპლზე, სერბების გარდა რუსებზე და ერთ ალბანელზე მაინც.

ეს საზარელი ამბავი, რომელიც დამოუკიდებელ წყაროებს არ დაუდასტურებიათ, გაეროს ტრიბუნალის ყოფილი პროკურორის მემუარების ის ნაწილია, რომელიც ყველაზე უფრო მწვავე, წინააღმდეგობრივ რეაქციას იწვევს. აქვე ვიტყვი: დელ პონტე შვეიცარელია, მისი წიგნი კი იტალიაში გამოიცა აპრილის დასაწყისში - სულ რამდენიმე კვირაში მას მერე, რაც კოსოვომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

ბრალდება ეფუძნება ჟურნალისტების მიერ წყაროებზე დაყრდნობით მოპოვებულ ინფორმაციას. ამასთან, საყურადღებოა, რომ თვით დელ პონტე მემუარებზე რაიმე კომენტარს არ აკეთებს - ის 2008 წლის იანვარში გამოეთხოვა გაეროს ტრიბუნალის მთავარი პროკურორის პოსტს და ახლა არგენტინაში შვეიცარიის ელჩია, არა აქვს უფლება საჯარო განცხადებით გამოვიდეს ამ საკითხზე - ის კი არა, შვეიცარიის მთავრობამ დელ პონტეს მილანში წიგნის პრეზენტაციაზე დასწრებაც კი აუკრძალა.

მაგრამ წიგნს “ნადირობა: მე და ომის დამნაშავეები” ჰყავს თანაავტორი, ჩაკ სუდეტიჩი - ხორვატული წარმოშობის ამერიკელი ჟურნალისტი და ჩვენმა რადიომ მასთან დაკავშირება შეძლო.

აი, როგორ გაამართლა სუდეტიჩმა გადაწყვეტილება, წიგნში ჩაერთოთ ბრალდებები ორგანოების ამოკვეთის შესახებ: [სუდეტიჩის ხმა] “მიზეზი, რატომაც ამ ბრალდებების წიგნში მოყვანა გვსურდა, არის ის, რომ მსხვერპლთა ახლობლები - მათი ოჯახის წევრები - 9 წელია ელოდებიან რაღაც ინფორმაციას მაინც. და დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ მეტის გაკეთება შეიძლებოდა, მეტი ზეწოლა შეიძლებოდა ალბანელთა ხელისუფლებაზე ალბანეთში და კოსოვოელების ხელისუფლებაზე პრიშტინაში - რათა მეტი გაკეთებინათ ამ ადამიანების ბედის გამოსაძიებლად. შესაძლოა, ამ წიგნმა ხელი შეუწყოს ასეთ ძალისხმევას”. ამ იმედს გამოთქვამს ჩაკ სუდეტიჩი, რომელმაც დელ პონტესთან ერთად დაწერა წიგნი “ნადირობა: მე და ომის დამნაშავეები”.

წიგნის კრიტიკოსები ყველაზე ხშირად სვამენ შეკითხვას: რატომ მაინცდამაინც ახლა? რამ წარმოათქმევინა დელ პონტეს ეს სკანდალური ბრალდებები, რომელთა შესახებაც ჯერ კიდევ 2003 წელს შეიტყო, როცა ჰააგაში მუშაობდა?

ამ შეკითხვასთან დაკავშირებით, შემდეგ ვარაუდს გამოთქვამს ჰოლანდიელი ადვოკატი, ჰააგის ტრიბუნალის ექსპერტი ჰაიკელინა ვერიინ სტუარტი:
[ვერიინ სტიუარტის ხმა] “დელ პონტე ისე იყო განაწყენებული ამერიკელებზე იმის გამო, რომ არ ისურვეს ტრიბუნალთან თანამშრომლობა “კოსოვოს განთავისუფლების არმიის” წევრებთან დაკავშირებულ გამოძიებაში, რომ ამ საზარელი დანაშაულების შესახებ ბინძური მონათხრობი გამოიყენა საილუსტრაციოდ. მან მართლა გადააბიჯა რაღაც ზღვარს”.

დელ პონტე დიდხანს ჩიოდა, რომ მას არ აძლევდნენ საშუალებას სათანადოდ გამოეძია კოსოვოელი ალბანელების მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულები. როგორც წიგნში ვკითხულობთ, სანდო ჟურნალისტებისაგან მიღებულია ინფორმაცია, რომ 1999 წელს კოსოვოელმა ალბანელებმა 100-300 ტყვე ჩაიყვანეს ალბანეთში, იქ დაკავებული ჰყავდათ. ახალგაზრდა, ჯანმრთელი ტყვეები კარგ საკვებს იღებდნენ, მათ არც სამედიცინო მზრუნველობა აკლდათ. შემდეგ ისინი მიჰყავდათ რაღაც შენობაში, რომელშიც ერთგვარი მომცრო კლინიკა იყო მოწყობილი - ამ ადგილას ხდებოდა ტყვეებისთვის ორგანოების ამოკვეთა. ამის შემდეგ ორგანოები უცხოეთში გასაყიდად მიჰქონდათ.

ბელგრადში უმალვე გამოეხმაურნენ ბრალდებებს. პროკურატურაში ირწმუნებიან, რომ წიგნში გამოთქმული ბრალდებები შეესაბამება მათს მიერ “კოსოვოს განთავისუფლების არმიის” საქმიანობის გამოძიებისას მიკვლეულ ინფორმაციას. სერბიის პროკურატურის პრეს-მდივან ბრუნო ვეკარიჩის განცხადებით: [ვეკარიჩის ხმა] “არის ზოგი ფაქტი, რომელთაც მივაგენით “კოსოვოს განთავისუფლების არმიის” საქმიანობის გამოძიებისას. ჩვენი გამოძიების მსვლელობაში აღმოვაჩინეთ, რომ სერბი ეროვნების პირები ორი სატვირთო ავტომანქანით წაიყვანეს კოსოვოდან ალბანეთში. მერე რა მოხდა, ამის შესახებ ორი ვერსია არსებობს: ერთი ვერსიით, ისინი ბანაკში გამოკეტეს. და მეორე ვერსიაა ის, რომ ორგანოები ამოაჭრეს”.

დელ პონტეს წიგნის თანაავტორი ჩაკ სუდეტიჩი კი იმ გარემოებაზე მიუთითებს, რომ ადრე გავრცელებული ინფორმაციისაგან განსხვავებით, ასობით გატაცებულიდან ყველასთვის არ ამოუჭრიათ ორგანოები: [სუდეტიჩის ხმა] “შესაძლოა რამდენიმე ათეული ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ორგანოების ასეთ ტრანსპლატაციას, რომელიც, როგორც ეს წყაროები ირწმუნებიან, კეთდებოდა. ეს არ იყო ძალიან დიდი რიცხვი - არ იყო 300, არ იყო 100”.

ადრე გავრცელებული ინფორმაციისაგან კიდევ ერთი განსხვავებაა ის, რომ ორგანოების ამოკვეთა, როგორც ჩანს, არ მიმდინარეობდა ეთნიკური ნიშნით. მოკლედ, როგორც ჩანს, ამ საკნდალურ, მართლაც რომ საზარელ საქმეზე კიდევ ბევრი, წინააღმდეგობრივი ინფორმაცია გავრცელდება.
XS
SM
MD
LG