Accessibility links

logo-print

დემოკრატების შიდაპარტიული არჩევნები პენსილვანიის შტატში: გადამწყვეტი ეტაპი?


ჰილარი კლინტონი თუ ბარაკ ობამა? პენსილვანიის შტატში დღეს უწევთ არჩევანის გაკეთება აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატად ნომინირების ამ ორ მსურველს შორის.

სულ რამდენიმე თვის წინ, იანვარში, ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატის ვინაობა დღემდე არ იქნებოდა ცნობილი. იანვრიდან აპრილამდე ათობით შტატში გაიმართა შიდაპარტიული არჩევნები - თითქოს, მათ უნდა გაერკვიათ, ვინ იქნებოდა დემოკრატი კანდიდატი: ობამა თუ კლინტონი. მაგრამ ვარაუდები არ გამართლდა.

დღეს კი ბევრი გამოთქვამს ვარაუდს, რომ პენსილვანიამ, შესაძლოა გადაწყვიტოს კლინტონსა და ობამას შორის კონკურენციის ბედი. ვარაუდი ეფუძნება იმ გარემოებას, რომ კლინტონს დამაჯერებელი გამარჯვება ესაჭიროება პრეზიდენტობის კანდიდატად ნომინაციის რეალური შანსის შესანარჩუნებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთ შანსს კარგავს.

სულ რამდენიმე კვირის წინ კლინტონს 20 პროცენტით გამარჯვებას უწინასწარმეტყველებდნენ პენსილვანიაში - შტატში, რომელშიც განსაკუთრებით მწვავედ დგას უმუშევრობის პრობლემა. უშუალოდ არჩევნების წინ კი ეს უპირატესობა 5 პროცენტამდე შემცირდა. ექსპერტები, პრაქტიკულად, არ ეჭვობენ, რომ პენსილვანიაში კლინტონი გაიმარჯვებს, მაგრამ საქმეც ის არის, რომ მარტო გამარჯვება არ კმარა.

შიდაპარტიული არჩევნების ათობით შტატში ჩატარების შემდეგ ობამა უსწრებს კლინტონს მოგებული შტატების რიცხვით, მომხრე დელეგატების რაოდენობითა და ზოგადი მხარდაჭერით.

ზოგი ექსპერტი ირწმუნება, რომ სტატისტიკურად უკვე შეუძლებელია კლინტონმა პრაიმერების შედეგად გაუსწროს ობამას - თუნდაც რომელიმეთი ამ კრიტერიუმებიდან - მაშინაც კი, თუ დღეიდან ყველა პრაიმერში გაიმარჯვებს. მეორე მხრივ, პენსილვანიაში გავრცელებულია შეფასება, რომ, თუ კლინტონი დღეს 20-მდე პროცენტით აჯობებს ობამას, მაშინ შეძლებს სერიოზული კონკურენციის გაგრძელებას.

ასეა თუ ისე, როგორც უნდა დასრულდეს ახლა მიმდინარე პრაიმერი, ერთი რამ ეჭვს არ იწვევს: კლინტონი არ გამოეთიშება პრეზიდენტობის კანდიდატად ნომინაციისთვის ბრძოლას, მისივე თქმით, ბოლომდე გაივლის გზას აგვისტომდე, როცა “სუპერდელეგატები” - დემოკრატიული პარტიის ლიდერები და საგანგებოდ შერჩეული ოფიციალური პირები - საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ იმის შესახებ, თუ ვინ იქნება პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი.

მაგრამ აგვისტომდე ბევრი დროა და კანდიდატობის ორი მსურველი აქტიურ წინასაარჩევნო ბრძოლას აგრძელებს. ბოლო დღეებში ორივემ ბევრი იმოგზაურა პენსილვანიაში, რაც შეიძლება მეტ ამომრჩეველზე რაც შეიძლება კარგი შთაბეჭდილების მოსახდენად...

სატელევიზიო პაექრობა ობამას დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. მისი ამომრჩევლების რიცხვის ზრდას მიაწერენ კლინტონის მეტოქის უნარს, დაარწმუნოს ხალხი, რომ მისი სახით ამერიკის პოლიტიკას რაღაც სიახლე მოევლინა.

[ობამას ხმა] “ეს ჩვენი მომენტია. ჩვენი მომენტი, ცვლილება ვამჯობინოთ ერთიდაიმავის გამეორებას, მომავალი ვამჯობინოთ წარსულს. ეს არის ჩვენი მომენტი, გამოვეთხოვოთ გუშინდელ წარუმატებელ პოლიტიკას. ეს არის ჩვენი მომენტი,ამერიკული ოცნება ხელმისაწვდომი გავხადოთ ყველა ამერიკელისთვის. და იმედი მაქვს, რომ, თუ ყოველი თქვენგანი მხარში ამომიდგება 22 აპრილს და მე მომცემს ხმას, გავიმარჯვებთ არა მარტო პენსილვანიაში, არამედ გავიმარჯვებთ ნომინაციისთვის ბრძოლაში, გავიმარჯვებთ სარყოველთაო არჩევნებში და შემდეგ მე და თქვენ, იმედია, ერთად შევძლებთ მივაღწიოთ ცვლილებას ამ ქვეყანაში და ამ პროცესში - ცვლილებას მსოფლიოში”.

ჰილარი კლინტონის ბოლოდროინდელი გამოსვლებიდან კი განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია შეცდომის აღიარებამ, რაც ბოსნიასთან დაკავშირებულ ერთ ეპიზოდს ეხება. კერძოდ კლინტონმა აღიარა, რომ გამოიგონა 90-ანი წლების ბოლოს ბოსნიაში ვიზიტის აღწერისას მოყვანილი დეტალები: კლინტონს ნათქვამი ჰქონდა, რომ მისი თვითმფრინავი დაეშვა სნაიპერების ცეცხლში; სინამდვილეში თვითმფრინავმა ნორმალური დაჯდომა განახორციელა და აშშ-ის მაშინდელ პირველ ლედის მთელი დელეგაცია შეეგება...

25 მარტს ჰილარი კლინტონმა აღიარა, რომ ადრე ნათქვამი სინამდვილეს არ შეესაბამებოდა: [კლინტონის ხმა] “შეცდომა დავუშვი. იცით, მე სხვანაირად მახსოვდა - ჩემმა გუნდმა და სხვებმა კი, იცით, ათასი რამ სცადეს, რათა გაერკვიათ, რა მოხდა. მოკლედ, მე დავუშვი შეცდომა. ასეთი რამ ხდება ხოლმე. ამტკიცებს, რომ მეც ადამიანი ვარ, რაც ზოგისთვის დიდი აღმოჩენაა”.

ისიც უნდა ითქვას, რომ ბოლო კვირებს არ ჩაუვლია ორი კანდიდატის ერთმანეთისადმი მკაცრი კრიტიკის გარეშე. კლინტონი ირმწუნება, რომ ობამა მეტისმეტად გამოუცდელია საიმისოდ, რომ პრეზიდენტი გახდეს, ობამა კი გავლენიანი ლობისტებისაგან ფულის აღებაში ადანაშაულებს კლინტონს.

თუმცა, განსაკუთრებით საყურადღებოა შემდეგი გარემოება: ბოლო დღეებში ობამა სიტყვიერ იერიშებს არა იმდენად კლინტონის, რამდენადაც ჯონ მაკკეინის წინააღმდეგ მიმართავს - საყოველთვაო შეფასებით, ნიშნად იმისა, რომ უკვე წინ იყურება, შესაძლოა აღარც ეჭვობს, რომ მას დაასახელებენ პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატად. პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი კი სწორედ ჯონ მაკკეინს - რესპუბლიკური პარტიის კანდიდატს დაუპირისპირდება.

პენსილვანიის შტატში საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით საღამოს 20 საათზე, თბილისის დროით დილის 5 საათზე იხურება.
XS
SM
MD
LG