Accessibility links

logo-print

ყოველკვირეული პროგრამა


იულონ გაგოშიძე განვლილი შვიდი დღის მანძილზე

სადღიურო ჩანაწერებს აწარმოებდა სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში იულონ გაგოშიძე, რომელმაც კვირის უდიდესი ნაწილი თურქეთში გაატარა.



13 აპრილი, კვირა
ქალაქი იზნიქი ღამის 11 საათია შესანიშნავ, სულ მარმარილოთი გაწყობილ სასტუმროში ვარ, ალბათ ოთხ ვარსკვლავიანი სასტუმროა და სრულიად მოულოდნელი პატარა,პროვინციული ქალაქისათვის, მაგრამ ეს ქალაქი ანტიკური ხანის ქალაქი ნიკეაა, სელჯუკთა იმპერიის პირველი დედაქალაქი ანატოლიაში. აქ შედგა პირველი საეკლესიო კრება 325 წელს კონსტანტინე დიდის თავმჯდომარეობით და მე-7 საეკლესიო კრებაც. ვნახეთ ის ბაზილიკაც, რომელშიც ეს მე-7 კრება შედგა. მეჩეთად გადაკეთებული შემდეგ დანგრეული, ახლა აღდგენილია და შიგნით გრძელდება სარესტავრაციო სამუშაოები. ტურისტები ქალაქ იზნიქს არ აკლია. აქ შემორჩენილია რომაული ხანის კედლები 4 ჭიშკრით.
იმდენი რამ მოხდა ამ დღეებში, რომ ამის არ დაფიქსირება არ შემიძლია. თურქეთში ჩვენი მოგზაურობა დაიწყო 10 აპრილს. ეს ჩემი პირველი შეხვედრაა თურქეთში მცხოვრებ ქართველებთან. გუშინწინ სიმონ ზაზაძეს შევხვდი, ქართველი კათოლიკეების მეთაურს. ბატონი სიმონი პატრონობს კათოლიკურ მონასტერს, რომელიც ქართველებმა დაარსეს ქალაქ სტამბოლში.
მისი უმდიდრესი ბიბლიოთეკა და არქივი უდიდეს ინფორმიციას ინახავს საქართველოსთვის. არქივის დამუშავება უკვე დაწყებულია და გაგრძელდება. სიმონს ქართული კულტურის ცენტრის დააარსება სურს მონასტრის მახლობლად და დასამახსოვრებელია მისი სიტყვები მე რომ მითხრა ”ჩემთვის ყველა ქართველი ქართველია ვინც უნდა იყოს, მუსლიმი, მართმადიდებელი თუ კათოლიკე მე ეს სიმდიდრე მათთვის მინდაო”. ტაძარში გამაოცა ქართული სულის არსებობამ. ღვთისმშობელი ქართველთა მოციქულად არის მოხსენიებული, წმინდა ნინოს ყველაზე დიდი ხატი აქვს და სვეტიცხოველი ფრესკაზე გამოსახული.
შემდეგ იყო შეხვედრა ცნობილი ბიზნესმენის ისმეთ აჯარის ოფისში, თურქეთ-საქართველოს განათლებისა და კულტურის ფონდის მმართველ საბჭოსთან, შეხვედრას დაესწრო ჟურნალ "ფიროსმანის" რედაქცია და თურქეთის სხვადასხვა ქართული საზოგადოებების: მაჭახელას, გოლჯუკისა სათვისტომოები. ქართული წარმოშობის 14 თურქეთის მოქალაქეს ქართული პასპორტები გადავეცით.
დღე კი დამთავრდა აჯარ კენტში, ისმეთ აჯარის აგებულ ქალაქში, რომელსაც 230 ჰექტარი უკავია სტამბოლის აზიურ ნაწილში. აქ, კულტურის ცენტრში, დიდი საქველმოქმედო წვეულება გამართეს. საღამოს 200-მდე სტუმარი დაესწრო. შემოსავალი ფონდს გადაეცა. წვეულებას მუსიკალური ნაწილი მოჰყვა, რომელსაც ბაიარ შაჰინი უძღვებოდა. გამოვიდა იბერია ოზგანიც თავისი პროფესიული ანსამბლით. იბერია ოზგანი თურქეთის დიდი ქართველის აჰმედ ოზგან მელაშვილის შვილია. აჰმედი მოკლეს 1980 წელს, იმ დღეს იბერიაც მძიმედ დაიჭრა. აჰმედ ოზგანი პირველი იყო, რომელმაც საქართველოსკენ გამოახედა თურქეთის ქართველობა.
ტერმინი “ჩვენებურები” პირველად მან იხმარა და ჟურნალი “ჩვენებურებიც” აჰმედ ოზგანის შექმნილია.
გუშინ შეხვედრები გრძელდებოდა სტამბოლის სხვადასხვა რაიონებში, ერთ-ერთი დიდი რაიონის მერი ქართველია. დღეს დილას კი დავადექით ანკარის გზას. გოლჯუკი, გებზე, ორჰანგაზი ქართველებით დასახლებული ქალაქებია. ყველგან საზეიმო შეხვედრები, ყველგან ქართული ცეკვა. ქართული ცეკვა და სიმღერა ქართველობისა და საქართველოს ხსოვნის შენარჩუნების ერთადერთი გზა ჩანს ჯერჯერობით და ამას ხელშეწყობა სჭირდება. ლოტბარები და ქორეოგრაფები უნდა გავუგზავნოთ აქედან.
დღევანდელი მგზავრობა იზნიქში დასრულდა.
აქ ჩვენი მასპინძელია იბრაჰიმ შენერი, ადგილობრივი ქართველი, ბევრი საწარმოსა და იზნიქის ტბის ნაწილის მფლობელი., რომელიც საქართველოში ჩამოსვლაზე ოცნებობს. იბრაჰიმი “იზნიქის ბათუმელთა” ქართული საზოგადოების დამაარსებელი, პრეზიდენტი და დამფინანსებელია.
5 წელია რუსთავიდან მოწვეული ქორეოგრაფი ასწავლის იზნიქელ ბავშვებს ქართულ ცეკვას. შესანიშნავი ანსამბლია, ცოტა ძველმოდური ანსამბლი. ისე ცეკვავენ, როგორც სუხიშვილების ანსამბლი თავისი მოღვაწეობის გარიჟრაჟზე, “ხტუნაობის” გარეშე.
მე ასეთი ცეკვა უფრო მომწონს, ვიდრე ახალმოდური, როცა ქალებსაც ახტუნავებენ.

14 აპრილი, ორშაბათი
მივდივართ ინეგოლისკენ ანკარაში საქართველოს კონსული პაატა სარიშვილი ჩვენი მძღოლი და მეგზურია. ინეგოლი 57 კილომეტრითაა დაშორებული იზნიქს. 20 წელია, რაც აქ ყოველ 4 წელიწადში ერთხელ მერად ქართველს ირჩევენ. ინეგოლის გარშემო 17 ქართული სოფელია, მე-19 საუკუნეში აჭარიდან დევნილი მუჰაჯირების შთამომავლებითაა დასახლებული, არიან ართვინელი ქართველებიც.
ინეგოლის ქართული საზოგადოების თავმჯდომარე მამია დუმბაძემ მთხოვა შემეხსენებინა ჩვენი პრეზიდენტისათვის, რომ როცა მან სტამბოლის სასტუმროში ჩოხები გადასცა ინეგოლელებს დაჰპირდა, რომ 2008 წლის 6 ივლისს ფესტივალზე მათთან ჩავიდოდა. “ჩვენი პრეზიდენტი ქართულად რომ მოგვართავს და ყველა უცხო რომ დაინახავს, რომ თარჯიმანი არა გვჭირდება, ეს გვინდაო.”
მამიამ გულისამაჩუყებელი ისტორია გვიამბო, როგორ გადასცა მას პრეზიდენტმა ქართული პასპორტი თბილისში საჯაროდ, სცენაზე. მოულოდნელობისაგან ყელში ბურთი გამეჩხირაო, შემდეგ კულისებში ჩამოვჯექი და სახეზე ხელაფარებული ვტიროდიო.
100-ზე მეტი მოზარდია გაერთიანებული ინეგოლის ქორეოგრაფიულ ანსამბლში. ამბობენ, რომ ყველა ბავშვი ლამაზი და ნიჭიერიაო, მაგრამ აქაური ბავშვები განსაკუთრებულად ლამაზები და ნიჭიერები მეჩვენა.
ღამე ოილატში გავათენეთ, ოილატი ქართული სოფელია მთაში, ინეგოლის მახლობლად. ფანტასტიკური სილამაზის ხეობაში, მდინარე ოილატის ნაპირზე. აქ ცხელ მინერალურ წყალზე სასტუმროა აგებული. აქ მცხოვრები ქართველისათვის არც იუმორია უცხო.
ოილატელმა ქართველმა, ახმედმა, ასეთი ამბავი გვიამბო: თბილისიდან ბურსაში ჩამოსული ახალგაზრდა კაცი, ლევანი, მეგობარ თურქთან ერთად ოილატისაკენ გაემგზავრა. ღამით ავარია მოსვლიათ, ლევანს გონი დაუკარგავს, თვალი რომ გაუხელია პატარა გოგო-ბიჭები დაუნახავს, თავზე რომ ეფერებოდნენ და სუფთა ქართულით “ბიძია რა მოგივიდაო” ეკითხებოდნენ. Lლევანს ჰგონებია, რომ გარდაიცვალა და სამოთხეში მოხვდა და ბავშვებს საიქიოს ამბების გამოკითხვა დაუწყო. თურქ მეგობარს საკმაო ხანი დასჭირდა, იმისათვის, რომ ლევანი დაერწმუნებინათ ეს ქართული სოფელია აქ ქართულად საუბრობენო.
იუმორი იუმორად და მართლაც ძნელი წარმოსადგენია თურქეთის შუაგულში ქართულად მოლაპარაკე სოფლები, არადა აქ ბევრი ქართული სოფელია, რომლის მცხოვრები ბავშვები თურქულს სკოლაში სწავლობენ.....ამბობენ ერთი ქართული სოფელი დიარბაქირშიც, ერაყის საზღვართანაც არისო.

15 აპრილი, სამშაბათი
ღამე ოილატში გავათენეთ, დილას კი ბურსაში ჩავედით. BBბურსა ორმილიონიანი ქალაქია, დიდი რეგიონის ცენტრი. 2000 წლის აღწერისას, ამ რეგიონში მცხოვრებთაგან 380 ათასმა დედაენად ქართული დაასახელა. ბურსის უნივერსიტეტის რექტორი ქართველია, ხელისუფლებაშიც და ძალოვან სტრუქტურებშიც ბევრი ქართველია.
ბურსის ქართული საზოგადოების თავმჯდომარე მუსა აიდინია, თათარაშვილი. შეხვედრა საზეიმო ვითარებაში დაიწყო. დაესწრო თურქეთის წამყვანი ტელევიზიებისა და პრესის წარმომადგენლები. შემდეგ შინაურული საუბარი გვქონდა, რომელიც გაგრძელდა ქართულ სოფელში – შელალ-დერე, რაც ჩანჩქერის – ღელეს ნიშნავს. 100 მეტრი სიმაღლის ბაზალტის კლდე გახეთქილი შუაზე და იქიდან უზარმაზარი ჩანჩქერი გადმოჰქუხს.
საღამოს ანკარაში ვართ, სასტუმროში საქართველოს კულტურის სამინისტროს დელეგაცია დაგვხვდა. ხვალ თავის თურქ კოლეგებთან ხანძთის, ოშკისა და ხახულის რესტავრაციაზე ექნებათ საუბარი. მგონი, ყინული დაიძრა და ტაო-კლარჯეთის ძეგლებს ეშველება.
ხვალ დილით ოფიციალური შეხვედრები გველოდება.

16 აპრილი, ოთხშაბათი
დილიდან გვაქვს შეხვედრები, მიგვიღო თურქეთის სახელმწიფო მინისტრმა საით იაზიჯიოღლუმ, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრები თურქების საქმეებს კურირებს. შეხვედრას დაესწრნენ ჩვენი დესპანი ანკარაში ირაკლი კოპლატაძე, საელჩოს მრჩეველი ზურაბ ბატიაშვილი და ჩემი თანამგზავრი და თანამშრომელი ზაზა წურწუმია.
საით იაზიჯიოღლუს ექვემდებარება ორი უზარმაზარი უწყება: თურქეთის თანამშრომლობის საერთაშორისო სააგენტო და რელიგიის საქმეთა სამართველო. მინისტრსაც და ტელევიზიასაც, შეხვედრას რომ ესწრებოდა, განსაკუთრებით აინტერესებდათ მაჰმადიანი მესხების რეპატრიაციის საკითხი და ამ სფეროში საქართველოს თანამშრომლობას გვთავაზობენ. ჩემი აზრით, თურქეთს აფხაზური საკითხის დარეგულირებაშიც შეუძლია დადებითი როლის
შესრულება. თურქეთში ქართველებთან ერთად რამდენიმე ათეული ათასი აფხაზიც ცხოვრობს და არავითარი შუღლი მათ შორის არ ყოფილა, არ არის და არც იქნება. გუშინაც, ჩანჩქერთან ჩვენ ქართველებთან ერთად აფხაზეთიდან დევნილი ქალიც გვმასპინძლობდა. თბილისის აეროპორტის მშენებელს ერგუნ ათაბაის (ქოქოლაძეს) კი დედა აფხაზი ჰყავს.
კულტურის სამინისტროს დელეგაციამაც წარმატებას მიაღწია. ქართული ძეგლების რესტავრაცია მალე დაიწყება.
გვქონდა შეხვედრა ანკარის ქართული სათვისტომოს წარმომადგენლებთან საქართველოს საელჩოში.
თურქეთის ქართველებს ყველაზე მეტად ახარებს ქართული მოქალაქეობის მიღება. აჭარელი მუჰაჯირების ერთმა მხცოვანმა შთამომავალმა მითხრა ქართველად მინდა მოვკვდეო. ქართული პასპორტი იგულისხმა.
ანკარაში ესკორტით დავდიოდით.

17 აპრილი, ხუთშაბათი
დილაადრიან აეროპორტში გავემგზავრეთ.
კიდევ კარგი, ანკარაში ისეთი “ტრაფიკები”, თუ “პროპკები” არ არის, როგორც სტამბოლში. სტამბოლის აეროპორტშიც ესკორტი დაგვხდა და ძალიან გაიხარეს, როდესაც მათ მომსახურებაზე უარი ვთქვი, საგანგებოდ ხელი მომაწერინეს უარზე.
თურქეთში საქართველოდან ამ ბოლო წლებში წასული ბევრი ქართველიც ცხოვრობს. დღეს ერთ-ერთ მათგანს შევხვდით. წარმატებული მეწარმეა და საქმიანი კონტაქტები აქვს საქართველოსთან.

18 აპრილი, პარასკევი
ჩვენი ვიზიტის ბოლოს შეხვედრა გვქონდა ერგუნ ათაბაისთან და ჟურნალ ფიროსმანის გამომცემლებთან. ჟურნალი ძალიან მაღალი პოლიგრაფიული დონისაა და დიდ საქმეს აკეთებს. განა არ შეუძლიათ ჩვენს ბიზნესმენებს თითო რეკლამის განთავსებით მაინც შეეწიონ ამ ჟურნალს?!
საღამო ძალიან სასიამოვნო გამოდგა. ნიკო და ფაჰრედინი, ჟურნალის გამომცემლები, თან გვესაუბრებოდნენ, თან ერთმანეთთან ხუმრობდნენ.
ნიკო ისეთი სოფლიდან არის, რომელსაც აბრალებენ ვირიჭამიები ხართო.
სანადიროდ წასულან ბიჭები და მოუკლავთ ირემი. დაიწყეს გატყავება, ფეხებთან რომ ჩავიდნენ აღმოაჩინეს, რომ ნალები აქვს ჩლიქებზე, ვირი ყოფილაო-თქვეს. ვირი კი არა ირემიაო. მაშ, ნალებს რა უნდა აქო, შე კაცო?! ადამიანი თუ ვირს ჭედავსო, რა ღმერთს გაუჭირდება ირემი დაჭედოსო?! უთქვამთ და შეუჭამიათ. იმის მერე სოფელს მასხრად იგდებენ.

19 აპრილი, შაბათი
დღევანდელი დღე თვითმფრინავში დაიწყო. უსაზღვროდ დაღლილი ვარ.
მაინც გავიგე, რომ სადღაც ტრაპიზონის მიდამოებში ჩვენი თვითმფრინავი ავარიულ დაშვებას აპირებს. დაე, დავეშვათ, მე ძილს გავაგრძელებ...
თვითმფრინავი ეშვება.
მგონია ტრაპიზონში ვართ, თურმე თბილისია! ძალიან კარგი! იწყება სამუშაო დღე, ძალიან ბევრი საქმე მექნება, არ უნდა შევირცხვინოთ თავი თურქ ქართველებთან...

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG