Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰააგის ტრიბუნალის ყოფილი მთავარი ბრალმდებელი იხსენებს


იტალიაში გამომცემლობა “ფილტრინელიმ” აპრილის დასაწყისში გამოუშვა შვეიცარიელი იურისტის კარლა დელ პონტეს წიგნი, სათაურით “ნადირობა, მე და ომის დამნაშავეები”.


წიგნში კოსოვოს “განთავისუფლების არმიის” წევრების მიმართ გამოთქმულია ბრალდება, თითქოს კოსოვოელი მეამბოხეები დატყვევებულ სერბებს ორგანოებს სჭრიდნენ. არ იფიქროთ, რომ წიგნის მთელი 416 გვერდი ამ თემას ეძღვნება, რომელსაც ასეთი მწვავე რეაქცია მოჰყვა სერბიაში, კოსოვოსა და, ასევე, ალბანეთში.
დელ პონტე დიდხანს იყო ყოფილი იუგოსლავიის საქმეთა ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალის მთავარი ბრალმდებელი. აღსანიშნავია, რომ შვეიცარიამ, დელ პონტეს სამშობლომ, ნება არ დართო მას მოგონებების ეს წიგნი გამოექვეყნებინა. საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააფრთხილა ამჟამინდელი დიპლომატი, რომ მთელი რიგი გამონათქვამები მის ნაშრომში სახელმწიფო მოხელის სტატუსს არ შეეფერება. დელ პონტე ამჟამად არგენტინაშია ელჩად გაგზავნილი. სანამ წიგნს წაიკითხავდნენ, მისი ერთი-ორი მონაკვეთი გამომცემლობამ საინფორმაციო სააგენტოებს გადასცა და სწორედ მათ მიერ იქნა გავრცელებული ეს საზარელი ამბები. როგორც ჩანს, ეს ინფორმაცია ადრევე არსებობდა, მაგრამ არ გავრცელდა იმის გამო, რომ მისი დადასტურება შეუძლებელი იყო. და მაინც სერბებს, რომელთა შვილები უგზო-უკვლოდ არიან დაკარგული კოსოვოში ბრძოლებისა და მათი დასრულების შემდგომ შექმნილი ქაოსის დროს, მწვავე რეაქცია ჰქონდათ წიგნში მოყვანილ ცნობებზე. ეს ადამიანები - და მათთან ერთად თვით ოლქის იუსტიციის სამინისტრო - ჩიოდნენ, რატომ დამალა კარლა დელ პონტემ ასეთი საშინელებებიო. რისთვის დასჭირდა კარლა დელ პონტეს თავის წიგნში გამოექვეყნებინა ინფორმაცია, რომელიც არ არის სამართლებრივად დადასტურებული?
სენსაციურ ეპიზოდებს მის ნაშრომში მხოლოდ ამ წიგნის ლაიტმოტივის ემოციურ ილუსტრაციად აღიქვამენ, რომელსაც დელ პონტე “რეზინის კედლის” ეფექტს უწოდებს.
რა ეფექტზეა ლაპარაკი და რა შეიძლება ითქვას ამ ბრალდებებზე? თავისი აზრი ამ თემაზე სოფია კორნიენკოს, რადიო “თავისუფლების” რუსული სამსახურის კორესპონდენტს ნიდერლანდში, გაუზიარა ჰააგის ტრიბუნალის ისტორიის დამოუკიდებელმა ექსპერტმა, საერთაშორისო სამართლის მცოდნემ ჰაიკელინ ვარაინ სტიუარტმა, რომელიც, თავისი დაკვირვების შედეგად, დელ პონტეს მოტივს ასახელებს:

(სტიუარტის ხმა) “დელ პონტე იმდენად განაწყენებულია ამერიკელებზე იმის გამო, რომ არ ისურვეს ტრიბუნალთან თანამშრომლობა კოსოვოს “განთავისუფლების არმიის” წევრების მიმართ ბრალდებების მომზადებაში, რომ შეუმოწმებელ ცნობებს იყენებს საზარელი დანაშაულის საილუსტრაციოდ, რითაც გონიერების საზღვარს სცილდება.”

ნიდერლანდელი ექსპერტი ფიქრობს, რომ საერთაშორისო საზოგადოებაში, სადაც ამდენად დიდ როლს თამაშობს პოლიტიკური ინტერესი, დამოუკიდებლად მოქმედება შეუძლებელია. მას მიაჩნია, რომ დელ პონტე სწორედ ამას შეეცადა, თუმცა ხანდახან თავისებური სწორხაზოვანი მანერით მოქმედებდა. და მაინც ის პატივისცემას იმსახურებს.

(სტიუარტის ხმა) “ ის სავსებით მართალია, როცა ჩვენს ყურადღებას მიაქცევს იმას, თუ როგორ იყო პარალიზებული ტრიბუნალის მუშაობა. მაგრამ მას არ უნდა დაავიწყდეს, რომ მისი, როგორც საერთაშორისო სამართლის წარმომადგენლის, მთავარი როლი იმაშია, რომ განასახიეროს პატიოსანი სასამართლო პროცესის შესაძლებლობა მაშინაც კი, როცა საქმე ეხება კაცობრიობის წინაშე საზარელ დანაშაულს, რომელშიც ხელმძღვანელები, პრეზიდენტები არიან ჩართული. ვინც უნდა იყო შენ, უნდა გქონდეს სამართლიანი პროცესის გარანტია. თუკი ჩრდილოვან პროცესებს გიწყობენ მასმედიის საშუალებით, როგორც ეს კოსოვოს ”განთავისუფლების არმიის” მიმართ მოხდა (რომ ისინი ორგანოებით ვაჭრობდნენ), ეს არ არის პატიოსანი პროცესი.”

სანამ წიგნი გამოვიდოდა და სანამ შვეიცარიის მთავრობა უარს ეტყოდა გამოცემაზე, დელ პონტეს ჟურნალისტებმა მისი წიგნის შესახებ ინტერვიუები უკვე ჩამოართვეს. მაშინ ყოფილ მთავარ ბრალმდებელს არ უხსენებია ორგანოებით ვაჭრობის ეს სკანდალური თემა. მაგრამ დაასახელა სხვები, მაგალითად, ის, რომ რომის პაპმა ბენედიქტე მეორემ უარი უთხრა მიღებაზე და დახმარებაზე, ზეწოლა მოეხდინა კათოლიკურ ხორვატიაზე, მის მთავრობაზე; ასევე ის, თუ როგორ შეაქციეს მას ზურგი ამერიკელმა მოხელეებმა, როცა დელ პონტემ მოისურვა ბალკანეთში ნატოს მიმართ გამოთქმული ბრალდებების შესახებ სიმართლე გაეგო. ჩვენს კორესპონდენტთან საუბარში ამაზე დაწვრილებით საუბრობს ჰოლანდიელი ექსპერტი. ის ამბობს, რომ დელ პონტეს არ დართეს ნება დაეკითხა ნატოს მთავარსარდალი უესლი კლარკი, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მაშინდელმა დირექტორმა ჯორჯ ტენეტმა კი, როცა ტრიბუნალის მთავარმა ბრალმდებელმა თანამშრომლობა სთხოვა, ის უხეშად მოიშორა თავიდან. ნიდერლანდელი ექსპერტი ვარაინ სტიუარტი, რომელიც კვლავაც მხოლოდ სამართლებრივი გზის მომხრეა, განმარტავს მეტაფორას “რეზინის კედელი”, რომელსაც კარლა დელ პონტე იყენებს წიგნში “ნადირობა, მე და ომის დამნაშავეები” :

(სტიუარტის ხმა)
“ამ მხრივ, “რეზინის კედელი” შესანიშნავი მეტაფორაა. ამერიკელები ხან მეგობრულად, ხან კი უხეშად უარს ეუბნებოდნენ ტრიბუნალს ინფორმაციის მიწოდებაზე. მე ასეთ შემთხვევებშიც კი ვურჩევდი საქმე სასამართლომდე მიეყვანა და სრული ინფორმაცია სწორედ სასამართლოს ძალით მოეთხოვა. თუკი ნატოს ხელმძღვანელობა ასეთ შემთხვევაშიც უარს იტყოდა ინფორმაციის გაცემაზე, ეს საერთაშორისო სკანდალი იქნებოდა.”

სტიუარტის თქმით, ჩვენ, ალბათ, ვერასოდეს გავიგებთ, რატომ არ გამოუვიდა დელ პონტეს ნატოს საქმის წარმოწყება. მისი აზრით, პრობლემა ისაა, რომ ყველა საკუთარ რეპუტაციაზე ზრუნავს, ტრიბუნალი თითქმის დახურულია და დაინტერესებული პირები ცდილობენ, რაც შეიძლება ღია ფერის ავტოპორტრეტები დაუტოვონ ისტორიას. თუმცა, როცა სტიუარტი დელ პონტეს წარუმატებლობას განმარტავს, ამბობს, რომ მთავარი ბრალმდებელი არ მოიქცა სწორად, როცა თავისი მემუარები თანამდებობიდან წასვლის შემდეგ დაწერა:

(სტიუარტის ხმა)
“კარგი იქნებოდა, იმის შესახებ, რაზეც ის წიგნში წერს, მოეთხრო ბოლო ორი თვის განმავლობაში, სანამ ტრიბუნალში თავისი თანამდებობა ეკავა და საკუთარი თავის უფროსი იყო. ამის ნაცვლად, ის სულ იმას იმეორებდა, ყველაფერს ჩემი წიგნიდან შეიტყობთო. ახლა კი, როცა დიპლომატიურ საქმიანობაზე დათანხმდა, შვეიცარიის მთავრობამ აუკრძალა ამ წიგნის ხსენებაც კი. ის თავისი ბუნებით ძალიან დამოუკიდებელი ადამიანია და შეიძლება ვერც კი გათვალა ასეთი შედეგი.”

შედეგი კი ისაა, რომ დელ პონტე ბრალმდებელი აღარაა და მისი წიგნი მის სამშობლში აიკრძალა.
დაბოლოს, აი, რას ამბობს ბალკანეთის ექსპერტი ანდრეი შარი:

(შარის ხმა)
”იყო ასეთი გამოძიება, იყო მონაცემები, დელ პონტე ამ საქმით იყო დაკავებული, ის ალბანეთშიც კი ჩავიდა გამოძიებაში ამ ქვეყნის ხელისუფალთა დახმარების მოსაპოვებლად. ტრიბუნალს, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭომ შექმნა, არ გააჩნია გამოძიების საკუთარი მექანიზმი, იძულების საკუთარი ძალები. მას ჰყავს პროკურორები და ექსპერტები, რომლებიც სხვების მიერ შეგროვებული მონაცემების საფუძველზე მუშაობენ. ეს მონაცემები შეიძლება შეკრიბონ ადგილობრივმა სასამართლოებმა, არსებობს ტრიბუნალის პროკურორის მიერ მივლინებული ჯგუფები, მაგრამ მათი შესაძლებლობები შეზღუდულია. ის, რაც ტრიბუნალმა მოიპოვა, საქმის აღძვრისთვის საკმარისი არ იყო, რადგან ვერ მოგროვდა საკმარისი სამხილი. დელ პონტეს პოზიცია ასეთი იყო: მე, ჩემი პოლიტიკური წონითა და იურისტის ავტორიტეტით, მივაღწევ იმას, რომ დაიწყოს გამოძიება ალბანეთის მთავრობისა და კოსოვოში გაეროს ადმინისტრაციის მეშვეობით. შემდეგ კი ამ საქმეში გარკვევას ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებს ვთხოვთ. ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა.”
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG