Accessibility links

logo-print

რუსეთის პრესის მიმოხილვა


რუსეთის პრესის მთავარი თემები დღეს სათაურებიდანვე ნათელი იყო. ,,კიდევ მოფრინდებიან? - იმასვე ვუპასუხებთ”, - წერს ”ვრემია ნოვოსტეი”.

,,ნინო ბურჯანაძემ სავარძელი დაახეთქა” - ასეთია გაზეთ ”კომერსანტის” პუბლიკაციის სათაური.

”ვრემია ნოვოსტეის” პუბლიკაცია ასე იწყება: ,,საქართველომ, რომელიც ჯერ მხოლოდ ოცნებობს ნატოში გაწევრიანებაზე, უკვე გამოიყენა ალიანსის შესაძლებლობები რუსეთის მიმართ ბრალდებებისთვის. გუშინ თბილისმა განაცხადა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უპილოტო მზვერავი-თვითმფრინავი 20 აპრილს აფხაზეთში არაღიარებული რესპუბლიკის ძალებით კი არ იყო ჩამოგდებული, არამედ რუსული გამანადგურებლის ”მიგ-29-ის” საშუალებით. ” - გაზეთი წერს, რომ რუსეთმა კატეგორიულად უარყო ამ ინციდენტთან თავისი კავშირი, მაგრამ საქართველო მის არგუმენტებს არ იზიარებს.

,,ჩამოგდებულ ქართულ თვითმფრინავთან დაკავშირებულმა ინციდენტმა, შესაძლოა, ჯვარი დაუსვას ურთიერთობის ნორმალიზაციას, რაც მოსკოვსა და თბილისს შორის იწყებოდა.” - ეს ციტატა უკვე დღევანდელი ”კომერსანტიდან” გახლავთ. პუბლიკაციაში, სათაურით ,,საქართველომ რუსეთს ფრენების გარჩევა მოუწყო”, გაზეთი წერს, რომ, ქართული მხარის თხოვნით, შედგა ორი ქვეყნის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარი. ვლადიმირ პუტინმა, - წერს გაზეთი, - ”არა მხოლოდ გაოცება გამოხატა იმ ფაქტის გამო, რომ ქართული მხარე კონფლიქტის ზონაში სამხედრო მიზნებით ახორციელებს ფრენას, არამედ ხაზგასმით თქვა, რომ ეს არის დესტაბილიზაციის ფაქტორი, რომელიც დაძაბულობის ესკალაციას უწყობს ხელს.”

ამავე პუბლიკაციის მიხედვით, ”ინციდენტმა გააბათილა ეფექტი, რომელიც, მოსკოვის ჩანაფიქრით, საქართველოსა და რუსეთს შორის საფოსტო კავშირის აღდგენას უნდა მოეტანა. თუმცა თბილისში არც ამის გათვალისწინებით ელოდნენ მოსკოვთან სწრაფ შერიგებას”, - წერს გაზეთი. ”იქ (იგულისხმება - თბილისში) მიაჩნიათ, რომ ამ საშუალებებით მოსკოვი ცდილობს შეარბილოს რუსეთის პრეზიდენტის სხვა დავალებისაგან მიღებული ეფექტი - დავალებისგან რომელიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან განსაკუთრებული ურთიერთობების დამყარებას გულისხმობს”, - წერს ”კომერსანტი”.

ნინო ბურჯანაძესთან დაკავშირებული პუბლიკაციები კი უკვე გუშინ საღამოს გამოჩნდა რუსული გაზეთების ინტერნეტგამოცემებში. ,,საქართველოს პარლამენტის სპიკერმა უარი განაცხადა მონაწილეობა მიიღოს საპარლამენტო არჩევნებში”, - წერდნენ ”ნოვიე იზვესტია” და ”დეილი ტელეგრაფის” რუსული გამოცემა ,,გაზეტა”. დღეს კი ”კომერსანტმა” ამ თემას ვრცელი წერილი მიუძღვნა, სათაურით ,, ნინო ბურჯანაძემ სავარძელი დაახეთქა”.

,,სპიკერის გადაწყვეტილებამ ნამდვილი შოკი გამოიწვია მმართველი პარტიის რიგებში. ამ პარტიის ბევრი თვალსაჩინო წარმომადგენელი იმდენად დაბნეული იყო, რომ უარი თქვა მომხდარის კომენტირებაზე”, - წერს გაზეთი.

და კიდევ ერთი ციტატა პუბლიკაციიდან: ,, ნინო ბურჯანაძემ გუშინ საგანგებოდ აღნიშნა, რომ არ აპირებს ოპოზიციაში წასვლას და რომ დარჩება იქ, სადაც ქვეყანას დასჭირდება. თუმცა მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი თანამებრძოლი, ირაკლი ოქრუაშვილი, როცა პრეზიდენტმა 2006 წელს, ფაქტობრივად, გაათავისუფლა თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან, ასევე აცხადებდა, რომ დარჩება მის გუნდში, მაგრამ მას შემდეგ ერთი წელიც არ იყო გასული, რომ სააკაშვილის მთავარი ოპონენტი გახდა”, - ასე ამთავრებს სტატიას ავტორი დღევანდელ ”კომერსანტში”.




XS
SM
MD
LG