Accessibility links

logo-print

რა კვალს დაამჩნევს ნინო ბურჯანაძის პროტესტი საპარლამენტო არჩევნებს


ნინო ბურჯანაძის გადაწყვეტილებამ, არ იყაროს კენჭი 21 მაისისათვის დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებში, მეტი დრამატიზმი შესძინა ისედაც დაძაბულ წინასაარჩევნო კამპანიას.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შიდაპარტიული განხეთქილების გამო დააგვიანა პარტიული სიების ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარდგენა და ამიტომ, კანონის შესაბამისად, არჩევნებიდან უნდა მოიხსნას. საწინააღმდეგოს ამტკიცებენ „ნაციონალური მოძრაობისა“ და ცესკოს წარმომადგენლები, რომელთა თქმითაც, ადგილობრივი და საერთაშორისო მეთვალყურეები დალუქული ყუთების გახსნის შემდეგ დარწმუნდნენ, რომ მმართველ პარტიას კანონი არ დაურღვევია.


ნინო ბურჯანაძის გადაწყვეტილებამ პირველი პრობლემები „ნაციონალურ მოძრაობას“ საჯარო განცხადების გაკეთებისთანავე შეუქმნა. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დარწმუნებულნი არიან, რომ მმართველმა პარტიამ სიის დროულად ჩასწორება ვერ მოასწრო. რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, თინათინ ხიდაშელის, ეჭვებს შემდეგი გარემოება ამძაფრებს:

[თინათინ ხიდაშელის ხმა] „მას შემდეგ, რაც დასრულდა სიების წარდგენა, ცესკოში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს უარი უთხრეს სიების ასლების გაცნობაზე. ამის მიზეზი შეიძლება მხოლოდ ორი რამ ყოფილიყო: ასეთი სია ბუნებაში არ არსებობდა, მეორე - სია არსებობდა, მაგრამ მას სჭირდებოდა გამოცვლა, რაც კანონით აკრძალული და დაუშვებელია.“

თუმცა ცესკოში ამტკიცებენ, რომ 21 აპრილს, გვიან ღამით, კანონით აკრძალული და დაუშვებელი არაფერი მომხდარა. დავით გურგენიძე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ”ნაციონალურ მოძრაობას” წარმოადგენს.

[დავით გურგენიძის ხმა] „ექვსს აკლდა თხუთმეტი წუთი, სიები რომ შემოიტანეს. ეს სიები ათ წუთში ჩაიკეტა კანცელარიაში. მოგვიანებით კარის გახსნა იმის გამო ვერ მოხერხდა, რომ თანამშრომელი, ვისაც გასაღები ჰქონდა, შინ იყო წასული. მოგვიანებთი იგი დაბრუნდა სამსახურში, გავხსენით კარი და ყველა ერთად დავრწმუნდით, რომ სიები იყო ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც უნდა ყოფილიყო. ცარიელი ფურცლები ნამდვილად არ ყოფილა. ოპოზიციაც იქ იყო და საერთაშორისო თუ ადგილობრივი დამკვირვებლებიც.“

ადგილობრივი მეთვალყურეებიდან აქტიურობდნენ „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლები. ეკა სირაძე-დელონე, ამ ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი, ამბობს, რომ ცესკოსა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მთელი ღამის განმავლობაში სდარაჯობდნენ ოთახს, სადაც, საარჩევნო ადმინისტრაციის უფროსის მტკიცებით, პარტიული სიები იყო ჩაკეტილი.

[ეკა სირაძის ხმა] „დრო გაიწელა საშინლად და ვერ ვხსნი, თუ რის გამო მოხდა ეს. აღმოჩნდა, რომ ამ ოთახში სიები საერთოდ არ არის. გვითხრეს, მეზობელ ოთახშიაო. როდესაც ჩავედი კანცელარიაში, ვნახეთ სიები, რომლებიც სპეციალურ ყუთებში იყო შენახული და ლუქი ჰქონდა დაზიანებული.“

არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქციელის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ ოპოზიციური პარტიები. ლეიბორისტებმა, როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი გუგავა, ამბობს, სარჩელი შეიტანეს თბილისის საქალაქო სასამართლოში:

[გიორგი გუგავას ხმა] „მოვითხოვთ სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება და მოხსნას ”ნაციონალური მოძრაობა” საარჩევნო რეგისტრაციიდან. ეს ჩვენი ახირება კი არ არის, არამედ ამას ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობა.“

თუმცა, ვიდრე სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს, ”ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები საარჩევნო სიის პრეზენტაციისთვის ემზადებიან. ლამის ორასკაციანი სია, როგორც პარტიის გენერალური მდივანი ზურაბ მელიქიშილი განმარტავს, ხანგრძლივი სელექციის შედეგად შეირჩა:

[ზურაბ მელიქიშვილის ხმა] „სია შეირჩა იმ კრიტერიუმით, რომ მასში შესულიყვენ ის ადამიანები, რომლებსაც საქმის კეთების პრაქტიკული გამოცდილება გააჩნიათ - იმ საქმისა, რომელზეც ბევრი ადამიანის კეთილდღეობაა დამოკიდებული.“(სტილი დაცულია)

სიაში, როგორც მოსალოდნელი იყო, მინიმალურად არიან წარმოდგენილი ის ადამიანები, რომლებსაც რეკომენდაცია ნინო ბურჯანაძემ გაუწია. არადა, სულ ცოტა ხნის წინ პარლამენტის თავმჯდომარესა და პრეზიდენტს შორის სრული იდილია სუფევდა.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] „მე და ნინო რაც უფრო მეტხანს ვუყურებთ, მით უფრო მოგვწონს ერთმანეთი, ყველანაირი და, მათ შორის, პოლიტიკური კუთხითაც.“(სტილი დაცულია)

თუმცა პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებამ აჩვენა, რომ პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის მრავალწლიან და რევოლუციით ნაწრთობ ურთიერთობას ბზარი გაუჩნდა. საინტერესოა, რას ფიქრობენ თბილისელები ნინო ბურჯანაძის პროტესტზე.

[მოქალაქეთა ხმები]

ექსპერტთა ერთი ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ნინო ბურჯანაძისა და მის მიერ შერჩეული ადამიანების განზე გადგომა დიდ გავლენას ვერ იქონიებს არჩევნების შედეგებზე. პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის აზრით, ამის უმთავრესი მიზეზია არა პარლამენტის თავმჯდომარის პოლიტიკური წონის ნაკლებობა, არამედ თავად ქართველი ამომრჩეველი:

[რამაზ საყვარელიძის ხმა] „ამომრჩევლისთვის მიხეილ სააკაშვილი არის გადამწყვეტი ფიგურა, დანარჩენს არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. ჩვენი ამომრჩეველი სიებს რომ აკვირდებოდეს და ფიქრობდეს იმაზე, რა გამოცდილება აქვს ამ სიის თითოეულ წევრს, აქამდე არ მივიდოდა ქვეყნის მდგომარეობა.“



XS
SM
MD
LG