Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაარღვია თუ არა საქართველოს უპილოტო თვითმფრინავმა აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებული სამშვიდობო შეთანხმებები


აფხაზეთის ტერიტორიის თავზე საქართველოს უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავის აფეთქების ფაქტი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში

მორიგი დაძაბულობის მიზეზად იქცა. მოსკოვი უარყოფს თბილისის მტკიცებას, რომ უპილოტო საფრენი აპარატი რუსეთის სამხედრო თვითმფრინავმა გაანადგურა და საქართველოს აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებული სამშვიდობო შეთანხმებების დარღვევაში ადანაშაულებს. მართლაც ხომ არ ეწინააღმდეგება სამშვიდობო შეთანხმებებს აფხაზეთის თავზე საქართველოს საფრენი აპარატების გადაადგილება?

აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ გაგიდას თავზე ქართული უპილოტო მზვერავი თვითმფრინავი 20 აპრილს ააფეთქეს. აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლების მტკიცებით, საქართველოს მზვერავი თვითმფრინავი აფხაზეთის ჰაერსაწინააღმდეგო ძალებმა ჩამოაგდეს. საქართველოს ხელისუფლების განცხადებით კი, საფრენი აპარატი რუსულმა MИГ-29-მ ააფეთქა, რასაც ოფიციალური მოსკოვი კატეგორიულად უარყოფს. ამის შესახებ საქართველოში რუსეთის ელჩმა ვიაჩესლავ კოვალენკომ განაცხადა:

[ვიაჩესლავ კოვალენკოს ხმა] ”უპილოტო მზვერავი თვითმფრინავი იმყოფებოდა უსაფრთხოების ზონის თავზე, ყველა შეთანხმების დარღვევით. მეორე, აღმოჩნდა რა უსაფრთხოების ზონაში და ტერიტორიულ სივრცეში, რომელსაც აფხაზეთის მხარე აკონტროლებს, ეს მზვერავი თვითმფრინავი აფხაზეთის ჰაერსაწინააღმდეგო ძალებმა გაანადგურეს. ყოველგვარი საუბრები და ინსინუაციები იმის შესახებ, რომ ეს თვითმფრინავი თითქოსდა რუსეთის თვითმფრინავმა სუ 29-მ ჩამოაგდო, სრულიად უსაფუძვლოა.”

რუსეთის ოფიციალური პოზიცია უპასუხოდ არ დაუტოვებია საქართველოს საგარეო უწყებას. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნიკოლოზ ვაშაკიძის განცხადებით, რუსეთი თავის მართლებას ცდილობს.

[ნიკოლოზ ვაშაკიძის ხმა] ”მესმის რუსეთის მხარის ამ შემთხვევაში. ვინაიდან პრაქტიკულად მათ ხელთ ლოგიკური და სერიოზული არგუმენტები არ არის, ისინი იძულებულები არიან, აი, ასეთი უაზრო არგუმენტებით იმართლონ თავი ამ სიტუაციაში.”(სტილი დაცულია)

რუსეთის მხარის არგუმენტების სისუსტეზე საუბრობს საქართველოს თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილიც:

[დავით კეზერაშვილის ხმა] ”ჩვენ გვაქვს უტყუარი დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რა თვითმფრინავი ესვრის საქართველოს უპილოტო თვითმფრინავს. ეს არის ორკუდიანი თვითმფრინავი, მსგავსი აფხაზებს არ ჰყავთ და ეს არის მხოლოდ და მხოლოდ გამანადგურებელი, რომელიც შეიძლება ყოფილიყო რუსეთის და არა სხვა რომელიმე ქვეყნის. ჩვენ გვაქვს ასევე უტყუარი ინფორმაცია, რომ ამ თვითმფრინავმა აფრენა მოახდინა გუდაუთის სამხედრო ბაზიდან და დატოვა საქართველო რუსეთის მიმართულებით.”(სტილი დაცულია)

რაც შეეხება რუსეთის მხრიდან საქართველოს მისამართით გაცხადებულ კიდევ ერთ ბრალდებას აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგებასთან დაკავშირებული შეთანხმებების დარღვევის თაობაზე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კუვეიტის ვიზიტისას განაცხადა, მინდა ყველაფერი გაირკვეს, რამდენადაც დარღვევები, რომლებიც უკვე ნორმად იქცა, ვითარებას ძაბავსო.

საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის ირაკლი მენაღარიშვილის განმარტებით, აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებულ შეთანხმებებში არაფერია ნათქვამი აფხაზეთის სივრცეში საფრენი აპარატების გადაადგილების აკრძალვის შესახებ:

[ირაკლი მენაღარიშვილის ხმა] ”ამ ზონაში არ შეიძლება იქნეს შეტანილი სამხედრო ტექნიკა და არ შეიძლება განლაგდეს სამხედრო ძალები. იქ შეიძლება იყოს პოლიციური ძალები წესრიგის დასაცავად. რაიმე კონკრეტული მითითება საფრენ აპარატებზე და, მით უმეტეს, არაპილოტირებულზე, რომელიც ხელშეკრულების დადებისას არც იყო პრაქტიკაში, მითითება არ არსებობს.”

საქართველოს უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდების ფაქტსა და კონფლიქტის ზონაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოსა და რუსეთის მიერ წარმოდგენილ არგუმენტებზე გაეროს უშიშროების საბჭო იმსჯელებს.
XS
SM
MD
LG