Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ აღნიშნეს წიგნისა და საავტორო უფლებათა საერთაშორისო დღე საქართველოში


ბევრი ქვეყანა 23 აპრილს წიგნისა და საავტორო უფლებათა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. საქმე ის არის, რომ 23 აპრილი მსოფლიო ლიტერატურისათვის

ერთგვარ სიმბოლურ თარიღად ითვლება, ვინაიდან სწორედ ამ დღეს დაიბადნენ ან გარდაიცვალნენ მხატვრული სიტყვის უდიდესი ოსტატები: სერვანტესი, შექსპირი, ნაბოკოვი და ბევრი სხვა. ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ 1995 წელს იუნესკოს კონფერენციამ, რომელიც პარიზში გაიმართა, წიგნისა და საავტორო უფლებათა საერთაშორისო დღედ სწორედ 23 აპრილი გამოაცხადა. ამ დღეს, ტრადიციულად, საქართველოშიც აღნიშნავენ, სადაც წიგნის გამომცემელთა ასოციაცია, გარდა იმისა, რომ ერთდღიან ბაზრობას მასპინძლობს, მართავს აგრეთვე სხვადასხვა სახის წამახალისებელ კონკურსს. მინდა გიამბოთ, თუ როგორ აღნიშნეს წელს წიგნისა და საავტორო უფლებათა საერთაშორისო დღე საქართველოში.

წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ერთდღიან ბაზრობას წელს პუშკინის განახლებულმა სკვერმა უმასპინძლა.

[ისმის ხმები]: „ეს გინდათ?“ „რა ღირს?“ „ერთ–ერთი უნდა დავთმო. რომელს მირჩევთ?“

ვიდრე არჩევანს გააკეთებდნენ, წიგნის მოყვარულები საგულდაგულოდ სწავლობდნენ ორმოცდაათამდე გამომცემლობის მიერ წარმოდგენილ მრავალფეროვან პროდუქციას. ღონისძიების ორგანიზატორები კი, სახელდახელოდ გამართულ თაროებზე გამოფენილი ტომებისა და სარეკლამო სტენდების გარდა, ქვეითად მოსიარულეთა ყურადღების მიქცევას კლასიკური მუსიკის ლამაზი ჰანგებითაც ცდილობდნენ.

[მუსიკის ხმა]

[წიგნის გამყიდველი ქალბატონის ხმა] „არის ფასდაკლებები, ასევე არის ჩვენი აქცია „ზუმთან“ ერთად, რაც ითვალისწინებს 20 პროცენტიან ფასდაკლებას. გვაქვს ასევე ახალი წიგნების საკმაოდ დიდი არჩევანი...“

[ევა ბერიანიძის ხმა] „ძალიან ბევრი წიგნი შევიძინე. ინგლისურის ლექსიკონი, „ვისწავლოთ ფეხბურთი“, ვიყიდე ვეფხისტყაოსნის ძალიან კარგი გამოცემა და ვიყიდე „ელფის“ გამოცემული საბავშვო წიგნები.“

ყველა ჩამოთვლილ წიგნში ევა ბერიანიძემ, რომელსაც მე ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის თაროებთან გამოველაპარაკე, ას ლარზე მეტი გადაიხადა. წიგნის მოყვარული ქალბატონი ამბობს, რომ, ხარისხის გათვალისწინებით, შენაძენით უკმაყოფილი არ არის. ბაზრობაზე წარმომდგენილი წიგნების სიმრავლით ასევე კმაყოფილი ჩანდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ჯონი ხეცურიანი:

[ჯონი ხეცურიანის ხმა] „მე, ძირითადად, ვკითხულობ სპეციალურ ლიტერატურას იურისპრუდენციის დარგში, ასევე პოლიტიკურ ლიტერატურას. საინტერესო თარგმანები იყო ბოლოს. განსაკუთრებით მომწონს ჩვენი, ქართული, მხატვრული გამოცემები.“

ამგვარ მრავალფეროვნებას ლოგიკურ ახსნას უძებნის საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ლაშა ბერაია:

[ლაშა ბერაიას ხმა] „წიგნის ბიზნესი აღმავლობას განიცდის. წლიდან წლამდე იზრდება როგორც გამოცემული წიგნების რაოდენობა, ასევე გამომცემლების რიცხვიც დაახლოებით 5–7 გამომცემლობით წლის მანძილზე. სულ ჩვენს ასოციაციაში გაწევრიანებულია 46 გამომცემლობა. მატულობს წიგნების ხარისხი, იზრდება წიგნების ფასებიც, მაგრამ აღარავინ წუწუნებს ამ სიძვირის გამო.“ (სტილი დაცულია)

ლაშა ბერაიას თქმით, საგამომცემლო საქმიანობა კიდევ უფრო მაღალი ტემპით განვითარდებოდა, საქართველოში ჯეროვნად რომ იცავდნენ საავტორო უფლებებს. გამომცემელი ბაკურ სულაკაური დარწმუნებულია, რომ საავტორო უფლებების დაცვის გარეშე ვერ შეიქმნება ჭეშმარიტად ღირებული ტექსტები:

[ბაკურ სულაკაურის ხმა] „ქვეყანაში, სადაც ეს უფლებები არ არის დაცული, შეუძლებელია მწერლობა განვითარდეს. ამიტომ, როცა აღვნიშნავთ წიგნის დღეს, უნდა გვახსოვდეს ასევე საავტორო უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეც და ის, რომ ჩვენთან ჯერ კიდევ ხშირია ამ უფლებების დარღვევის შემთხვევები. არადა, საკანონმდებლო ბაზა პროგრესული გვაქვს. მიერთებული ვართ1994 წლიდან ბერნის კონვენციას. გარდა ამისა, არსებობს სპეციალური კანონიც საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ. სხვათა შორის, საავტორო უფლებების დარღვევა სისხლის სამართლის კანონმდებლობითაც ისჯება და, ფულადი ჯარიმის გარდა, ორ წლამდე პატიმრობასაც ითვალისწინებს.“

საავტორო უფლებების დაცვის პარალელურად, ქართველი გამომცემლები ცდილობენ ავტორთა წახალისებას სხვადასხვა სახის კონკურსებით. ერთ-ერთი ასეთი კონკურსი წლის საუკეთესო მოთხრობაა, რომელსაც სულაკაურის გამომცემლობა წელს მეხუთედ ატარებს. გარდა ამისა, წელს პირველად, წიგნის გამომცემელთა ასოციაციამ გამოავლინა გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში: წლის ყველაზე წიგნიერი პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და ბიზნესმენი.

[მამაკაცის ხმა] „ გამარჯვებულ ნომინანტს გადაეცემა 500 ლარიანი ვაუჩერი, რომლის განაღდება შეუძლია ასოციაციის წევრი გამომცემლობის ნებისმიერ მაღაზიაში... ყველაზე წიგნიერ ბიზნესმენად დასახელდა მამუკა ხაზარაძე... ყველაზე წიგნიერი ჟურნალისტის ნომინაციაში ჟიურიმ გამარჯვება მიაკუთვნა დავით პაიჭაძეს... მე ერთ–ერთ ნომინაციაში გამარჯვებულს წარმოგიდგენთ. ეს არის ყველაზე წიგნიერი პოლიტიკოსის ნომინაცია. გამარჯვებულად დასახელდა ბატონი ლევან ბერძენიშვილი.


თბილისის მერის გიგი უგულავას მიერ გამარჯვებულად დასახელებული ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ საცნობარო ტიპის ლიტერატურას, როგორც წესი, ინტერნეტის საშუალებით ეცნობა. ყველაზე წიგნიერმა პოლიტიკოსმა უკვე იცის, თუ სად დახარჯავს 500 ლარიან ვაუჩერს:

[ლევან ბერძენიშვლის ხმა] „500 ლარის მხატვრულ ლიტერატურას შევიძენ ერთ მაღაზიაში, ბუნებრივია, იმ ოლქში, სადაც კენჭს ვიყრი, ანუ ვაკეში. უნდა ვიჩქარო, რადგანაც... გამოგიტყდებით და გეტყვით, რომ 500 ლარის წიგნი ერთბაშად არასოდეს შემიძენია.“

500 ლარის წიგნები 23 აპრილს ბევრმა სხვამაც ვერ შეიძინა, თუმცა პუშკინის სკვერი ხელცარიელიც თითქმის არავის დაუტოვებია - ვინ შვილებისთვის, ვინ კი საკუთარი სიამოვნებისთვის იზრუნა.

[მამაკაცის ხმა] „ასეთ ღონისძიებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მომავალი თაობისათვის, რათა შეიყვარონ წიგნი. თუ ბავშვობიდან არ შეიყვარეს წიგნი, მერე გვიანი იქნება, წიგნს ხელს აღარ მოჰკიდებს.“ (სტილი დაცულია)

[მამაკაცის ხმა] „წიგნი არის ადამიანის ყველაზე საუკეთესო მეგობარი, მე ასე ვფიქრობ, და მეგობარი ყველას სჭირდება.“
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG