Accessibility links

logo-print

ყოველკვირეული რადიოჟურნალი


წამყვანი: მარიამ ჭიაურელი, პრაღა 744-ე გამოშვება


წამყვანი:
დღეს გამოვეხმაურებით ჩერნობილის კატასტროფის 22-ე წლისთავს. ის 26 აპრილს შესრულდება. შემდეგ შევეცდებით გავერკვეთ, ვინ და როგორ აპირებს, თანამედროვე ქართული მწერლობის გადარჩენას, დაბოლოს, გამოვეხმაურებით კიდევ ერთ თარიღს, რომელიც ცნობილი რუსი მეცნიერის, თეოლოგის და ხელოვნებათმცოდნის, პაველ ფლორენსკის სახელს უკავშირდება. გადაცემას მარიამ ჭიაურელი უძღვება.

[მუსიკა]

,,საშვი – დახურულ ზონაში შესასვლელად...”
ანუ ,,ჩერნობილი” 22 წლის შემდეგ

წამყვანი:
ოც წელიწადზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინაში ბელორუსიის საზღვართან ატომურ ელექტროსადგურზე არნახული ბირთვული კატასტროფა მოხდა. მას შემდეგ კაცობრიობის ისტორიაში გაჩნდა სიტყვა ,,ჩერნობილი” - ადამიანური უგუნურებისა და გაუფრთხილებლობის სიმბოლო. და მაინც, დღემდე ვერ დადგინდა ტრაგედიის სრული მასშტაბი და მსხვერპლთა რაოდენობა, ვერც სავალალო შედეგები გაირკვა და გაბათილდა - ტრაგედიის ახლოს თუ მრავალი კილომეტრის დაშორებით. როგორ შეეხო ჩერნობილი საქართველოს, რა ხდებოდა მაშინ და რა ხდება დღეს... ამის შესახებ მარინა ვაშაყმაძე გესაუბრებათ.

[იხ. აუდიოვერსია]

[მუსიკა]

ვინ და როგორ უნდა გადაარჩინოს თანამედროვე ქართული მწერლობა?

წამყვანი:
ადამიანები, რომლებიც თვალყურს ადევნებენ თანამედროვე ქართულ მწერლობას, უთუოდ შეამჩნევდნენ, რომ უკანასკნელი ორი–სამი წლის განმავლობაში არსებობა შეწყვიტა არაერთმა ლიტერატურულმა გამოცემამ - ისეთებმა, როგორებიცაა: ”მნათობი”, ”ცისკარი”, ”საუნჯე”, ”არილი” და სხვ. თუმცა, როგორც ჩანს, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციასთან ერთად, ქართული მწერლობის კრიზისიდან გამოყვანა გადაწყვიტა. საქმე ის არის, რომ სამინისტრომ სულ ახლახან გამოაცხადა რამდენიმე კონკურსი, რომლებიც მიზნად ისახავენ სალიტერატურო პროცესის გააქტიურებას პერიოდული გამოცემების დაფინანსების გზით, უცხოური ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშების ქართულ ენაზე გამოცემის ხელშეწყობას და ქართულ ენაზე შექმნილი ტექსტების უცხო ენებზე თარგმნას. სულ, ჯამში, საქართველოს მთავრობა ქართული მწერლობის სტიმულირებისა და პოპულარიზაციისთვის 150-200 ათასი ლარის დახარჯვას აპირებს. ვინ და როგორ აპირებს თანამედროვე ქართული მწერლობის დახმარებას? ამის გარკვევა ჯიმშერ რეხვიაშვილმა სცადა.

[ბესო ხვედელიძის ხმა] „ღამით პაპა მოვიდა, დაღვრემილი ჩამოჯდა ჯირკზე და ფეჩს ზურგი მიუშვირა. ხელისგულებზე იყურებოდა. ახლა რაღა? - შევეკითხე მე...“

ჯიმშერ რეხვიაშვილი:
ეს მწერალი ბესო ხვედელიძეა, რომელიც საკუთარ მოთხრობას კითხულობს. სულ გამოცემული აქვს რვა წიგნი, არის ლიტერატურული პრემიის „საბას“ ლაურეატი და სხვა არაერთი კონკურსის გამარჯვებული, მაგრამ, ამისდა მიუხედავად, ბესო ხვედელიძე ამბობს, რომ მწერლის პროფესია თანამედროვე საქართველოში არ იძლევა თავისა და ოჯახის რჩენის საშუალებას:

[ბესო ხვედელიძის ხმა] „არ არის ეგრე დაყენებული ქვეყანაში საქმე, რომ წიგნით და მხოლოდ თავის ხელობით ირჩინოს თავი მწერალმა. ეს ძალიან ცუდია. ნორმალურ ქვეყნებში ასეა და აქაც ასე უნდა იყოს და აქეთკენ მივდივართ თუ არა, ესეც ვერ გავიგე.“

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ამტკიცებენ, რომ სწორებას სწორედაც რომ ეგრეთ წოდებულ ნორმალურ ქვეყნებზე აკეთებენ. მინისტრ ნიკა ვაჩეიშვილის თქმით, მწერლობის განვითარება მხოლოდ ცალკეული ნიჭიერი გამომცემლებისა და საბაზრო ეკონომიკის იმედად არ უნდა იყოს:

[ნიკა ვაჩეიშვილის ხმა] „გამოცხადებულია კონკურსი სალიტერატურო პერიოდიკის გამოცემაზე. სახელმწიფო შეისყიდის იმ გამოცემის ტირაჟის ნაწილს, რომელიც დააკმაყოფილებს ძალიან მაღალ კრიტერიუმებს. ტირაჟის ნაწილს დავურიგებთ რეგიონალურ ბიბლიოთეკებს, რომლებსაც დიდიხანია არ მიუღიათ მსგავსი ლიტერატურა. ამგვარი სტიმულირება ხელს შეუწყობს ისეთი ახალი გამოცემების გაჩენას, რომლის მსგავსი, პოლიგრაფიული თუ მხატვრული თვალსაზრისით, ჯერ არ არის.“

ნიკა ვაჩეიშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა პირველ ეტაპზე მწერლობის განვითარებისთვის 150 ათასი ლარის დახარჯვას აპირებს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მთავრობა მწერლებსა და გამომცემლებთან შეუთანხმებლად მოქმედებს. საერთო გეგმაზე გამომცემელი ბაკურ სალაკაური ლაპარაკობს:

[ბაკურ სულაკაურის ხმა] „ერთი, ესაა ლიტერატურული პერიოდიკის მხარდაჭერა, მეორე პროგრამა ეხება ქართულ ენაზე უცხოური კლასიკური და თანამედროვე ლიტერატურის თარგმანებს. ამ პროგრამაში მონაწილეობა გამომცემლობებს შეუძლიათ და სახელმწიფო მათგან, გარკვეული პირობებისა და კონკურსის საფუძველზე, შეიძენს დასრულებული წიგნის ტირაჟის ნაწილს.“

ბაკურ სულაკაურის თქმით, ასევე ხელშეწყობას და წახალისებას საჭიროებს კონკურსებისა და სხვადასხვა სახის ლიტერატურული პრემიების დაწესება, რადგანაც დღესდღეობით ქართველი მწერლები მხოლოდ „თი–ბი–სი ბანკის“ კერძო ინიციატივისა და, ფაქტობრივად, ერთადერთი ლიტერატურული პრემიის, „საბას“, იმედად არიან. თუმცა მწერალი თამაზ ჭილაძე ამბობს, რომ კულტურის სამინისტრომ, ვიდრე ახალ გეგმებს დასახავს, უკანასკნელი წლების განმავლობაში დაშვებული შეცდომები უნდა გამოასწოროს:

[თამაზ ჭილაძის ხმა] „ჟურნალის დახურვა ეს არის საშინელი ამბავი, რაც კომუნისტებსაც კი არ გაუკეთებიათ. თუ არ იქნება „მნათობი“, „ცისკარი“, „საუნჯე“, საიდანაც მთელი თაობა გამოვიდა... „ცისკარი“, ჩვენი დიდებული ჟურნალი, თუ არ იქნება, ბრწყინვალე „საუნჯე“ თუ არ იქნება, ყველაფერი უკან და უკან წავა. ამიტომ გავაკეთოთ ისე, რომ ჟურნალები აღვადგინოთ პირველ რიგში. აღვადგინოთ რუსთაველის პრემია. როგორ შეიძლება დავუკარგოთ კაცს ყველაზე დიდი სტიმული და აღიარება.“

თუმცა, ჟურნალების დახურვის, სახელმწიფო პრემიების გაუქმებისა და მწირი ჰონორარების მიუხედავად, ძველი და ახალი თაობის ქართველი მწერლები ამტკიცებენ, რომ არ ღალატობენ ტრადიციას და მაღალი დონის მხატვრულ ტექსტებს ქმნიან:

[ვახტანგ ჯავახაძის ხმა] „ქართულ პოეზიასა და მწერლობას კრიზისი თითქმის სულ არ ჰქონია. საბჭოთა პერიოდშიც კი, როცა დათრგუნული იყო იდეურად მწერლობა, მაშინაც კი კრიზისის პერიოდი არ გვქონია. დღეს ვისაც ფული აქვს, იმას მწერლობა არ აინტერესებს. წიგნი აინტერესებს იმას, ვისაც ფული არ აქვს. როცა დალაგდება ქვეყანა და ინტელიგენციას ფული გაუჩნდება, წიგნები უეჭველად გაიყიდება და მწერალი შესაბამის ჰონორარს მიიღებს.“

[ლაშა იმედაშვილის ხმა] „დღევანდელი ლიტერატურა თუ თარგმანის სახით წარმოჩნდება ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, იქნება გადასარევი რამ, იმიტომ რომ დღეს ნამდვილად იქმნება ისეთი ღირებული ტექსტები, რომლებიც არაფრით ჩამოუვარდება იგივე ჩვენი უფროსი თაობის მიერ შექმნილ ტექსტებს.“

ტექსტებისა და გამოცემული წიგნების ხარისხით მაინცდამაინც უკმაყოფილო არც ქართველი მკითხველია. ყოველ შემთხვევაში, 23 აპრილს, წიგნის საერთაშორისო დღეს, გამართულ ბაზრობას უამრავი ადამიანი სტუმრობდა.

[ქალბატონის ხმა] „ვაიმე, ძალიან ბევრი წიგნი შევიძინე - ძირითადად, სულაკაურის გამომცემლობის. არის „როგორ ვისწავლოთ ფეხმურთი“ და სხვა საბავშვო წიგნები.”

[მამაკაცის ხმა] „ძალიან კარგია ჩვენი მხატვრული გამოცემები. საცნობარო ლიტერატურა მომწონს და, ასევე, შევიძინე წიგნები ჩემი ბავშვისთვის.“

თუმცა მკითხველთა ამგვარი აქტიურობა, როგორც მწერლები აღნიშნავენ, არ არის საკმარისი. საქართველოში თითქმის არ არის მწერალი, რომელიც ჰონორარით ირჩენდეს თავს. მეტიც, მწერლების აბსოლუტურ უმრავლესობას არ ჰყავს ლიტერატურული აგენტი და ამის გამო საკუთარი ტექსტების თუ შემოქმედების პოპულარიზებას თავადვე ცდილობენ.

[ბესო ხვედელიძე კითხულობს საკუთარ მოთხრობას] „...არა, არ ქნა! და ვიტირებ მაინც, ბოლოჯერ, მამა, შენს მაგივრად, ყველას მაგივრად... ვინმემ ხომ უნდა იტიროს...“

ბესო ხვედელიძე ამბობს, რომ მწერლების უმეტესობა, ლიტერატურის პარალელურად, სხვა, უფრო შემოსავლიანი, საქმიანობითაც არის დაკავებული. მარტო კალმის იმედად არც თავად ჩემი რესპონდენტია.

[ბესო ხვედელიძის ხმა] „ტელევიზიაში, „რუსთავი–2“–ში, ვწერ ანონსებს ფილმებისთვის.“

[ბესო ხვედელიძე კითხულობს საკუთარ მოთხრობას] „სადღაც ყურისძირში მამალი აყვირდა: „იყო და არა იყოო.“ ყური მივუგდე. მამალი იყო, რო?! ძალიან ახლებურად ყიოდა!“

ჯიმშერ რეხვიაშვილი, რადიო “თავისუფლება, თბილისი

[მუსიკა]
მეკობრეები ისევ აქტიურობენ - უკეთესი შეიარაღებით და უფრო აგრესიულად

წამყვანი:
ესპანელი მეთევზეების ნავი, იაპონური ტანკერი, ფრანგული იახტა. ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე ყველა ეს ხომალდი მეკობრეებმა იგდეს ხელთ. ინციდენტები სომალის და იემენის სანაპიროებთან მოხდა და მსოფლიოს ყურადღება გაამახვილა საფრთხეზე, რომელიც ზღვაოსნობას ემუქრება: ემუქრება მგზავრებს, მეზღვაურებს, კომერციულ ტვირთებს, ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას...

დავიწყოთ ესპანური ნავით. მასზე მყოფი პირები საერთაშორისო წყლებში თევზაობდნენ, როცა თვითონ აღმოჩნდნენ ნადავლის როლში. ისინი კბილებამდე შეიარაღებულმა მეკობრეებმა დაიჭირეს სომალის სანაპიროსთან. ეს 20 აპრილს მოხდა, სულ რამდენიმე დღის წინ.

ესპანეთის რეგიონულმა ტელეარხმა მოახერხა კონტაქტის დამყარება ხომალდის კაპიტან ამადეო ალვარესთან:

[ალვარესის ხმა] “კარგად ვართ, კარგად ვართ. ამჟამად ცოტა არ იყოს, დელიკატური სიტუაციაა, მაგრამ კარგად ვართ.”
[ჟურნალისტი ქალი] “ჩვენ გვითხრეს, რომ ერთი დაშავებული გყავთ. მართალია?
[ალვარესის ხმა] “არა, არა! უკვე ვთქვით, რომ დაშავებულები არა გვყავს. სომალიში მივდივართ, ჰარარდერეში”.

ეს მხოლოდ ერთ-ერთია ბოლოხანს გახშირებული თავდასხმებიდან. ორშაბათს მეკობრეებმა ცეცხლი გაუხსნეს ნავთობით დატვირთულ იაპონურ ტანკერს. ტანკერი დაზიანდა, მაგრამ მეკობრეებს მაინც გაასწრო - განსხვავებით ფრანგული ფეშენებელური იახტისაგან, რომლის გამოსახსნელ ოპერაციაშიც, გასულ კვირაში, ფრანგ ჯარისკაცებსაც მოუწიათ აქტიურად მონაწილეობა.

ყველა ეს ინციდენტი ცხადჰყოფს, რამდენად მწვავეა პრობლემა, რომლის წინაშეც ზღვაოსნობა დგას.

[ლინინგტონის ხმა] “ბოლო წლებში განსაკუთრებით შემაშფოთებელია ძალადობის ინტენსიურობაო”, ამბობს ბრიტანელ მეზღვაურთა პროფკავშირის პრეს-მდივანი, ენდრიუ ლინინგტონი.

[ლინინგტონის ხმა] “მოწმე ვართ იმისა, რომ მძევლად იყვანენ სულ უფრო მეტ მეზღვაურს გამოსასყიდის გამოძალვის მიზნით, რომ იყენებენ ყუმბარებს. ეს აღარ არის ის, რასაც საზღვაო ხულიგნობას უწოდებდნენ. ამ შედარებით წვრილმანი დანაშაულიდან გადავიდნენ გაცილებით უფრო მძიმე, გაცილებით უკეთ ორგანიზებულ და გაცილებით უფრო აგრესიულ დანაშაულზე”.

ზღვაოსნობის საერთაშორისო უწყების სტატისტიკით, მიმდინარე წელს მეკობრეების თავდასხმები 20 პროცენტით გახშირდა. ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ადგილი კი ამ მხრივ ზემოხსენებული სომალის სანაპიროა. უბრალო მიზეზის გამო: ქვეყნებს თავადვე ევალებათ თავიანთი ტერიტორიული წყლები დაცვა, სომალის კი, შეიძლება ითქვას, რომ არ ჰყავს ეფექტიანად მოქმედი მთავრობა. [ტეილორის ხმა] “ფაქტობრივად, ველური დასავლეთია, თან შერიფის გარეშე”, ამბობს სომალის ტერიტორიული წყლების შესახებ ტვირთების უსაფრთხოების საკითხთა ექსპერტი იან ტეილორი.

[ტეილორის ხმა] “ეს არის უზარმაზარი საზღვაო სივრცე რეალური კონტროლის გარეშე. ასე რომ, საკმაოდ ადვილია მეკობრეობა - თუ კარგად ხარ ორგანიზებული, თუ გყავს შენი გემი, რომელსაც სხვა გემები ჩაუვლიან. მეკობრეებს შეუძლიათ დაედევნონ გემებს, იციან, რომ ამ წყლებში ჩაივლის უამრავი სატვირთო გემი და ტანკერი, რომლებიც მათთვის იოლი ნადავლია”.

საქმე არც ისეა, თითქოს სომალის, ან იემენის ტერიტორიულ წყლებში სრული განუკითხაობა სუფევდეს. მეკობრეობის წინააღმდეგ საერთაშორისო ძალისხმევაც არის მიმართული: წითელ ზღვასა და ინდოეთის ოკეანეს შორის წყლებში პატრული ხომალდები მოძრაობს. მაგრამ საზღვაო სივრცე ძალიან დიდია, პატრულის შესაძლებლობები კი შეზღუდული...

ამჟამად აშშ და საფრანგეთი მუშაობენ გაეროს რეზოლუციაზე, რომელიც შესაძლებელს გახდის მეკობრეების დევნას სხვა ქვეყნების ტერიტორიულ წყლებშიც. რეზოლუციის მიღებამდე და შესრულებამდე სომალის და იემენის სანაპიროები ფრიად სახიფათო ადგილებად რჩება.

[მუსიკა]

პაველ ფლორენსკის რეაბილიტაციის 50 წლისთავი

წამყვანი:
50 წლის წინ ნიკიტა ხრუშჩოვმა პირადად მოაწერა ხელი ცნობილი რუსი მეცნიერის, ღვთისმეტყველის, ხელოვნებათმცოდნის, მამა ალექსანდრ ფლორენსკის რეაბილიტაციის დადგენილებას. 1937 წელს ციმბირის ბანაკში, დახვრეტამდე რამდენიმე დღით ადრე, თბილისის გიმნაზიის ყოფილმა მოსწავლემ, პაველ ფლორენსკიმ, თავის დღიურში ასეთი ჩანაწერი გააკეთა: „ყველაფერი იცვლება, მაგრამ არაფერი იკარგება. სულიერი ფასეულობა მარადიულობის „ენერგიაში“ ინახება“. ფლორენსკიმ თავისი სიცოცხლით და თავისი მსხვერპლშეწირვით დაამტკიცა ეს. სწორედ მის სიცოცხლესა და მოწამებრივ სიკვდილზე გვიამბობს ახლა გიორგი გვახარია.

გიორგი გვახარია:
მამა - რუსი, დედა - მამით სომეხი, დედით ქართველი.. დაიბადა დღევანდელ აზერბაიჯანში. 1887 წელს 5 წლის იყო, როცა მშობლები თბილისში გადმოვიდნენ. პაველ ფლორენსკიმ მათემატიკის ნიჭი გიმნაზიაში სწავლის პირველივე წლებში გამოავლინა. თბილისში უნივერსიტეტი არ იყო, ამიტომ მშობლებმა გიმნაზიის დასრულებისთანავე მოსკოვში გაგზავნეს. უნივერსიტეტში ჩააბარა, მაგრამ სწორედ ამ დროს რაღაც ხდება ფლორენსკის ცხოვრებაში - 17 წლის ასაკში იგი სულიერ კრიზისს განიცდის და აცნობიერებს, რომ ღმერთის გარეშე ცხოვრება აღარ შეიძლება... არადა, რუსეთის უნივერსიტეტებში იმხანად ლიტერატურული ნიჰილისტები და დეკადენტები აქტიურობდნენ, „ღმერთი მოკვდაო“ - ამას ამტკიცებდნენ. ფლორენსკი აარსებს ჯგუფს „ქრისტიანული ბრძოლის კავშირი“, რომელსაც ვლადიმირ სოლოვიოვის შეხედულებების გავლენა ეტყობა, წერს ფილოსოფიურ ესეებს, იკვლევს ხელოვნების ისტორიას. უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე მოულოდნელ გადაწყვეტილებას იღებს - სასულიერო აკადემიაში აბარებს. მოსკოვის სასულიერო აკადემიის რექტორი, არქიეპისკოპოსი ევგენი აღნიშნავს, რომ ასეთი საქციელით, პაველ ფლორენსკიმ, პირველმა რუს ინტელიგენტებს შორის, სცადა გაეერთიანებინა იმხანად დაპირისპირებული მეცნიერება და ქრისტიანული რელიგია:

[არქიეპისკოპოსი ევგენი] „საერთოდ, ინტელიგენცია ეკლესიაში არ დადიოდა. პირიქით, შეიძლება ითქვას, ემიჯნებოდა ეკლესიას. მამა პაველ ფლორენსკის მობრძანება ეკლესიაში იმის მანიშნებელი იყო, რომ, ყველასთვის მოულოდნელად, საერო მეცნიერების წარმომადგენელსაც შეუძლია სასულიერო აკადემიაში მოსვლა.“

სხვათა შორის, სწორედ აქ, მოსკოვის სასულიერო აკადემიაში, უწოდეს ფლორენსკის პირველად „რუსი ლეონარდო“. თუმცა თავად ფლორენსკი ემიჯნებოდა და ვინჩის და წერდა, რომ, აღორძინების ეპოქის მოაზროვნეებისგან განსხვავებით, სამყაროს ცენტრში არა ადამიანს, არამედ ღმერთს აყენებს. 1911 წელს ფლორენსკი აკადემიის პედაგოგი ხდება, ერთი წლის შემდეგ კი - უკვე სასულიერო პირი. თუმცა ეს ხელს არ უშლის მეცნიერებით მის გატაცებას. მით უმეტეს, რევოლუციის შემდეგ, როცა ჯერ სასულიერო აკადემიას აუქმებენ, შემდეგ კი კეტავენ სერგიევის ტაძარს, რომელშიც მამა პაველ ფლორენსკი ქადაგებდა. ჰარმონიის გადამოწმება ალგებრით - პირდაპირი და მეტაფიზიკური გაგებით - ის იყო, რამაც 20-იან წლებში არა მარტო გადაარჩინა ფლორენსკი, არამედ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის საშუალებაც მისცა.

თუმცა ბოლშევიკების იდეოლოგებისთვის შეუმჩნეველი არ დარჩა, რომ ფლორენსკის მეცნიერება უფრო მეტად თეოლოგიური პრობლემების გადასაჭრელად სჭირდებოდა. მით უმეტეს, რომ არც ასეთი მეცნიერება აძლევდა ხელს საბჭოთა ხელისუფლებას. ფლორენსკის შვილიშვილის, მამა ანდრონიკის, თქმით, პაველ ფლორენსკი იმხნად უკვე წერდა ეკოლოგიურ საფრთხეზე, რომელიც ქვეყანაში ფაბრიკა-ქარხნების უსისტემო მშენებლობას შეეძლო გამოეწვია:

[მამა ანდრონიკის ხმა] „მას არაჩვეულებრივი სტატია აქვს - ”მსოფლიო ენერგიის მარაგები”, რომელიც 1925 წელს დაიწერა. იგი წერს ელექტროენერგიაზე, ატომურ ენერგიაზე, სივრცის ენერგიაზე, რასაც დღეს „შავი ხვრელების“ ენერგიას უწოდებენ.“

„სიტყვა არის ადამიანის ნების გამოსხივება, მისი სულის გამოყოფა, ძალთა დამოუკიდებელი ცენტრი - თითქოსდა ცოცხალი არსება, ჰაერისგან მოქსოვილი სხეულით და შინაგანი სტრუქტურით - ხმოვანი ტალღის ფორმით“ - ასეთი სიტყვები, ცხადია, სრულიად საკმარისი იყო 20-იან წლებში ფლორენსკის დასაპატიმრებლად. თუმცა, რამდენიმე საბჭოთა მეცნიერის ძალისხმევით, იმხანად მისი განთავისუფლება მაინც მოხერხდა.

ყველაფერი თავიდან დაიწყო 30-იანი წლების დასაწყისში - პრესაში ფლორენსკის წინააღმდეგ დიდი კამპანია გაჩაღდა. 1933 წელს ისევ დააპატიმრეს და ანტისაბჭოთა მოღვაწეობისთვის 10 წლის პატიმრობა მიუსაჯეს. 1937 წლის 8 დეკემბერს დახვრიტეს.

არადა, ჯერ კიდევ 1934 წელს ჩეხოსლოვაკიის ხელისუფლებამ ოფოციალური წერილი გაუგზავნა კრემლს, ფილოსოფოსისა და სასულერო მოღვაწის ჩეხოსლოვაკიისთვის გადაცემის თხოვნით. საბჭოთა ხელისუფლება დათანხმდა ამ წინადადებაზე, მაგრამ მამა პაველ ფლორენსკიმ უარი განაცხადა. მან მსხვერპლშეწირვა აირჩია...

რუს ინტელექტუალებს შორის დღეს გავრცელებულია აზრის თანახად, თუკი 20-იან წლებში პაველ ფლორენსკიმ ათეიზმთან ბრძოლას შესწირა თავისი ენერგია და ნიჭი, დღეს მისი ნაშრომები, შესაძლებელია, კლერიკალიზმთან ბრძოლის იარაღად იქცეს - თანაც, ბრძოლისა, სიძულვილის გარეშე... აკი ამბობდა, სიტყვა - ცოცხალი არსებააო.

გიორგი გვახარია, რადიო “თავისუფლება”, თბილისი

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG